ომის ახალი ფაზა უკრაინაში - ყირიმის ხიდის გამო დაწყებული ოკუპანტის "პასუხი" - გზაპრესი

ომის ახალი ფაზა უკრაინაში - ყირიმის ხიდის გამო დაწყებული ოკუპანტის "პასუხი"

ზაალ ლატარია 16 წლის იყო, ბრძოლის ველზე რომ აღმოჩნდა, ის აფხაზეთის ომში იბრძოდა. პირველად მაშინ ჩახედა სიკვდილს თვალებში. ამბობს, რომ მას შემდეგ ბევრი თანამებრძოლი დაკარგა და ეს მისთვის დიდი ტკივილია. ახლა უკრაინაში იბრძვის. ფიქრობს, რომ ამ ომში უკრაინელების გამარჯვება ქართველებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია. ქართველი მეომარი 2 კვირაზე მეტია, კლინიკაში მკურნალობს. ერთ-ერთია, ვინც სპეცოპერაციისას დაშავდა. ექიმებმა კონტუზიის დიაგნოზი დაუსვეს.

ზაალი უკრაინიდან ულოცავს თავის თანამებრძოლებს ვეტერანის დღეს - 17 ოქტომბერს და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე ოცნებობს.

- ბატონო ზაალ, როგორია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა?

- მძიმედ ვიყავი, მაგრამ არა უშავს, ახლა ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით დამაკმაყოფილებელია. უკრაინაში ისევ ბრძოლები გვაქვს, ჩვენ დონეცკის მიმართულებით ვართ და იმ მხარეს გვიტევდნენ. სულ გვბომბავენ. ოპერაციისას, როცა მე დავშავდი, სამი ადგილობრივი, უკრაინის მოქალაქე დაგვეღუპა. კლინიკაში ალბათ კიდევ ერთი კვირა დამტოვებენ, მერე ისევ უკან უნდა დავბრუნდე. იქ ჩვენი ძმები იბრძვიან და მათ შევუერთდები. სხვანაირად არ შემიძლია, ამ მდგომარეობაში ვერ დავტოვებ ჩემს ქვეყანას და თანამებრძოლებს, ბოლომდე უნდა ვიბრძოლო.

- როგორც შევიტყვე, 16 წლის უკვე აფხაზეთის ომში იბრძოდით, გვიამბეთ თქვენ შესახებ.

- 47 წლის ვარ და ფაქტობრივად, მთელი ცხოვრება ხელში იარაღი მიჭირავს. ბიჭი ვიყავი, ზვიად გამსახურდიას, ეროვნული მოძრაობის ლიდერების გვერდით რომ დავდექი, მაშინ "ზვიადისტები" გვიწოდეს... აფხაზეთის ომის შემდეგ სულ იარაღი მიჭირავს ხელში, ეს ყოფილა ჩემი ბედი. თბილისში ნათესავებთან ვცხოვრობდი, სტუდენტი რომ გავხდი, მაშინ დაიწყო აფხაზეთის ომი. 17 წლისაც არ ვიყავი, ომში რომ წავედი. იმდენად პატარა ვიყავი, იარაღსაც არ მაძლევდნენ. დიდი კამათის შემდეგ მომცეს და ბრძოლაში ჩავერთე. აფხაზეთის ომი დაუვიწყარია ჩემთვის. მაშინ მივხვდი, რას ნიშნავს, სამშობლოს სიყვარული და რას - ოკუპანტი თავს რომ გესხმის. უმძიმესი დღეები გამოვიარეთ, ამის გახსენება დღესაც დიდ ტკივილს მაყენებს. პირველად საავადმყოფოში იმიტომ მოვხვდი, რომ ფეხი იქ მომეყინა. კლინიკაში გავხდი მაშინ 17 წლის. გამოუცდელმა ბიჭმა ძმების, თანამებრძოლების დახმარებით ვისწავლე, როგორ უნდა მეომა. დაჭრილიც ვიყავი. ასე ნელ-ნელა, ომში ბრძოლა ჩემთვის უკვე ჩვეულებრივი მოვლენა გახდა. მთელი ცხოვრება ვიცავდი ჩემს სამშობლოს და ამით ამაყი ვარ. ახლა უკრაინაში რომ ვიბრძვი, აქაც ჩემს სამშობლოს ვიცავ. სიკვდილის არ მეშინია, თუ მოვკვდები, აუცილებლად სამოთხეში მოვხვდები, რადგან ჩვენ ამ სატანას ვებრძვით და ვიბრძვით თავისუფლებისთვის.

