"მაღალმთიან რეგიონში ქალებისთვის მარტივი გახდა ბიზნესზე ფიქრი" - გზაპრესი

"მაღალმთიან რეგიონში ქალებისთვის მარტივი გახდა ბიზნესზე ფიქრი"

რამდენად არიან ქალი პოლიტიკოსები წარმოჩენილი ქედის მუნიციპალიტეტის დონეზე; როგორია ადგილზე ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ხელის შემშლელი ფაქტორები და კარგი პრაქტიკები ან ნეგატიური გენდერული სტერეოტიპები; ასევე, ოჯახში ძალადობის შემთხვევები? - ამ თემაზე ქედის მკვიდრს, აჭარის ტელევიზიის (საზოგადოებრივი მაუწყებლის) ჟურნალისტ ილონა შავლიძეს ვესაუბრეთ.

- ქედის საკრებულოს 24 დეპუტატიდან სამი ქალია, რაც საკმარისია ვთქვათ, თუ რამდენად ნაკლებად არიან ქალები ჩართული პოლიტიკაში. ეს ციფრიც ალბათ კვოტირების (საარჩევნო) სისტემამ მოგვცა, რომელიც საკრებულოს პროპორციულ სიაში ყოველ მესამე კანდიდატად ქალის ჩაწერას გულისხმობდა. ის ფაქტი, რომ ადგილზე მაჟორიტარი ქალი საერთოდ არაა, მხოლოდ ამყარებს ჩემს არგუმენტს.

ქედის მუნიციპალიტეტის მერიაში ცხრა სხვადასხვა სამსახურის უფროსის პოზიციაა. მათგან სამსახურის უფროსი ქალი მხოლოდ ერთზე - განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსის პოზიციაზეა დასაქმებული.

ნაკლებად ვხედავთ ქალებს სხვა მაღალ თანამდებობებზეც. მაგალითად, ქედის მუნიციპალიტეტში მოქმედ ა(ა)იპებისა და შპს-ების ხელმძღვანელებად მხოლოდ ორში, "ბაგა-ბაღების გაერთიანებისა" და "სახელოვნებო სკოლის" ხელმძღვანელად არიან წარმოდგენილი ქალები.

- ქალთა აქტიურობას პოლიტიკაში რა უშლის ხელს?

- ხელის შემშლელი ფაქტორები სათავეს იმ სტერეოტიპებიდან იღებს, რომელიც უძველესი დროიდან დამკვიდრდა და დღემდე ვერ მოვიშორეთ. პროფესიით ჟურნალისტი ვარ და სოფლებში გადაღებებზე გასვლისას, ქალები კამერებს გაურბიან. არაერთ პროექტში მიმიღია მონაწილეობა, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტის შედგენის მიზნით, კარდაკარ სიარულსაც ითვალისწინებდა - ოჯახში მისულს ქალები ხშირად მეუბნებოდნენ: "მე არა, ჩემს ქმარს დავუძახებ" ან "ოჯახის უფროსს დავუძახებ და იმას უთხარი"...

სამწუხაროდ, დღემდე ჭარბობს სტიგმა, რომლის მიხედვითაც, ოჯახში ერთადერთი "დომინანტი" კაცია. ქალი კი, მით უმეტეს, მაღალმთიან მუნიციპალიტეტში ითვლება ოჯახის დიასახლისად, შვილების აღმზრდელად...

ის ქალები, რომლებიც მუშაობას სკოლებსა თუ ბაღებში ახერხებენ, საკმაოდ ბევრი შრომა უწევთ თავიანთ ოჯახებშიც: საქონლის მოვლა, საკარმიდამო ნაკვეთში თამბაქოსა თუ ბოსტნეულის მოყვანა და ა.შ. ზაფხულობით კი ზოგიერთ ოჯახს, ოთხი თვის განმავლობაში, საქონელი მთაში მიჰყავს, სადაც რძის პროდუქტებს ამზადებენ. ამდენი საოჯახო თუ საკარმიდამო საქმე კი მანდილოსნებს დასაქმების, მით უმეტეს, პოლიტიკაზე ფიქრის საშუალებას არ აძლევს.

მუნიციპალიტეტში განათლებამიღებული ქალებისთვის კარიერის შესაქმნელად მთავარი დაბრკოლება ტრანსპორტირებაცაა, რადგან სოფლებიდან მიკროავტობუსი ყოველდღიურად არ გადაადგილდება. თუ გადაადგილდება, ისიც იმ დროს, როცა ადგილობრივებს დილის 7 საათზე მოწეული მოსავალი ბათუმის აგრარულ ბაზარში ჩააქვთ და უკან საღამოს საათებში ბრუნდება.

ვფიქრობ, მაღალმთიან მუნიციპალიტეტში ქალებისთვის შედარებით მარტივი გახდა ბიზნესზე ფიქრი, ვიდრე პოლიტიკურ კარიერაზე. მოწეულ პროდუქციას თუ ხელით შექმნილ ნაკეთობებს რეალიზაციას თვითონვე უკეთებენ. ქედაში ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს, პარალელურად იზრდება საოჯახო სასტუმროებისა და მარნების რაოდენობაც, რომელსაც ხშირად, ქალი უძღვება.

ქედის მერიას უკვე აქვს პროგრამა: "ქალთა მეწარმეობის განვითარება", რომელიც მათ ბიზნესში ჩართვას და ფინანსურ დამოუკიდებლობას უწყობს ხელს. გარდა ამისა, ქედის მერიაში მუშაობს "ქალთა ოთახი", რომელიც არაერთ ტრენინგს მართავს გენდერული თანასწორობის, ნაადრევი ქორწინების, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობისა თუ სხვადასხვა თემაზე.

მუნიციპალიტეტის მერიის, საზოგადოების, განსაკუთრებით კი ქალების სწრაფვა ნელ-ნელა იქამდე მიგვიყვანს, რომ საზოგადოება გაითავისებს გენდერული თანასწორობის პრინციპებს და საბოლოოდ დაასამარებს გენდერულ უთანასწორობას.

- რაც შეეხება ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მავნე პრაქტიკებს...

- მუნიციპალიტეტში ოჯახური ძალადობის შემთხვევების შესახებ ინფორმაცია ნაკლებად მაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ქედის მერიამ ახალი პროგრამა აამოქმედა ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის, ასეთი შემთხვევები (სამწუხაროდ) მაინც არსებობს.

როგორც ჩემთვისაა ცნობილი, პროგრამა ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირთა ფინანსურ დახმარებას და ალტერნატიული საცხოვრებელი ფართობის დაქირავებას ითვალისწინებს. ასევე, ცნობიერების ამაღლებას ტრენინგ-სემინარების საშუალებით.

გიორგი მეფარიძე