ომის ახალი ფაზა უკრაინაში - ყირიმის ხიდის გამო დაწყებული ოკუპანტის "პასუხი" - გზაპრესი

ომის ახალი ფაზა უკრაინაში - ყირიმის ხიდის გამო დაწყებული ოკუპანტის "პასუხი"

რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა, 10 სექტემბერს, უკრაინის 14 რეგიონში საცხოვრებელ სახლებსა და ენერგორესურსებზე ავიაიერიშები მიიტანეს. ადგილობრივი ეროვნული პოლიციის ინფორმაციით, თავდასხმების შედეგად სულ მცირე, 19 მოქალაქე დაიღუპა, 105-მდე კი დაიჭრა.

11 ოქტომბრის ღამეს, რუსეთმა კასპიის ზღვიდან უკრაინის მიმართულებით ფრთიანი რაკეტები გაუშვა. მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება.

ჟურნალ "გზასთან" საუბარში კიეველი ბლოგერი და სამოქალაქო აქტივისტი ოლგა კოვალჩუკი ჰყვება, რომ ეს არის პასუხი რუსეთის მხრიდან ყირიმის ხიდის აფეTქებაზე, ამას კი იმიტომ ბედავს, რომ ცივილიზებული მსოფლიოს მხრიდან ჯერ კიდევ არ არის ისეთი მწვავე რეაქცია, რაც კრემლს ტერორიზმზე ხელს ააღებინებს.

- ახლა ისევ გვეშინია დაღამების, რადგან არავინ იცის, ტერორისტი სახელმწიფო რომელ ქალაქს დაუშენს რაკეტებს. ყოველდღე ვიბრძვით გადარჩენისთვის და მცირეწლოვან შვილებს ვასწავლით, როგორ მოიქცნენ, თუ უეცრად ცაში რუსული რაკეტები გამოჩნდებიან.

თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით ისევ ცხადდება საჰაერო განგაში. 11 ოქტომბერი ჩემი დაბადების დღეა, მაგრამ ვიღას ახსოვს მსგავსი რამეები - გამთენიისას დაიბომბა ზაპოროჟიე, დაზიანდა ინფრასტრუქტურა, "შაჰიდის" დრონებით დააზიანეს თბოელექტროსადგური კრივოი როგში. ამბობენ, რომ დაბომბვისას მაღაროში 100 ადამიანი იმყოფებოდა. ერთი ვერსიით, ყველა ამოიყვანეს, მაგრამ ეს დაზუსტებული ინფორმაცია არ არის. შავ ზღვაში, ყირიმთან რუსების 6 გემი დგას, აქედან 2 სარაკეტოა. 10 ოქტომბრის თავდასხმებისას გაიზარდა დაღუპულთა რიცხვი, რამდენიმე მძიმედ იყო დაჭრილი. ამბობენ, რომ ერთი არასრულწლოვანია, რომელმაც ბებია არ დატოვა...

რამდენიმე დღის წინ, კიდევ ერთხელ მოგვიწია სიკვდილისთვის თვალებში ჩახედვამ და ოჯახის წევრებს შორის არჩევანის გაკეთებამ. ვგულისხმობ იმას, რომ როდესაც ერთ ჭერქვეშ მოხუცები და ბავშვები ცხოვრობენ, სარაკეტო იერიშისას, წუთები წყვეტს ყველაფერს, შენ კი შუა ოთახში დგახარ და ფიქრობ, როგორ მოასწრო ყველას გაყვანა სამშვიდობოს. ჩემს მეგობარს შინ სამი შვილი, ასაკოვანი დედა და დეიდა ჰყავს, მეუღლე პოლიციაში მუშაობს და ცვლაში იყო. ომის დაწყების პირველ ხანებში, მოხუცები ფაქტობრივად, სულ მეტროსა და თავშესაფრებში იყვნენ, ბოლო დაბომბვა კი მოულოდნელი იყო, ამიტომ სარაკეტო თავდასხმისას, ადამიანები სახლებსა და სამსახურებში იყვნენ. ჩემი მეგობარი მიყვებოდა, როდესაც საჰაერო განგაში ჩაირთო, რამდენიმე წუთი ბავშვებსა და მოხუცებს შორის არჩევანი ვერ გავაკეთე, ყველას ერთად კი ვერ წავიყვანდიო... საბოლოოდ, მხოლოდ ბავშვები წაიყვანა, ქალები კი დარჩნენ, რადგან ერთ-ერთს გადაადგილება უჭირს, თანაც და არ მიატოვა.