- აფხაზეთის ომში მძიმედ იყავით დაჭრილი?

- გასახსენებლად ეს ყველაზე მწარეა ჩემთვის. სწორედ იმ დღეს დამჭრეს, როცა აფხაზეთი მთლიანად დავკარგეთ და სოხუმი დაეცა. მაშინ სოხუმში ვიბრძოდით, სვანეთით ვერ წავედით. გაგვიმართლა და ოჩამჩირის მიმართულებით წამოვედით. სწორედ იქ, სოფელ კინდღში დავიჭერი... როცა გონზე მოვედი, დაჭრილი გზაზე ვეგდე, არავინ იყო ჩემ გვერდით. აფხაზები და რუსები უკვე "წმენდაზე" მოდიოდნენ. 17 წლის ბიჭმა გადავწყვიტე თავი ამეფეთქებინა, ხელყუმბარა ხელში მეჭირა, ტყვედ ვერ ჩავბარდებოდი. ღმერთმა გადამარჩინა ამ ცოდვისგან. "ზვიადისტები", ჩემი მეზობლები, სვანი ძმები - ვალტერ და ჯაბა პირველები შემთხვევით შემხვდნენ. ერთმა ძმამ ძირს დაგდებული სწორედ მაშინ მნახა, როცა ხელყუმბარა უნდა ამეფეთქებინა. მიცნო და სიკვდილისგან მიხსნა. ჩემი ისტორია ძალიან დიდი ისტორიაა, ალბათ წიგნიც კი დაიწერება. ამ ამბის დეტალებზე მთელი დღე შემიძლია ვილაპარაკო. ამ ბიჭმა მანქანაში ჩამსვა; სატვირთო მანქანა იყო, ხალხით სავსე, რომელიც მერე 10-მეტრიანი ხიდიდან გადავარდა, მეორე მანქანა კი ზევიდან დაგვეცა. როგორ გადავრჩით, არ ვიცი. ეს უფლის სასწაული იყო. მერე მათრიეს ამ ბიჭებმა ოჩამჩირემდე. ოჩამჩირე მთლიანად ცეცხლის ალში იყო გახვეული. უმძიმესი სანახავი იყო. სისხლისგან ვიცლებოდი, ბიჭებმა თავიანთი მაისურები დახიეს და ფეხებზე შემომახვიეს, ასე შემიჩერეს სისხლდენა. იქიდან გალამდე მათრიეს, მერე ერთი ძმა ჩემთან დარჩა, მეორე წავიდა, სხვებისთვის რომ შეეტყობინებინა. გალში გადამიყვანეს და საავადმყოფოში მიმიყვანეს. ჩემი ოპერაცია ტარდებოდა, როცა ოკუპანტებმა გალიც აიღეს და უცებ ისეთი სიტუაცია შეიქმნა, საოპერაციო მაგიდაზე მარტო დავრჩი. ფაქტობრივად, ყველა გაიქცა იქიდან. ვინც მიმიყვანა, იმ ბიჭმა, ყველაფრის მიუხედავად, მაინც არ დამტოვა. არც მან იცის, ვინ იყო ის კაცი, რომელიც ჩემს წაყვანაში დაეხმარა. ვიცით დაახლოებით ის, რომ სოფელ კინდღიდან იყო. ამ ორმა ადამიანმა გამომიყვანა გზაზე. ფაქტობრივად, გონდაკარგული ვიყავი. მერე მანქანა გაუჩერებიათ. შეიძლება დაუჯერებელია, მაგრამ ეს რეალური ამბავია - იმ მანქანას გზაზე ბენზინი გასთავებია... მეორე მანქანაში გადავუყვანივარ, რომელსაც მერე გზაში საბურავები გასკდომია. მესამე მანქანით ჩამიყვანეს ზუგდიდამდე, იქ კი ოპერაციის დროს გული გამიჩერდა. ცელოფანში მოვუთავსებივარ და ასე ჩავუტანივარ მორგში. მეზობელი ბიჭი ჩემებთან წასულა, ამბავი რომ ეცნობებინა. მორგში რამდენ ხანს ვეგდე, არ ვიცი. ვიღაცები თურმე იქ გარდაცვლილს ეძებდნენ და ცხედრებს რომ ათვალიერებდნენ, ვიღაცას შეუნიშნავს, ფეხი რომ გავანძრიე. აუტეხია ამბავი და მორგიდან გამოვუყვანივარ. ამასობაში ჩემებიც მოსულან, მერე თბილისში გადმომიყვანეს. ახლა რაც გიამბეთ, ეს ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც რეალურად გადავიტანე. დეტალებში რომ გავიხსენო, წიგნი დაიწერება. მართლა ღმერთმა მაჩუქა სიცოცხლე. წარმოიდგინეთ, ამის შემდეგ წელიწად-ნახევარი კლინიკაში ვიწექი, უფლის წყალობით გადავრჩი. ვალტერ და ჯაბა პირველების დახმარებით, გვერდში დგომით გადავრჩი. მას მერე 31 წელია, ხელში იარაღი მიჭირავს.

