"10 წამი დამჭირდა, რომ მეცნო გოგონა, რომელიც 20 წლის წინ გადავარჩინეთ სიკვდილს" - გზაპრესი

"10 წამი დამჭირდა, რომ მეცნო გოგონა, რომელიც 20 წლის წინ გადავარჩინეთ სიკვდილს"

23 სექტემბერს საჯარო ბიბლიოთეკის საპრესკონფერენციო დარბაზში ჟურნალისტ ბესო ჩუბინიძის წიგნის - "ღიმილის ბიჭების" პრეზენტაცია გაიმართა. რომანი აფხაზეთის ომის სინამდვილეს ასახავს - ამბებს, რომელთა მონაწილე და მომსწრე თავად ავტორი გახლავთ და რომლებიც დღემდე მხოლოდ მისმა ახლობლებმა იცოდნენ.

- ეს წიგნი 17 წლის ბიჭზეა, რომელიც მოხალისედ წავიდა ომში, უფრო სწორად, გაიპარა. შეიძლება ითქვას, ეს არის ჩემი ისტორია, როგორც აფხაზეთის ომის ვეტერანის, მეომრის და ასახულია რუსთავის ბატალიონის ბრძოლის კონკრეტული მომენტები. ჟურნალისტის პროფესია დამეხმარა იმაში, რომ ნაწარმოები მხოლოდ დოკუმენტური და მშრალად წასაკითხი არ გამოსულიყო. წიგნი 2020 წელს გამოიცა, ერთი დახურული ფორმატის პრეზენტაცია მოვასწარი ჩემი მეგობრების, ძირითადად, ხელოვანი ადამიანების წრეში საქართველოში. ქართველი ემიგრანტების დახმარებით, დაგეგმილი გვქონდა პრეზენტაცია საზღვარგარეთის ოთხ ქვეყანაში, მაგრამ პანდემია დაიწყო და წიგნის "მოგზაურობა" თემურ წიკლაურთან ერთად იტალიაში, ასევე ათენსა და სტამბოლში - ჩაგვეშალა. მიხარია, რომ თემურ წიკლაური, ჩემთვის ადამიანობის იდეალი, ჩემი წიგნის პირველი მკითხველი და მხარდამჭერი იყო. როცა წაიკითხა, მითხრა: რას მერჩოდი, რატომ ამატირეო?..

- პრეზენტაციამ როგორ ჩაიარა?

- 23 სექტემბერს საჯარო ბიბლიოთეკაში ჩატარდა და წიგნის შინაარსიდან გამომდინარე, ცრემლებისა და მოგონებების გარეშე არ ჩაუვლია. ეს წიგნი მანამდე უკვე ბევრს ჰქონდა წაკითხული, რადგან "ბიბლუსის" ქსელში იყიდებოდა და მადლობა მათ მხარდაჭერისთვის. ტირაჟი ფაქტობრივად, ამოიწურა და ვგეგმავ, კიდევ დავბეჭდო. მეუბნებიან, რომ ერთი ამოსუნთქვით იკითხება და შეუძლებელია ცრემლების გარეშე წაკითხვა. ეს რომანი იმითაც გამოირჩევა, რომ ბევრი დავიწყებული ან საერთოდ უცნობი სახელები და გვარებია იმ გმირებისა, რომლებსაც პირადად ვიცნობდი, ჩემ თვალწინ იყვნენ და სულ მინდოდა, მათი სახელები და საგმირო საქმეები ისტორიას დარჩენოდა.

- ვინ არის რომანის მთავარი პერსონაჟი?

- ეს ჩემი მესამე წიგნია და სამივეს მთავარი გმირი სოსო შუბითიძეა, თუმცა რადგან რეალურ ამბებზეა, ანუ რაც თავს გადამხდა, იმაზე ვწერ, ამიტომ ვამბობ, რომ ჩემზეა, ჩემი ცხოვრების ერთ ეტაპზეა.

25 წლის შემდეგ ჭადრაკის სასახლეში გადაღებული, მაშინდელი ტელეკომპანია 1-ლი არხის კადრები ვნახე, მოხალისეების ერთ-ერთი პირველი შეკრება რომ გამოაცხადეს და ჩემს ძმასთან ერთად მივედი. ჟურნალისტები სომეხი ბიჭებისგან იღებდნენ ინტერვიუს და იმ ვიდეოში ვართ ჩვენც. მე 17 წლის ვიყავი, ჩემი ძმა - 15-ის და ასაკის გამო ჯაბა იოსელიანმა უარი უთხრა მოხალისედ წასვლაზე. ლევანი უკან, რუსთავში ჩავიყვანე, მე კი მეორე დღეს თბილისში დავბრუნდი და დრანდამდე მატარებლით ჩავედით. იმ დღიდან მოყოლებული, წიგნში ყველაფერია აღწერილი. მაშინ ვერც კი ვაცნობიერებდით, როგორი პატარები ვიყავით. იმ წლებში პატრიოტული მუხტი ისეთი იყო, როგორიც უნდა ჰქონდეს ყველა ქართველს და როგორიც, სამწუხაროდ, დღეს აღარ გვაქვს.

- რა არის ამის მიზეზი, როგორ ფიქრობთ?

