ქართული ტრადიციული რეწვის 23 წლის პედაგოგი... - გზაპრესი

ქართული ტრადიციული რეწვის 23 წლის პედაგოგი...

წინაპრების ხელობას ბავშვობიდან მისდევს. ჯერ მხოლოდ 23 წლისაა, თუმცა ბევრის სწავლა მოასწრო. ბოლო რამდენიმე წელია, თავადაც პედაგოგია. წინ ბევრი გეგმა აქვს ქართული ტრადიციული ხალხური რეწვის სწავლებისა და პოპულარიზაციის მიმართულებით. ხალხური რეწვის ოსტატი და პედაგოგი მიხეილ ოდიშვილი უნდა გაგაცნოთ...

- პროფესიით მზარეული ვარ, მაგრამ ქართული ტრადიციული რეწვის მიმართულებით, თითქმის ყველა დარგში ვსაქმიანობ. გამიმართლა, ხეზე ბავშვობიდან რომ ვმუშაობდი. თიანეთის რაიონის სოფელ ღულელებში ბიძაჩემს სახელოსნო ჰქონდა, დუშეთში კი პაპაჩემს ვეხმარებოდი. ყველაფერი გამოსდიოდა, ბევრ რამეს აკეთებდა და ვფიქრობ, მას ვგავარ. დუშეთის რაიონის სოფელი ოძისი სასაზღვროა, სადაც გიორგი და დავით ერისთავების ძალიან ლამაზი სახლ-მუზეუმია. მის გვერდით მაქვს ნაკვეთი, სადაც ამ ეტაპზე მოსავალი მომყავს, სამომავლოდ კი დიდი სკოლა-სახელოსნოს გაკეთება მინდა, სადაც სიარულის შესაძლებლობა ექნება როგორც ადგილობრივ და გარშემო სოფლების მოსწავლეებს, ისე ყველა მსურველს. მოსწავლეები შეისწავლიან ხეზე და ქვაზე კვეთას, ქარგვას, ქსოვას და ა.შ. მსგავსი სახელოსნოები იშვიათია რაიონში და ძალიან ცოტაა დედაქალაქშიც, ამიტომ ნაბიჯები მინდა გადავდგა ამ მიმართულებით. თავის დროზე საკმაოდ დიდი და ცოცხალი სოფელი იყო, ხალხით სავსე, მაგრამ ახლა იქაურობა ჩაჩუმებული და მიყრუებულია. სოფელი გამოსაცოცხლებელია, ასაკოვნები იმ ქვეყნად მიდიან, ახალგაზრდები კი თბილისისკენ მოიწევენ.

3-1664869450.jpg

- და არა მხოლოდ დედაქალაქისკენ, ბოლო ხანს, თუ ახალგაზრდებთან მიწევს საუბარი, თითქმის ყველა საქართველოდან გამგზავრებასა და კარიერის საზღვარგარეთ მოწყობაზე საუბრობს. როგორც ჩანს, თქვენი სამომავლო გეგმები საქართველოს უკავშირდება...

- არსად წასვლა არ მინდა. დედაჩემი საზღვარგარეთ არის, თურქეთშია, რომელსაც ხშირად უთქვამს, - მოდი, სახლი ვიყიდოთ და აქ ვიცხოვროთო, მაგრამ უარზე ვარ. მასთან მხოლოდ სანახავად ჩავდივარ და მერე ისევ საქართველოში ვბრუნდები. უცხო ქვეყანაში ცხოვრება არ შემიძლია, ვერ გავძლებ. ამბიცია არ მაქვს, ჩემი საქმიანობა შემოსავლის ძირითად წყაროდ ვაქციო. თუ შეკვეთებს ვიღებ, მხოლოდ იმ თანხის საფასურად, რომ მასალის ხარჯები დავფარო. საერთოდ, ფინანსური კეთილდღეობა არ მაინტერესებს, მხოლოდ ის მინდა, ჩემი შემოსავალი ისევ საქმეს მოვახმარო. ხელობით ფულის შოვნა რომ მინდოდეს, ამ ქვეყნიდან მართლა წავიდოდი, მაგრამ ქვეყნისა და საქმის სიყვარული არ მიშვებს. ისევე, როგორც ბევრი მხატვრისთვის არის შთაგონების წყარო ჩვენი ქვეყანა, კულტურა და გარემო, ჩემთვისაც ასევეა.

- ბავშვობაში ოჯახის წევრებს ვეხმარებოდიო, - აღნიშნეთ. ამის შემდეგ როგორ განვითარდა თქვენი გზა?

