რომელი ოპერაციის დროს მღეროდნენ ქირურგი და პაციენტი ერთად
ექიმების დაძაბულ და საპასუხისმგებლო საქმიანობას, იუმორი ალბათ, ცოტათი მაინც აიოლებს. ჩემი აზრით, ექიმი, რომელსაც იუმორის გრძნობა აქვს, უფრო ადვილად ამყარებს კომუნიკაციას პაციენტთან, მით უმეტეს, თუ ის ჭირვეული ან ნერვიული ადამიანია. ამ წერილში თავის ისტორიებს ანესთეზიოლოგი ხათუნა ტაბატაძე გაიხსენებს.
გაცნობის დროს დასმული შეკითხვები
- როცა პაციენტთან მივდივარ და ვეცნობი, ჩვენს დიალოგს ასეთი სახე აქვს: - გამარჯობა, მე ანესთეზიოლოგი ხათუნა ტაბატაძე ვარ. - ძალიან კარგი, ექიმო, ანესთეზიის ძალიან მეშინია. - აუცილებლად დაგაძინებთ, არ შეგეშინდეთ, ვერაფერს გაიგებთ. - და როგორ გამაღვიძებთ, ექიმო? ზოგჯერ ვხუმრობ და სიცილით ვეუბნები: - ვნახოთ, არ ვიცი... მერე ვეკითხები: - ქირურგის არ გეშინიათ? - არა, მხოლოდ ანესთეზიის მეშინია, ხომ კარგად დამაძინებთ?.. უმეტესად ასეა, გაღვიძება-დაძინების საკითხია მეტად აქტუალური. ყველა პაციენტს, მის მშობელს ან ნებისმიერ ახლობელს რატომღაც, მხოლოდ ანესთეზიოლოგის ეშინია. ზოგს ჰგონია, რომ ოპერაციის დამთავრების შემდეგ, როცა პაციენტი იღვიძებს, ის რაღაც სისულელეებს როშავს, მაგრამ ასე იშვიათად ხდება. გააჩნია, როგორი ნერვიული სისტემა აქვს ადამიანს.
განსაკუთრებით პლასტიკურ ქირურგიაში, ვინც ცხვირის ოპერაციას იკეთებს, თითქმის ყველა ერთსა და იმავეს მეკითხება: ფილმი ვნახე, სადაც პაციენტს ოპერაციის დროს ეძინა, ვერ ლაპარაკობდა, მაგრამ ყველაფერს ხვდებოდა, მეც ასე ვიქნებიო?.. გაიღვიძებენ და იწყება: ვაიმე, რა კარგი იყო, არაფერი გამიგია, ექიმო გაიხარეთო! აბა, მე, ამხელა ქალი იქ რისთვის ვიყავი?!.
განწყობა
- ოპერაციის წინ პაციენტის განწყობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ პაციენტი კარგი განწყობითაა, ოპერაცია მშვიდობიანად მიმდინარეობს. როცა პაციენტი ტირილით და ვიშვიშით იძინებს, ასევე ტირილით და ვიშვიშით იღვიძებს. ამას წინათ ერთი ბიჭი იკეთებდა ოპერაციას და მთხოვა, შარდის ბუშტში კათეტერი არ ჩამედგა. თუ ოპერაცია დიდხანს გრძელდება, ამის შესაძლებლობა არ არის. მისი ოპერაციაც ხანგრძლივი - სამსაათიანი იყო. ჩავაცივდი, რატომ-მეთქი? მითხრა: ამდენი გოგონა თავზე დამტრიალებს და არ მინდა, ჩემი სასქესო ორგანო ნახონ. ხათუნა ექიმო, ხელწერილს დაგიწერთ, რომ ეს ჩემი თხოვნააო. ყოფილა შემთხვევა, ხანმოკლე ოპერაციისას, პაციენტისთვის მსგავსი სურვილი შეგვისრულებია.
ოპერაციის მიმდინარეობის დროს სიმღერაც მომისმენია, მაგალითად, პროქტოლოგიურ ოპერაციაზე, რომელსაც არაჩვეულებრივი პროქტოლოგი დავით კალანდაძე აკეთებდა, ქირურგი და პაციენტი ერთად მღეროდნენ! პაციენტი ვერაფერს იგებდა და იყო ბედნიერი, თავის ქირურგთან ერთად.
