პატარა გურია სოფელ დიღომში და მივიწყებული დიდი მხატვარი შალვა ძნელაძე - გზაპრესი

პატარა გურია სოფელ დიღომში და მივიწყებული დიდი მხატვარი შალვა ძნელაძე

"როგორც ალექსანდრე ციმაკურიძემ შექმნა ქართლის მშვენიერი პეიზაჟები, დავით კაკაბაძემ - იმერეთისა, ასეთივე როლი შეასრულა შალვა ძნელაძემ გურიის ბუნების, მისი ისტორიისა და ყოფის უკვდავყოფაში..." - ამბობენ მხატვარზე, რომლის უამრავი ნამუშევარი მიმოფანტულია სხვადასხვა მუზეუმსა და კერძო კოლექციებში...

შალვა ძნელაძის შთამომავალსა და მემკვიდრეს, ილია ძნელაძეს ერთხელაც გაუჩნდა იდეა, გაეკეთებინა მხატვრის გალერეა-მუზეუმი, სადაც მუდმივი ექსპოზიციის სახით გამოიფინებოდა შალვა ძნელაძის უნიკალური ნამუშევრები, რომელიც ხელმისაწვდომი იქნებოდა ფართო საზოგადოებისთვის. აქვე მოეწყობოდა გურული ეთნოგრაფიული კუთხე, რომელიც შალვას ნახატების მიხედვით შეიქმნებოდა...

პროფესიით ექიმებმა - ილია ძნელაძემ და მისმა მეუღლემ თამუნა კაპანაძემ ამ იდეის განხორციელებას 4 წელი მოანდომეს. მათ შეიძინეს 1200 კვმ მიწის ნაკვეთი სოფელ დიღომში, მასზე მდებარე შენობა-ნაგებობით, რომლის კეთილმოწყობა საკუთარი ძალებით დაიწყეს.

dsc-0236-1666687781.jpg

თამუნა კაპანაძე:

- გურია არასოდეს განიცდიდა ნიჭიერ ადამიანთა ნაკლებობას, მათ შორის, ვინც ეს მხარე ლიტერატურასა თუ მხატვრობაში აღწერა. ერთ-ერთი მათგანია უსამართლოდ მივიწყებული შალვა ძნელაძე, რომლის სახელსაც მისი გარდაცვალებიდან თითქმის სამოც წელზე მეტხანს იშვიათად თუ გაიხსენებდნენ. მან სულ 42 წელი იცოცხლა, მაგრამ უმდიდრესი მემკვიდრეობა დატოვა...

შალვა ძნელაძე დაიბადა 1892 წელს ჩოხატაურის რაიონის სოფელ ბურნათში. დაწყებითი განათლება ქუთაისის სასწავლებელში მიიღო, შემდეგ კი სწავლა თბილისის სახვითი ხელოვნების წამახალისებელ საზოგადოებასთან არსებულ სამხატვრო სკოლაში გააგრძელა. 1913-1917 წლებში სწავლობდა პეტერბურგის საიმპერატორო სამხატვრო აკადემიასთან არსებულ კიევის სამხატვრო სასწავლებელში...

1917 წელს საქართველოში დაბრუნდა და ამ პერიოდიდან მხატვრის შემოქმედებაში ცენტრალურ ადგილს ისტორიული თემატიკა იკავებს. კერძოდ, მშობლიური გურიის წარსული (XIX ს-ის 40-იანი წლების გურიის გლეხთა განმათავისუფლებელი მოძრაობა და 1905 წლის გურიის აჯანყება)...

მხატვარი ძირითადად გრაფიკაში მუშაობდა, იშვიათად - ფერწერაში. მცირე ფორმატის ნამუშევრები უმეტესად ქაღალდზე ფანქრით, სანგინით, ტუშითა და აკვარელითაა შესრულებული. მნიშვნელოვანი ადგილი უკავია გურიის პეიზაჟებს, ასევე, ყოფის ამსახველ ეთნოგრაფიულ სურათებსა და გლეხთა სახასიათო ტიპაჟის პორტრეტებს.

