"საქართველოში რომ დავრჩენილიყავი და ამ ომში არ მებრძოლა, გული გამისკდებოდა" - გზაპრესი

"საქართველოში რომ დავრჩენილიყავი და ამ ომში არ მებრძოლა, გული გამისკდებოდა"

მოგეხსენებათ, უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღიდან, უკრაინელებთან ერთად არაერთი ქართველი იბრძვის. ბოლო დროს მათი მოტივაცია გაიზარდა, რადგან უკრაინელები აქტიურად ახერხებენ თავიანთი ტერიტორიების დაბრუნებას. ვოლოდიმირ ზელენსკი პირადად ავრცელებს ინფორმაციას ახალ-ახალი დასახლებების დაბრუნებაზე. უკრაინის არმია კონტროლის ზონას აფართოებს ლუგანსკის, ხერსონის ოლქებში, ასევე სხვა ქალაქებში. ამის პარალელურად, 30 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და თვითგამოცხადებული დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქში მოსკოვის მიერ დანიშნულმა "ხელმძღვანელებმა" ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ამ ოლქების რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე. ახლა რუსეთის დუმამ უნდა მოახდინოს ხელშეკრულების რატიფიკაცია, რის შემდეგაც, ის ფედერაციის საბჭომ უნდა მოიწონოს. ცალსახაა, მსოფლიო ამ ქალაქების ანექსიას არ ცნობს, ისევე როგორც ამ დრომდე არ ცნობენ ყირიმის ანექსიას. უკრაინის ხელისუფლება ამბობს, რომ თავისი ტერიტორიების დათმობას არ აპირებს და ანექსირებული ოლქების დიდ ნაწილში დღეს უკრაინელი სამხედროები თავგამოდებით იბრძვიან.

ზელენსკიმ ასევე ხელი მოაწერა განაცხადს ნატოში უკრაინის დაჩქარებული წესით შეყვანის მოთხოვნით. ალიანსში კი განაცხადეს, რომ უკრაინას ამის უფლება აქვს.

"წუხელ კიდევ ერთხელ გადავრჩით მე და ზალიკა... სექტემბრის თვე მეზიზღება, ზურის დაღუპვა, სოხუმის დაკარგვა", - 25 სექტემბერს თავის "ფეისბუკ"-გვერდზე დაწერა უკრაინაში მებრძოლმა ჯანო გიორგაძემ. მას ინტერვიუსთვის რომ დავუკავშირდით, გვითხრა, რომ რამდენიმე დღის შემდეგ დაგვერეკა, რადგან კლინიკაში მკურნალობას გადიოდა... დათქმულ დროს მას ისევ შევეხმიანეთ:

- მე და ზაალ ლატარიამ კონტუზია მივიღეთ, კიდევ ერთი ქართველი დაშავდა ჩვენთან ერთად, მაგრამ ის სხვაგან არის გადაყვანილი. ცოტა დაზიანებებიც მაქვს, მაგრამ ისეთი არაფერი. ამ დრომდე კლინიკაში ვართ. გარღვევა მოხდა და ის ადგილები უკან დავიბრუნეთ. საკმაოდ დიდი ტერიტორიაა, შესასვლელად რთული ადგილი იყო. დავშავდით, მაგრამ არა უშავს, მთავარია, ის ტერიტორია დაბრუნებულია. როცა თანამებრძოლი ან ახლობელი გიკვდება, ეს ძალიან რთული გადასატანია და მერე გინდა შენი დაღუპული მეგობრის თუ დაღუპული ოჯახის წევრის გამო მტერზე შური იძიო, მის სახელზე რაღაც გააკეთო. ჩვენ სადაც ვიბრძვით, იმ ადგილებში მშვიდობიან მოსახლეობას ვერ ვხვდებით და მთლიანად ბრძოლაში ვართ ჩაბმული. მე პირველ ხაზზე ვარ. ზოგჯერ ისეთი სიტუაცია იქმნება, მიცვალებულიც კი ვერ გამოგვყავს და ასეთ დროს ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ცხედარი როგორმე დავიხსნათ.

- ცოტა რამ თქვენზე გვიამბეთ...

- სოხუმელი ვარ. 25 წლის ვიყავი, იარაღი რომ ავიღე ხელში ჩემი მიწა-წყლის დასაცავად. რუსეთის ბაზა ახლოს და მათ მაშინ ტელევიზორი და რაღაც სხვა ნივთები გავუცვალე იარაღში, მას მერე კი ჩემი ქვეყნის სადარაჯოზე ვიდექი. შეიქმნა გაგრის ბატალიონი და იქ ასმეთაური ვიყავი. აფხაზეთის ომში ჩემთან ერთად ჩემი ორი ძმა იბრძოდა. ბევრი თანამებრძოლი მომიკვდა და ეს ძალიან მტკივა. ომის ბოლო დღეებში ჩემი ძმა, ზურიკოც მომიკლეს. 31 წლის იყო. ეს დიდი დარტყმა გახლდათ ჩემი ოჯახისთვის...