ეპიზოდი ფსიქიატრიულ ავადმყოფზე
- სტუდენტობისას საინტერესო ლექციები გვიტარდებოდა ფსიქიატრიაში. ჩვენმა არაჩვეულებრივმა ლექტორმა ფსიქიატრიული საავადმყოფოს განსაკუთრებული ავადმყოფი გვაჩვენა. ეს იყო პაციენტი, ისტორიკოსი ქალბატონი, რომელმაც ყველა ომის, ბრძოლის ისტორია იცოდა და პირადად იყო ჩართული ამ ომებში. ასე საუბრობდა: აი, მე რომ იმ ომში ვიბრძოდი, მაშინ ამდენი ადამიანი მოვკალიო; ანდა იტყოდა, ვიყავი ნაპოლეონის გვერდით და ა.შ. გადავარდნილი იყო მთლიანად ისტორიაში, ჩვენც ყურადღებით ვუსმენდით ომების ეპიზოდებს. ეს ქალი იყო იმ დროს ყველაზე გამორჩეული და საინტერესო პაციენტი. მაშინ ძირითადად, ქალები იყვნენ ფსიქიკურად დაავადებულები, მამაკაცი მხოლოდ რამდენიმე იყო და მათთან კონტაქტი არ გვქონია. სხვათა შორის, თავად ფსიქიატრებს სხვანაირი მიდგომა აქვთ თავისი ავადმყოფების მიმართ. ექიმი-ფსიქიატრები პაციენტების ცხოვრებით ცხოვრობენ, მეთოდია ასეთი, მათ როლში შედიან ხოლმე!
მეგობარი-პაციენტები
- პაციენტები მეტ-ნაკლებად გაწონასწორებული ხალხია, ვინმეს ეყვიროს და ეკივლოს, ამისთანა არ მყოლია ჩემი მუშაობის 22 წლის განმავლობაში. ყოფილა ძალიან რთული შემთხვევები. მცხეთაში საშინელი საგზაო ავარიის შედეგად, 2001 წელს, მატარებელმა ახალგაზრდა ბიჭს ფეხები გადაუჭრა. ოსი იყო, გვარად ხიტიევი. გაკეთდა ამპუტაცია, ერთ ფეხზე წვივის ქვემოთ, მეორეზე - ბარძაყის დონეზე. პაციენტი გადავარჩინეთ. ბიჭს საოცრად თბილი ურთიერთობა ჰქონდა ჩვენს განყოფილებასთან, არაჩვეულებრივი გამგე გვყავდა - აჩიკო აბესაძე. პაციენტი ფეხზე დავაყენეთ ყავარჯნებით და წავიდა, მაგრამ დიდხანს გრძელდებოდა ჩვენი მეგობრობა.
კიდევ, ძალიან კარგი პაციენტი მყავდა ბათუმიდან. 2000 წელს გორის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა და ეს ბიჭი - შერვაშიძე სულ დალეწილი მოიყვანეს კლინიკაში. საერთოდ, განსაკუთრებული პაციენტების გვარები ანესთეზიოლოგს ამახსოვრდება. ულამაზესი ბიჭი, მეზღვაური ავთო შერვაშიძე გადავარჩინეთ. მას ოთხივე კიდური დამსხვრეული ჰქონდა და ბოქვენის ძვალიც, იყო თავის ტრავმაც. ჩვენთან რეანიმაციაში კარგა ხანს იწვა. მის დედასთან საოცარი ურთიერთობა გვქონდა. ავთოს 6-7 ოპერაცია დასჭირდა და სულ ამას ამბობდა: ხათუნა ექიმმა დამაძინოსო... ერთხელ ჩვენი დეპარტამენტის უფროსმა თქვა: ერთი ჰკითხეთ პაციენტებს, რატომ ითხოვენ მაინცდამაინც ხათუნას ყოფნას ოპერაციაზეო? რამდენიმე წლის შემდეგ, ჩვენმა საყვარელმა პაციენტმა ბათუმში მიგვიპატიჟა თავის ქორწილში - მე, ჩემი მეუღლე და მისი ტრავმატოლოგები - სერგო მაღრაძე და ქეთინო პაპაშვილი. დიახ, ასეც ხდება ხოლმე...
ნანული ზოტიკიშვილი