როგორც ალექსანდრე ციმაკურიძემ შექმნა ქართლის მშვენიერი პეიზაჟები, დავით კაკაბაძემ - იმერეთისა, ასეთივე როლი შეასრულა შალვა ძნელაძემ გურიის ბუნების, მისი ისტორიისა და ყოფის უკვდავყოფაში.

dsc-0275-1666687795.jpg

საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი-ემერიტუსი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, საქართველოს მხატვართა საერთაშორისო შემოქმედებითი კავშირის გამგეობის წევრი - ირინე აბესაძე, მხატვრის შემოქმედების მკვლევარი და მასზე შექმნილი წიგნის ავტორი (დეა გუნიასთან ერთად) წერდა: "შალვა ძნელაძე თითქოს გრძნობდა თავის ბედით განსაზღვრულ სიცოცხლის ხანმოკლეობას. ამიტომ ცდილობდა მოესწრო, ჩქარობდა მრავალი რამ დაეხატა. ის ხატავდა ყველგან და ყველაფერზე: მოსწავლის რვეულში, უბის წიგნაკში, ქაღალდის ნაგლეჯებზეც კი. სწორედ ამ სახატავი ფორმატის მიხედვით აგებდა კომპოზიციებს. ამიტომაა ისინი ხან ვიწრო ზოლად წარმოდგენილი, ხან გვერდებჩამოჭრილი, ზოგჯერ კუთხეებმოგლეჯილიც კი. პერსონალურ გამოფენაზე არც უფიქრია, თავისთვის ხატავდა. ყოველი დღე ხატვით იწყებოდა და ხატვითვე მთავრდებოდა, ამიტომ შეგროვდა ამდენი ნახატი". ცნობისათვის: მხოლოდ შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში დაცულია მხატვრის 730-ზე მეტი ექსპონატი. უამრავი ნამუშევარი კი მიმოფანტულია სხვადასხვა მუზეუმსა და კერძო კოლექციებში.

- ძალიან საინტერესოა ნახატები, რომლებიც უკრაინაშია შესრულებული...

- "შეტევაზე გადასვლა" შესრულებულია უკრაინაში, კიევის სამხატვრო სასწავლებელში ყოფნის პერიოდში; იმდროინდელი კიევის პერიოდული გამოცემის გვერდებზე დაიბეჭდა ვრცელი სტატია ნიჭიერი სტუდენტის შალვა-ვალერიან ძნელაძის შესახებ; ნამუშევარი და გაზეთის 1915 წლის ის ნომერი დაცულია შალვა ძნელაძის მემკვიდრეების კოლექციაში.

ნახატი "ბრძოლა კავკასიის ფრონტზე" პლოტნიკოვის ნაწარმოების - "შამანის" ილუსტრაციაა... სტუდენტები სწავლის პარალელურად, მაშინდელი მწერლების ნაწარმოებების ილუსტრაციებს ასრულებდნენ... ირინა აბესაძის თქმით, ნახატი ასახავს 1914 წლის პირველი მსოფლიო ომის სცენას...

ირინე აბესაძე:

- შალვა ძნელაძის ფერწერული პორტრეტი უკრაინელი ქალის გამოსახულებით ზეთის საღებავებითაა შესრულებული ტილოზე და იგი 1914-15 წლებს უნდა განეკუთვნებოდეს. სავარაუდოდ, მასზე მხატვრის პედაგოგის - ფიოდორ კრიჩევსკის ქალიშვილი უნდა იყოს წარმოდგენილი. მასში კარგად ჩანს რეალისტური მხატვრობისათვის დამახასიათებელი პორტრეტირებული სახის ნაკვთების ფერწერული მოდელირების გაწაფული უნარი. მოძებნილი ორიგინალური, ერთგვარად "გადაჭრილი" სასურათე ფორმატი, ე.წ. მსხვილი კადრით, ხაზგასმით წარმოაჩენს ახალგაზრდა ქალის სახის სასიამოვნო იერს, მის მოცულობით, მკვრივ სახის ნაკვთებს. მხატვრის მიერ შერჩეული ფერთა პალიტრაც ხალისიანი და, ამავე დროს მჟღერია...

მანანა გაბრიჭიძე