ზაალ კასრელიშვილი: "ქართული პოლიტიკა ზოგჯერ "ძველ ვოდევილებს" მაგონებს"
თანამედროვე საქართველოს ძალიან რთულ, ტურბულენტურ გარემოში უწევს არსებობა: დაძაბული სიტუაცია ქვეყნის შიგნით და კავკასიაში, ომი უკრაინაში, ათასობით დევნილი, რომელმაც თავი საქართველოს შეაფარა... - ეს არასრული ჩამონათვალია იმ პრობლემებისა, რომელიც ჩვენ წინაშე დგას. ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების შეფასება "კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის" თავმჯდომარეს, ზაალ კასრელიშვილს ვთხოვეთ:
- ვისაც ისტორია უყვარს, კარგად იცის, რომ ჩვენს ქვეყანას ამაზე მძიმე პერიოდები აქვს გამოვლილი. იყო დრო, როცა ერთდროულად რამდენიმე იმპერია გვებრძოდა და დამხმარე არავინ გვყავდა. დღეს კი საერთაშორისო საზოგადოება მხარში გვიდგას და ცდილობს, შეძლებისდაგვარად დაგვეხმაროს. ასე რომ, გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს, ყველა მდგომარეობიდან არსებობს გამოსავალი.
- ერთიანობის და საერთო მიზნის გარეშე ქვეყნის არსებობა როგორ წარმოგიდგენიათ?
- გეთანხმებით, ერმა, ისევე, როგორც ადამიანმა, უნდა იცოდეს, რა სურს. როდესაც არ იცი, რა გინდა, სულ შეწუხებული და ცუდად ხარ, რადგან შენი მიზნები და ოცნებები ვერ სრულდება. ამის გამო, გინდა თუ არა, სულ აფორიაქებული ხარ. თუ გინდა, სახელმწიფოებრიობა შეინარჩუნო და ქვეყნის ინტერესები ყველაზე მაღლა დააყენო, შესაბამისად უნდა მოიქცე, მაგრამ თუ უკაპიტნო გემს ჰგავხარ და დინება ხან მარჯვენა ნაპირს მიგახეთქებს, ხან - მარცხენას, მიზნამდე ვერასდროს მიაღწევ. სწორედ ამ მდგომარეობაშია საქართველო 1992 წლის სამხედრო გადატრიალებიდან დღემდე. ამ სიტუაციაში ვიღაცები მდიდრდებიან, ხოლო მოსახლეობა ღარიბდება, უკმაყოფილება იზრდება და იქმნება ნიადაგი იმისთვის, რომ ვიღაცამ დაძაბულობა სახალხო პროტესტის ასაგორებლად გამოიყენოს.
- ვისი ბრალია, რომ ჩვენი საზოგადოება ყველაზე დიდი ტრაგედიის დროსაც ვერ ახერხებს ერთიანობას? - ეს კიდევ ერთხელ გამოავლინა ვაკის პარკში დატრიალებულმა ტრაგედიამ, რომელსაც 13 წლის გოგონას სიცოცხლე შეეწირა.