- დიახ, ბავშვობის დიდ ნაწილს ჩემი მშობლების სოფლებში ვატარებდი და როცა უფროსები ხეზე მუშაობდნენ, დასახმარებლად ბავშვებსაც მოგვმართავდნენ. თუ დიდი შეკვეთა ჰქონდათ, მაგალითად ავეჯს ამზადებდნენ, სხვადასხვაგვარად გვახალისებდნენ, ნაყინს ან სხვა ტკბილეულს ყიდულობდნენ. დროთა განმავლობაში ეს ყველაფერი გონებაში ჩამებეჭდა. დედაჩემი მხატვარია, ბავშვობიდან ვუყურებდი მის მუშაობას და ნელ-ნელა ხატვისადმი ინტერესი მეც გამიჩნდა. მოგვიანებით თბილისში, საქველმოქმედო ორგანიზაცია "საქართველოს კარიტასში" მოვხვდი, რომელიც კერძო დონორების მიერ ფინანსდება. იქ ბევრი პროგრამა მოქმედებს, რომელთაგან ერთ-ერთი ხელოვნების სტუდიაა, სადაც რამდენიმე წრე ფუნქციონირებს და ხეზე კვეთას, ლითონის დამუშავებას, კერამიკას, ქარგვას, ქსოვას, მინანქარს, ხატვას და ხატწერას შეასწავლიან. სწორედ აქ დავიწყე ხეზე კვეთის სიღრმისეულად და აკადემიურ დონეზე სწავლა, სადაც ჩემი პედაგოგი გიორგი გიგაური იყო. ვინაიდან ხესთან შეხება ბავშვობიდან მქონდა, საკმაოდ მალევე ავითვისე. იქვე დავეუფლე ხატვასა და ქვის მხატვრულ დამუშავებასაც. კერამიკის სახელოსნოშიც "შევყავი თავი". საერთოდ, ერთ რამეს რომ ისწავლი და ძირითადი საფუძველი გაქვს, შემდეგ უფრო მარტივია თავი სხვა, მონათესავე სფეროშიც მოსინჯო, ამ შემთხვევაში მხოლოდ მასალა იცვლება და ცოტაოდენ - ტექნიკაც. სხვადასხვა სფეროს დაუფლების სტიმული იმიტომ მქონდა და მსურდა ჩემი საქმიანობისთვის ყველა საჭირო დარგი ამეთვისებინა, რომ როცა ჩემი იდეით და ესკიზით ხის კომპოზიციას ვაკეთებ, რომელშიც მინდა მეტალის ან კერამიკის დეტალი ჩავსვა, სხვას კი არ ვთხოვ, საქმეს თავადვე ბოლომდე მივიყვან და ყველა დეტალს დავამზადებ. "კარიტასიდან" ეთნოგრაფიულ მუზეუმში მოვხვდი, სადაც ხალხური რეწვის სკოლაში ვსწავლობდი. მთიული ვარ, მთის ხალხში მაინც შემორჩენილია ძველი ტრადიციები და მეც მაქვს ინტერესი ამ ყველაფრისადმი. ბებიაჩემი კარგად ქსოვდა. მას ბევრი შვილიშვილი ჰყავდა, ასაკში შესულს უკვე უჭირდა ყველასთვის წინდების ქსოვა, დედაჩემიც უკვე საქართველოში აღარ იყო, სხვისი მოქსოვილი და ნაყიდი წინდა კი არ მინდოდა. ვინაიდან ეს ხელსაქმეც მაინტერესებდა და თან წინდაც მინდოდა, ბებოს ვთხოვე, ჩემთვის ქსოვა ესწავლებინა. ამის შემდეგ წინდებსაც თავად ვიქსოვდი. ეთნოგრაფიულ მუზეუმში სწავლისას, ხალხური რეწვის ოსტატმა იზოლდა გაბიტაშვილმა რომ გაიგო, ქსოვა ვიცოდი, წინდების ძველი ტრადიციული ტექნოლოგიით ქსოვა შემასწავლა. როგორც ვიცი, ეს ტექნიკა თითქმის დაკარგულია, დღესდღეობით საქართველოში 20-მდე ადამიანი თუ იქნება, ვინც ეს იცის. მანამდე ქარგვა ჩემით ვისწავლე და შემდეგ მუზეუმში ელისო არაბულმა დამახელოვნა. სამჭედლოში გავატარე სამი წელი, სადაც იარაღების დამუშავება შევისწავლე. ვმუშაობ მინაზეც და მინანქარზეც.

- ე.ი. თითქმის ყველა სფერო გაქვთ მოცული...