მერე მეომრებმაც დავტოვეთ აფხაზეთი, მაგრამ ამის მიუხედავად, ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლა არ შემიწყვეტია. ომის შემდეგ ძალოვან სტრუქტურებთან შეთანხმებით, პარტიზანული მოძრაობა შეიქმნა და სხვებთან ერთად, მაშინ მეც ვიბრძოდი, როგორც პარტიზანი. არ ვიცი, ამ წლების მანძილზე თავს გადამხდარი ამბებიდან საჯაროდ რისი თქმა შეიძლება და რისი არა, ამიტომ დეტალებზე არ ვისაუბრებ. მხოლოდ ერთს გეტყვით, მე მარტო ის მაინტერესებს, რუსს ვებრძოლო, რადგან ჩემი მიზანი სოხუმში, ჩემს სახლში დაბრუნებაა და დღეს აქაც, უკრაინაში რომ ვარ, ვფიქრობ, ეს მიზნისკენ მიმავალი, ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. ეს ომი უკრაინაში უნდა მოვიგოთ, სხვანაირად მგონია, რომ ჩემს სახლში ვერაფრით დავბრუნდები. ამიტომ დიდი მოტივაცია მაქვს. მიტინგებითა და "ფეისბუკზე" პოსტების წერით არაფერი კეთდება, თვითონ უნდა მიიღო მონაწილეობა ამ ომში, საბოლოოდ რომ დამარცხო აგრესორი. ამიტომ წამოვედი უკრაინაში საბრძოლველად და ამ თვეების განმავლობაში ყველა მიმართულებით ვიბრძოდი, ხერსონის გარდა. მაისიდან მოყოლებული, უკრაინელების გვერდით ვდგავარ და ახლა რომ გადმომიყვანეს საავადმყოფოში, ამდენი ხნის მანძილზე, მაშინ პირველად ვნახე ანთებული შუქი, თორემ წინა ხაზზე მყოფებს არ გვაქვს არც შუქი, არც თბილი წყალი.

ჩემს ოჯახს გამოცდილი აქვს, რას ნიშნავს სახლ-კარის დაკარგვა, რა მწარეა ოჯახის წევრის ომში დაკარგვა, როგორი მძიმეა, როცა მეომარს გიწევს შენი კუთხიდან იძულებით წამოსვლა. ჩემს თავზე გამოვცადე ეს ყველაფერი. ჩემი ბავშვები, ჩემი ძმისშვილები ომის დროს ხომ მეც გამოვიყვანე და მაშინდელი განცდები სულ თან დამყვება. უკრაინაში სამშობიაროს დაბომბვის კადრები რომ ვნახე, მაშინვე საომრად წამოვედი. არ შემეძლო ამ უსამართლობისთვის შორიდან მეყურებინა. მე რომ საქართველოში დავრჩენილიყავი და აქ არ მებრძოლა, გული გამისკდებოდა.

- ოჯახი როგორ შეხვდა თქვენს ამ ნაბიჯს?

- მშობლები ცოცხლები აღარ არიან, სხვები კი მიეჩვივნენ, რომ სადაც რუსი მიდის, იქ ყველგან ვიბრძვი. ვიბრძოდი 2008 წლის აგვისტოს ომშიც. ჩემთვის დღემდე ყველაზე მძიმეა იმ კადრების ყურება, რომელიც აფხაზეთის ომიდან შემოგვრჩა. სოფელ შრომაში ტყვეების აყვანის ცნობილი კადრები დევს ინტერნეტსივრცეში, რამაც მაშინ არძინბაც კი გაამწარა. ის ორი ტყვე მაშინ მე ავიყვანე, ერთ-ერთის იარაღი ახლაც მე მაქვს შენახული არაკონტროლირებად ტერიტორიაზე. მახსოვს, მაშინ შრომაში რომ შევედით, მძევლები როგორ ავიყვანეთ. გაგრის ბატალიონში ვიყავი. ჩემი თანამებრძოლების დიდ ნაწილს აფხაზეთში ჩარჩენილი ჰყავდა ოჯახის წევრი ან ნათესავი. აფხაზების ტყვედ აყვანის მიზანი სწორედ ის იყო, რომ ისინი ჩვენს ქართველ მძევლებში გაგვეცვალა. აფხაზეთი ჩემი სახლია, ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები იქ მაქვს გატარებული და ვერ ვეგუები ამ მდგომარეობას. ჩვენ იქ უნდა დავბრუნდეთ! მე სოხუმელი ვარ, მე-12 სკოლა მაქვს დამთავრებული. დღეს ჩემს სახლში სხვები ცხოვრობენ. ახლობელმა სახლს ფოტოები გადაუღო, სადაც ჩანს ავტომობილიც, რომლის სერია და ნომერი ამოვიკითხე, შემდეგ კი დავადგინე იმ კაცის ვინაობა, ვინც ჩემს სახლში დასახლდა - დიდი ალბათობით, რუსი ოფიცერია.

