ქართული ოჯახი რუსული იმპერიის წინააღმდეგ - გზაპრესი

ქართული ოჯახი რუსული იმპერიის წინააღმდეგ

“ისეთი დაკავებულები ხართ ყველანი, აგერ, შუა ქალაქში, იუსტიციასთანაც ვერ მოხვედით... თქვენ ამასაც გაუძლებთ, ჩემო ყოჩაღო, ძალიან მშრომელო ქართველებო! ასეთებისთვის გაგიძლიათ?!” - ასე ეხმაურება ექიმ-რეანიმატოლოგი, რესტორატორი და აქტივისტი ანი ქავთარაძე იმ ქართველებს, რომლებმაც საქართველოში რუსების მასობრივი შემოსვლა არ გააპროტესტეს. მისი თქმით, ქვეყანა ახლა დიდი საფრთხის ქვეშაა და თითოეული ჩვენგანი ვალდებულია, პირადი საქმე გვერდზე გადადოს და საშვილიშვილო საქმე აკეთოს.

“უმრავლესობას ალბათ სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხები გქონდათ გადასაჭრელი, თორემ ვინ გაგაკავებდათ, პირდაპირ დარიალში აასკდებოდით! ტიალი, ეს შრომა და შრომა. მაინც, რა არის ეს ყოველდღიური რუტინა. აი, განა ჩემსავით ყველა აგდებს სამუშაოს, სწავლას, გასაუბრებას, ლექციას, შვილებს, სახლს, ბიზნესს და გარბის ქუჩაში?! განა ყველა ჩემნაირი უსაქმური და მოცლილია?! არა! შრომობს ეს ქვეყანა, გენაცვალე, გუგუნებს და ჩვენ? ორმოცდაათიოდე უსაქმური, დავძრწით თბილისის ქუჩებში. გვაპატიეთ, ხანდახან პოსტებით ცოტათი რომ გირღვევთ ხოლმე მყუდროებას და თქვენს ფერად ცხოვრებაში ნეგატივი შემოგვაქვს. უნდა იშრომოთ, უნდა იღვაწოთ, უნდა დაღვაროთ ოფლი, რადგან იმდენი მშიერი იორკი მოდის, კვება და მოვლა დასჭირდებათ, ინტენსიური პროგრამით. აბა, თქვენ იცით, მუხლი არ ვნახო ჩახრილი! ჩვენი კანტორის ბიჭები მოდიან და სავსე დაახვედრეთ სახლ-კარი”, - წერს საკუთარი “ფეისბუკის” გვერდზე ანი ქავთარაძე.

- გული მწყდება, ჩემი და ჩემზე უფროსი თაობის ქართველებმა რომ დაივიწყეს, თუ რა დაგვიშავეს რუსებმა. მით უფრო, რომ ზოგიერთ მათგანს, განსაკუთრებით აფხაზეთიდან და ცხინვალიდან დევნილებს, საკუთარ ტყავზე აქვთ გამოცდილი რუსების ვერაგობა და სისასტიკე. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, დღეს ჩვენთან იმ ქვეყნიდან შემოდის ცოცხალი ძალა, რომელსაც ჩვენი ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული. და ეს ხდება მაშინ, როდესაც ქართველი ახალგაზრდები ქვეყნიდან მასობრივად გადიან. ისიც გასათვალისწინებელია, რომ რუსეთიდან შემოსულ ცოცხალ ძალას, ქალები და ბავშვები კი არა, საბრძოლო ასაკის კაცები წარმოადგენენ. ეჭვი მაქვს, რომ რუსი კაცების საქართველოში გამოქცევას ხელს მათი ხელისუფლება უწყობს. მიკვირს, ხმას რატომ არ ვიღებთ?! არ ვიცი, ეს საზოგადოება პროპაგანდის მსხვერპლია, სიღატაკის თუ უვიცობის, მაგრამ ფაქტია, თავის დაცვის ბუნებრივი ინსტინქტი აღარ გვაქვს, მკვლელებს და მანიაკებს ვუშვებთ ჩვენს დიდ ოჯახში.

