რატომ არ სრულდება ცხოველების მოვლის კანონები და წესები? - გზაპრესი

რატომ არ სრულდება ცხოველების მოვლის კანონები და წესები?

ამას წინათ კუს ტბის ფერდობის სავარჯიშო ბილიკზე ასეთ სცენას გადავაწყდი: აშვებული ძაღლი (ჯიშს არ ვაკონკრეტებ) მოსახვევიდან თავქუდმოგლეჯილი გამორბის და იქვე მდგარი ასაკოვანი ქალის გარშემო წრეებს ურტყამს. შესაძლო დაკბენის შიშისგან გადარეული ქალი ხელებს შლის, ძაღლის პატრონს ეძებს, რომელიც იმავე მოსახვევში ჯერ არც კი გამოჩენილა. ბოლოს ღიმილით მოემართება - ნუ გეშინიათ, გეთამაშებათ და არ გიკბენთო, - ამშვიდებს... - გული მაქვს ცუდად და იქნებ წაიყვანოთო, - სთხოვს ქალი, რის შემდეგაც პატრონი ძაღლს საყელურს უკეთებს.

ალბათ დაგვეთანხმებით - მსგავსი უპასუხისმგებლო მაგალითები ჩვენს დედაქალაქში ლამის ყოველ ნაბიჯზეა. ცოტა ხნის წინ ვარკეთილში პიტბულმა სამი ადამიანი დაგლიჯა, მათ შორის - პატრონიც. სამივე მოქალაქე კლინიკაში გადაიყვანეს. თვითმხილველებმა „პალიტრავიდეოსთან“ საუბრისას საზარელი ფაქტის დეტალები გაიხსენეს:

„გამოექანა და ერთ-ერთ ქალს დაესხა თავს, ამასობაში პატრონიც მოვარდა. პიტბულმა ყელში იცის წვდომა და, ყელში რომ უნდა სწვდომოდა, პატრონი გადაეფარა. ეს ძაღლი მოჰყვა პატრონსა და ამ ქალს შორის... მუცლის არე დაუგლიჯა ორივეს. შემდეგ ერთ-ერთი ბიჭი ამოვიდა და ძაღლი უკანა ფეხებით დაითრია, შემდეგ ამას ეცა... უკვე დაგლეჯა დაუწყო და პატრული მოვიდა... 7 ტყვია დასჭირდათ, რომ მოეკლათ. საშინელი სიტუაცია იყო. ბნელოდა, აქეთ დაგლეჯილი ქალები იყვნენ, იქით პიტბული ბიჭს გლეჯდა და პოლიციამ ძალიან ივაჟკაცა“.

ჩვენმა რესპონდენტმა, ბადრიმ, ვინაობის გამხელა არ ისურვა:

- ძაღლების სერიოზული პრობლემაა ქვეყანაში, მაგრამ ვინაა პატრონი?! უნდა აიკრძალოს ე.წ. მკვლელი ჯიშის ძაღლები (ზოგიერთ ქვეყანაში ასეც არის). გამომეკიდა ერთხელ მეც, მავთულხლართის იქიდან მიყურებდა მეტისმეტად არამეგობრულად. გამიელვა თავში, ამ „სეტკასაც“ გამოგლეჯს-მეთქი. აიღო „რაზგონი“, ავკრიფე მეც ეს აუცილებელი სიჩქარე და შევასწარი კომერციულ შენობაში. სამწუხაროდ, ცინიკოსი პატრონი აღმოჩნდა, - შე კაი კაცო, რატომ შეგეშინდაო?!. ჩემი დაკვირვებით, მაგ ძაღლების უმეტესობას ფსიქიკის პრობლემა აქვს; ჩემს უბანშიც ჰყავთ და ხალხს რომ დაინახავს, დასაბმელი გიჟი ხდება. დიდი ბოდიში, მაგრამ მგონი, მაგ ძაღლებს და პატრონებს ერთნაირi პრობლემები აქვთ.

- რას გულისხმობთ?

