რამდენად რეალურია რუსეთის ბირთვული მუქარა და რა უნდა იცოდეს მოსახლეობამ ამ რისკის შესახებ - გზაპრესი

რამდენად რეალურია რუსეთის ბირთვული მუქარა და რა უნდა იცოდეს მოსახლეობამ ამ რისკის შესახებ

მართალია, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დმიტრი მედვედევის მუქარას იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთს უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში ბირთვული იარაღი გამოიყენოს, თეთრი სახლი მყისვე გამოეხმაურა და მოსკოვი გააფრთხილა, რომ საპასუხოდ გამანადგურებელ დარტყმას მიიღებს, მაგრამ ვინაიდან რუსეთის ქმედებები დიდი ხანია, ლოგიკას აღარ ექვემდებარება, მსოფლიო ყველაფრისთვის მზად უნდა იყოს. საინტერესოა, რისთვის არის მზად საქართველო შესაძლო ბირთვული დაპირისპირებით გამოწვეულ საფრთხეებთან გასამკლავებლად.

ცოტა ხნის წინ ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ "სასწრაფო დახმარების" ექიმებს ბიოლოგიური და რადიაციული ინციდენტებისთვის მოამზადებენ. "საქართველოში, პირველად სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე მორეაგირე სამედიცინო ჯგუფების გადამზადებისა და რეაგირების მიზნით, "პროექტი 88" ტარდება. პროექტის ფარგლებში სასწავლო სატრენინგო ცენტრის შესაბამისი სპეციალური სასწავლო აღჭურვილობით უზრუნველყოფა მოხდა. ამ აღჭურვილობას, რომლის ღირებულებაც 300 ათასი ევროა, საქართველო უფასოდ მიიღებს. ასევე დაგეგმილია ინციდენტებზე რეაგირებისთვის სამედიცინო ეკიპაჟებისთვის სპეციალური აღჭურვილობის უზრუნველყოფა. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული "პროექტ 88"-ის მასპინძელი საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრია. პროექტში სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპის 10 ქვეყნის 50-მდე პირი მონაწილეობს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

არის თუ არა საკმარისი ბირთვული დაპირისპირების შემთხვევაში, ექიმების მომზადება ბიოლოგიური და რადიაციული ინციდენტებისთვის, სამოქალაქო თავდაცვის კიდევ რა ღონისძიებებს უნდა მიმართავდეს სახელმწიფო, რა უნდა იცოდეს ხალხმა და რას ვაკეთებთ ჩვენ - ამის შესახებ გენერალ-მაიორი, ამჟამად გაუქმებული სამსახურის - სამოქალაქო თავდაცვის შტაბის ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი თენგიზ შუბლაძე გვესაუბრება.

- საქართველოს, რომელიც უმძიმეს გეოპოლიტიკურ რეგიონში მდებარეობს და რომლის სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას კი არა, არსებობასაც მუდმივად ემუქრებოდა საფრთხე, ტოტალური თავდაცვის ძალზე საინტერესო ტრადიციები ჰქონდა, მაგრამ ჯერ კიდევ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს გამოჩნდა, რომ ჩვენს ქვეყანაში სამოქალაქო თავდაცვის სექტორი თითქმის არ არსებობს. დღეს სამოქალაქო თავდაცვა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ერთ-ერთი ფუნქციაა. ეროვნულ გვარდიასაც ეკისრება გარკვეული ფუნქციები ამ მიმართულებით. როგორც ვიცი, უსაფრთხოების საბჭოც მუშაობს ამ საკითხებზე.

- რა დასკვნების გაკეთების საშუალებას გაძლევთ თქვენი გამოცდილება - რა გაკეთდა დღემდე სამოქალაქო თავდაცვის კუთხით ან ახლა რა კეთდება?