- საპროტესტო აქცია დააანონსეთ და ხალხი არ მოვიდა?

- პირველ ჯერზე გამოვედი სხვების მიერ უკვე დაორგანიზებულ აქციაზე. სულ 20 კაცი ვიყავით. შემდეგ უშუალოდ ჩავერთე აქციის დაორგანიზებაში, რადგან უკრაინაში მებრძოლი ქართველი, თორნიკე გოგუაძე პირდაპირ ფრონტის ხაზიდან მოგვიწოდებდა, გვთხოვდა, რომ ლარსზე აქცია მოგვეწყო. თორნიკე წინა ხაზის მებრძოლია. როდესაც სოციალური ქსელის მეშვეობით ვაორგანიზებდი აქციას, განგაში გამოცხადდა და მასთან კონტაქტი გაწყდა. შესაბამისად, გადავწყვიტეთ, თორნიკეს ინიციატივა ჩვენ განგვეხორციელებინა. გავედით იუსტიციის სახლთან, შევაგროვეთ ხელმოწერები საქართველოს ხელისუფლების სახელზე და ახლა, პარასკევს დიდი აქციის მოწყობას ვაპირებთ.

- კონკრეტულად რა არის თქვენი მოთხოვნა?

- საზღვრის ჩაკეტვას ვითხოვთ რუსეთის მოქალაქეებისთვის. მგონია, ქუჩაში ხალხი რომ გავაჩეროთ და ვკითხოთ, რას ფიქრობს ამ საკითხზე, ყველა იტყვის, რომ დიახ, ხელისუფლებამ უნდა დაიცვას მათი უსაფრთხოება, მაგრამ არ უნდათ ამისთვის თავადაც გააკეთონ რაიმე, თუნდაც ის, რომ ცოტა ხნით მოსწყდნენ პირად საქმეს და ხელისუფლებას მკაცრად შეახსენონ ნაკისრი ვალდებულება - დაიცვას საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოება.

- რესტორანი გაქვთ და რუსების გაბრაზებას ახერხებთ...

- დიახ, შენობის შესასვლელში გვიწერია: “ამ რესტორანში შემოსვლით თქვენ ეთანხმებით, რომ რუსეთი ოკუპანტია!”. კლიენტებს ასევე უწევთ რესტორნის კედლებზე გამოკრული ტექსების წაკითხვა, რომლებიც ასეთი შინაარსისაა: “რუსეთი ოკუპანტია, პუტინი კი ომის დამნაშავე”. რესტორანი მე და ჩემმა მეუღლემ ჯერ კიდევ 2019 წლის აგვისტოში გავხსენით. გახსნის დღიდან ვაიფაის სახელი არის “აფხაზია იზ ჯორჯია”, ხოლო პაროლი “სამაჩაბლო იზ ჯორჯია”. ამას სოციალურ ქსელში მაშინვე დიდი ხმაური მოჰყვა... ფასანაურის გზაზე ყოველთვის ბევრი რუსი ტურისტი გადაადგილდება. შესაბამისად, ამ ადგილებში კვების ობიექტები ძირითადად, მათზე არიან ორიენტირებული. ჩვენ ამ სეგმენტზე თავიდანვე არ გვქონდა გათვლა, რუსული მენიუც კი არ ჩავუშვით, უფრო მეტიც, ქართულ მენიუზეც დავაწერეთ, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% რუსებს ჰქონდათ ოკუპირებული...

