"ისევ დავბრუნდებით... შეხვედრამდე" - გზაპრესი

"ისევ დავბრუნდებით... შეხვედრამდე"

"გვიღიმის... ღმერთო! როგორ შვენის ამ ქალს ღიმილი?!" - საოცარია, რომ ეს სიტყვები ეძღვნება არა სკოლის დირექტორს, პედაგოგს, ექიმს ან ვინმე სხვას, არამედ ციხის დირექტორს! დიახ, ციხის დირექტორს! მეც გავოცდი, როცა ეს ქალბატონი, ქალთა #5 პენიტენციარული დაწესებულების დირექტორი ნესტან ვერულაშვილი გავიცანი. ეს სიტყვები კი მას პატიმარმა ქალბატონმა მიუძღვნა.

ათას რამეს იფიქრებს ახლა ადამიანი, მაგრამ მე ყოფილ პატიმრებთანაც მაქვს ურთიერთობა და ისინიც დიდი სიყვარულითა და პატივისცემით იხსენებენ ქალბატონ ნესტანს, ლექსებსაც უძღვნიან. მე წილად მხვდა ბედნიერება (და არ მერიდება ამ სიტყვის თქმის), რომ ამ სივრცეში მოვხვდი", - გვეუბნება მსახიობი ნელი ბადალაშვილი, რომელმაც 2018 წელს, ბარბარობის დღესასწაულზე მოახერხა და ნოდარ დუმბაძის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სპექტაკლი "მგზნებარე შეყვარებული" შეიტანა ციხეში, მსჯავრდადებულ ქალბატონებს ერთი სასიამოვნო საღამო აჩუქა, მას შემდეგ კი მსახიობისა და ციხის დროებით ბინადართა მეგობრობა გრძელდება...

- გავოცდი, როცა პირველად შევდგი ფეხი ამ დაწესებულებაში. მანამდე მქონდა სამწუხარო გამოცდილება, საუბედუროდ, მიწევდა პაემანზე სიარული ძველ, საშინელ ციხეში, იმ ავადსახსენებელ დროს... ახლა კი იქ სულ სხვა სიტუაცია დამხვდა, რადიკალურად განსხვავებული... გულწრფელად გამიხარდა...

გოგონებმა ამ სპექტაკლის ნახვის შემდეგ თავიანთ კონცერტზე დამპატიჟეს, სადაც უნიჭიერესი ქალბატონები ვიხილე, რომლებიც უკრავდნენ სხვადასხვა საკრავზე, მღეროდნენ, კითხულობდნენ საკუთარ ლექსებს; სწორედ იქ გამიჩნდა იდეა, შევსულიყავი მათთან და დამედგა სპექტაკლები.

- საერთოდ რატომ გაგიჩნდათ სურვილი, სპექტაკლი პატიმრებისთვის წარგედგინათ?

- გამოგიტყდებით, წლების მანძილზე ვფიქრობდი, ვოცნებობდი პატიმარ ქალებთან მუშაობაზე. ვერ გეტყვით, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე იყო ეს სურვილი თუ სხვამ რამემ მიბიძგა, მაგრამ გამიმართლა და გავხდი იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსის გამარჯვებული. მე მათთან საგრანტო პროექტის ფარგლებში თითქმის 7 თვე დავყავი.

ძალიან ვღელავდი, პირველად რომ შევხვდი მსჯავრდადებულებს. იმასაც ვფიქრობ, პირველ დღეს სათანადო შთაბეჭდილება ვერ მოვახდინე მათზე, თუმცა მალევე დავმეგობრდით. თავიდან მათ სახელებს ვერ ვიმახსოვრებდი, ამიტომ მეტსახელები შევარქვი და ასეც მივმართავდი: "ხულიგანი", "ფუმფულა", "ყინვა", "წიწაკა". ეს უკანასკნელი ახალგაზრდა ქალბატონი დაუფარავად ამბობდა იმას, რასაც ფიქრობდა, რაც უნდა მწარე ყოფილიყო სიმართლე. ყველაზე მთავარი ისაა, რომ ჩემს გოგონებს ძალიან მოსწონდათ ეს სახელები.