- არც ერთი ჯანსაღის ფსიქიკის ადამიანი არ იყოლიებს მაგ ჯიშის ძაღლს, მით უმეტეს - კორპუსში და ხალხმრავალ ადგილას თუ ცხოვრობს. ქალაქში ათასობით უპატრონო ძაღლია, 5 000 დაკბენილი ადამიანი წელიწადში - აქაური სამწუხარო სტატისტიკაა. ქუჩები ასევე, სავსეა უკონტროლო ე.წ. პატრონიანი ძაღლებით. ვისაც რა უნდა, იმას აკეთებს. ამრავლებენ, როგორც მოესურვებათ. მერე ყრიან სახლიდან „პატრონიან“ ძაღლებს და არავინ ისჯება. რატომღაც მერიის მიერ დაკოდილი მაწანწალა ძაღლები მაინც მრავლდებიან. ბომბეის დონეზეც აღარ ვართ ალბათ, მოგადიშო უფრო შეგვეფერება.

როდისღა უნდა შეიგნოს ამ ხალხმა, რომ ალიკაპის გარეშე ძაღლი გარეთ არ შეიძლება?! პატრონს ეგრევე დიდი ჯარიმა უნდა დაეკისროს და ისწავლიან მერე ჭკუას. დაასეირნებენ ვითომ და ზოგიერთი იმხელაა, თუ გაიწია, პატრონი კი არა, ტანკით ვერ დააბამ. ამასთან, დაახლოებით ვხვდები, რა სიტუაციაშიც ეყოლებოდა ეს ძაღლი (პიტბული) პატრონს. კი აგრესიული ჯიშია, მაგრამ ძაღლი საკუთარ პატრონზე რომ იწევს, ე.ი. სისასტიკეში იზრდება. როგორც კანონი და წესია, ისე უნდა გყავდეს ძაღლი სახლს გარეთ. ნამდვილად არავის ეხალისება ყოველ გასვლაზე ალიკაპის გაკეთება და შლეიკის ჩაცმა, მაგრამ ასეთი რაღაცებისგან იზღვევ თავს.

alikapi-1664783007.jpg

ამასთან, ბევრ ქვეყანაში პიტბულს და მსგავს ჯიშებს ვერ იყოლიებ, თუ ის შენთვის მინიმუმ მე-3 ძაღლი არ არის - ანუ, თუ არ გაქვს გამოცდილება. მუდმივად სჭირდება ვარჯიში, ენერგიის დაცლა, დაჯილდოება და ა.შ. ამ შემთხვევაში ის არ წარმოადგენს საფრთხეს. ხოლო თუ მუდმივად მოწყენილი გეყოლება, არ აცხოვრებ აქტიურად, მოკლედ, არ გაზრდი როგორც საჭიროა, უცხოსთვის კი არა, პატრონისთვისაც საშიშია.

შარშანაც მოხდა ასეთი ამბავი თბილისში - ერთ-ერთ ძველ უბანში ქალი დაგლიჯა და იარაღის გასროლით მოკლეს; მაგრამ ის ქალი დაასახიჩრა საშინლად!

ყველაფერში ზედმეტი რეგულაციების დიდი მომხრე არ ვარ, მაგრამ აქაც შეიძლება იყოს ანალოგიური კანონი - რომ ძაღლების რეგისტრაციის ბაზები იყოს და პატრონს არ ჰქონდეს პიტბულის ყოლის უფლება, თუ ის გამოცდილი არ არის. ასევე, ალიკაპზე კანონის აღსრულება უნდა მოხდეს, ყველას “კიდია” ეს კანონი - არადა, აუცილებელია, ასეთ ძაღლებს თავშეყრის ადგილას ეკეთოთ ალიკაპი. ალიკაპი და - მორჩა! თავის დროზე არც ღვედი მოსწონდათ მძღოლებს, მაგრამ ერთხელ რომ “შეუსრულეს”, მოვიდნენ ჭკუაზე. პატრულს უნდა მოეკითხოს, კანონის ადმინისტრირება რატომ არ ხდება. ჩემს უბანშიც ღამე ვერ გავდივარ, როცა მეზობელი თავის ნაგაზს უშვებს. ხომ ვამბობ, პატრონიანი ძაღლი ბევრად საშიშია მაწანწალაზე. ბოლო დროს, ეს მაწანწალა ძაღლებიც წარმოუდგენლად არიან მომრავლებულები. დიდ დიღომში საკუთარი სახლის წინ დაკბინეს ბავშვი. რაღა შორს წავიდე, ჩემს ქუჩაზე ცხოვრობდა ერთი ექიმი, ძაღლმა იმდენჯერ დაუგლიჯა ცოლ-შვილი, სხვაგან გადავიდნენ საცხოვრებლად.

