რით გვაფრთხობენ ასტროლოგები 25 ოქტომბრის მოლოდინში - გზაპრესი

რით გვაფრთხობენ ასტროლოგები 25 ოქტომბრის მოლოდინში

ასტროლოგები ამბობენ, რომ 2022 წლის 25 ოქტომბერს კაცობრიობისთვის საშიში პერიოდი დადგება. მათი ვერსიით, ჩვენ ვდგავართ წერტილში, საიდანაც უკან დაბრუნება შეუძლებელია. მაგალითად, ცნობილმა ასტროლოგმა პაველ გლობამ იწინასწარმეტყველა მნიშვნელოვანი მოვლენების განვითარება, რომლებიც სწორედ ამ დღეს დაიწყება. მან განაცხადა, რომ კაცობრიობა მიუახლოვდა შეუქცევად ხაზს და ამ მოვლენების შედეგებს დედამიწის ყველა მცხოვრები იგრძნობს.

უფრო კონკრეტულად, რა მოხდება 25 ოქტომბერს და როგორ იგრძნობს თითოეული ჩვენგანი ამას საკუთარ თავზე - ამის შესახებ ეზოტერიკოსი მარიამ ციმინტია გვესაუბრება.

- არ მესმის, რატომ ვაშინებთ ადამიანები ერთმანეთს. ბოლო დროს ძალიან ბევრი ნეგატიური ინფორმაცია ვრცელდება, სინამდვილეში, 2022 წლის 25 ოქტომბერს ისეთი არაფერი მოხდება, რაც აქამდე არ მომხდარა. ეს იქნება მზის დაბნელება, რომელიც წელიწადში რამდენჯერმე ხდება, დაბნელების დერეფანი გაიხსნება მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, 8 ნოემბრამდე. რა თქმა უნდა, ეს არ იქნება მარტივი და სასიამოვნო პერიოდი, მაგრამ არც ისეთი საშინელება იქნება, როგორადაც ზოგიერთები წარმოაჩენენ. ეს იქნება კარმული პერიოდი. სხვათა შორის, ნეგატიური პერიოდი 5 ოქტომბრიდან უკვე დაიწყო. 25-დან 28 ოქტომბრამდე და 5-დან 8 ნოემბერამდე განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს. ამ პერიოდში სასურველია, არ გავაკეთოთ ოპერაციები, თუნდაც მარტივი. უნდა ვეცადოთ, თავიდან მოვიშოროთ ნეგატიური ფიქრები, იმიტომ, რომ ამან შესაძლოა, დეპრესიამდეც მიგვიყვანოს. დროის ეს მონაკვეთი განსაკუთრებით რთულია სუსტი ნებისყოფის ადამიანებისთვის, ისინი იბნევიან და არასწორ ნაბიჯებს დგამენ. ამავე დროს, კარგი ამბავიც უნდა გითხრათ: ვინაიდან ეს პერიოდი კარმულია, ოქტომბრის ბოლო რიცხვებიდან ნოემბრის პირველ რიცხვებამდე ჩვენი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა შეგვიძლია.

- რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის?

- 29 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე კონცენტრაცია უნდა მოვახდინოთ სურვილებზე. აუცილებელი არ არის რიტუალების ჩატარება, უბრალოდ იმაზე უნდა იფიქროთ, რაც ძალიან გინდათ. თანაც, უნდა იფიქროთ ისე, თითქოს უკვე გაქვთ, ის რაც გინდათ, ან ხართ იმ მდგომარეობაში, როგორშიც გინდათ, რომ იყოთ. ამ პერიოდში სურვილები უფრო სწრაფად სრულდება, ვიდრე სხვა დროს. ასევე კარგი ამბავია ის, რომ ადამიანებს, რომლებიც შვილს, სიყვარულის ახსნას, ან გათხოვებას ელოდებოდნენ, ამის დიდი შანსი მიეცემათ. ასე ვიტყვი - ამ პერიოდში ძლიერი, აგრესიული ენერგია გამოვლინდება, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ეს ძლიერი და აგრესიული ენერგია ჩვენდა სასიკეთოთ გამოვიყენოთ.

