“ოტელოს” ტრაგედია - მსახიობებისა და თოჯინების სინთეზით... - გზაპრესი

“ოტელოს” ტრაგედია - მსახიობებისა და თოჯინების სინთეზით...

25 დღის განმავლობაში დიმიტრი ხვთისიაშვილი და გია მარღანია ყოველდღიურად 5 საათი მუშაობდნენ მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობებთან ერთად, რომ თეატრის დიდ სცენაზე ახალი სპექტაკლი - “ოტელო” დაბადებულიყო. უილიამ შექსპირის 1603 წელს შექმნილ ტრაგედიას - “ოტელო, ვენეციელი მავრი” - დღემდე სხვადასხვაგვარი გადმოცემის ფორმა მოუძებნეს ხელოვანებმა, ამჯერად კი მოზარდ მაყურებელთა თეატრში შექსპირის პერსონაჟებს, მსახიობებთან ერთად, თოჯინებიც განასახიერებენ და პირიქით...

“თოჯინის ტარებას” ცალკე ცოდნა სჭირდება და ამ ტექნიკური ნიუანსებს ყველა მსახიობი ვერ ფლობს (თუ ის პროფესიონალი მეთოჯინე არ არის). ასეთ დროს მსახიობi ორმაგადაა დატვირთული, თავადაც თამაშობს, თოჯინაც მოძრაობაში მოჰყავს და ეს ყველაფერი სრულ ჰარმონიაში უნდა მოხდეს. ვერ ვიტყვით, რომ იდეალურად, თუმცა მოზარდ მაყურებელთა თეატრის ის მსახიობები, ვინც “ოტელოში” არიან დაკავებული, მეტ-ნაკლებად წარმატებით ართმევენ თავს რეჟისორების დავალებას. იმედია, დროთა განმავლობაში ამ კუთხით მათი ხელოვნება კიდევ უფრო დაიხვეწება. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ სპექტაკლში არაერთი ორიგინალური სცენაა და სიუჟეტი კი საკმაოდ ლაკონიურად მოწოდებული, რაც წამით არ იძლევა მოწყენისა თუ მოდუნების საბაბს. ამავდროულად თანამედროვე მაყურებლისთვის ივანე მაჩაბლის თარგმანი ტექსტი კი არ “ამძიმებს” და “ართულებს” სიუჟეტის აღქმას, პირიქით ორგანულად ერწყმის თითოეულ სცენას.

დიმიტრი ხვთისიაშვილი:

- სპექტაკლი ეძღვნება რამდენიმე მნიშვნელოვან თარიღს: კოტე მარჯანიშვილის 150-ე და პეტრე ოცხელის 115-ე წლისთავს. აღსანიშნავია, რომ “ოტელო”, კოტე მარჯანიშვილის მიერ საქართველოში დადგმული ბოლო სპექტაკლი იყო და მისი დადგმიდან 90 წელი გავიდა. “ურიელ აკოსტა” და “ოტელო” ის ორი სპექტაკლია, რომლის დეკორაციები და კოსტიუმის ესკიზები სრულადაა შემორჩენილი. “ურიელ აკოსტა” წლებია მარჯანიშვილის თეატრის რეპერტუარშია, ამიტომ არჩევანი “ოტელოზე” შევაჩერეთ. სპექტაკლის თოჯინების თანხლებით დადგმის იდეა გია მარღანიას რომ გავუზიარე, ის ამ პროცესში ჩაერთო და იმდენად აენთო, რომ სპექტაკლის არა მხოლოდ ქორეოგრაფია, არამედ რეჟისორიც და ჩვენ ერთად ვიმუშავეთ ამ პროექტზე. არტისტებთან 25-დღიანი რეპეტიციების შედეგად, პრემიერამდე მოვედით, თუმცა, მანამდე მე და გია სპექტაკლზე 6 თვე ვმუშაობდით...

otelo1-1665387398.jpg

შალვა ანთელავა:

- პროექტში ოტელოს განვასახიერებ. თავიდან ძალიან გამიხარდა, მაგრამ შემდეგ შემეშინდა, ეს ორმაგი და უდიდესი პასუხისმგებლობა იყო, რადგან ეს თოჯინების თანხლებით უნდა მომხდარიყო. მთელ ჯგუფს პირველად მოგვიწია ამ ხელოვნებასთან შეხებამ და ჩვენთვის ეს დიდი გამოცდაც იყო და გამოცდილებაც. თოჯინების მართვა ცალკე პროფესიაა და ეს 4 წლის განმავლობაში ისწავლება. ურთულესია თოჯინა ცოცხალი გახადო, ბუნებრივი იყოს და შენი სიტყვაც ასევე ჟღერდეს. ჩვენ 25 დღეში მოგვიწია ტექნიკის ათვისებამ, მაგრამ ბატონებმა - დიმამ და გიამ ეს ყველაფერი ისე შეფუთეს და მოგვაწოდეს, ვფიქრობ, მათი მეშვეობით ამ ურთულეს დავალებას თავი გავართვით.

სპექტაკლის სცენოგრაფია და კოსტიუმები პეტრე ოცხელის ესკიზების მიხედვით შეიქმნა. თოჯინების ავტორი და შემსრულებელი - ვახტანგ ქორიძეა, მუსიკალური გაფორმება - ზურაბ გაგლოშვილს ეკუთვნის. სპექტაკლში მონაწილეობენ: ხატია მელქაძე, თამარ ჭანუყვაძე, თამარ ცქვიტინიძე, შალვა ანთელავა, რატი გოგუაძე, ვანო დუგლაძე, გია მარღანია, ნიკა ნანიტაშვილი, დევი რეხვიაშვილი, ნიკოლოზ ფაიქრიძე და გიორგი ჯიქურიძე.

“ოტელოს” პრემიერა 1-ლ და 2 ოქტომბერს შედგა საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის შოუ ქეისის ფარგლებში. სპექტაკლი გათვლილია 14 წლიდან უფროს მაყურებელზე. პროექტი განხორციელდება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით.

ანა კალანდაძე

ფოტოების ავტორი ბექა ცირეკიძე