- სამწუხაროდ, საქართველოს დამოუკიდებლობის 30-წლიან პერიოდში ეს საკითხი არასდროს ყოფილა ისეთი აქტუალური, როგორიც საჭიროა. უფრო სწორად, როგორც უმძიმეს გეოპოლიტიკურ რეგიონში მყოფ ქვეყანას შეეფერება. პრობლემა მაშინ დაიწყო, როცა ეს საგანი უმაღლესი სასწავლებლების პროგრამიდან ამოიღეს. ამ საქმეს თავდაცვის სამინისტრო უნდა ედგას სათავეში. სხვათა შორის, ყველა ნორმალურ ქვეყანაში, თუნდაც ამერიკაში, როდესაც პრეზიდენტს ირჩევენ, ის სამხედრო და სამოქალაქო თავდაცვის სამ ან ექვსთვიან კურსს გადის. ზოგიერთ ქვეყანაში ამ კურსს თავდაცვის მინისტრები გადიან, ზოგან - პრემიერი... ალბათ გახსოვთ, 2008 წელს, ომი რომ დაიწყო, კახეთის გზატკეცილი ავტომობილებით გაივსო, არადა, არავითარ შემთხვევაში ეს არ შეიძლებოდა. უპირველესად, თავშესაფარი უნდა მოვძებნოთ. უკრაინის მაგალითმაც უჩვენა, რომ ასეთ სიტუაციაში მეტრო ყველაზე კარგი საშუალებაა.

- ცნობილია, რომ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე 2000-ზე მეტი მიწისქვეშა დასახლება იყო. ისიც ვიცით, რომ თავშესაფარი ბუნკერები თბილისშიც არის, თუმცა ახლა მათ ახლა სხვა დანიშნულება აქვთ შეძენილი. საინტერესოა, ეს ბუნკერები ბირთვულ დარტყმაზე თუა გათვლილი და ახლა თუ შეიძლება მათი გამოყენება?

- სწორად შენიშნეთ - ბარათაშვილის ხიდთან რომ ღამის კლუბია, "ნაით ოფისი", ის კლასიკური ტიპის თავშესაფარია, მაგრამ... ბოტანიკურ ბაღთანაც იყო გვირაბი და ერთხანს იქაც ღამის კლუბი ფუნქციონირებდა. რა ხდება ახლა იქ, არ ვიცი. თავშესაფარი "ლაგუნა ვერესთანაც" არის, მაგრამ არც იქ ვიცი, რა ხდება. ორთაჭალაში იყო კამოს ქარხანა, რომელიც მშვიდობიან პერიოდში სასკოლო ინვენტარს უშვებდა, ომის დროს კი საარტილერიო ჭურვებისთვის ჰილზებს ამზადებდა. იქაც კარგი თავშესაფარი იყო. რა თქმა უნდა, ეს თავშესაფრები ბირთვული დაპირისპირებისთვისაც იყო გათვლილი, თითოეულ მათგანს შესაბამისი ვენტილაცია და კარი ჰქონდა, რომელიც ჰერმეტულად იკეტებოდა. დღეს ეს ყველაფერი გაპარტახებულია. ბუნკერებში მხოლოდ კედლებიღაა დარჩენილი, მოშლილია ვენტილაცია და კარის ჰერმეტიზაცია. ახლა ის მხოლოდ საავიაციო და საარტილერიო ზემოქმედებისგან თავდასაცავად გამოდგება. სხვათა შორის, კომუნისტების დროს აშენებულ კორპუსებშიც სარდაფები თავშესაფრებად იყო გათვალისწინებული, მაგრამ ახლა ზოგან მაღაზიები აქვთ გახსნილი, ზოგან - კაფე-ბარები. ბოლო დროს თბილისში უამრავი ახალი სახლი აშენდა. თითქმის ყველას აქვს მიწისქვეშა ავტოსადგომი. კომერციულ დიდ სავაჭრო ცენტრებს ორი, ზოგს სამი სართულიც კი აქვს მიწის ქვეშ აშენებული. კარგი იქნებოდა, სახელმწიფოს ამ ფართობების მფლობელებთან გაეფორმებინა ხელშეკრულება - თავდასხმის შემთხვევაში, 24 საათში დაიცალოს და იქ თავშესაფარი მოეწყოს. სამწუხაროდ, ეს ფართობები არც საავიაციო და არც საარტილერიო თავდასხმების დროს არ გამოდგება.