zaali-da-jano-1665473847.jpg

- თქვენი ოჯახი დღეს თბილისში ცხოვრობს?

- დიახ, აფხაზეთიდან წამოსვლის შემდეგ ჩემი ოჯახი თბილისში ცხოვრობს. სოხუმის შემდეგ მე საქართველო არ მიმიტოვებია, ქვეყნიდან არ გავსულვარ. ვარ მეომარი და ვცდილობ, რაც შემიძლია ის ვაკეთო ჩემი ქვეყნისთვის...

საბედნიეროდ წინ მივიწევთ, ვიბრუნებთ დაკარგულ ქალაქებს, ტერიტორიებს და მალე ვნახავთ დამარცხებულ რუსეთს, სხვანაირად არ შეიძლება. ირპენის, ბუჩას მიმართულებით ვიბრძოდი თავდაპირველად და იქ რაც მოხდა, ის უმძიმესი კადრები მთელმა მსოფლიომ ნახა. როგორ შეიძლება, ამ დროს არ დადგე უკრაინელი ხალხის გვერდით?!

როგორც მშიერი ბავშვი ელოდება პურს, ისე ველოდებით ჩვენ უფრო მეტ შეიარაღებას, რომ მტერი უკუვაქციოთ. ფსიქოლოგიურადაც ახლა უფრო კარგად ვართ, რადგან კონტრშეტევაზე გადავდივართ და ტერიტორიებს ვიბრუნებთ, რაც საოცარ განცდას გიჩენს, ამაყი ხარ და უფრო მეტი გინდა გააკეთო. დახმარებები თუ მასობრივად წამოვიდა უკრაინისკენ, ჩემი ვარაუდით, დეკემბრამდე უნდა მორჩეს ეს ომი, რუსებს რეალურად რესურსი აღარ რჩებათ.

- მობილიზაცია დაიწყო და ალბათ, ასე შეავსებენ ცოცხალ ძალას, ეს არ გაშინებთ?

- აქამდე ჩუმად იყო მოსახლეობა. მართალია, ხმამაღლა არ აპროტესტებდნენ, მაგრამ იმათაც არ უნდათ ომში მონაწილეობა. ვფიქრობ, მასშტაბური პროტესტი მოჰყვება ამ ყველაფერს. ცოცხალი ძალა ძალიან უჭირთ. ვინც ამბობს, რუსეთი დიდია და ვერ მოვერევითო, მას ვერ დავეთანხმები. მოვერევით, რადგან რუსებს მოტივაცია არ გააჩნიათ, ისინი ოკუპანტები არიან! აი, უკრაინელებს კი აქვთ მოტივაცია და ბრძოლის ჟინი, რადგან თავიანთ მიწა-წყალს და თავიანთ სახლს იცავენ. მათი ბრძოლისუნარიანობა, თავგანწირვა მთელმა მსოფლიომ ნახა და ბრძოლის ჟინი ამ ხალხს გამარჯვებამდე მიიყვანს, ეს გარდაუვალია.

- რა განცდაა, როცა ბრძოლის წინა ხაზზე ხარ, გვერდით ადამიანები გეღუპება და ფაქტობრივად, ყოველ წუთს სიკვდილს უყურებ თვალებში?..

- ნამდვილად, მძიმე ასატანია ეს ყველაფერი. ახალგაზრდებს, ჩვენს თანამებრძოლებს ვეუბნები, რომ ამასთან გამკლავება უნდა შეძლონ. რთულია, მაგრამ სხვა გზა არ არის, შენს საქმეს სხვა ვერ გააკეთებს. გააზრებული მაქვს საფრთხეებიც, მაგრამ როცა ბრძოლის ხაზზე ხარ, შიში არ გაქვს, არ ფიქრობ საფრთხეებზე, თავის დაცვაზე, მხოლოდ მიზანი გამოძრავებს, რომ მტერს ბოლომდე შეებრძოლო. მერე, როცა ყველაფერი მთავრდება, როცა მარტო რჩები შენს თავთან და აანალიზებ, რა გამოიარე, რას გადაურჩი, აი, ამის შემდეგ ეკითხები საკუთარ თავს, - ეს როგორ შევძელი? მსგავს რამეს კიდევ ერთხელ გაუძლებ?.. მაგრამ როცა ახალი დავალების შესასრულებლად მიდიხარ, ისევ აღარ გეშინია. იბრძვი და მეომარს დრო არ გაქვს სხვა რამეზე ფიქრისთვის.