- იმედია, ყველანი გადარჩნენ.

- დიახ, საბედნიეროდ, გაუმართლათ. მხოლოდ დეიდას აქვს მცირედი დაზიანებები, მაგრამ იმ ჯოჯოხეთთან, რაც სხვებმა გამოიარეს, ეს რა მოსატანია... იმ რამდენიმე საათის განმავლობაში, რაც მეტროს თავშესაფარში გაატარა, ჩემს მეგობარს სრული ისტერიკა ჰქონდა, რადგან მათ შესახებ არაფერი იცოდა. სატელეფონო კავშირიც გაწყვეტილი იყო. ოჯახს ვერ უკავშირდებოდა მისი მეუღლეც... ასობით ათასი ადამიანი გახლდათ მსგავს მდგომარეობაში. რუსები ზოგს ტყვიით, სწრაფად კლავენ, სხვებს კი ცდილობენ, თანდათან მოუღონ ბოლო. ამის გაძლება იოლი არ არის, მაგრამ უკანდასახევი გზა არ არსებობს - ეს ომი ჩვენი გამარჯვებით უნდა დასრულდეს და რუსეთის ტერორისტული სახელმწიფო დამარცხდეს!.. მთავარია, როდის მოხდება ეს. ყველაზე დიდ საფასურს უკრაინა იხდის. რამდენიმე სახელმწიფოს კი ისევ "კეკლუცი პოლიტიკა" აქვს რუსეთთან შენარჩუნებული. მათი პირველი პირები განცხადებებს აკეთებენ, გმობენ მის ტერორისტულ ნაბიჯებს, მაგრამ ხისტი დაპირისპირებისგან თავს იკავებენ. ზამთარი მოდის, ენერგორესურსები კრემლისთვის ძალიან კარგი მართვის მექანიზმია და ისიც სარგებლობს ამით. რუსული პროპაგანდისტული მედია არ წყვეტს მოწოდებას და გაფრთხილებას გარდაუვალ საპროტესტო აქციებზე, რადგან რამდენიმე ქვეყანაში უკვე საუბრობენ გაზის კომუნალური გადასახადების გაძვირებაზე, გრაფიკზე... მაგრამ ეს პრობლემები ომში გახვეული უკრაინის საფრთხეებთან შედარებით, სასაცილოა. ჩვენთან ყოველდღე რამდენიმე ათეული ადამიანი ემშვიდობება სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. იბომბება საცხოვრებელი სახლები, საბავშვო ბაღები, სკოლები.

რუსებმა, სადაც კი ფეხი დადგეს, ყველგან ომი და სიკვდილი მიიტანეს, მაგრამ ვიღაცებს მაინც პოლიტიკური ფლირტი აქვთ მასთან. ახლა უკრაინას განცხადებები და სიტყვიერი მხარდაჭერა კი არა, სამხედრო დახმარება სჭირდება, ამის კვალდაკვალ კი, მეტი იზოლაცია რუსეთს. იქ რომ შიდა პროტესტი დაიწყება, ამის იმედი აღარ არის. რუსები იმ ქვეყნებს აფარებენ თავს, რომელსაც მათი ხელისუფლება და ჯარი ბოლო ოცდაათი წელია, თავს ესხმის, ხალხს უხოცავს, ტერიტორიებს ართმევს... უკრაინა ამ გველეშაპის დასასუსტებლად სისხლს ღვრის, რათა მსოფლიოში ახალი პოლიტიკური რეალობა შეიქმნას.

- ახლა რა ხდება თქვენ გარშემო?

- უკრაინის 14 რეგიონში განგაშის სიგნალი რამდენიმე საათის განმავლობაში არ გაჩერებულა. რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, კიევი დაბომბვის გამაყრუებელმა ხმაურმა მოიცვა და ისევ გაივსო ქუჩები შეშინებული ბავშვებით, მოხუცებით, ცხედრებითა და დაჭრილებით. ახლა ვცდილობთ, ძალები მოვიკრიბოთ და უარესისთვის მოვემზადოთ.