- რა გახდა, ასე ძნელია სათანადო კანონის მიღება და აღსრულება?

- რეალურად, კანონიც არსებობს და შესაბამისი წესებიც, უბრალოდ, რაც გვაქვს, ისიც არ სრულდება. ისევე, როგორც ბევრი სხვა კანონი ჩვენს ქვეყანაში. აგერ დაგისახელებთ კონკრეტულად:

მუხლი 103:

1. ძაღლისა და კატის ყოლის წესების დარღვევა - გამოიწვევს მოქალაქის დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების მეხუთედ მინიმალურ ოდენობამდე, ხოლო თანამდებობის პირის დაჯარიმებას – შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე.

2. ძაღლის საბმელის ან ალიკაპის გარეშე ყოლა თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ბულვარში, პარკში ან სკვერში - გამოიწვევს მფლობელის გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით.

3. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით წლის განმავლობაში - გამოიწვევს მფლობელის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველების (ძაღლების, კატების) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესი:

13. ძაღლების (გარდა დეკორატიული ჯიშის ძაღლებისა) გასეირნება საზოგადოებრივ ადგილებში (ქუჩები, სტადიონები, სკვერები, პარკები და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები), გარდა სპეციალური გამოსასეირნებელი ადგილებისა და გადაყვანა 07:00-23:00 საათების პერიოდში ნებადართულია მხოლოდ მოკლე საბმელით ან საბმელით და ალიკაპით. იმავე კატეგორიის ცხოველების გასეირნება და გადაყვანა იმავე კატეგორიის ადგილებში 23:00-07:00 საათების პერიოდში ნებადართულია ალიკაპით, საბმელის გარეშეც. ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ძაღლების (გარდა დეკორატიული ჯიშის ძაღლებისა) საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაყვანა ნებადართულია მხოლოდ მოკლე საბმელით და ალიკაპით ან სპეციალური კონტეინერით.

მაგრამ ამ ყველაფერს ვინ ასრულებს?

რამდენიმე თვის წინ, აშშ-ში პიტბულმა ქართველი ქალი დაგლიჯა, რომელიც დაიღუპა. პრესაშიც იყო ინფორმაცია. ამ ქალს შვილი დაეღუპა - ახალგაზრდა ბიჭი, მერე მისი ძაღლი წამოიყვანა და უვლიდა. ერთ დღესაც “გაჭედა” და ეცა... სამწუხაროდ, ვერ უშველეს.

პრობლემა ძალიან სერიოზულია და მიხედვას მოითხოვს. მთლად ადვილი გამოსავალიც არ ჩანს. ალბათ ისევ მეტი ახსნა-განმარტება, სოციალური მუშაობა და შეზღუდვა-რეგულაციების აღსრულება; ძაღლების ორთაბრძოლების მოწყობისთვის პატიმრობა და სერიოზული კონტროლია საჭირო. მაგრამ ვინ განახორციელებს?.. გზებზე იხოცება ხალხი ჭიანჭველებივით და არაფერი იცვლება არც სახელმწიფოს მხრიდან, არც ხალხის დამოკიდებულებაში. ამიტომ არა მგონია, აქაც რაიმე რადიკალურად შეიცვალოს.

გიორგი მეფარიძე