“ერთი ნაპერწკალი იყო საკმარისი, რომ კონფლიქტი საქართველოში გავრცელებულიყო” - გზაპრესი

“ერთი ნაპერწკალი იყო საკმარისი, რომ კონფლიქტი საქართველოში გავრცელებულიყო”

“საუკუნეების განმავლობაში ჩვენს სამშობლოს ყველაზე საშიშ და ძლიერ მტრებთან უწევდა დაპირისპირება, როგორ მოვახერხეთ თავის გადარჩენა? - ძალიან მარტივად - ლერწმის პრინციპით: ძლიერ ქარიშხალს შეუძლია, უზარმაზარი მუხა ფესვებიანად მოგლიჯოს, ლერწამი კი დაიხრება და ქარს გადაატარებს”, - გვითხრა “გლობალური კვლევების ცენტრის” ხელმძღვანელმა ნანა დევდარიანმა, რომელსაც არაერთ საჭირბოროტო და საკამათო თემაზე ვესაუბრეთ:

- ქალბატონო ნანა, საქართველოში ათასობით რუსეთის მოქალაქე შემოვიდა, რაც ჩვენს საზოგადოებაში სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. თქვენ რას ფიქრობთ ამ პრობლემაზე?

- შესაძლოა, რუსებიც შემოვიდნენ, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ რუსეთში მილიონამდე საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს. უცნაური არაფერია იმაში, რომ როცა სიტუაცია იძაბება, ემიგრანტები თავის სამშობლოში დაბრუნებას ცდილობენ. ამ ადამიანებს შორის ბევრია ისეთი, რომელსაც ქართული ფესვები აქვს, ან წლების წინ აქედან არის წასული. ასე რომ, ადამიანს ხელში რუსული პასპორტი რომ უჭირავს, ეს არ ნიშნავს, რომ ის რუსია. მათი უმრავლესობა ქართველია, ისინი აქ ოჯახებით ჩამოვიდნენ, რადგან საიმედო თავშესაფარი ეგულებათ. სამწუხაროა, რომ სტატისტიკას ზოგიერთები პოლიტიკური მანიპულირებისთვის იყენებენ და სიტუაციას ძაბავენ.

- თუმცა დიდია ალბათობა, რომ მათ შორის არასაიმედო პირებიც იყვნენ.

- არასაიმედო ადამიანი იცით, როგორ მოიქცევა?.. გეტყვის, რომ რუსეთი ოკუპანტია, რომ პუტინი ძალიან ცუდი კაცია, მერე კი თავის არასაიმედო საქმეებს მშვიდად გააგრძელებს. ჩვენს პოლიტიკურ სპექტრშიც ხომ ასე ხდება: ხშირად რუსულ ინტერესებს სწორედ ის ხალხი ატარებს, ვინც რუსეთს ხმამაღლა ლანძღავს და აგინებს. ეს ჩვეულებრივი ამბავია: მარტო ახლა კი არა, ბოლო 30 წლის განმავლობაში სულ ასე ხდებოდა და ხდება. ამიტომ, როდესაც ვიღაცა განცხადებას აკეთებს და რუსეთს აგინებს, უცებ არ უნდა ვენდოთ და არ დავუჯეროთ, - ჩემი მოსაზრება ასეთია...

- როგორ აფასებთ ხელისუფლების მომხრეთა მტკიცებას, რომ ოპოზიციის ნაწილს საქართველოში ომის გაჩაღება სურს?

- შეიძლება ბევრს არ ესიამოვნოს, მაგრამ პირდაპირ გეტყვით: ჩვენს ქვეყანაში არის ხალხი, რომელიც აშკარად დაინტერესებულია, რომ აქ მეორე ფრონტი გაიხსნას და ქვეყანა აირიოს. რატომ?.. საკმაოდ სერიოზული მიზეზის გამო: არჩევნებით ეს ხალხი ხელისუფლებას ვერ დაიბრუნებს, ამიტომ, მეორე ფრონტის გახსნა მათ ხელს აძლევს.

- ამ ხალხს ანუ ოპოზიციის ნაწილს აქ ოჯახი და შვილები ჰყავს...

