დათუნა ტატულაშვილის “ტიკტოკ” პერსონაჟები
მის იუმორისტულ კონტენტს 317 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს. დათუნა სხვადასხვა პერსონაჟს მაკიაჟის, პარიკების გარეშე ისე დამაჯერებლად ასახიერებს, რომ ქალბატონების გარკვეულ კატეგორიას ვიდეოებში ასახული სიუჟეტი სინამდვილე ჰგონია... გადავწყვიტეთ, დათუნა მკითხველებისთვის უკეთ გაგვეცნო.
- თქვენი საკმაოდ პოპულარული პერსონაჟი - ნონა როგორ შეიქმნა? რეალური პროტოტიპი თუ ჰყავს?
- ეს პერსონაჟი ნათესავებისა და მეზობლების წყალობით შეიქმნა - 7-8 ადამიანის “ნაზავია”. ზოგს ჰგონია, რომ ნონა თავადაა. ბევრი მეკითხება, - მე ხომ არ ვარო? შეშინებულები არიან (იცინის). ნონა ბარაქიანი ქალია: ყველაფერი აქვს, არაფერი აკლია. ვერ იტანს ისეთ ქალებს, რომლებსაც სახლში ყავაც კი არა აქვთ და სულ სხვასთან ჭამენ. მისი მეზობელი - ფიქრია ნონას “ტვინს უჭამს”.
- ფიქრიაც რამდენიმე პიროვნების “ნაზავია” თუ კონკრეტული ადამიანის პროტოტიპი?
- ფიქრიას პერსონაჟი ერთი ადამიანისგან შევქმენი და მოდი, არ დავასახელოთ (იცინის).
- ძალიან პოპულარულია “ბოშების ბაზრობის” ვიდეოებიც. რეალურად, ბოშებთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?
- ბავშვობაში ბოშა მეგობრებიც მყოლია. მათი “შიდა სამზარეულო” ვიცი. მოსწონთ, როცა მათ შესახებ ვიდეოებს ვიღებ. ბავშვობაში ერთხელ ბოშები ქალს გაეკიდნენ. ვიდეოში - “დავესიოთ ნონას” - სწორედ ეს ეპიზოდი ავსახე. ისე, კარგი ხალხია, ძალიან მიყვარს. ჩემს უბანში მეგობრულები არიან, ბაზრობაზე - არ ვიცი. ჩემთან ფოტოებსაც ხშირად იღებენ. მეუბნებიან, - “ტიკტოკიდან” გიცანიო. ბოშების ბაზრობის ტერიტორიაზე თუ მოვხვდები, მცნობენ. სხვათა შორის, ერთხელ ბოშა ქალს შევთავაზე - ვიდეო ერთად გადავიღოთ და ვიყვიროთ, - “ლიკრა კალგოტკა”-მეთქი, მაგრამ შერცხვა, - არა, ჩემი ქმარი მეჩხუბებაო (იცინის).
- “ტიკტოკის” მიღმა, როგორ ცხოვრობთ?
- სამსახიობო ფაკულტეტზე სწავლა გადავწყვიტე. ამიტომ ჯერჯერობით, არ ვმუშაობ. ძირითადად სახლში ვარ, ჩემს 2 ძაღლს ვუვლი.
- მსახიობობის სურვილი “ტიკტოკზე” დაწყებული პოპულარობის მერე გაგიჩნდათ?
- არა, ბავშვობიდან მინდოდა. სკოლაში მასწავლებლების პაროდიებს ვაკეთებდი. პედაგოგები ჩემზე გიჟდებოდნენ. ექსკურსიაზეც უეჭველად მივყავდი, - ფულს ჩვენ დაგიდებთ, ოღონდ წამოდიო... ჩემს დამრიგებელს პირველად რომ “გავაჯავრე”, შოკში ჩავარდა. მას შემდეგ, კვირაში 5 დღე თავისი თავის პაროდიას მაკეთებინებდა. ძალიან მოსწონდა.
- სამსახიობო ფაკულტეტზე რატომ არ ჩააბარეთ?
- ჯარში ვიყავი. სახლში დამადგნენ, ძალით წამიყვანეს... სავალდებულო სამხედრო სამსახური რომ დავასრულე, შემდეგ მუშაობა დავიწყე: ბავშვების ტანსაცმლის მაღაზიაში კონსულტანტი ვიყავი. მერე სადაზღვევო კომპანიაში და კიდევ ბევრგან ვმუშაობდი... საბოლოოდ იმ გადაწყვეტილებამდე მივედი, რომ მსახიობი უნდა გავხდე.
- თქვენი ოჯახის წევრები ვინ არიან?