- ახლა თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორია?

- ნორმალური. ზურგი მტკივა, მაგრამ არ მინდა ამაზე ვიწუწუნო. ყველაფერი კარგად იქნება!

- ბატონო ჯანო, თქვენს "ფეისბუკ"-გვერდზე არაერთი ჭურვის, არაერთი საბრძოლო მასალის ფოტო დევს, რომელსაც ომში გარდაცვლილი თქვენი ძმის სახელი - ზურა აწერია. რას ნიშნავს ეს?

- ყველაფერს ვაკეთებ, რომ მის სახელზე ვიბრძოლო და როცა იარაღიდან ან ნაღმტყორცნიდან ვისვრი, რომელსაც "ზურა" აწერია, მინდა 90-პროცენტიანი შედეგი მქონდეს. ეს ერთგვარი შვებაა ჩემთვის, ასე ვცდილობ ძმის მკვლელებზე შური ვიძიო. ბევრჯერ გამისვრია მისი სახელით. ზურიკოს დარჩა შვილები. ვაჟი ახლა დაქორწინდა და მინდა, მისმა შთამომავლებმა იამაყონ ჩემი ძმით. პატარა სამხედრო "ბათინკები" შევუძინე ჩემს ძმისშვილებს, სამხედრო ფორმის ქსოვილიც ვუყიდე, რომ მათაც ჩაიცვან ფორმა, როცა მამის მემორიალთან მივლენ...

აქ ბევრი ისეთი ქართველი იბრძვის, ვისაც აფხაზეთის ომის სიმძიმე თავის მხრებზე აქვს გადატანილი. მეუბნებიან, ამდენი თვეა იბრძვი და ცოტა ხანს დაისვენეო. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები... ზაალ ლატარიას წლებია, ვიცნობ. 16 წლის იყო, აფხაზეთის ომში რომ წავიდა და მას მერე იბრძვის ჩვენი ქვეყნის მთლიანობისთვის. აქ, უკრაინაშიც ჩემ გვერდითაა და ორივეს გვჯერა, რომ ამ ომში ჩვენ გავიმარჯვებთ!

jano1-1665473823.jpg

- როცა თქვენს თავთან მარტო რჩებით, რა გახსენდებათ ყველაზე ხშირად?

- ჩემი კუთხე, ჩემი სოხუმი როგორი იყო და როგორი მინდა, რომ იყოს. ბევრს ვფიქრობ იმაზე, მე რომ ჩავალ ჩემს აფხაზეთში, რამდენ ხანში შევძლებ აღვადგინო ჩემი სახლი ისე, როგორც მსურს. მეორე სახლიც მაქვს მერხეულში, ბაბუას სახლი და იმაზეც სულ მეფიქრება...

- მასობრივი მობილიზაცია რომ დაიწყოს რუსეთმა, როგორ ფიქრობთ, რა მოხდება?

- აქამდე ხმას არ იღებდნენ ზოგიერთები და პუტინსაც აქტიურად უჭერდნენ მხარს, მაგრამ ახლა, როცა თვითონ შეეხოთ ეს ომი, ქვეყნიდან გარბიან. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ეს ხალხი ახლა ჩემს ქვეყანაში მიდის. ამას სჯობს, ქუჩაში გავიდნენ და ერთხმად გააპროტესტონ პუტინის ხელისუფლება, მაგრამ... როგორ უნდა მომწონდეს რუსი ჩემს სახლში? არ მინდა, პოლიტიკაში ჩავერიო, მაგრამ ნამდვილად არ მომწონს, ჩემს მიწაზე რომ სეირნობენ. რუს ოკუპანტს უნდა ებრძოლოს ყველა და მერე გვეშველება. საქართველო აუცილებლად გამთლიანდება, მაგრამ ეს მოხდება ბრძოლით და ამაში ყველამ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს ისე, როგორც შეუძლია.

რუსი რომ გავა უკრაინიდან, დარწმუნებული ვარ, აფხაზეთიდანაც ავტომატურად გავლენ, მერე კი ჩვენც დავუბრუნდებით საკუთარ სახლს. მე სამხედრო პირად არ დავბადებულვარ, ჩემი ქვეყნის სიყვარულმა, ჩემი ტერიტორიების, ჩემს სახლში ყოფნის სურვილმა ამაღებინა ხელში იარაღი.

თეა ხურცილავა