- ყველაზე რთული ის არის, რომ მსოფლიო ბირთვული დაპირისპირების საფრთხის წინაშე დგას. იქნება ბირთვული ომი?

- ოქტომბრის მიწურულს კონფლიქტი, რომელიც ახლა მსოფლიოს ყურადღების ეპიცენტრშია, კიდევ უფრო გამწვავდება, მაგრამ ბირთვული დარტყმა არ იქნება. უფრო კარგ რამესაც გეტყვით: საქართველო დაცულ ადგილზეა, ჩვენ ბირთვული საფრთხის წინაშე არც სხვა დროს დავდგებით. მინდა თქვენი ჟურნალის მეშვეობით ხალხს ვთხოვო, რომ მაქსიმალურად შეინარჩუნონ სიმშვიდე, ნუ კითხულობენ, ნუ ისმენენ ნეგატიურ ინფორმაციას, არ შეუშვან საკუთარ გულსა და გონებაში უარყოფითი ემოციები, პირიქით, გათავისუფლდნენ ყველა ცუდი აზრისგან. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შიშისგან გათავისუფლება, იმიტომ, რომ შიში ყველაზე მეტად იზიდავს ცუდ ამბავს. მაქსიმალურად შეეცადეთ, პოზიტიურ განწყობაზე იყოთ. თუ ძალიან გაგიჭირდებათ, ილოცეთ, ეს ძალიან გიშველით. თებერვლის ბოლოდან მარტის დასაწყისამდე უკვე პოზიტიური პერიოდი იწყება. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი ცუდი დამთავრდება, მარტის დასაწყისში წინ კიდევ რთული პერიოდები გველის. ეს სირთულე რამდენიმე წლის განმავლობაში გაგრძელდება.

- თუ სამყაროში ბირთვული დაპირისპირება მოხდება, რა დაიცვას საქართველოს, თუნდაც დაბინძურებული ჰაერისგან?

- ვფიქრობ, საქართველოს ბირთვული ტალღისგან იცავს კავკასიონის მთები და ძალიან ბევრი ეკლესია. ჩვენთვის ყველაზე დიდი საფრთხე უცხო ქვეყნებიდან შემოსული ადამიანები არიან და ქვეყნიდან ქართველების გადინება. დამიჯერეთ, მსოფლიოში ყველაზე კრიტიკული მომენტის დროს საქართველო იქნება ყველაზე დაცული ტერიტორია და აქ ცხოვრება ენდომება ყველას. ამიტომ ყველას გირჩევთ, თუ გაქვთ მიწა, ნუ გაყიდით, ძალიან მოუფრთხილდით. ერთადერთი, რაც ჩვენ შეგვეხება, ფინანსური კრიზისი და საკვები იქნება. სოფლებისა და აგარაკების მოფრთხილებასა და მოვლას იმ თვალსაზრისითაც გირჩევთ, რომ ძალიან დიდი ფასი დაედება, მეურნეობის კუთხითაც. შეიძლება ისეთ ადამიანებს მოუწიოთ ხელში თოხისა და ბარის აღებამ და კარტოფილის მოყვანამ, რომ თავადაც გაუკვირდეთ. მოვა დრო, როდესაც ფული კი არა, საჭმელი იქნება მთავარი.

- ე.ი. ამბობთ, რომ შესაძლო ბირთვული შეტაკების შემთხვევაშიც, დასხივება საქართველომდე ვერ მოაღწევს და ხალხს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს არ შეუქმნის?

- საქართველოში და მთელ მსოფლიოში უკვე არის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები. როგორც სპეციალისტი გეტყვით, რომ ადამიანების უმრავლესობას, განსაკუთრებით კი მამაკაცებს, საშინელი ნევროზი აქვთ, ასე ვიტყვი - კაცები არეული ტვინით დადიან, საოცარი შიშები აქვთ, სახლებიდან მიდიან, ოჯახებზე უარს ამბობენ... გარდა იმისა, რომ მამაკაცებზე განსაკუთრებულად ცუდად იმოქმედა ქიმიურმა მედიკამენტებმა, ნეგატიურმა აზრებმაც შეუქმნა პრობლემა. საქართველოში ძალიან ბევრს, მამაკაცებსაც და ქალებსაც, აქვთ ფარისებრი ჯირკვლის პრობლემა. მათ შორის ვარ მეც. ჩემს შემთხვევაში მაპროვოცირებელი იყო "კოვიდი". ძალიან გაზრდილია კიბოს შემთხვევები.