- როგორც ვიცი, ძალოვან სტრუქტურებში მსახურობდით.

- მერე შინაგან ჯარში წავედი. 1995 წლის დასაწყისში ზუგდიდის ბატალიონშიც ვიყავი, აბსოლუტურად ყველა ომში მაქვს მონაწილეობა მიღებული. ვიომე 2004 წელს, 2008 წელს... აფხაზეთი რომ დაეცა, მერე პარტიზანულ მოძრაობაშიც ვიყავი ჩართული. ჩვენი მიზანი იყო, გაგვენადგურებინა მტერი და დაგვებრუნებინა ჩვენი აფხაზეთი. რუსს ვებრძოდით მაშინაც და ახლაც აქ, უკრაინაშიც რუსს ვებრძვით... ძნელი გასახსენებელია ჩემთვის 2001 წელიც. მაშინ კოდორის ხეობიდან გადავედით ჩეჩნებთან ერთად. ჩვენმა მთავრობამ, ედუარდ შევარდნაძემ, ფაქტობრივად გაგვყიდა. მებრძოლი ჩეჩნები მოიშორა პანკისის ხეობიდან და ჩვენ, 45 ქართველი, ფაქტობრივად, მათ გაგვაყოლეს, ვითომ ჩვენ იქიდან "დავარტყამდით" სოხუმს, გალიდანაც შეუტევდნენ და ასე ვიბრუნებდით აფხაზეთს... ამ ვითარებაში პატრიოტი ადამიანი წასვლაზე უარს არ იტყოდა, ჩვენც ასე სიხარულით მივდიოდით იქ, მაგრამ რა ვიცოდით, რომ თურმე სიკვდილზე მივდიოდით. ვიცი კარგად, როცა ომის წინა ხაზზე ხარ, სიკვდილზე მიდიხარ, მაგრამ იქ სხვა მოტივაციით წავედით. მერე შუა გზაზე მიგვატოვეს. საშინელი რამ გამოვიარეთ, უამრავი რუსი გვებრძოდა მაშინაც, ვერტმფრენებით და არტილერიით მიდიოდა ბრძოლები. იქაც გადავურჩი სიკვდილს, მაგრამ, სამწუხაროდ, ბევრი თანამებრძოლი, ძმა დავკარგე. მარტო ამ ოპერაციის დროს 11 ქართველი დაგვეღუპა.

- ახალგაზრდა ბიჭისთვის ალბათ რთული იყო ფრონტის წინა ხაზზე ბრძოლა...

- რთული როგორ არ იყო?.. მერე ოჯახიც შევქმენი. ჩემს ხელში ჩემს მეუღლეს ერთი მშვიდი დღე არ უნახავს. სულ ვიბრძვი და სულ შიშით უწევს ცხოვრება. შვილები ისე დაიზარდნენ, ნახევარი დროც კი არ გამიტარებია მათთან. მაინც არ ვნანობ, რადგან ჩემი საქმე წმინდა საქმეა, ჩემი ქვეყნის სადარაჯოზე ვიდექი, სამშობლოს ვიცავდი და დავიცავ კიდევ, სანამ ცოცხალი ვიქნები. ორი შვილის მამა (ორივე დაოჯახებულია) და ორი შვილიშვილის ბაბუა ვარ, ახლა მესამეს ველოდებით. ჩემი ოჯახით ბედნიერი ვარ.