ომის პირობებში ცხოვრება ვისწავლეთ. ბოლო რამდენიმე თვეა უკრაინის უამრავი მოქალაქე სამშობლოში ბრუნდება, სამსახურებში გავიდნენ, შიშის მიუხედავად, სასწავლო პროცესიც განახლდა. იმ ადგილებში, რომელიც განსაკუთრებულ რისკის ზონად ითვლება, სწავლა ონლაინ მიმდინარეობს... როდესაც ქვეყანაში ომია, ყველაზე დაუცველი ბავშვები და მოხუცები არიან. ორი მცირეწლოვანი შვილი მყავს და ძალიან უჭირთ შუაღამეს თუ გამთენიისას საჰაერო განგაშის ხმაზე გაღვიძება, უახლოესი სარდაფების, მეტროებისა და თავშესაფრებისკენ გაქცევა... 10 ოქტომბრის ღამეს, როდესაც აფეთქებების ხმას ვითვლიდი, ჩემმა 8 წლის გოგონამ მკითხა: დედა, ეს საშინელება არასდროს დასრულდებაო?!. ვუპასუხე, ცოტაც უნდა გავუძლოთ, სამაგიეროდ, როდესაც გაიზრდებით, ძალიან კარგ ქვეყანაში იცხოვრებთ-მეთქი. "ჩვენ უკვე გავიზარდეთ, დედა", - მითხრეს ერთხმად... მაშინ დავფიქრდი და მივხვდი, რომ რაც ომი დაიწყო, ისეთი ცელქები და მოუსვენრები აღარ არიან, როგორც ომამდე. თუ ვეტყვი, რომ უნდა დამშვიდნენ და იმეცადინონ, მაშინვე ასრულებენ. ვფიქრობ ან ხალისი დაკარგეს, ან მართლა გაიზარდნენ. ომში ხომ დრო ჩერდება და ბავშვები ამ გაჩერებულ დროში იზრდებიან... სათამაშოებით აღარ თამაშობენ. სათამაშო იარაღს არც კი ეკარებიან და მხოლოდ ბავშვებს ხატავენ, მშობლებთან, ბებია-ბაბუასთან ერთად, ყვავილებით ხელში. ვერც ისეთ ანიმაციებს უყურებენ, რომელიც ომის ამსახველ კადრებს შეიცავს...

ukraineli-qali-gza-1665990709.jpg

- ადამიანური მსხვერპლის გარდა, დაზიანდა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა, რომლის აღდგენაც ადვილი არ იქნება, არა?

- დიახ, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა შეძლეს და 45 ერთეული სხვადასხვა მოდიფიკაციის ფრთოსანი რაკეტა გაანეიტრალეს, 10 ოქტომბრის ღამეს მივხვდით, რომ ეს საკმარისი არ არის. ჩვენ, რა თქმა უნდა, მადლიერი ვართ და ვაფასებთ იმ დახმარებას, რასაც დასავლეთისგან ვიღებთ, მაგრამ რუსული ჭურვები უკრაინის ტერიტორიაზე ცვივა და ამიტომ, უფრო ძლიერი საჰაერო თავდაცვის ფარი გვჭირდება, რომლის საშუალებითაც საცხოვრებელ კორპუსებსა და ინფრასტრუქტურას დავიცავთ. მტერს გათვლილი აქვს, რომ ენერგოობიექტების დაზიანება უკრაინის ეკონომიკას გააჩერებს, რაც ისედაც დაზარალებული ქვეყნის მოსახლეობაზე მძიმედ აისახება...

მტერს ჩვენი შეიარაღებული წარმატებული კონტრშეტევების გამკლავება არ შეეძლო, პაუზა სჭირდებოდათ ძალების მოსაკრებად. ახლა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტი, ყირიმის ხიდი ააფეთქეს, რას იმას ნიშნავდა, რომ უკრაინას ვეღარაფრით შეაჩერებდნენ და ამიტომაც, იერიში მშვიდობიან მოსახლეობაზე მიიტანეს - ტერორისტებიც ხომ ასე იქცევიან? პუტინი და მისი ბოროტმოქმედი გენერალიტეტიც ამას ცდილობს - ფრონტის ხაზზე წინ ვერ მიიწევენ, დემორალიზებულ, მშიერ, შეუმოსავ მასას ასობით ახალი, სრულიად მოუმზადებელი, გამოუცდელი, ე.წ. რეზერვისტი მიუმატეს... სრული ქაოსი აქვთ. ფიქრობენ, რომ მათ ნაბიჯებს უკრაინის არმიის ლოჯისტიკური მომარაგების გზების მოშლა მოჰყვება. პუტინს ესაჭიროება დრო და ის ფიქრობს, რომ მისი მთავარი მოკავშირე იქნება ზამთარი, სწორედ ამიტომ ცდილობს უკრაინის ქალაქები ელექტროენერგიისა და წყლის გარეშე დატოვოს. ცდილობს შიდა პრობლემებზე გადაგვრთოს, მაგრამ მისი პრიმიტიულად მოწყობილი გონება ვერ ხვდება, რომ ამ ქმედებას უკურეაქცია მოჰყვება - მოკავშირეების მხრიდან ჩვენი არმიის შეიარაღების ტემპები დაჩქარდება და უკრაინელი ერის მებრძოლ სულს ეს ბარბაროსული ქმედება მხოლოდ გააძლიერებს. რაც შეეხება ზამთარს, ეს ოკუპანტი პუტინისათვის ბოლო ზამთარი იქნება. რაც უნდა მალონ, უკვე მთელმა მსოფლიომ იცის, რომ რუსული არმია უმძიმეს დღეშია.