- თქვენ აღნიშნეთ, რომ ბევრი ქართველი გადის ქვეყნიდან და ასევე ბევრი უცხოელი შემოდის. თქვენი ხედვით, დროთა განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში ეს პროცესი ხომ არ შეიცვლება?

- ქართველები ძალიან მალე დაიწყებენ ქვეყანაში დაბრუნებას.

- ეს რთული პროცესი რამდენი წელი შეიძლება გაგრძელდეს?

- დაახლოებით ერთი წელი შეიძლება გაგრძელდეს. გაზაფხულისთვის ამოსუნთქვის საშუალება მოგვეცემა, მაგრამ 2024 წლისთვის ახალი რთული პერიოდი დაიწყება. ოღონდ ეს არ იქნება ომი, ეს იქნება რაღაც სხვა, რასაც ჯერ ვერ ვხვდები. ასე, ხუთი წელი მაინც სულ ვიქნებით ახალ-ახალი გამოწვევების წინაშე. ხუთი წლის შემდეგ ნელ-ნელა სიტუაცია დალაგდება.

- ქართულ პოლიტიკურ ველზე, სახელისუფლებო შტოში თუ ხედავთ არსებით ცვლილებებს?

- ვხედავ იმას, რომ პრემიერიც ისევე კარგავს ფუნქციას, როგორც პრეზიდენტმა დაკარგა, სხვა ტიპის მმართველობას ვხედავ. საქართველო იქნება დაახლოებით ისეთ კავშირში, როგორიც ევროკავშირია. ჩვენი ქვეყანა იქნება დამოუკიდებელი, მაგრამ წესები და კანონები გვექნება ისეთივე, როგორიც ამ კავშირში შემავალ ყველა ქვეყანას.

mariam-cimintia-1666594922.jpg

- შეიძლება ეს თქვენ მიერ ნახსენები ევროკავშირი იყოს?

- ვერ გეტყვით, შეიძლება. მე ერთი ვიცი: ამ კავშირში იქნება ბევრი ქვეყანა მართვის ერთი სისტემით. მე რაც მიკვირს და რის მიზეზსაც ვერ ვხსნი, ის არის, რომ ჩინეთი ძალიან გაძლიერდება და მათი ფულადი ერთეული იქნება ყველაზე მყარი ვალუტა მსოფლიოში.

- რუსეთის დაშლის შემდეგ საქართველოს წინაშე თუ ხედავთ სერიოზულ საფრთხეებს მუსლიმანური ქვეყნებიდან?

- ასეთს ვერაფერს ვხედავ. მეზობელი მუსლიმანური ქვეყნებიდან საფრთხე არ გველის, მაგრამ პრობლემას ვხედავ საქართველოში მცხოვრები უცხოტომელების მხრიდან. პროცესი, რომელიც მაშფოთებს, დაწყებულია. უცხოელები დიდი რაოდენობით მიწებს ყიდულობენ. ეს მათ ძალიან გაამდიდრებს, ხოლო მიწის გარეშე დარჩენილ ქართველებს ძალიან დიდ სიღარიბეში მოუწევთ ცხოვრება. ქართველი ერი საბოლოოდ გადარჩება, ოღონდ მეტი სიფრთხილე, მეტი გონიერება, მეტი განათლება და მეტი წინდახედულობა გვმართებს. სხვათა შორის, ვხედავ, ვგრძნობ, რომ აფხაზეთის პრობლემაც მოგვარდება. რაღაც მოხდება ისეთი, რის შემდეგაც აფხაზები ჩვენკენ შემობრუნდებიან, თანაც არა შორეულ წარსულში, არამედ სულ რაღაც სამ წელიწადში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება.

ხათუნა ბახტურიძე