- დედასთან, ბებიასთან, ძმასა და 2 ძაღლთან ერთად, კერძო სახლში ვცხოვრობ. 7 წელია, რაც მამა ამერიკაშია. იმიტომ გაემგზავრა, რომ საქართველოში 7 წლის წინაც ისეთი სიტუაცია იყო, როგორიც ახლაა. ოჯახისთვის უკეთესი ფინანსური მდგომარეობის შექმნა გადაწყვიტა. ჯერჯერობით, დაბრუნებას არ გეგმავს. რა თქმა უნდა, არავის უნდა, რომ ოჯახის წევრი საზღვარგარეთ წავიდეს, მაგრამ მამის გამგზავრება გვიხაროდა ალბათ, იმიტომ, რომ უკეთესად გვეცხოვრა...
- საზღვარგარეთ წასვლას ბევრი ახალგაზრდა ცდილობს...
- პირადად მე, 3-4 წელია, ვიბრძვი, რომ საზღვარგარეთ წავიდე, მაგრამ ღმერთი ხელს არ მიმართავს, რადგან როგორც კი ფინიშამდე მივდივარ და თითქოს უკვე უნდა გავემგზავრო, რაღაც პრობლემა ჩნდება. ამიტომ წასვლა უკვე გადავიფიქრე. გადავწყვიტე, საქართველოში დავრჩე და ჩემი საქმე ვაკეთო.... აქ იმდენ ფულს ვერ შევაგროვებ, საკუთარი ბიზნესი რომ დავიწყო. საზღვარგარეთ წასვლა ამიტომ მინდოდა: ვიმუშავებდი, ფულს შევაგროვებდი და საკუთარ კაფეს გავხსნიდი. საერთოდ, კაფეები მიყვარს. ხშირად ვსტუმრობ და მსურდა, ჩემი მყუდრო კაფე გამეხსნა.
- თქვენ გარდა, ოჯახში მსახიობური ნიჭი კიდევ ვინმეს აქვს?
- ეს ნიჭი მამისგან გამომყვა. მას იუმორის კარგი გრძნობა აქვს. ქორეოგრაფი გახლავთ. დედასაც კარგი იუმორი აქვს.
- ძმაზე რას გვეტყვით?
- 8 წლის ნიკოლოზი სკოლის მოსწავლეა. 2-წლიანი ონლაინსწავლების მერე, წელს სკოლაში პირველად წავიდა. მეორე ცვლაშია.
- მეცადინეობაში ეხმარებით?
- არა, საამისო ნერვები სად მაქვს?! მასწავლებელი ავუყვანე.
- მასწავლებლის და მოსწავლის ურთიერთობის ამსახველი ვიდეო უკვე გადაიღეთ?
- ეგ არა, მაგრამ ჩემს ძმას ჩუმად გადავუღე ვიდეო, როცა დედაჩემი ამეცადინებდა (იცინის). თუ არ ვცდები, 2 მილიონი “ნახვა” აქვს.
- პოპულარობა მოგწონთ?
- როცა ქუჩაში პირველად მიცნეს, არ ვიცოდი, რა მექნა. გავწითლდი, შემრცხვა, როცა ჩემთან ერთად ფოტო გადაიღეს. ჩემთვის ცოტათი დისკომფორტული სიტუაცია იყო, მაგრამ მერე შევეჩვიე. ბავშვებს ძალიან ვუყვარვარ. სამსახურში მაკითხავდნენ ხოლმე (იცინის). ძალიან მიხარია, რომ ამდენ ხალხს ვუყვარვარ.
- თქვენს პერსონაჟს - ნონას ჭამა ძალიან უყვარს. თავად როგორი კერძები მოგწონთ?
- ქართული კერძები მიყვარს. ჩემი საყვარელი საჭმელი ხინკალი და შქმერულია. ხინკალს ვიდეოებშიც ხშირად ვიყენებ.
- თავად ამზადებთ?
- ზოგჯერ, მაგრამ უფრო ხშირად, დედა ამზადებს. კერძების მომზადება მეც მისგან ვისწავლე. ყველაზე კარგად პიცის, კრუასანის და 30-კვერცხიანი ტორტის გამოცხობა გამომდის. ერთი პერიოდი, კულინარიის შესწავლაც მინდოდა.
- სიდედრის და სიძის ურთიერთობის შესახებაც ისეთი ვიდეოები გაქვთ გადაღებული, თითქოს ოჯახური ცხოვრების გამოცდილების მქონე ხართ...
