"ბევრი უკვე ტყვედ ჰბარდება, რადგან ბრძოლას აზრი არა აქვს..." - გზაპრესი

"ბევრი უკვე ტყვედ ჰბარდება, რადგან ბრძოლას აზრი არა აქვს..."

საქართველოს მოსახლეობა ინტერესით ადევნებდა თვალს ლარსის საზღვარზე მიმდინარე პროცესებს. რუსული მედიის ცნობებით, ჩრდილოეთ ოსეთში, რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, რიგში 3 500 მსუბუქი ავტომობილი და 1 300 სატვირთო მანქანა იდგა; ზემო ლარსის გამშვები პუნქტის გავლით, რუსეთ-საქართველოს საზღვარი ორივე მიმართულებით სულ 115 000-მა ადამიანმა გადაკვეთა.

რამდენიმე დღის წინ, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის საპასუხოდ, "ინტერპრესნიუსს" მიაწოდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, 2022 წლის 24 თებერვლიდან 9 სექტემბრამდე, საქართველოში რუსეთის 3 319-მა მოქალაქემ შეიძინა უძრავი ქონება, მათგან 969 თბილისშია რეგისტრირებული. ამავე პერიოდში რუსეთის ფედერაციის 2 407 მოქალაქის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 2 594 საცხოვრებელ ბინაზე. საქართველოს ხელისუფლების განცხადებით, მათ შორის არიან რუსეთის მოქალაქეობის მქონე ქართველებიც, რომლებიც მეზობელ ქვეყანაში წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ და მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ იქაურობას გაერიდნენ.

31 წლის მალხაზ ბერიძე გვიყვება, რომ რუსულ არმიაში არსებული უმძიმესი მდგომარეობის გამო, სამხედრო გაწვევას არაერთხელ აარიდა თავი. ასე იქცევიან ისინი, ვისაც ალტერნატივა აქვს, მაგრამ ახლა, ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, მის გარშემო ოჯახები ახალგაზრდა კაცებისგან რამდენიმე დღეში დაიცალა.

- ფე-ეს-ბე გულდასმით შიფრავდა ყველანაირ ინფორმაციას, დაბლოკილი იყო სოციალური ქსელები, მაგრამ მოსახლეობა მაინც იგებდა, რა ხდებოდა ფრონტზე რეალურად და მიუხედავად ამისა, სჯეროდათ, რომ რუსეთი გაიმარჯვებს და უკრაინა მათ შემადგენლობაში შევა. კიევში ბინების შეძენის ან გარემონტების ბიზნესსაც კი გეგმავდნენ... ფიქრობდნენ, ევროპა, დასავლეთი, ამერიკა და მთელი მსოფლიო სიტყვიერი გაპროტესტებით შემოიფარგლებოდნენ, რუსეთი თავისას გაიტანდა, უკრაინის ხელისუფლება ქვეყანას დატოვებდა, ხალხი კი რუსეთის მხარეს გადმოვიდოდა. როდესაც ნახულობდნენ, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა მედგრად უტევდა რუსულ არმიას, "მოლოტივის კოქტეილებით" შეიარაღებულები ხვდებოდნენ, ოკუპირებულ რეგიონებში აქციებს მართავდნენ, გაოცებული ამბობდნენ, - ეს ფეიკია, ასე არ შეიძლება ხდებოდესო... ვეკითხებოდი - რატომ?.. იქნებ არ უნდათ თქვენთან. მპასუხობდნენ - მათ ვინ ჰკითხავს?.. ჩვენ გადავწყვიტეთ დავეხმაროთ და ვეხმარებით კიდეც. დასავლეთის იმედად არიან, თურმე როგორ აურევიათ მათთვის ტვინიო!..

- ამას ახალგაზრდებიც ამბობდნენ?