- როცა ამდენ ბრძოლაგამოვლილმა უკრაინის ომში წასვლა გადაწყვიტეთ, ოჯახს რა რეაქცია ჰქონდა?

- გაუჭირდა ყველას, მაგრამ მეუღლემაც და ყველამ იციან ჩემი ხასიათი, რომ ვერ შემაჩერებდნენ.

zaali1-1666694578.jpg

- აღნიშნეთ, შინაგან ჯარში ვიმსახურეო. როგორც ვიცი, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ორგანოებიდან მოგიხდათ წასვლაც, ამაზე რას იტყვით?

- შინაგან ჯარში 23 წელი ვიმსახურე. 2013 წელს გამომიშვეს. პატრიოტები არავის სჭირდება. მაშინ დადგმულ ხაფანგში გავები, მაინც წამოვიდოდი სისტემიდან, მაგრამ დააჩქარეს და წავედი ქვეყნიდანაც. 2015 წელს ჩემი შვილი დააკავეს, ვიღაცები მწერდნენ მესიჯებს, - თუ არ ჩამოხვალ, იცოდე, შენს შვილს ცოცხალს ვერ ნახავო. 2015 წელს ჩამოვედი საქართველოში. 5 დეკემბერს თბილისში სპეცოპერაცია მომიწყვეს, ნარკოტიკები ჩამიდეს და 9 თვით ციხეში გამომკეტეს, ჯარიმებიც მახდევინეს და საბოლოოდ, პირობითი სასჯელი მომისაჯეს. 4 წელი ფაქტობრივად მაწამეს. საზღვარზე ვერ გადავდიოდი, როგორც სამშობლოს მოღალატეს, ისე მექცეოდნენ. სამაგიეროდ, ჩემი შვილი გაათავისუფლეს... როგორც იქნა, 2021 წელს საქართველოდან წამოვედი. მას შემდეგ უკრაინაში ვიბრძვი. სულ წინა ხაზზე ვარ. ეს ძალიან რთულია, ამდენის გაძლება ბევრს არ შეუძლია. აქ საშინელება ხდება, წამდაუწუმ ჭურვები ცვივა, ისეთი დაბომბვებია, შეიძლება ადამიანის ნერვულმა სისტემამ ვერც გაუძლოს. ჭურვები მოფრინავს და, სამწუხაროდ, ბევრი იხოცება. ენით ვერ აღვწერ, რაც აქ ხდება. დღესაც ყველაფრისთვის მზად ვარ. ძალიან მალე მინდა კლინიკიდან გამომწერონ, რომ უკან, ფრონტის ხაზზე დავბრუნდე.

- ამ ომში 20 მეომარი დაგვეღუპა ქართველებს. ამ ბიჭებს ხომ ვერ გაიხსენებთ?