- ძალიან მძიმე ფაქტი მოხდა, რის გამოც, ჩვენი საზოგადოება ერთმანეთს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდა: ერთი ნაწილი ქალაქის მერის გადადგომას მოითხოვდა, ხოლო მეორე - ამის წინააღმდეგი იყო. ამ თემაზე, ისევე, როგორც ყველა სხვა საკითხზე, ინიციატივა ოპოზიციამ აიღო და საზოგადოების განწყობაც ორად გაიყო. ამიტომ, კარგია, რომ მომხდარ ტრაგედიას უკვე ოფიციალური სტრუქტურები იძიებენ და ის პოლიტიკური დაპირისპირების საგნად არ იქცა. დამნაშავეები, კონკრეტული სახელებით და გვარებით, უკვე გამოავლინეს და პატიმრობაშიც აიყვანეს. როგორც ამბობენ, მომავალში მათ სხვებიც დაემატებიან. სამართლიანობისკენ მიმავალი პირველი ეტაპი უკვე დასრულდა: ჩვენ ვნახეთ იმ ადამიანთა სახელები და გვარები, ვინც ამ საქმეში დამნაშავეა და ვისმა გულგრილობამაც ამგვარ შედეგამდე მიგვიყვანა. ახლა გვაინტერესებს, როგორ იმარჯვებენ არაპროფესიონალი ადამიანები და კომპანიები ტენდერებში, ეს საჯარო განხილვის საგანი უნდა გახდეს. ქვების სროლა და ერთმანეთის ლანძღვა ამ სიტუაციაში უშედეგოა. ყველაფერი არგუმენტებით უნდა დამტკიცდეს და დასაბუთდეს. მეც ვფიქრობ, რომ ქალაქის მერის გადადგომის ბრმად მოთხოვნა სწორი არ არის. სიმართლე ხომ უნდა გავარკვიოთ? მხოლოდ ემოციის დონეზე გამოძიების ჩატარების დრო აღარ არის. ადამიანები, რომელთა გულგრილობის წყალობით ტრაგედია დატრიალდა, უკვე გამოავლინეს, ახლა უნდა გავარკვიოთ, ეს ადამიანები ამ საქმეში როგორ მოხვდნენ. ექსპერტებმა ისიც უნდა დაადგინონ, ვაკის პარკის რეაბილიტაციას ამხელა თანხა სჭირდებოდა თუ ბევრად ნაკლები თანხითაც შეიძლებოდა სამუშაოების ჩატარება? პარალელურად, ყველამ უნდა გავარკვიოთ, რა ხდება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში. მართლა არის თუ არა კორუფცია და თუ არის, უნდა აღმოიფხვრას. მოკლედ, ეს ინციდენტი არავის უნდა შერჩეს და მომავალში მსგავსი საშინელება აღარ განმეორდეს.
- თანამედროვე საქართველოში ბევრს კამათობენ უკრაინის გამოც.
- ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ ჩვენ ისევე ვართ დამოკიდებული რუსეთ-უკრაინის ომზე, როგორც მთელი პოსტსაბჭოთა სივრცე, უკრაინის და რუსეთის მეზობელი ქვეყნები და დანარჩენი მსოფლიო... ახლა, როცა სერიოზული გლობალური პროცესები მიდის და რუსეთის მიზანია, პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე ძველი ზეგავლენა დაიბრუნოს, ამ ომის შედეგებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. რუსეთს საბჭოთა კავშირის აღდგენაც სურდა, მაგრამ არ გამოუვიდა, რადგან უკრაინამ რუსულ არმიას დიდი წინააღმდეგობა გაუწია. ეს არც არის გასაკვირი: უკრაინა ევროპაში ყველაზე დიდი ქვეყანაა, რომელსაც ყოველთვის ძლიერი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი ჰქონდა: შესაძლოა, მკითხველმა არ იცოდეს, რომ მსოფლიოში, იარაღით ვაჭრობაში, პირველ ადგილზე რუსეთი იყო და მეორეზე - უკრაინა, რადგან მას საბჭოური პოტენციალი ბოლომდე არ გაუნადგურებია. ამას დაემატა დასავლეთის დახმარებაც, რამაც ხელი შეუწყო იმ ფაქტს, რომ უკრაინამ რუსეთის შემოტევებს ამდენ ხანს გაუძლო... რუსეთი ამ ომს ვერ მოიგებს, რადგან საერთაშორისო საზოგადოება უკვე აღარაფერს დაუთმობს. ის რუსეთს შიგნიდან დააძაბუნებს, გამოფიტავს და ჩამოშლის. ეს არის სახადი, რომელიც მსოფლიომ აუცილებლად უნდა მოიხადოს და ჩვენ გვინდა თუ არა, მიბმული ვართ ამ პროცესზე. ცივილიზებული სამყარო თავის ნაწილად მიიჩნევს უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს. ჩვენი მომავალი დიდწილად არის დამოკიდებული რუსეთ-უკრაინის ომზე. ამიტომ, ყველა ველოდებით, როგორ განვითარდება მოვლენები უკრაინის ფრონტზე.
- რას ფიქრობთ იმ ადამიანებზე, ვინც ამ სიტუაციაში უკრაინას და მის მთავრობას უპირისპირდება?