- ყველა ასაკის ადამიანი. ზოგი უფრო "ჰუმანურად" აფასებდა ვითარებას - ეცოდებოდათ დასავლეთის, ამერიკის გავლენის ქვეშ მყოფი ადამიანები და ნატრობდნენ, ნეტავ მალე გაათავისუფლონ ჩვენებმა იქაურობა, მსხვერპლიც ნაკლები იქნება და სხვებსაც ვანახვებთ, რა შეგვიძლიაო. ამ "სხვებში" იგულისხმება საქართველო, მოლდოვა და ჩვენი ქვეყნის ოკუპირებული რეგიონები - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი... მე დევნილი ვარ. ჩემი ოჯახი აფხაზეთიდანაა. რადგან მშობლებს, ასევე ბაბუას განათლება რუსეთის ქალაქებში, მოსკოვსა და პეტერბურგში ჰქონდა მიღებული, დევნილობისას სამუშაოც იოლად იშოვეს. მაშინ ასე იყო მიღებული - ის თაობა რუსეთში მიდიოდა სასწავლებლად. მთელი ბავშვობა და მომდევნო წლები რუსეთში გავატარე, თუმცა ყოველ ზაფხულს ჩამოვდიოდით საქართველოში. როდესაც აქ გადაღებულ ფოტოებს ვდებდი, ჩემი რუსი მეგობრები სულ მეკითხებოდნენ, - საქართველო მართლა ასეთი ლამაზი და განვითარებულია, თუ თურქეთში გადადიხარ და იქაური ფოტოებიაო?.. იმავეს მეკითხებოდნენ ჩემი იქ შეძენილი აფხაზი მეგობრებიც, რომელთა ოჯახებიც ომს ჯერ კიდევ პირველი ტყვიის გავარდნამდე გაექცნენ. ოჯახი იქ ცხოვრობდა და მუშაობდა, მაგრამ თბილისში ბინა ვიყიდეთ, სოფელში ბაბუის სახლი შევაკეთეთ და აქეთ გადმოსვლაზე ფიქრი დავიწყეთ. ჯერ ბებია-ბაბუა წამოვიდა, მაგრამ მალევე ბიძაჩემი დაიღუპა ავტოავარიაში და ბებია მასზე დარდს გადაჰყვა. ბაბუა მარტო ვერ დავტოვეთ და ისევ მოსკოვში დავაბრუნეთ. ადრიან ზაფხულზე კი გამორბოდა საქართველოში და ახალ წლამდე რჩებოდა...

უკრაინის ომი რომ დაიწყო, პირველსავე თვეებში უამრავმა ადამიანმა დაკარგა სამსახური, რადგან საერთაშორისო ორგანიზაციებსა და კომპანიებში მუშაობდნენ. რამდენჯერმე დააპირეს საპროტესტო ტალღის დაწყება, მაგრამ ეტყობა, ფე-ეს-ბე უსმენდა და ყველა ორგანიზატორი, ინიციატორი დააკავეს. ზოგი რამდენიმე კვირა იჯდა იზოლატორში, ზოგიც - თვეობით და იქიდან სრულიად შეცვლილები გამოვიდნენ. როდესაც აქციაზე ვიწყებდით საუბარს, გვპასუხობდნენ, - თქვენ არ იცით, "იქ" რა ხდებაო...

ქვეყანაში დიდი კომპანიების დახურვის ან გასვლის შემდეგ, პატარა დაწესებულებებმა ფართოდ გაშალეს ფრთები, მაგრამ ბევრი რამის დეფიციტი გაჩნდა. ქვეყნის ბაზრიდან თანდათან გაქრა ყველაფერი დასავლური. ამას საბანკო შეზღუდვები დაემატა...

- ვრცელდება ცნობები, რომ ბანკებიდან ფული გააქვთ. ალბათ ეს ნიშნავს, რომ მიგრანტების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება, არა?