309021184-2012470598962171-2433936767364261067-n-1666081610.jpg

- მათთან ურთიერთობა ადვილი იყო?

- საოცარია, რომ მე იქ ბევრი რამ მაოცებდა (არ გაგიკვირდეთ, თუ ამ სიტყვას ხშირად გამოვიყენებ) და ამიტომაც იყო, რომ ჩემი პროექტის მიხედვით, კვირაში 2 დღე, 2-2 საათი უნდა გვემუშავა; ჩემს კოლეგა ბესო მეგრელიშვილთან ერთად, იქ თითქმის ყოველდღე დავდიოდი. პრემიერის წინა დღეებში, შუაღამესაც გამოვსულვართ დაწესებულებიდან. მიზეზი, როგორც ხვდებით, იქაური გარემო, პერსონალი, ურთიერთობები და ყველაფერი ის არის, რაც იქ დაგვხვდა და ვნახეთ.

ამ ყველაფერთან ერთად, ამაში "დამნაშავე" ჩემი პროფესიაცაა: სულ მაინტერესებს ადამიანები, მათი ხასიათები, რასაც მერე სცენაზე ვიყენებ. 70 წელს გადაცილებულს ისევ მომწონს საზოგადოებრივი ტრანსპორტით სიარული, სადაც სულ ვაკვირდები ტიპებს, როგორ დადიან, როგორ იცვამენ ან ლაპარაკობენ. ძალიან ხშირად, ჩემს პერსონაჟებს მე თვითონ ვაცმევ, გრიმსაც და პარიკსაც ვარგებ, ხასიათებს ვიჭერ...

და ისედაც, ვფიქრობ, არ არსებობს ადამიანი, რომელიც არ ფიქრობს ან ერთხელ მაინც არ უფიქრია, - ნეტავ იქ რა ხდება? ამქვეყნად არავინ არაფრისგან ვართ დაცული, იქაც ჩვეულებრივი ქალები, დედები, შვილები არიან და ბევრი მათგანი საინტერესო ადამიანია...

- თქვენი დაკვირვებით, მათი ყოველი დღე ერთნაირია?

- არა, ასე არ არის იქიდან გამომდინარე, რომ პატიმარ ქალებს შეუძლიათ ნებაყოფლობით დაიწყონ მუშაობა: სასადილოში, მაღაზიაში, სალონში და ა.შ. შრომობენ, აქვთ ანაზღაურება და ზოგი მათგანი შემოსავალს ოჯახსაც კი უგზავნის.

აქვთ უცხო ენების კურსები, სწავლობენ იტალიურს, ინგლისურს, ფრანგულს... უტარდებათ სხვადასხვა პროფესიული და სახელობო კურსები: სასტუმრო მენეჯმენტის, გრაფიკის, ბუღალტერიის, ფიტნესინსტრუქტორის (საერთაშორისო სერტიფიკატის აღების პერსპექტივით), სპორტული მასაჟის, ხალხური საკრავის შესწავლის და სხვა. იღებენ განათლებას, ჰყავთ წარმატებული სტუდენტები, მუშაობენ თექაზე, ბისერებზე, ქარგავენ, ქმნიან სხვადასხვა ნაკეთობას, უტარდებათ სარეაბილიტაციო პროგრამები, რომლებიც მათი შემეცნებისა და ქცევის ცვლილებაზე პოზიტიურად აისახება.

ერთმა ქალბატონმა საოცარი რამ მითხრა: "აქ ქალთა მონასტერიაო, ერთი განსხვავებით - ჩვენ არ ვზრუნავთ იმაზე, როგორ მოვიპოვოთ საკვები, მზამზარეული მოგვეწოდება; გვაქვს საშუალება, ვაკეთოთ ჩვენი საყვარელი საქმე და შევიძინოთ სასურველი პროფესია".

- პირად საუბარში თქვენ მითხარით, რომ ციხეში ფაქტობრივად, დასი დაგხვდათ...