იცით, რუსები ყველაზე დაბალი გადახდისუნარიანი ტურისტები არიან. მომხმარებლური დამოკიდებულება აქვთ ჩვენ მიმართ, ანუ ცდილობენ რაც შეიძლება მეტი მიიღონ და ცოტა დატოვონ, მოსამსახურეებად აღგვიქვამენ - ეს იცის ტურისტულ ბიზნესში მომუშავე ყველა ადამიანმა. რაც შეეხება ქართველ და მაღალბიუჯეტიანი ქვეყნებიდან ჩამოსულ ტურისტებს, მათ ნაკლებობას ნამდვილად არ განვიცდით. ქართველები როგორც კი ვაიფაის სახელისა და პაროლის შესახებ შეიტყობენ, მაშინვე ჩვენთან მოდიან, შემდეგ კი კერძებითა და მომსახურების სერვისითაც კმაყოფილი რჩებიან და ვეღარ გვშორდებიან. მაღალი ბიუჯეტის მქონე ტურისტებსაც ძალიან მოსწონთ გემრიელი კერძები და ორიგინალური გარემო. თანაც, ხშირად გვეკითხებიან, თუ რა დატვირთვა აქვს ვაიფაის სახელსა და პაროლს. ჩვენ არ გვეზარება და რუსული ოკუპაციის შესახებ ყველაფერს ვუყვებით. უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღეებში გამოვფინეთ უკრაინის დროშა. სამწუხაროდ, მთიულეთსა და ხევში ასეთი ტიპის აქტივობები იშვიათია.

- რუსები ამ წარწერებს რომ ხედავენ, პროტესტს გამოხატავენ?

- იშვიათად მინახავს უკან გაბრუნებული რუსი. შემოდიან და თავის ამორალურ სახეს ბოლომდე გვიჩვენებენ: ჭამენ, სვამენ, იღებენ ყველა მომსახურებას, მათ შორის სარგებლობენ ვაიფაით, ანუ საკუთარი ხელით წერენ, რომ აფხაზეთი საქართველოა, სამაჩაბლო საქართველოა, მერე მიდიან და კრიტიკულ, შეურაცხმყოფელ პოსტებს გვიძღვნიან სოციალურ ქსელში. ამას გარდა, ხევენ ჩვენს ბანერებს. სადაც კამერები გვაქვს, იქ ამის გაკეთებას ვერ ბედავენ, მაგრამ საპირფარეშოშიც კამერას ხომ ვერ დავამონტაჟებთ? სამართლიანობისთვის რომ ვთქვა, ერთ-ერთმა რუსმა ტურისტმა სოციალურ ქსელში დაწერა: ასეთი გემრიელი ხინკალი არასდროს მიჭამიაო, მაგრამ იქვე გაგვაკრიტიკა იმის გამო, რუსეთს ოკუპანტად, პუტინს კი სამხედრო დამნაშავედ მივიჩნევთ. დარბაზში დიდი ეკრანი გვაქვს, სადაც ადრე საქართველოს ბუნების ამსახველი ვიდეორგოლები გადიოდა. ახლა ეს რუსული ოკუპაციის ამსახველმა და უკრაინის მხარდამჭერმა სლაიდებმა ჩაანაცვლა. ჩვენმა მეგობარმა გიდმა, ცოტნე ჯაფარიძემ საინტერესო იდეა მოგვაწოდა. მისი რჩევით, კედლებზე ჩამოვკიდეთ რუსულ ენაზე დაბეჭდილი სტიკერები, სადაც ჩამოწერილია ყველა ის ქვეყანა, სადაც რუსეთმა სისხლის გუბეები დააყენა. თანაც, ეს ყველაფერი დათარიღებულია.

- როგორც ვიცი, პროფესიით ექიმი ხართ...

- დიახ, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი ვარ. საკმაოდ დიდხანს ვიმუშავე პროფესიით, მაგრამ ახლა ვიფიქრე, რომ მეტი დრო უნდა გამეტარებინა შვილებთან და იმ საქმესაც მეტი ენერგია სჭირდებოდა, რომელსაც მე და ჩემი მეუღლე წლებია ერთად ვაშენებთ. ამასთან, არც ის შემეძლო, რომ ჩემი ქვეყნისთვის ასეთი ძნელბედობის ჟამს მოვლენებისთვის გვერდიდან მეყურებინა. მე ჩემი წვლილი უნდა შევიტანო ჩემი შვილებისთვის უკეთესი მომავლის შექმნაში; მინდა ისინი დამოუკიდებელ და თავისუფალ საქართველოში ცხოვრობდნენ.