- ამის პარალელურად, ფიქრობთ, რომ შესაძლოა, რუსეთიდან მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმამ სისტემატური ხასიათი მიიღოს?..

- დიახ, ასე ვფიქრობ. რუსი ტერორისტები არ ჩერდებიან, უკრაინის ყველა რეგიონს უტევენ. ახალი თავდასხმების საფრთხე კვლავ მაღალია და ჩვენი ხელმძღვანელობა გვირჩევს, თავშესაფრებში დასარჩენად თბილი ტანსაცმელი, წყალი, საკვები, საჭირო მედიკამენტები, ტელეფონის დამტენები და სხვა საჭირო ნივთები მოვიმარაგოთ. ასევე, თავი შევიკავოთ ქალაქში გამოსვლისგან. მეტრო არ მუშაობს, ის ახლა მხოლოდ თავშესაფრის ფუნქციას ასრულებს. ქალაქში ყველა სამსახური საგანგებო რეჟიმzea და მტრის ყველა თავდასხმაზე ოპერატიულად რეაგირებს...

როდესაც რუსული პროპაგანდა ირწმუნება, რომ ჩვენი ხალხი პანიკაშია, რუსეთის მეზობელი ქვეყნების საზღვრებთან შექმნილი რამდენიმეკილომეტრიანი რიგი მახსენდება და რაც უნდა გასაკვირი იყოს, რუსები უკრაინაშიც მოდიან, თავშესაფრის პოვნას აქ ცდილობენ, სამხედრო სამსახურს რომ თავი აარიდონ. მათ ხომ მორალი არ აქვთ... ნახევარი წელია, ცხოვრებას ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებენ, ბევრი მათგანი, უკრაინას მართლა საფრთხედ აღიქვამდა ან როგორც ქუჩის გამოკითხვაში ამბობდნენ, - პოლიტიკაში არ ერეოდნენ და შეფასებებისგან თავს იკავებდნენ. ზოგი, გულის სიღრმეში, ალბათ პუტინის გამბედაობასაც აქებდა, რადგან უკრაინის ტერიტორიის ხარჯზე გაფართოებულ ქვეყანას წარმოიდგენდა. ახლა კი, როდესაც ომი მათ სახლებში "შევიდა", გაახსენდათ, რომ რუსეთის მოქალაქეობა, პუტინის დანაშაულებრივი საქმიანობის თანამონაწილეობას ნიშნავს და უნდა გაერიდონ. ზოგი დემონსტრაციულად წვავს რუსეთის პასპორტს, ზოგი კი იმ ქვეყანაშიც ჩუმად არის და ცდილობს, თვალში ცუდად არავის მოხვდეს, რადგან რუსეთში დარჩენილ ოჯახს უფრთხილდება. ამიტომ არ მჯერა მათი გულწრფელობის. თუ ვინმე მეტყვის, რომ რუსეთში ადამიანის სიცოცხლისთვის საშიში რეჟიმია, ვუპასუხებ, რომ ის მათ შექმნეს, თავიანთი პასიურობით და კიდევ, ირანელი ქალები რუს კაცებზე მამაცები აღმოჩნდნენ. მათ პირდაპირ კლავენ, მაგრამ პროტესტი არ შეუწყვეტიათ. მასშტაბური წინააღმდეგობა კი ყოველთვის გამოიტანს შედეგს.

ლალი პაპასკირი