- ჯერჯერობით, ჩემი გული პირადი ცხოვრების აწყობისკენ არ მიიწევს. შეყვარებული არ მყავს. სიმართლე გითხრათ, საამისო ნერვები არ მაქვს... სიდედრის შესახებ ვიდეოს რაც შეეხება: ერთი მეზობელი მყავს - ზედსიძედ ცხოვრობს. ცოტა არ იყოს, ზედმეტი მოსდის. სიდედრი ვერაფერს რომ ვერ ეუბნება, მის სათქმელს თავად ვამბობ ვიდეოში (იცინის). სოციალურ ქსელში ეს ვიდეო ბევრმა სიდედრმა გააზიარა. მაქებენ: დათუნა, მაგარი ხარო!..
- ქუჩაში თქვენი პერსონაჟების სახელებს ხშირად მოგაძახებენ ხოლმე?
- ვაიმე, ჩემი სახელით არავინ მომმართავს - თუ ვინმე მიცნობს, “ნონას” მეძახის. ერთხელ მარჯანიშვილზე ფუშფუშა, ხნიერი ქალი მოსეირნობდა. ხელში ძაღლი ეჭირა. - ვაიმე, შვილო, შენი სახელი გამახსენეო, - მითხრა. - დათუნა-მეთქი, - ვუთხარი. - არა, არა, დათუნა არა... ნონაო!.. მოკლედ, ბავშვი თუ ზრდასრული, ყველა “ნონათი” მომმართავს, რაც ცოტა არ იყოს, არ მომწონს.
- კიდევ რა გიტაცებთ? ჰობი გაქვთ?
- ვხატავ. რაკი კარგად ვხატავდი, ბავშვობაში დედამ ხატვის წრეზე შემიყვანა. ცოტა ხანს ვიარე, შემდეგ თავი დავანებე... ბავშვობაში შიშველი ქალების ხატვა მიყვარდა - რვეულები გადავსებული მქონდა! ამის გამო, მასწავლებლებს დედაჩემი სკოლაში ბევრჯერ დაუბარებიათ... რატომღაც, სულ 4 ქალს გვერდიგვერდ ვხატავდი. ოთხივენი მსუბუქი ყოფაქცევის იყვნენ. მერე კონკურსს ვატარებდი: ამ 4 ქალის ფიგურებს ამოვჭრიდი და მეზობლებში დამქონდა, - აბა, ყველაზე გამომწვევი რომელია-მეთქი? მეზობლები ხმას აძლევდნენ, ფურცლებს ქილაში ვყრიდი. რომელი ნახატიც იმარჯვებდა, ჩემს კრებულში ვინახავდი (იცინის). ცხადია, ახლა არ ვფიქრობ, რომ გამომწვევად ჩაცმული ქალი მსუბუქი ყოფაქცევისაა... ასევე, მიყვარს, როცა ჩემს ძაღლებს - პედროს და ფრანკოს ვაბანავებ. ვიცი, რომ ძაღლების ხშირად ბანაობა არ შეიძლება, მაგრამ რატომღაც, მათი “გაჩუხჩუხება” მსიამოვნებს.პედრო პუდელია, ფრანკო - ფრანგული ბულდოგი. გუშინ ორივე ვაბანავე. მანამდე პედროს “თმა” შევჭერი, რადგან მისი სალონში წაყვანა დამეზარა... თავდაპირველად ძაღლები არ მიყვარდა, მაგრამ თანამშრომელმა შემაყვარა. 3 წლის წინ, როგორც კი პედრო მოვიყვანე (ვიყიდე), მივხვდი, ეს სულ აქ უნდა იყოს. ფრანკო მაჩუქეს. სიმართლე გითხრათ, ფრანკოს მოყვანას ვნანობდი, რადგან ცოტათი ბინძური ძაღლია. თან ღამით ხვრინავს, მაგრამ შემდეგ მასაც შევჩვიე. ახლა ორივე ძაღლი ერთნაირად მიყვარს. დამჯერები და ჭკვიანები არიან. როცა ვეუბნები, - გაჩუმდით, ვიდეოს ვიღებ-მეთქი, ჩუმდებიან.
- დასასრულ, რამის თქმა ხომ არ გსურთ?
- ხალხს ძალიან ვთხოვ, ცხოვრებას პოზიტიურად შეხედონ და კომენტარებში აგრესიას ნუ გამოხატავენ... ახლა აქტიურობა “ფეისბუკზეც” დავიწყე, სადაც სხვა კატეგორიის ქალბატონები არიან. მათ ყველაფერი სინამდვილე ჰგონიათ და მლანძღავენ, - დედას როგორ ელაპარაკები, შე უზრდელოო? ქალბატონებო, დამშვიდდით, მოეშვით და ვიდეოებით ისიამოვნეთ, თორემ მერე თქვენს პერსონაჟებს შევქმნი და ვიდეოებში გამოვაჭენებ, როგორ სხედხართ კომპიუტერთან და ცუდ კომენტარებს როგორ წერთ (იცინის)...
ეთო ყორღანაშვილი