- ყველა ქართველი ჩემი ძმაა და ძალიან განვიცდი მათ დაღუპვას. განსაკუთრებით დათო გობეჯიშვილთან ვმეგობრობდი, წლების მანძილზე ერთად ვიყავით, ბევრჯერ გვიბრძოლია ერთად. იმ ჩეჩნებთან ერთად კოდორში რომ წავედით... რამდენი რამ გამოვიარეთ ერთად, ვინ მოთვლის?! ეს ბიჭი დაგვეღუპა, რაც დიდი ტკივილია ჩემთვის. ბოლოს, ჩვენი ედიშერ კვარაცხელია დაგვეღუპა. ჩვენც ძმები ვიყავით. უპატიოსნესი ადამიანი იყო ედიშერი, მაგარი მებრძოლიც და მაგარი პიროვნებაც. იშვიათი ადამიანი იყო, ძალიან თბილი, ხალისიანი, სულ იღიმოდა და ცხოვრების ხალისს გიჩენდა. 2014 წლიდან აქ იბრძოდა, სულ წინა ხაზზე იყო. დაიჭრა კიდეც. სხვადასხვა ნაწილში ვიყავით, მაგრამ ერთმანეთთან სულ გვქონდა ურთიერთობა. როცა საშუალება იყო, ვხვდებოდით კიდეც ერთმანეთს. ბოლოს დაჭრილი იყო, საავადმყოფოში იწვა. ფეხი მორჩენილი არ ჰქონდა, ისე წავიდა ფრონტის ხაზზე... დაბომბვის შედეგად დაიღუპა. ამ ტრაგედიის წინადღეს ვესაუბრე, საათ-ნახევარი ვილაპარაკეთ. ახლა მე ვარ კლინიკაში. ჩვენ, მეომრები, სულ ერთმანეთს ვაფრთხილებთ და ვეუბნებით, ფრთხილად იყავიო და იმ დღესაც ასე ვუთხარი, - ედო, ფრთხილად იყავი-მეთქი. - ვისაც რა ბედი აქვს, ვერ ასცდებაო, - ასე მიპასუხა. მეორე დღეს დაიღუპა. ძალიან მტკივნეულია, როცა თანამებრძოლი გეღუპება, ეს ყველაფერი ნერვებზე მოქმედებს. ვჯდები და პატარა ბავშვივით ვტირი. ამდენ სამეგობროს რომ დაკარგავ ადამიანი, ამას გაძლება ხომ უნდა!.. მეოცე ქართველი მებრძოლი დავკარგეთ ამ 7 თვის განმავლობაში. ძალზე მტკივნეულია. ყველანი თუ დავიხოცებით, ვინღა დაიცავს ჩვენს სამშობლოს?! აქ ყოველ წამს შეიძლება ადამიანი დაიღუპოს, მაგრამ ბრძოლის ველზე როცა ვართ, სიკვდილზე არ ვფიქრობთ, ვფიქრობთ მხოლოდ მტრის განადგურებაზე. ძმასავით იყო ედიშერი ჩემთვის, ყოველდღე ვეკონტაქტებოდით ერთმანეთს. დიდება გმირებს, ჩვენი, მეომრების ბედი ხომ ასეთია, ვიხოცებით, ზოგი ინვალიდდება, რას ვიზამთ?! მთავარია, მტერი დავამარცხოთ და ოკუპანტს ბოლომდე ვებრძოლოთ. როცა ოპერაციიდან ბრუნდები და მომხდარს აანალიზებ, მერე ფიქრობ, ეს როგორ შეძელი და როგორ გადარჩი, მერე გეუფლება შიშის გრძნობა... უკრაინელები ძალიან გვაფასებენ ქართველებს, ძალიან ვუყვარვართ. სწორ მხარეს ვდგავარ და შემიძლია, ბოლო წამამდე ვიომო. ეს საქართველოს ომიც არის, აქ უნდა გავაჩეროთ რუსეთი. თუ ვერ გავაჩერეთ ეს იმპერია, საქართველოსაც დაარტყამს. 31 წელია, იარაღით ხელში ვარ, ეს ყოფილა ჩემი ბედი. დღემდე პატრიოტებმა და მებრძოლებმა მოიყვანს ჩვენი სამშობლო და ჩვენც აქ უნდა ვიდგეთ. ჩვენ თვალწინ ყოველ წამს საშინელება ხდება. ირგვლივ სირენების ხმა ისმის, განგაშის ზარია, ხალხიც თითქოს მიეჩვია ამას. ხვალ და ზეგ რა იქნება, არ ვიცი, მაგრამ ის კი ვიცი, რომ ბოლომდე ვიბრძოლებთ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის. ხალხი ისევ უკან დაბრუნდა. რა ქნან, წასასვლელი არსად აქვთ... საქართველოში მელოდება ჩემი ოჯახი, მეუღლე, შვილები, შვილიშვილები; ჩემს საწყალ მშობლებს ჩემს ხელში მშვიდი ცხოვრება არ ღირსებიათ. ოჯახის წევრები მეხვეწებიან, ჩამოდიო. აქამდე მივიყვანეთ საქმე და ჩემთვის ახლა აქედან წასვლა დიდი სირცხვილია, საქმე უნდა გავაკეთოთ ბოლომდე, მაშინ იქნება შესრულებული ჩემი სურვილი, როცა რუსეთი დამარცხდება.

თეა ხურცილავა