“აი ია” საყელოებზე, სახელობითი აქსესუარები და ექსკლუზიური სამკაული - გზაპრესი

“აი ია” საყელოებზე, სახელობითი აქსესუარები და ექსკლუზიური სამკაული

რთული სათქმელია, ნამუშევრებს შორის რომელი იწვევს განსაკუთრებით ყურადღებას, რადგან ეს ყველაფერი სეზონებსა და დღესასწაულებზეა დამოკიდებული. თამარ ძამაშვილის პატარა ბიზნესის ამბავი 5 წლის წინ დაიწყო და მისი პროდუქციის მომხმარებელთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.

- ეკონომისტი ვარ. პროფესიით 2 წლის განმავლობაში, ბანკში ვმუშაობდი, მაგრამ შემდეგ ოჯახური გარემოებების გამო, სამსახურს თავი დავანებე. სამი შვილი მყავს: ნოდარი, ბაჩანა და ნინია. ორი ბიჭის შემდეგ გოგონა რომ მეყოლა, მისთვის პატარა, თექის ყვავილებით გაფორმებული თმის საბნევი დავამზადე და ჩემი გატაცებაც ასე დაიწყო. ნამუშევარს იმდენად დიდი მოწონება ხვდა, მეგობრის შვილებსაც დავუმზადე. მას შემდეგ გაჩნდა იდეა, პატარა ბიზნესი წამომეწყო, რაშიც ოჯახმა, განსაკუთრებით ჩემმა მეუღლემ შემიწყო ხელი. თმის საბნევების შემდეგ, სამკაულების დამზადებამ გამიტაცა. შევისწავლე შიბორისა და სუტაჟის ტექნიკით სამკაულის დამზადება. პანდემიის პერიოდში ქარგვაც დავიწყე. ვქარგავ საყელოებს, ბაფთებს, ჩანთებს, ნათლობის კვართებსა და პირსახოცებს - სახელობითი წარწერებით. საერთოდ, ჭრა-კერვა ბავშვობიდან მიზიდავდა. ვცდილობ, ყველა სფეროს შევეხო და მომავალში გეგმაში მაქვს ჩემი დიზაინით საბავშვო, “პრინცესული” კაბების კოლექციის შექმნაც, რომელიც სადღესასწაულო ხაზია.

- გეხმარებათ ვინმე თუ ყველაფერს თავად უმკლავდებით?

- თავდაპირველად ყველაფერს მე ვაკეთებდი, მაგრამ ახლა დამხმარეს მივმართავ, რადგან შეკვეთები და მოთხოვნები ძალიან დიდია, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. განსაკუთრებულ ინტერესს იჩენენ სხვადასხვა ქვეყანაში მყოფი ქართველი ემიგრანტები. ისინი აღფრთოვანებულები არიან ქართული ნაწარმით და ხშირად ყიდულობენ სასაჩუქრედ.

6-1665392944.jpg

- შემოდგომის სეზონზე ალბათ, განსაკუთრებით აქტუალური საყელოებია...

- რა თქმა უნდა. სასკოლო პერიოდში მოსწავლეების მშობლების მხრიდან დიდი მოთხოვნაა საყელოებზე, განსაკუთრებით იმ მოდელებზე, რომლებზეც ამოქარგულია “აი ია”. ბიჭის ბაფთებსაც ვაკეთებ სხვადასხვა ნაქარგით. ასევე გოგონებისთვის ბაფთებს, ყვავილებით ან სურვილის შემთხვევაში, მათი სახელებით. ზამთარში საახალწლო თემატიკით მორთულ საყელოებს ვამზადებ: ნაძვის ხის ბურთებით. ასევე დავქარგე ვეფხვები, რადგან ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით, 2022 წელი ამ ცხოველის წელი იყო. 2023 წელი კურდღლისაა და ნელ-ნელა სამზადისს ვიწყებ, ბაჭიებიანი ნივთები რომ დავამზადო. სააღდგომოდ კი ამ დღესასწაულისთვის დამახასიათებელი თემატიკაც გვაქვს და საერთოდ, ვცდილობ, მოახლოებულ დღესასწაულებთან დაკავშირებული თემატიკის აქსესუარები დავამზადო.

2-1665392960.jpg

- დღეს ქართულ ბაზარზე ბევრი ხელნაკეთი პროდუქციაა და კონკურენციაც დიდია...

- დიახ, ასეა. რუსთავში ვცხოვრობ. წარსულში არ ყოფილა ისეთი დიდი კონკურენცია, როგორიც დღესაა. როგორც თქვენც აღნიშნეთ, მართლაც ბევრი ადამიანი ამზადებს სხვადასხვა ნივთს, მაგრამ ვფიქრობ, ხარისხი და ინდივიდუალიზმი ყველასგან გამოგარჩევს. ვცდილობთ, მოკლე ვადაში შევასრულოთ შეკვეთა და სწრაფი მიწოდების სერვისით ყველა დაინტერესებული ადამიანი კმაყოფილი დარჩეს. ონლაინმაღაზია მაქვს, მაგრამ ცნობადობის ასამაღლებლად ხშირად ვმონაწილეობ გამოფენებშიც. ბევრს სურს, პროდუქტი საკუთარი თვალით იხილოს და ამის საუკეთესო საშუალება გამოფენაა.

ანა კალანდაძე