ხელით ნაქსოვი ჩანთები - გზაპრესი

ხელით ნაქსოვი ჩანთები

ჩანთა მანდილოსნების შეუცვლელი აქსესუარია. ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებული ინტერესის ობიექტია ხელნაკეთი ჩანთები, რომელთა დიზაინი საკმაოდ მრავალფეროვანია. ერთ-ერთი ასეთი ხაზის ავტორი რუსუდან ღაღანიძეა, რომლის ხელით ნაქსოვი ნივთები დიდი პოპულარობით სარგებლობს.

2-1666688206.jpg

- ახლა რასაც ვაკეთებ, ალბათ ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რადგან ბიზნესის მართვის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული და ამ განხრითაც ვმუშაობდი, მაგრამ როცა 5 წლის წინ ნიკოლოზი გამიჩნდა, გარკვეული მიზეზების გამო სამსახურში ვეღარ გავედი. ქსოვა ჰობის დონეზე სულ იყო. ერთ დღეს ბავშვს ქუდი და კაშნე მოვუქსოვე. ფოტოები "ფეისბუკის" პირად გვერდზე დავდე. მეგობრების მოწონება რომ ხვდა, სტიმული მომეცა და რამდენიმე ჩალმაც მოვქსოვე. დიდი გამოხმაურება გამოიწვია და შეკვეთებიც მივიღე. ბავშვის ხაზის შემდეგ, ჩანთების მოქსოვის იდეა მომხმარებლებისგან წამოვიდა. ხშირად მეკითხებოდნენ, ვქსოვდი თუ არა ჩანთებს? სურვილი გამიჩნდა, ყაისნაღით მეცადა ჩანთების ქსოვა და თავდაპირველად 5 მოდელი დავამზადე. ინტერნეტში რომ განვათავსე, გვერდი "აფეთქდა" და ხუთი ცალი იმავე დღეს, რამდენიმე საათში გაიყიდა. პირველი ჩანთა მომხმარებელს თავად მივუტანე და გადაცემისას ძალიან ვღელავდი, მის შეფასებას განაჩენივით ველოდი. გამიხარდა, როცა ჩემმა ნამუშევარმა მოწონება დაიმსახურა (იღიმის)... თავდაპირველად, მხოლოდ სადა ჩანთებს ვქსოვდი ტრიკოტაჟის ძაფისგან. რამდენიმე თვეში, გამოცდილება რომ შევიძინე, სხვადასხვა იდეაც მომივიდა. მინდოდა, ჩემი ჩანთები თავიდან ბოლომდე ხელნაკეთი ყოფილიყო, პრინტები არ მსურდა, ამიტომ მათი ნახატებით გაფორმება გადავწყვიტე. ამ საქმეში ჩემი დეიდაშვილი თორნიკე სვინტრაძე დამეხმარა. მას ჩემი ფანტაზიის მიხედვით ვუხსნიდი, რა მინდოდა და ის ხატავდა. მას შემდეგ, რაც ის ამერიკაში გაემგზავრა, ორ სხვა მხატვართან: ნენსი ვოლანდთან და ნინი გოგიაშვილთან ვთანამშრომლობ. ახლა უკვე გვაქვს ჩანთები, რომლებზეც ნენსის საავტორო ნახატებია, ხოლო ნინი პორტრეტებს ასრულებს. დიდი მოთხოვნაა ისეთ ჩანთებზე, რომლებზეც სურთ, რომ კონკრეტული ბავშვის პორტრეტი იყოს გამოსახული და ნინი მას ფოტოების მიხედვით ქმნის. გარდა ამისა, ვქსოვ ჩანთებს, რომლებიც ბისერებით, ფირფიტებითა და ყვავილებითაა გაფორმებული...

0-1666688219.jpg

- საკმაოდ დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე, მხოლოდ თქვენ როგორ ახერხებთ ხელით ამდენი ჩანთის ქსოვას?

- ეს ბევრს უკვირს, ზოგსაც ჰგონია, ერთი დიდი გუნდი ვმუშაობთ (იღიმის). მომხმარებელს ჩანთის სირთულიდან გამომდინარე ვუთანხმებ დროს, რაც 5-დან 10 დღემდე მერყეობს. ამ პერიოდისთვის არასოდეს გადამიცილებია. განსაკუთრებით დიდი მოთხოვნაა საახალწლოდ და შესაბამისად, წინასწარ ვიჭერ თადარიგს. სანამ ჩანთა მის მფლობელს გადაეცემა და არ მომწერენ, რომ მოეწონათ, დღემდე ისე ვღელავ, როგორც 4 წლის წინ. საკმაოდ კონკურენტული ბაზარია, მაგრამ ვცდილობ, განსხვავებული ხაზი მქონდეს. ბევრი ჩანთომანი მომხმარებელიც გვყავს, რომელსაც ჩემი 6-7 ჩანთა აქვს. შავი და კრემისფერი ყოველთვის მოთხოვნადია, რატომღაც წითლისა და ლურჯის მიმართ ინტერესს ცოტა იჩენს, მაგრამ იასამნისფრის ნებისმიერი ტონალობა აღმოჩნდა ლიდერი. ნებისმიერ სეზონზე შავზე მეტად, ყველაზე დიდი მოთხოვნა იასამნისფერზეა. ვქსოვ: ტრიკოტაჟით, ირისისა და მაკრამეს ძაფებით. არის ჩანთები, რომლებიც არასდროს კარგავს აქტუალობას, მაგრამ სულ ვცდილობ, ახალ-ახალი იდეები განვახორციელო. ახლაც, შემოდგომა-ზამთრის კოლექციაში ახალი მოდელების დამზადება მაქვს დაგეგმილი, რომელშიც გამოყენებული იქნება ხისა და ეპოქსიდის დეტალები.

ანა კალანდაძე