- რატომ, რა შეგვიშლის ხელს, რომ კრიტიკულ სიტუაციაში ასეთ ადგილებს შევაფაროთ თავი?

- მიწისქვეშა ავტოსადგომები თავშესაფრად რომ ვარგოდეს, სხვა ხარისხის არმატურით და ბეტონით უნდა იყოს აშენებული, ეს ყველაფერი კი მშენებლობის ფასს აძვირებს. სამწუხაროდ, დღეს ეს ფართობები არათუ თავშესაფრად არ გამოდგება, უფრო მეტიც - თითოეული მათგანი ცოცხალი სამარეა. საომარი მოქმედებებისას იქ ჩასვლაც კი უკვე საშიშია. რაც შეეხება საბჭოთა პერიოდში საგანგებოდ აშენებულ თავშესაფრებს, ბევრი მათგანი სხვაგვარადაა მოწყობილი. რა თქმა უნდა, შეგვიძლია, ისევ გადავაკეთოთ, მაგრამ ამას ფინანსები სჭირდება. სამწუხაროდ, დღეის მდგომარეობით სრულიად გამოუყენებელია მიწისქვეშა გადასასვლელები, გვირაბები, გამოქვაბულები... ერთადერთი, რაც დაგვრჩა, მეტროპოლიტენია, მაგრამ მთელი თბილისი მეტროში ვერ ჩავა. ამასთან, არ ვიცით, რა ვითარებაა იქ ვენტილაციისა და ჰერმეტიზაციის თვალსაზრისით, რაც ბირთვული ომის შემთხვევაში ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორია.

- თქვენი სამსახური რატომ გაუქმდა?

- კი არ გაუქმდა, 2002 წელს გადაკეთდა. მიიჩნიეს, რომ ომი აღარ გვემუქრებოდა და ძირითადი ყურადღება მშვიდობიან სამსახურებს მიექცა, შესაბამისად, სამოქალაქო თავდაცვის შტაბი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუქვემდებარეს და სამოქალაქო თავდაცვისა და საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი დაარქვეს.

- რამდენად სახიფათოა ბოლო დროს ქალაქში მომრავლებული შუშის შენობები დღეს არსებული საფრთხეებიდან გამომდინარე?

- თავად განსაჯეთ - შუშის შენობას ჭურვის მოხვედრაც არ სჭირდება, სადმე ახლომახლოც რომ გასკდეს ნაღმი, შენობაში მყოფი ყველა ადამიანი მძიმე დღეში ჩავარდება. საომარი მოქმედებების დროს სახლის ფანჯარასთან ან სარკესთან ახლოს ყოფნაც საშიშია, ჩვენ კი ავდექით და შუშის შენობები ავაშენეთ.

- უკვე ვიცით, რომ სახელმწიფომ "სასწრაფო დახმარების" ექიმების ბიოლოგიური და რადიაციული ინციდენტებისთვის მომზადება დაიწყო. გასაგებია, რომ ბირთვული დაპირისპირების შემთხვევაში, რუსეთი საქართველოს მიმართულებით გასროლას არ განახორციელებს, მაგრამ ცხადია, რომ ბირთვული დაპირისპირების შედეგად წარმოქმნილი ტალღები, ადრე თუ გვიან, ჩვენამდეც მოაღწევს. ასეთ შემთხვევაში მხოლოდ სამედიცინო პერსონალის გადამზადება საკმარისია?

- საკმარისი, რა თქმა უნდა, არ არის, მაგრამ სხვა გამოსავალი რა გვაქვს? იმ ინფრასტრუქტურის, ბუნკერების აღდგენა-განახლებას, ახლების აშენებას, რომელიც ბირთვული დაპირისპირების შედეგად წარმოქმნილი ტალღებისგან დაგვიცავდა, ძალიან დიდი ფული და რამდენიმე წელი სჭირდება. ეს ვერ მოგვარდება ორ, სამ წელიწადში, ამას შეიძლება ათი ან მეტი წელიც დასჭირდეს.