- დიახ, როდესაც მე და ბესო შევედით ქალთა ციხეში, დაგვხვდა თეატრალური დასი, რომელიც ქალბატონმა ნესტანმა ჩამოაყალიბა. იგი ხელოვანი და თეატრალი ადამიანია. ამ მხრივ უდავოდ გაუმართლათ პატიმარ ქალბატონებს და ვისაც სურვილი აქვს, აუცილებლად მოხვდება დასში: მართავენ საღამოებს, კონცერტებს, დგამენ სპექტაკლებს, ჩატარებული აქვთ მსჯავრდადებული ქალბატონის შემოქმედებითი საღამოც, რომელსაც პატრიარქი დაესწრო. ეს ყველაფერი კი ქალბატონი ნესტანის თაოსნობითა და ძალისხმევით ხდება!

ჩემთვის ძალზე საინტერესო იყო მსჯავრდადებულებთან მუშაობა, რადგან აუცილებელი გახლდათ გამეთვალისწინებინა მათი ყოველდღიური სულიერი თუ ფიზიკური მდგომარეობა, მუდამ ვეძებდი მათთან დამეგობრების გზებს, თუმცა არ მახსოვს შემთხვევა, რეპეტიციაზე დაეგვიანათ ან თავდადებით არ ემუშავათ. ერთხელ 7 საათიც კი გაგრძელდა რეპეტიცია, ამას კი პროფესიონალი მსახიობებიც ვერ უძლებენ.

როგორც უკვე მოგახსენეთ, მე და ბესომ 7 თვემდე ვიმუშავეთ ამ სივრცეში, უნიჭიერეს დასთან ერთად დავდგით სპექტაკლი - "თეატრი აქაც არის". დიახ! ზუსტადაც რომ თეატრი ამ სივრცეშიც გახლავთ! ერთ-ერთმა მეუფემ, წარმოდგენის ნახვის შემდეგ, კუსტურიცას შემოქმედებას შეადარა ეს სპექტაკლი და გვირჩია, ფილმად გადაგვეღო. საკმაოდ ამაღელვებელი მომენტი აღმოჩნდა სპექტაკლის ფინალი, სადაც მთავარი როლის შემსრულებელი მიმართავს ქართველ ლეგენდას სიტყვებით: "ბატონო კახი, თეატრი აქაც არის!"

- პენიტენციარულ სივრცეში აღნიშნეთ დედის დღეც, 3 მარტი.

- დიახ, პატიმარ ქალბატონებთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მსახიობები: გიორგი ცხადაძე, გიორგი გასვიანი, ნინო ლეჟავა და ვახტანგ ნოზაძე. უნიჭიერესმა მსახიობმა გიორგი ცხადაძემ ახალგაზრდა უკრაინელ მსჯავრდადებულთან ერთად უკრაინულად შეასრულა სიმღერა - "ჩერნო ბრივცი".

მაისის თვეში, ჩემი პროექტის დახმარებით, პატიმარი ქალბატონების გამოყვანა მოხერხდა ღია სივრცეში. სანდრო ახმეტელის სახელობის თეატრის სცენაზე ითამაშეს სპექტაკლი "ციხის თავზე ანგელოზები დაფრინავენ".

cixis-tavze-angelozebi-dafrinaven-1666081598.jpg

პიესის ავტორი გახლავთ მსჯავრდადებული ქალბატონი და სპექტაკლის ხიბლიც სწორედ ამაშია; კოსტიუმები, რეკვიზიტი, ყველაფერი მათ მიერ იყო შექმნილი. არაჩვეულებრივი მგალობელთა გუნდი კი მუსიკალურად აფორმებდა სპექტაკლს. ეს ყველაფერი უდავოდ, ქალბატონი ნესტანის დამსახურებაა, წლების განმავლობაში თავდაუზოგავი შრომის შედეგად მიღებული წარმატება.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და უღრმესი მადლობა გადავუხადო ჩემი თეატრის ხელმძღვანელს, ბატონ ირაკლი გოგიას და ტექნიკურ პერსონალს, რომლებმაც 2 დღის განმავლობაში უმასპინძლეს და გულთბილად მიიღეს პატიმარი ქალები. გონებიდან არ ამომდის "პაკლონის" მომენტი, როცა მსჯავრდადებულების ოჯახის წევრები ყვავილებით ავიდნენ სცენაზე, ეს სურათი ძალზე ემოციური, ამაღელვებელი და ტკივილიანი იყო.