- ასეა. რამდენიმე დარგს საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ ხალხური რეწვა ნელ-ნელა ქრება და ძველი ტრადიციები თანამედროვეობაში იკარგება. ჩემი მოტივაციაც სწორედ ის იყო, როგორც ძირითადი საფეხურები ამეთვისებინა, ხელობების უმთავრესი დეტალები შემესწავლა, რომ სამომავლოდ თავად განმევითარებინა. იმედია, იმ რამდენიმე ადამიანს შორის მეც ვიქნები, ვინც ტრადიციები გადაარჩინა და მომავალი თაობებისთვის გადასაცემად შეინარჩუნა.

- როდის დაიწყეთ პედაგოგიური საქმიანობა?

- დაახლოებით ექვსი წელია. ამ ეტაპზე ვასწავლი ხეზე კვეთასა და კერამიკას. თავდაპირველად "საქართველოს კარიტასში" დავიწყე მოხალისეობრივად, ხეზე კვეთის მასწავლებლის ასისტენტი ვიყავი და რამდენიმე წელი უსასყიდლოდ ვასწავლიდი ბავშვებს. შემდეგ ეთნოგრაფიულ მუზეუმში დავიწყე მუშაობა, ხალხური რეწვის სკოლიდან ხეზე კვეთის პედაგოგი წავიდა და თავის ნაცვლად, მე დამტოვა. "კარიტასის" კერამიკის სახელოსნოშიც ვარ. იქაც ანალოგიური შემთხვევა მოხდა და ყოფილი კერამიკის პედაგოგის მაგივრად მსურველებს მე ვასწავლი.

2-1664869463.jpeg

- შინ დაბრუნებულს, დრო თუ გრჩებათ "თავისუფალი" მუშაობისთვის?

- დიახ. თბილისში, ე.წ. მუხიანის აგარაკებზე ვიქირავე კერძო სახლი, სადაც დიდი ეზოა და მინდა იქ სკოლა-სახელოსნო გავხსნა. მარტო ვცხოვრობ და ჯერჯერობით ყველაფერი მოსაწესრიგებელი მაქვს. გარშემო რამდენიმე სკოლაა და მოსწავლეების აყვანას ვაპირებ. მინიმალურ გადასახადს დავაწესებ, მასალის ხარჯი და კომუნალურები რომ დავფარო. მინდა კულტურის სამინისტროს მადლობა გადავუხადო, რომლის გამოცხადებულ კონკურსში მივიღე მონაწილეობა და 2 პროექტი დამიფინანსა, თანხით ხეზე სამუშაო ხელსაწყოები და დანადგარები შევიძინე, ხოლო კერამიკაზე სამუშაოდ, ამოსაყვანი ჩარხი. ყველაფერი ეს საკმარისია, რომ საკუთარი სახელოსნო გავაკეთო. მუხიანში კარგი სივრცეა, წყნარი, მშვიდი გარემო და მხატვრული თვალსაზრისითაც შესაფერისია ჩემი ჩანაფიქრისთვის. გარდა ამისა, იქვე, ნაკვეთში ჩემი პატარა მეურნეობაც მაქვს, მყავს სხვადასხვა ჯიშის ხოხობი. დეკორატიული ფრინველების მოშენებაც მინდა. ვფიქრობ, ეზოს მოუხდება და მოსწავლეებსაც ესიამოვნებათ მათი ყურება. თიხას თერაპიული დატვირთვა აქვს და ლამაზ გარემოში, ცხოველებითა და ფრინველებით სავსე ეზოში გატარებული საათები, ორმაგად სასიამოვნო იქნება მათთვის. ჯერჯერობით ძაღლი არ მყავს, მაგრამ როცა ყველაფერს მოვაწესრიგებ, სამომავლოდ ვაპირებ ვიყოლიო, სამაგიეროდ კატები მყავს. როცა გადმოვედი, 6 კატა დამხვდა, სახლს მოჰყვა "საჩუქრად" (იღიმის). მოკლედ, ფლორა-ფაუნა ძალიან მიყვარს, ყვავილებსაც ვუვლი და იმედი მაქვს, ისეთ გარემოს შევქმნი, ჩემთან მოსვლა ყველასთვის სასიამოვნო რომ იყოს.

- მოკლედ, ბევრ საქმეს ხართ შეჭიდებული...

- კი, ყველაფერს ვარ მოდებული. ბევრი მირჩევს ერთი კონკრეტული მიმართულება აირჩიეო, მაგრამ არ შემიძლია. საამისოდ სუსტი ვარ. ბევრ რამეს მინდა შევეჭიდო. თან ვფიქრობ, ყველაფერს ერთი ხაზი აქვს და სრულიად შესაძლებელია თანხვედრა. მხატვრისთვის გარემო დიდი ინსპირაციაა და შესაბამისად, სწორედ ასეთი სივრცის შექმნას ვცდილობ.

ანა კალანდაძე