- ყველა ამ მოცემულობის გათვალისწინებით, რა უნდა ვიცოდეთ მოსახლეობამ, როგორ უნდა დავიცვათ თავი საკუთარი ძალებით?

- წესით, სკოლაში უნდა ვასწავლიდეთ ბავშვებს ამ ყველაფერს ან ახლა უნდა ახორციელებდეს სახელმწიფო მოსახლეობისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდებას. არსებობს დანადგარი, რომელიც 10-15 წუთით ადრე გვატყობინებს დაბომბვის შესახებ. ეს ის დროა, როდესაც ადამიანმა უნდა მოასწროს აუცილებელი პირადი ნივთების, მათ შორის პასპორტის აღება, შენობიდან გასვლა და მეტრომდე ან თავშესაფრამდე მიღწევა. მთავარია, ადამიანები მიმაგრებული იყვნენ რაიმე ობიექტზე. თუ ჭურვი შენობას მოხვდება, იქ თავის გადარჩენა ძალიან ძნელია. ამ დროს ერთადერთი საშუალება საყრდენ კედელთან დადგომაა, თუმცა მთლად საიმედო ესეც ვერ იქნება. არის კიდევ ერთი გზა - ევაკუაცია.

londoni-1940-1666594604.jpg

- სადაც მეტრო არ არის, რა უნდა იღონოს მოსახლეობამ?

- იქიდან გამომდინარე, რომ სოფლების დაბომბვა ნაკლებად სავარაუდოა, საბჭოთა კავშირის დროსაც კი არ იყო სოფლად ბუნკერები. ბირთვული დაპირისპირების შემთხვევისთვის გათვალისწინებულ რუკაზე მხოლოდ 6 ქალაქი იყო დატანილი: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, სოხუმი, ცხინვალი. თავდასხმის შემთხვევაში, ბუნკერებში თავი უნდა შეეფარებინა მმართველ რგოლს, მოსახლეობა კი ევაკუირებული უნდა ყოფილიყო მიმდებარე სოფლებში. ასეთი შემთხვევებისთვის ყველა ქალაქს რამდენიმე სოფელი ჰქონდა მიმაგრებული. ქალაქის მოსახლეობის ბუნკერში ჩასვლა დაბომბვის მხოლოდ პირველ ეტაპზე იყო გათვალისწინებული. საერთოდ, საომარი მოქმედების დროს, ძირითადად ისეთ ადგილებს "ამუშავებენ", სადაც მართვის ცენტრები, აეროდრომები, ქიმიური ქარხნები, ჰიდრო ან ატომური ელექტროსადგურები, სამხედრო საწყობები ან სამხედრო ნაწილებია. არავის აქვს იმდენი ჭურვი, რომ სოფელ-სოფელ ხალხის დაბომბვა დაიწყოს.

- ამის გათვალისწინებით მართებულია ქარხნების, რკინიგზისა და სამხედრო ნაწილების ახლოს საცხოვრებელი სახლების მშენებლობა?

- არ არის რეკომენდებული, მაგრამ... ადრე მსგავს ობიექტებთან 50-კილომეტრიანი სასაზღვრო ზოლი იყო. შემდეგ ხუთ კილომეტრამდე შეამცირეს, ბოლოს კი ზღვარი სულ მოშალეს.

- ჩვენი მსგავსი ქვეყნების მოქალაქეთა სამხედრო მომზადება ხომ არ არის სასურველი?

- სასურველი კი არა, აუცილებელია. სხვათა შორის, აზერბაიჯანს 90 000-კაციანი რეზერვი ჰყავს, სომხეთსაც ჰყავს, ჩვენ კი ამ მხრივ ძალიან მოვიკოჭლებთ. ბოლო დროს დაიწყო ტოტალური თავდაცვის სისტემაზე ლაპარაკი, რაც რეზერვის გაძლიერებასაც ითხოვს. იმედი მაქვს, მალე სერიოზული ნაბიჯები გადაიდგმება.

ხათუნა ბახტურიძე