- დიახ, ასეა, მაგრამ ყველას აქვს წასასვლელი, რომ საფრთხის შემთხვევაში ოჯახი გაიყვანოს და თავი უსაფრთხო ადგილს შეაფაროს. აბა, ერთი მაჩვენეთ 2008 წლის ომში დაზარალებული ან დაღუპული რომელიმე მაღალჩინოსნის შვილი - ვერ მაჩვენებთ, რადგან ასეთები არ არსებობენ! 2008 წლის აგვისტოში ქართულმა ჯარმა რუსების შემოტევას მხოლოდ რამდენიმე დღე გაუძლო. ახლა გაიხსენეთ აფხაზეთის ომი, სადაც ჩაუცმელი, უჭმელი და შეუიარაღებელი მოხალისეები იბრძოდნენ, რომლებმაც რუსული ჯარის შემოტევებს 13 თვისა და 13 დღის განმავლობაში გაუძლეს, - ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ომს იარაღი არ იგებს, ომს პირველ რიგში, ხალხის შემართება და თავგანწირვა იგებს. სხვათა შორის, აფხაზეთში არაერთი ჟურნალისტი დაიღუპა და დღეს თუ რაიმე მასალა ან კადრი გვაქვს აფხაზეთის ომზე, ქართველმა ჟურნალისტებმა სიცოცხლის რისკის ფასად გადაიღეს. ვინც ომში ვერ წავიდა ან ფიზიკური შესაძლებლობა არ ჰქონდა, ჩვენს ბიჭებს სხვაგვარად ეხმარებოდა: ჰუმანიტარულ ტვირთს, ტანსაცმელს და საკვებს აგროვებდა მათთვის. როცა სოხუმი დაეცა და დევნილებმა ჭუბერის ჯოჯოხეთური გზა გამოიარეს, რამდენმა ოჯახმა მათ საკუთარი ბინები დაუთმო.

- აშკარაა, რომ 30 წლის შემდეგ უკრაინელებმაც ამგვარი თავდადება გამოიჩინეს...

- რუკას რომ დავხედოთ, უკრაინა ჩვენთან შედარებით, უზარმაზარი ქვეყანაა და მოსახლეობაც გაცილებით მეტი ჰყავს. შესაბამისად, რუსეთისთვის გაცილებით ადვილია ჩვენისთანა პატარა ქვეყანასთან ბრძოლა, რომელსაც არც შეიარაღება აქვს საკმარისი და არც ტერიტორია, რომ ფრონტი გაშალოს და იომოს. ამიტომ ჩვენთან ომი გაცილებით იოლი იყო, ვიდრე უზარმაზარ უკრაინასთან. სამწუხაროდ, საერთაშორისო ურთიერთობებშიც ყოველთვის ძლიერის სამართალი ჭრის.

- თუმცა 21-ე საუკუნეში მცირე ერებიც ახერხებენ ღირსეულ არსებობას და ძლიერი სახელმწიფოების შექმნას, ამის საუკეთესო მაგალითია ისრაელი...

- ისრაელში ცხოვრობს ხალხი, რომელსაც 2 ათას წელზე მეტი ხნის განმავლობაში საკუთარი სახელმწიფო არ ჰქონია. ებრაელები მთელ მსოფლიოში იყვნენ გაბნეული და როდესაც ისრაელი დაფუძნდა, მასზე ზრუნვა დაიწყო ყველა ებრაელმა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ცხოვრობდა. დღესაც ასეა: ებრაელები თავს მოვალედ მიიჩნევენ, სამშობლოს დაეხმარონ. ვისაც რით შეუძლია, ისე ეხმარება: ზოგი ადამიანური რესურსით, ზოგი - თანხით, ზოგი - უახლესი ტექნოლოგიებით და ა.შ. ლობისტიც ბევრი ჰყავთ, განსაკუთრებით - ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამ ქვეყანას ამერიკის მხარდაჭერა ყოველთვის ჰქონდა და აქვს. ეს ებრაული დიასპორის დამსახურებაა, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს, მოღვაწეობს და თავის ხალხს წამითაც არ ივიწყებს. დიასპორა ჩვენც ყველგან გვყავს, მაგრამ ის იმდენად ძლიერი არ არის, როგორიც ისრაელს ჰყავს. სწორედ ამიტომ თქვა ჭაბუა ამირეჯიბმა თავის დროზე - ჩვენ ობოლი ერი ვართო. ეს არის მოცემულობა, ეს არის რეალობა, რომელსაც კარგი პოლიტიკოსი უნდა აანალიზებდეს და ცდილობდეს, თავის ქვეყანას მაქსიმალური სარგებელი მოუტანოს. სხვათა შორის, ასე მოიქცნენ აზერბაიჯანის ლიდერები: როცა შესაფერისი ვითარება შეიქმნა, აზერბაიჯანმა ისარგებლა და 30 წლის წინ დაკარგული ყარაბაღი დაიბრუნა, რომლის დაბრუნების იმედი უკვე გადაწურული ჰქონდათ. ეს არის გონივრული, სწორი გათვლების და არა ცხელ გულზე, ნაჩქარევად მიღებული გადაწყვეტილების შედეგი. ახლა, როცა ძველი მსოფლიო წესრიგი დაინგრა, მხოლოდ ის ქვეყნები გაიმარჯვებენ, ვინც ასეთ გონივრულ ნაბიჯებს გადადგამს.

- დღევანდელ ქართველ საზოგადოებაში ნეიტრალიტეტი ერთ-ერთი საკამათო თემაა: ვიცით, რომ ეს კარგია, მაგრამ ჩვენს ქვეყანას დასავლეთის დახმარების გარეშე ცხოვრება ძალიან გაუჭირდება.

