შემოსავლის წყაროდ ქცეული ჰობი - გზაპრესი

შემოსავლის წყაროდ ქცეული ჰობი

თეკო ძნელაძემ სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისის აგრარულ უნივერსიტეტში კვების პროდუქტების ტექნოლოგიის ფაკულტეტზე ჩააბარა, მაგრამ თავისი პროფესიით არასდროს უმუშავია. ბავშვობაში დადიოდა ცეკვაზეც, მუსიკაზეც, ხელსაქმით კი არასდროს დაინტერესებულა, ვიდრე არ დაქორწინდა და შვილი არ ეყოლა. სწორედ თინანო გახდა ინსპირაცია ახალი საქმიანობის და პირველი თოჯინაც მისთვის შეიქმნა. თეკოს პაწაწინა, ლამაზმა გულსაბნევმა თოჯინებმა მალევე მიიქცია ყურადღება, სოციალურ ქსელშიც მოწონება დაიმსახურა, რამაც უფრო მეტი სტიმული მისცა, სხვა აქსესუარების კეთებაც დაეწყო.

- ვერასდროს წარმოვიდგენდი, ხელსაქმე თუ გამიტაცებდა. დედაჩემს ეხერხება კერვა, ქსოვა, ქარგვა და ის მიქმნიდა ხოლმე სხვადასხვანაირ აპლიკაციას, ბავშვობაში თავისუფალ დროს ბარბის თოჯინებს ტანსაცმელსა და აქსესუარებს ვუკერავდით. ალბათ ამან განაპირობა ჩემი ინტერესიც, მაგრამ პანდემიამდე არასდროს მიფიქრია რაიმეს შექმნაზე, მით უმეტეს იმაზე, რომ ხელსაქმე შემოსავლის წყაროდ მექცია. უბრალოდ მინდოდა, ჩემი გოგონა გამეხარებინა, გამეფორმებინა ბავშვის ოთახი, მისთვის საკუთარი ხელით გამეკეთებინა სათამაშო და ასე გაჩნდა თინანოს პირველი თოჯინა. როდესაც დავასრულე და ფოტო სოციალურ ქსელში ავტვირთე, გამიკვირდა, იმდენი მოწონება დააგროვა. შემდეგ სახელოვნებო ჯგუფებშიც გავწევრდი და ვნახე, რომ ჩემს მსგავსად, ბევრი ქალბატონი ამზადებდა ხელნაკეთ აქსესუარებს, სამკაულებს, ჩანთებს. მეც ვცადე და უფრო ფართო აუდიტორიას ვაჩვენე ნაკეთობები. თანდათან დავიხვეწე და ჩემმა თოჯინებმა სახე იცვალეს, უფრო ლამაზები და დახვეწილები გახდნენ. ასე იქცა ჰობი საქმედ, რომელიც ჩემთვის დიდი განტვირთვა და თერაპიაა. თავიდან ტექნიკა არ ვიცოდი, დედამ მომცა მითითებები და თანდათან განვვითარდი.

- რა მასალისგან ქმნით თოჯინებს?

- მასალად სხვადასხვანაირ ქსოვილს, მაქმანს, გიპიურს, ბუნებრივ თვლებს და ბისერებს ვიყენებ. ჩემი შვილისთვის შექმნილი თოჯინა ძალიან სასაცილო გამოვიდა, თმა მოვიჭერი და ის გამოვიყენე. ეს თოჯინა დღემდე გვაქვს, “თინანოს თოჯინას” ვეძახით, ძალიან უყვარს და თამაშობს ხოლმე, თუმცა პატარაა, აქსესუარი უფროა, დაახლოებით 13-15 სანტიმეტრამდე. ძირითადად, მინიატიურულ გულსაბნევ თოჯინებს, ბრელოკებს ვამზადებ, ასევე თოჯინებს ზოდიაქოს ნიშნებით. რაც შეეხება დიზაინს, ჩემი წარმოსახვით ვქმნი.

ეს საქმე ზამთრის პერიოდში დავიწყე, ამიტომაც საახალწლო თემატიკაზე გავაკეთე ბევრი თოჯინა, ნაძვის ხის მოსართავად - პომპონიანი, ფუმფულა და საყვარელი თოჯინები გამოვიდა, ასევე, ანგელოზებიც. ყველაზე მეტად მაინც გულსაბნევი თოჯინები მომწონს, როგორც აქსესუარი, ძალიან ლამაზია პიჯაკზე, პალტოზე, კაბაზე.

308356150-5708535232530115-6294931875031514629-n-1665393130.jpg

- ძირითადად პატარებისთვის ყიდულობენ თქვენს ნივთებს?

- თოჯინები მხოლოდ პატარებს კი არა, დიდებსაც, 40-50 წლის ქალბატონებსაც მოსწონთ. ბრელოკებსა და გულსაბნევებს საჩუქრებად ყიდულობენ, მანქანის სარკის გასაფორმებლადაც. ზოგი თოჯინა პორტრეტულიც არის, ანუ პერსონალურად მზადდება. ფოტოს მიგზავნიან და ვცდილობ, ჩაცმის სტილი, ფერები, გარეგნობა მომხმარებელს მივამსგავსო. ძირითადად გოგო თოჯინებს ვაკეთებ. მახსოვს, ერთადერთხელ შემიკვეთეს ცოლ-ქმრის თოჯინა. ქალბატონმა მთხოვა, ბრელოკზე ჩამოსაკიდებლად თავისი და მეუღლის თოჯინები დამემზადებინა. სხვათა შორის, კაცის სილუეტის გაკეთება უფრო რთული აღმოჩნდა. მეუღლე მაქსიმალურად ცდილობს დამეხმაროს. ხომ იცით, პატარას რამხელა ყურადღება სჭირდება. ეს მშვენიერი შესაძლებლობაა ქალისთვის, საკუთარი თავისა და შესაძლებლობების რეალიზაცია მოახდინოს მაშინ, როცა პატარა ჰყავს და ვერ ახერხებს მუშაობას.

ნინო ჯავახიშვილი