სპექტაკლს ესწრებოდნენ საპატრიარქოს წარმომადგენლები. პატრიარქმა მონაწილე ქალბატონებს საპატიო სიგელები გამოუგზავნა.

მოგვიანებით, ივლისის თვეში, კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში ითამაშეს იგივე სპექტაკლი, ამჯერად უფრო ფართო საზოგადოების წინაშე.

მათ თავიანთი უშუალობითა და გულწრფელობით მოხიბლეს მაყურებელი და სათანადო ოვაციებიც დაიმსახურეს.

თქვენი ნებართვით, ერთ გულისამაჩუყებელ ამბავსაც გაგიმხელთ: ერთ-ერთი პატიმარმა, რომელიც სახასიათო არტისტია, საოცრად ნიჭიერი და რომელსაც 7 შვილი ჰყავს, რაღაც პერიოდის შემდეგ მითხრა: იცით, თქვენ იმ სპექტაკლით, რომელიც ახმეტელში დაიდგა, შვილები მაჩუქეთ. მანამდე ბავშვები არ მირეკავდნენ, ამ წარმოდგენის შემდეგ უკვე თავად მეხმიანებიანო, რაც დიდი სიხარული გახლდათ ჩემთვის.

რაღაც პერიოდის შემდეგ, დაწესებულებაში კიდევ ერთ პიესაზე - "6 შინაბერა და 1 მამაკაცი" მიდიოდა მუშაობა. მიტუას როლს ასრულებდა ბატონი ბესო, რომელთან ერთად რეპეტიციის გავლა ქალი მსჯავრდადებულებისთვის საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა.

თუმცა, სპექტაკლის დაკონსერვებამ მოგვიწია. იმედი მაქვს, იუსტიციის სამინისტროს დახმარებით, ისევ დავბრუნდებით პენიტენციარულ დაწესებულებაში და დავასრულებთ დაწყებულ სპექტაკლს.

მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო იუსტიციის სამინისტროს, ბატონ რატი ბრეგაძეს და ყველა იმ უწყებას, რომელმაც მოგვცა საშუალება, წარმატებით განგვეხორციელებინა ჩვენი პროექტი, მსჯავრდადებულ ქალბატონებს კი თავიანთი ოჯახისა და ფართო საზოგადოების წინაშე გამოეთქვათ თავიანთი სათქმელი, სინანული, ტკივილი და მონატრება.

ის კი არა, ყოფილ პატიმრებსაც აქვთ სურვილი, ისინი ოდესმე ისევ მივიწვიო სცენაზე სათამაშოდ. მაგალითად, როდესაც ჩემმა ფუმფულამ (რომელიც ყოფილი პატიმარია) გაიგო, მარჯანიშვილის თეატრში უნდა წარგვედგინა სპექტაკლი, იხუმრა: ხომ არ დავაშავო ისევ რამე, რომ შემოვიდე და სცენაზე დამაყენოო (იღიმის). ამის საჭიროება არ არის, გარეთ ყოფნა ჯობს და იქნებ, ოდესმე უკვე ყოფილი პატიმრებისთვისაც მოვიფიქროთ რამე...

- დაბოლოს, ჩვენი მეშვეობით ხომ არ ეტყვით რაიმეს იმ ქალბატონებს, რომლებიც იქ გელოდებიან...

- იმედი მაქვს, ისევ დავბრუნდები, რადგან ძალიან მენატრება ის სივრცე, ქალბატონი ნესტანი და ჩემი საყვარელი გოგონები! შეხვედრამდე...

ლიკა ქაჯაია