- პირველ რიგში, ეს იმის ნიშანია, რომ ყველას არასტაბილურობის განცდა აქვს. უკვე აღარ იციან, რისი არ უნდა ეშინოდეთ... მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, ბანკომატებთან ისეთივე რიგები დადგა, როგორიც სანქციების შემოღების შემდეგ. ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ ადამიანებმა ბანკომატები გამოაცარიელეს. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. ერთ-ერთია ქრთამი: ვისაც მობილიზაციისთვის თავის არიდება უნდა, სამხედრო კომისარიატთან უნდა "ითანამშრომლოს". ასევე ძალიან აქტუალური გახდა ყალბი სამედიცინო საბუთების დამზადება. მაღალი თანამდებობის სამხედრო პირებთან საქმის მოგვარება სამედიცინო დასკვნით - "უვარგისია სამხედრო სამსახურისთვის!" - საკმაოდ დიდი თანხა ჯდება - 10 ათას დოლარამდე. ოფიციალურად ითქვა, რომ 300 ათასი ადამიანის მობილიზაცია იგეგმება, მაგრამ ყველა ლაპარაკობს, რომ სინამდვილეში, მილიონზე მეტის გაწვევას აპირებენ. ჭორ-მართალი ერთმანეთში ირევა. ამბობენ, რომ ბევრი უკვე ტყვედ ჰბარდება, რადგან ბრძოლას აზრი არა აქვს... ისიც ცნობილია, რომ უმეტესობას არ წვრთნიან და პირდაპირ ფრონტზე გზავნიან, ასე რომ, სხვადასხვა პროფესიის ათასობით ადამიანი, რომელსაც იარაღი ხელში არასდროს სჭერია, სრულიად მოუმზადებელი ხვდება სასაკლაოზე. თავისთავად, ბევრს მეორე მსოფლიო ომი ახსენდება, რომლის დროსაც უამრავმა ახალწვეულმა ავტომატი პირველად ფრონტის ხაზზე ნახა და გასროლაც ვერ მოასწრო, ისე დაიღუპაო, - ამბობენ ხანდაზმულები... და მაინც, ყველაფერში დასავლეთს ადანაშაულებენ - პატარა ქვეყნებს გვიჯანყებენო...

როგორც კი მობილიზაცია გამოცხადდა, თვითმფრინავის ბილეთი დავჯავშნეთ. ჩემს ორ ნათესავთან ერთად უნდა წამოვსულიყავი. ისინი პეტერბურგში სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობენ... შინ მოგვაკითხა ფე-ეს-ბემ - როგორც ჩანს, ბილეთებით მოგვაგნეს. დედაჩემმა მეგრული ისტერიკა ატეხა, მაგრამ "ჩვენივე სიკეთისთვის", მშვიდად ყოფნა უბრძანეს. წამიყვანეს განყოფილებაში - გამოსაკითხად. ადრე, ნავალნის მხარდამჭერ აქციაზე არაერთხელ ვყოფილვარ და დავუკავებივარ; ერთი-ორჯერ ცხვირშიც მომხვდა, მაგრამ როგორც ჩემი რუსი მეგობრები ხუმრობენ, თუ "ფეესbეშნიკის" მუშტი არ მოგხვედრია, "პუტინისტი" ხარ და ეს სირცხვილია... იმ დღეს კი სულ სხვა რამე ხდებოდა: ყველა საბუთი ჩამომართვეს, ტელეფონიც "გამიჩხრიკეს", მიმოწერები, ზარები შეამოწმეს. საბედნიეროდ, ახალი ტელეფონი მქონდა, საქართველოში ჩამოსასვლელად შევიძინე. ძველის "ფლეილისტში" 60-იანი წლების მუსიკალური ჰიტები მეწერა, რომლებიც "ჩემს მასპინძელს" ძალიან მოსწონდა და ტელეფონიანად ვაჩუქე, ახალში კი ბევრი ვერაფრის ჩაწერა ვერ მოვასწარი და გადავრჩი. თუმცა მაინც უამრავი კითხვა დამისვეს - მაინცდამაინც ახლა რატომ მივდიოდი საქართველოში, ერთი გზის ბილეთი რატომ მქონდა დაჯავშნილი, დაბრუნებას რატომ არ ვაპირებდი?.. ვუთხარი, - მოხუცი ბაბუა არის ცუდად და ხვალ-ზეგ რა იქნება, არ ვიცი-მეთქი. ასევე მკითხეს, რას ვფიქრობდი უკრაინაში მიმდინარე "სპეციალურ სამხედრო ოპერაციაზე", საქართველოში თუ მყავს ნათესავები და მათგან ვინმე უკრაინის მხარეს ომში ხომ არ მონაწილეობსო? ჩამომათვლევინეს რუსეთში მცხოვრები ქართველი ნათესავების გვარ-სახელები, მისამართები, ტელეფონის ნომრები. გამომკითხეს, რა პოზიცია ჰქონდათ მათ ომთან და საერთოდ, რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკასთან დაკავშირებით... ბევრი რომ არ გავაგრძელო, გეტყვით - შუაღამეს გამომიშვეს. ტელეფონი დაიტოვეს. დედაჩემი და ოჯახის სხვა წევრები ცოცხალ-მკვდარი დამხვდნენ.

mobilizacia-6-1665473667.jpg

- თქვენს ნათესავ ბიჭებს რა ბედი ეწიათ?