- სამწუხაროდ, არ მიკვირს, რომ ახალგაზრდების უმეტესობაში აღარაა ეს მუხტი, მაგრამ ჩემდა საბედნიეროდ, ისიც უნდა ვთქვა, რომ ყველა ასეთი არ არის. უბრალოდ, ჩვენი კოლეგები ხშირად აშუქებენ მხოლოდ მათ, ვისაც შეუძლია, მაგალითად, 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალზე, იქ, სადაც ქართველთა სისხლი დაიღვარა, როკვა. კიდევ კარგი, ასეთები ცოტანი არიან. ღირსეულ ახალგაზრდებთანაც მიწევს შეხვედრა და მიხარია, რომ მათაც ისეთივე პატრიოტული სულისკვეთება აქვთ, როგორიც მე და ჩემს ძმას წლების წინ გვქონდა. მიბრძოლია და პირველი მე ვიტყვი, რომ ომი არის ყველაზე დიდი საშინელება; ეს არის ბრძოლა იდეალებისთვის, მაგრამ ღმერთმა არავის ანახვოს. ამ ხალხს, ფილმებსა და სიუჟეტებში რასაც უყურებენ, ის ჰგონიათ ომი. ნამდვილი ომი სულ სხვა რამეა, უფრო საზარელი. ომი ნგრევა და სისხლია, ამიტომაც არავის გვინდა და რაკი მშვიდობა გვსურს, მხოლოდ ამიტომ უნდა ვემზადოთ ომისთვის. 15 წლისას მშობელი, რომ ნებაზე მიუშვებს, არ უკონტროლებს სწავლას, ქცევას არც ოჯახი, არც სკოლა და არც ეკლესია, მაშინ რატომღა გვაქვს პრეტენზია, რომ გვყავს ისეთი ახალგაზრდობა, რომლებსაც შეუძლიათ გმირების მემორიალზე ცეკვა? ძალადობის მომხრეაო, ჩემზე ამბობენ ხოლმე. არა! მე ვემხრობი იმას, რომ შვილი უნდა გაზარდო მტრად, თუ გინდა მოყვარედ გამოგადგეს. დღეს იდეალები დავივიწყეთ, ვეტრფით თავისუფლებას და გვავიწყდება, რომ თავისუფლებასაც აქვს საზღვარი, წინააღმდეგ შემთხვევაში, თავისუფლება ანარქიაში გადაიზრდება, ეს კი დასასრულის დასაწყისია.

271837593-495841195211617-5420241334112953900-n-1664869271.jpg

- გაიხსენეთ ამბავი, რომელიც ყველაზე მტკივნეულად გახსენებთ აფხაზეთის ომს...

- ეს არის ყველაზე საშინელი ეპიზოდი, რომელიც ამ წიგნშიც შევიტანე: რამდენიმე ბიჭი დაზვერვაზე წავედით. სოფელში, ერთ-ერთი სახლიდან გოგონას ყვირილი და ტირილი ისმოდა. მოვახერხეთ და შევიპარეთ, 17 წლის ქართველ გოგონაზე ძალადობდნენ სამნი - რუსი, აფხაზი და სომეხი. წიგნში აღწერილია, როგორ კლავენ ქართველი მებრძოლები იმ ნაძირალებს და ის ემოციაც დეტალებშია გადმოცემულია, რაც იმ წუთებში გოგონას თვალებში ამოვიკითხეთ. რეალობაში უცნაური დასასრული ჰქონდა ამ ამბავს: 20 წლის შემდეგ ერთ-ერთ საკონცერტო დარბაზში, აფხაზეთიდან ლტოლვილებთან იყო შეხვედრა და ამ ღონისძიების წამყვანი ვიყავი. ჩემთან უცხო ქალბატონი მოვიდა და მკითხა, - ვერ მიცანითო? 10 წამი დამჭირდა, მისთვის თვალებში რომ ჩამეხედა და მეცნო ის გოგონა, რომელიც 20 წლის წინ გადავარჩინეთ სიკვდილს...

სხვათა შორის, ამ დღეებში გადაწყდა, რომ 8 იანვარს, რომში ქართველ სათვისტომოსთან ერთად "ღიმილის ბიჭების" პრეზენტაცია გაიმართება, შემდეგ იქნება სტამბოლში, ათენში და ა.შ. ვგეგმავ პრეზენტაციას მოსკოვშიც ისევე, როგორც 2019 წლის პირველ ივნისს - მაშინ ქართველ ემიგრანტებს ჩავუტანე წიგნად გადმოცემული ამბავი ("უკან მომავალში") იმის შესახებ, თუ როგორ გაუკეთეს ოკუპაცია რუსებმა სამაჩაბლოს. ამ ფორმით მინდა, კიდევ ერთხელ ვუთხრა მათ ჩემი სათქმელი. გეგმაში მაქვს კიდევ ერთი წიგნის გამოცემა, ეს იქნება მოგონებები ჩემს მეგობრებზე; იმ ადამიანებზე, რომლებიც ყველას უყვარს: თემურ წიკლაურზე, ეთერ კაკულიაზე, ზურა დოიჯაშვილზე, ზურა ვადაჭკორიასა და მამუკა ონაშვილზე. რაც ხალხმა არ იცის და რაც ერთად გადაგვხდენია, წიგნში ყველაფერს მოვუყრი თავს.

ნინო ჯავახიშვილი