- ნეიტრალიტეტზე აფხაზეთის ომის შემდეგ ვლაპარაკობ, მაგრამ ერთი ადამიანის ან ერთი ჯგუფის ძახილი საქმეს ვერ შველის. მშვიდობიანი, ნეიტრალური ზონა კავკასიაში, ყველა ქვეყნის ინტერესებში შედის. მხოლოდ ერთ მაგალითს მოვიყვან: როცა ყარაბაღის კონფლიქტი დაიწყო, ჩვენც დიდი საფრთხის წინაშე აღმოვჩნდით, რადგან აქვე, ყურისძირში, კომპაქტურად არიან დასახლებული აზერბაიჯანელებიც და სომხებიც. ერთი ნაპერწკალი იყო საკმარისი, რომ ეს კონფლიქტი საქართველოში გავრცელებულიყო. რამ გადაგვარჩინა?.. აბსოლუტურად ნეიტრალურმა პოზიციამ. უფრო მეტიც, როდესაც სომეხი და აზერბაიჯანელი ჟურნალისტები თუ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ერთმანეთს ხვდებოდნენ, მათი შეხვედრის ადგილი საქართველო იყო. ამიტომაც ვიმეორებ: ნეიტრალიტეტი საქართველოს გადაარჩენს, რადგან მშვიდობიანი, ნეიტრალური ზონა ყოველთვის მომგებიანია - როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისითაც.

- და მაინც, ამ სიტუაციაში შვეიცარიამაც კი განაცხადა, რომ ნეიტრალიტეტზე უარს ამბობს...

- ვერ დაგეთანხმებით. შვეიცარია ჯერჯერობით ისევ ნეიტრალურია, რადგან ნატო ამ ეტაპზე გაფართოებას არ გეგმავს. თანაც, ნებისმიერი ქვეყნის ნეიტრალიტეტი გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედმა კომისიამ უნდა აღიაროს, რომლის წევრები არიან: აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, რუსეთი, ჩინეთი და ა.შ. სწორედ ამ კომისიამ უნდა დაამოწმოს, რომ ამა თუ იმ სახელმწიფოს ნეიტრალიტეტს მხარს უჭერს.

1631645854-1631643958-nana-devdariani-1-1665384448.jpg

- მსოფლიოში უამრავი პატარა სახელმწიფოა: ფინეთი, შვედეთი, ისლანდია, ბალტიის ქვეყნები... არც ერთი მათგანი ნეიტრალური არ არის, მაგრამ მაინც არსებობს, როგორ?

- ყველა ამ ქვეყნის მაგალითი ცალ-ცალკე უნდა განვიხილოთ: ზოგიერთი პატარა ქვეყანა პირდაპირ არის “მიბმული” რომელიღაც დიდ სახელმწიფოზე და მისი მოკავშირეა ან მის ინტერესებს ატარებს, ზოგი არსებობას ბუნებრივი რესურსებით ახერხებს, ზოგი - მაღალი ტექნოლოგიებით... ყველას სხვადასხვა გზა აქვს არჩეული, ყველას თავისი ისტორია და გამოცდილება აქვს, რომელსაც იყენებს. საქართველოც ასეა: მიუხედავად იმისა, რომ უდიდესი იმპერიების დაპირისპირების ცენტრში ვიყავით, მაინც გადავრჩით! ბიზანტია, სპარსეთი, ოსმალეთი - ყველა დიდი იმპერია გვემტერებოდა და თავს გვესხმოდა, საშინელი, ძნელბედობით სავსე ისტორია გამოვიარეთ, მაგრამ დღემდე მოვედით.

- თქვენი დაკვირვებით, რაში მდგომარეობს ჩვენი გადარჩენის საიდუმლო?

- ამ საკითხზე დასაწყისშიც გესაუბრეთ და ჩემს წიგნშიც მაქვს ახსნილი: ჩვენ “ლერწმის სტრატეგიას” ვიყენებდით და საჭირო დროს ლავირებას ვახერხებდით. წარმატებასაც მხოლოდ ის მეფეები აღწევდნენ, რომლებიც თავიანთ შესაძლებლობებს ზუსტად ზომავდნენ და წონიდნენ. თუნდაც დავით აღმაშენებელი ავიღოთ: ვიდრე სამეფოს გააერთიანებდა, კარგა ხანს ბეგარას იხდიდა; რატომ - საქართველო არ უყვარდა?.. უყვარდა, მაგრამ იცოდა, რომ მის სამშობლოს ჯერ მტერთან შებრძოლების ძალა არ ჰქონდა. როცა საამისო ძალა იგრძნო, ქვეყნის გაერთიანება დაიწყო და ეს მამულიშვილური საქმე ბოლომდე მიიყვანა!

ხათუნა ჩიგოგიძე