1-1665384629.jpg

- შვილებიც ხომ არ ჩართეთ თქვენს საქმიანობაში?

- 5 და 4 წლის გოგონები გვყავს - ლილე და ნინე. პატარები არიან, მაგრამ კარგად ხვდებიან მათი დედიკო და მამიკო რა საქმესაც აკეთებენ. მათ რომ ვუყურებ, ჩემი ბავშვობა მახსენდება, ისეთივე პოლიტიზებული არიან, როგორც მე ვიყავი მათ ასაკში. იციან, რომ რუსეთი ბოროტია!

- თქვენი პოლიტიზებული ბავშვობა რით იყო განპირობებული?

- 90-იანი წლების ბავშვი ვარ. სამოქალაქო ომი, აფხაზეთი... ამ ყველაფერმა ჩემ თვალწინ გაიარა. იმთავითვე გააზრებული მქონდა, რომ რუსეთი მტერი იყო. ქავთარაძის ქუჩაზე ვცხოვრობდი, იქვე ახლოს, გორაკზე ძმათა სასაფლაო გახლდათ, რომელიც ჩემი საკლასო ოთახის ფანჯრებიდან კარგად ჩანდა. მე და ჩემი მეუღლე კლასელები ვიყავით. აფხაზეთის ომის დროს მეორე კლასში ვსწავლობდით. ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს ვხედავდით, როგორ კრძალავდნენ ახალგაზრდა ბიჭებს სამხედრო პატივით. ჩემი სკოლიდანაც გაიპარნენ მეთერთმეტეკლასელი ბიჭები. ზოგი დაიღუპა კიდეც. ჩვენ კი სკოლაში მათდამი მიძღვნილ საღამოებს ვატარებდით... შემდეგ იყო სამოქალაქო ომი და მე ვიცოდი, რომ ქართველების ერთმანეთთან დაპირისპირებაში რუსეთის ხელი ერია. იძულებული გავხდი, მივჩვეულიყავი ტყვიების ზუზუნში ძილს. ჩემი თვალით ვნახე, როგორ მოკლეს გადაჭრილი თოფით 16 წლის ბიჭი - ჩემი მეზობელი. ვიცოდი, საიდან მოდიოდა ჩემი ქვეყნის უბედურება. 9 აპრილის შესახებაც ვიცოდი, მე და დედამ 10 აპრილს ტიტები მივიტანეთ რუსთაველის გამზირზე. მერე იყო 2008 წელი, იმ დროს რეზიდენტი ვიყავი. ჩვენი საავადმყოფოს ყველა კაცი საველე ჰოსპიტლებში წავიდა. ქალებს წარმოუდგენელ რეჟიმში გვიწევდა მუშაობა. ჩემი თვალით ვნახე დასახიჩრებული ქართველი მებრძოლები, პატარა ბიჭები... ეს ყველაფერი მტკიოდა, ძალიან განვიცდიდი... გორის ჰოსპიტალშიც ჩავედი დაჭრილების წამოსაყვანად. მე არ მინდა ეს ყველაფერი ჩემმა შვილებმაც ნახონ. მაშინ, როდესაც ჩემი ცნობიერება ყალიბდებოდა, გავიცანი ბოროტების მანქანა - რუსეთი. მისი რეალური სახე ჩემს გულში ღრმადაა ამოკვეთილი და რაც შემეძლება ყველაფერს გავაკეთებ ამ იმპერიის წინააღმდეგ საბრძოლველად.

ხათუნა ბახტურიძე