ნივთები წარსულიდან, რომლებიც ბევრისთვის დღესაც ძვირფასია - გზაპრესი

ნივთები წარსულიდან, რომლებიც ბევრისთვის დღესაც ძვირფასია

ხშირად ისეც ხდებოდა, რომ ფოსტალიონი მისამართებზე მხოლოდ მისალოც ბარათებს არიგებდა და შემდეგ ადრესატები მთელი ცხოვრება ინახავდნენ სხვადასხვა ტექსტით შევსებულ, მათთვის ძვირფას "მუყაოს ფურცლებს" და იმ კონვერტებსაც, რომლებშიც ამგვარი ბარათები "ცხოვრობდნენ"...

დღეს საკანცელარიო მაღაზიებში ცოტა ვინმე თუ აქცევს ყურადღებას იმ სექციას, სადაც კონვერტები, ბარათები და მსგავსი პროდუქცია იყიდება, მაგრამ არიან ისეთებიც, ვინც ამა თუ იმ საჩუქარს მისალოც ბარათს ურთავს ან ცდილობს, მომცრო სუვენირი თუ თანხა ლამაზ კონვერტში მოათავსოს და ისე გადასცეს პირს, ვისი გახარებაც სურს. ალბათ ეს სტატია სწორედ იმ ადამიანებს დააინტერესებთ, ვისთვისაც ამგვარი დეტალები მნიშვნელოვანია.

მარგალიტისებრი, ბზინვარე მუყაოსგან დამზადებული ორიგინალური ფერად-ფერადი კონვერტები, მოსაწვევები და მისალოცი ბარათები ორი მეგობრის იდეითა და ძალისხმევით მზადდება და ჩემი ყურადღებაც ნახვისთანავე მიიპყრო.

2-1665993156.jpg

სოფიო მაღლაქველიძე:

- ტყიბულის რაიონის სოფელ კურსებში ვცხოვრობთ. მე და ირმა დიდი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ. მისი მეუღლის კომპანიაში მთავარ ბუღალტრად ვმუშაობ და ოჯახებითაც ვმეგობრობთ. ირმა აფხაზეთიდანაა, სოხუმის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული, მაგრამ ამჟამად არ მუშაობს. სამი შვილის დედაა და მასაც და მეც დრო თითქმის არ გვაქვს, მაგრამ ადამიანს რაღაცის კეთება გულით რომ უნდა, ამას მაინც ახერხებს. 24 საათში ალბათ ძალიან ცოტა გვძინავს, მაგრამ კონვერტებისა და ბარათების დამზადებისას დრო ძალიან სასიამოვნოდ გადის. საერთოდ, ჩემი პროფესია ძალიან მიყვარს და სხვა საქმეში თავი ვერც კი წარმომიდგენია, მაგრამ პანდემიის გამო იმდენად მძიმე ფონი იყო, მოგვინდა, რეალობა გაგვეფერადებინა. ამ დროს უამრავმა ადამიანმა აღმოაჩინა თავში სიახლე და ახალი შესაძლებლობები გამოიკვეთა. ჩვენც მოვინდომეთ და თავდაპირველად სადღესასწაულო დეკორაციების შექმნა დავიწყეთ. დღესასწაულები ორივეს ძალიან გვიყვარს და პირველად საახალწლო სათამაშოები დავამზადეთ. ჩვენი შექმნილი ნივთები ბევრს მოეწონა და მაშინ გადავწყვიტეთ, პატარა ბიზნესი წამოგვეწყო. საახალწლო პერიოდის შემდეგ, სააღდგომოდ დეკორატიული კვერცხები რომ დავამზადეთ, მცირე წყვეტა გვქონდა, მაგრამ მერე მისალოცი ბარათების გაკეთება გადავწყვიტეთ. ბავშვობაში ძალიან მიყვარდა ასეთი ბარათები, ნათესავები ხშირად მჩუქნიდნენ და ერთი სული მქონდა, დღესასწაულებზე მათ როდის მივიღებდი. თანამედროვე ტექნოლოგიებმა გარკვეულწილად შთანთქა წარსულში არსებული ის ემოციები, რომლებიც ამგვარ ბარათებს თან ახლდა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ადამიანებში გაგვეღვიძებინა ის განცდები, რომლებიც ბარათების მიღებისას ჩნდებოდა ან უბრალოდ ჩვენს თავს ვარწმუნებდით ამაში, არ ვიცი (იღიმის). შემდეგ უკვე კონვერტების შექმნა დავიწყეთ. ნებისმიერ ჩვენგანს ერთხელ მაინც გვქონია ისეთი მომენტი, როცა ახლობლისთვის საჩუქარი ვერ შეგვირჩევია და გამოსავალი ფულის ჩუქება ყოფილა. თუმცა ალბათ დამეთანხმებით, რომ თანხის გადაცემა ყოველთვის გარკვეულ უხერხულობას გვიქმნის. ვფიქრობთ, ეს პროდუქტი საუკეთესო საშუალებაა ამ მდგომარეობაში ჩავარდნის თავიდან ასაცილებლად. თანხის გარდა, კონვერტში შეიძლება მოათავსო მომცრო ნივთებიც, რაც მოსახერხებელია ქორწილებში, დაბადების დღეებსა თუ ნათლობებში გამოსაყენებლად. ყველა მასალასა და ხელსაწყოებს გამოწერით ვიძენთ, წებოსაც კი, პროდუქტი რომ ხარისხიანი გამოვიდეს. დაახლოებით ერთი წელია, რაც ამ ნივთების დამზადება დავიწყეთ. იმედი მაქვს, მომავალში უფრო უკეთესი და უკეთესი გამოგვივა და დაინტერესებაც ნელ-ნელა გაიზრდება.

ანა კალანდაძე