- უპრობლემოდ ჩამოფრინდნენ საქართველოში... "ფეესბეს" იზოლატორს სასწაულებრივად გადარჩენილი, დედამ გამზადებული ბარგით ჩამსვა ახლობლის მანქანაში და ლარსისკენ გამოვემგზავრე... ვლადიკავკაზის ქუჩებში მანქანების სიმრავლით მივხვდი, ლარსზე რაც მელოდა. როცა რამდენიმეკილომეტრიან რიგში ჩავდექი, გავიგე, რომ სვერდლოვსკის ოლქში ახალწვეულს თავი მოუკლავს; კიდევ ორი გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილა. ბიჭები მაღალი სართულებიდან ხტებოდნენ, კიბეზე გორდებოდნენ, ტოქსიკურ ნივთიერებებს სვამდნენ და ჯანმრთელობას იზიანებდნენ, ოღონდაც ჯარში არ გაეწვიათ. რუსეთის არმიაში არსებულ არაადამიანურ პირობებზე ისედაც ცნობილი იყო. შიმშილი, "ძედოვშჩინა", უწესირგობა, ბულინგი, ვენერიული დაავადებები - "უძლეველი არმიის" თანმდევი იყო მუდამ... პროვინციებში, "განაპირა" ოლქებში ადგილობრივი კომისარიატები თვითნებურად წყვეტდნენ - ვინ წაეყვანათ და ვინ - არა. რასაკვირველია, ქრთამს იღებდნენ. საშინელება ხდებოდაო. მგონი, ცხოვრებაში პირველად შემებრალნენ რუსები. უამრავი ჩრდილოკავკასიელი იყო, ჩეჩნებიც, ქართველებიც... ზოგი ემიგრაციის წლების შემდეგ პირველად მოდიოდა სამშობლოში, ქართულიც არ იცოდნენ... რუსი, უფრო სწორად, ჩრდილოეთ ოსეთის მესაზღვრეები ხალხს უხეშად ექცეოდნენ - მშიშრები ხართ და კურდღლებივით გარბიხართო, - ეუბნებოდნენ. არავინ შეჰპასუხებია - ოღონდ გაეშვათ და ყველაფერზე თანახმა იყვნენ.

ორი დღე და ღამე ვიდექი რიგში. წყალი გამითავდა, თორემ ჭამის თავი არც მქონდა. ჩემთან ერთად კიდევ ორი რუსი მოდიოდა - მოსკოვშივე ჩაგვისხდნენ მანქანაში. ერთს დედა ქართველი ჰყავს, ქუთაისელი, მეორის მამიდა იყო ახალციხეში გათხოვილი, ადგილობრივ სომეხზე. ერთ-ერთი გვიყვებოდა, რომ ყოფილი ცოლი და ცოლისძმა არმიაში მსახურობდნენ, ოფიცრები იყვნენ, თავად კი ომის წინააღმდეგი იყო და იქ არასდროს წავიდოდა. თურქეთში გადასვლას აპირებდა: და მყავს თურქზე გათხოვილი, ჩემი შვილები სექტემბრიდან იქ არიანო... როგორც კი გავრცელდა ცნობა, რომ საზღვარზე სამხედრო კომისარიატის გახსნა იგეგმებოდა, მაშინვე პანიკამ მოგვიცვა. მეც ძალიან შემეშინდა, მაგრამ გამიმართლა და გამოვასწარი. შემდეგ ჩატში წავიკითხე, უამრავი ადამიანი მიაბრუნესო...

- რა გეგმები გაქვთ?

- ოჯახს ვუთხარი, რომ რუსეთში დაბრუნებას არ ვაპირებ. ინგლისურიც ვიცი, ქართული და რუსული - თავისთავად, ამიტომ რაღაც დროის შემდეგ დავფიქრდები, სად შევძლებ ჩემი ცოდნის რეალიზებას. იმედია, უფრო მეტი ფიქრობს საქართველოში დაბრუნებაზე, მათ შორის - ჩემი ოჯახი. შემდეგ ერთად მოვიფიქრებთ, რას გავაკეთებთ...

ლალი პაპასკირი