- უბრალოდ არ მესმის, ომში მყოფ ქვეყანას როგორ ლანძღავენ! უკრაინის ხელისულებამ ყველას დაანახვა, რომ მზად არის, სიცოცხლე გაწიროს თავისი ქვეყნის თავისუფლებისთვის. ხალხი, რომელიც ახლა უკრაინას ლანძღავს, ძალიან მეცოდება! რაღაცით მათი საქციელი შულავერის კომიტეტის საქციელს მაგონებს.
- მათი აზრით, თუ რუსეთი დამარცხდება და დაიშლება, საქართველოს ეს უფრო დიდ საშიშროებას შეუქმნის, ეს არგუმენტი რამდენად საფუძვლიანად მიგაჩნიათ?
- მგონი, მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცეში მცხოვრები ადამიანები ვართ ასეთი კატეგორიულები. დასავლეთი არავის დაშლის, რადგან მას არ სჭირდება დაშლილი რუსეთი. ეს მისი მიზანი არ არის. რუსეთი მშვენიერი ბუნებრივი რესურსების მქონე ქვეყანაა და რატომ უნდა დაშალონ? - უბრალოდ, ეს ქვეყანა საბაზრო კაპიტალიზმის სისტემაში მოექცევა, იქ კორუფცია აღარ იქნება და რუსეთის ხელისუფლებაში ადეკვატური პირები მოვლენ, ვისთანაც, საერთაშორისო საზოგადოებას ურთიერთობა არ გაუჭირდება. დასავლეთს არც ადრე სურდა რუსეთის დაშლა და არც ახლა უნდა, უბრალოდ, ამ ქვეყანაში სისტემა შეიცვლება. როცა ამბობენ, რომ პუტინი უნდა გადააყენონ, მას ფსბ-ც თან გაჰყვება - ეს აუცილებელია, რადგან თუ მარტო პუტინს გაუშვებენ და სისტემა დარჩება, ეს სისტემა აუცილებლად მოიყვანს მეორე პუტინს. დასავლეთი სწორედ ამ სისტემას ებრძვის! ეს არის მახინჯი სისტემა, რომელიც დაახლოებით ისე მუშაობს, როგორც ჩრდილოეთ კორეაში: ის ადამიანს თავისუფლებას ართმევს და ისე უყურებს, როგორც ჭანჭიკს, როგორც ნივთს. ამგვარ სისტემას შეუძლია ადამიანი მოკლას, დასაჯოს, გააქროს...
- ჩვენც ხომ გვემუქრება საფრთხე, რომ ძველ ორბიტას ანუ რუსულ რეჟიმს დავუბრუნდეთ?
- ჩვენ ეს არჩევანი 1990-იან წლებში გავაკეთეთ და ახლა თუ ვინმე ეცდება, საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში დააბრუნოს, დიდ სამოქალაქო დაპირისპირებას მოიმკის, ან ფიზიკურად განადგურდება. ყველა პოლიტიკოსი ნადგურდება და ავტორიტეტს კარგავს, რომელიც წინ, პროგრესისკენ კი არ მიდის, არამედ უკან იყურება და ნაბიჯებს წარსულისკენ დგამს. ისედაც უიმედოდ დარჩენილი ჩვენი საზოგადოება ამას ვეღარ მოითმენს და ქვეყანაში უმართავი პროცესი დაიწყება. საერთაშორისო საზოგადოებაც არ დაუშვებს საქართველოს უკან დაბრუნებას, ეს გამორიცხული ამბავია! რაც ყველაზე მთავარია - ამას ჩვენი საზოგადოება არ დაუშვებს!
- როგორ დაახასიათებთ ე.წ. პოლარიზაციას, რომელსაც დღევანდელ საქართველოში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ვხედავთ?
- 21-ე საუკუნის საქართველოში ყველაფერი პოზიციისა და ოპოზიციის დაპირისპირებით ინიღბება და საბოლოოდ, ქვეყნის საქმე ფუჭდება. ხშირად, ქართული პოლიტიკა "ძველ ვოდევილებს" მაგონებს: "მწყევლა - ვწყევლე, მესროლა აქანდაზი - ვესროლე "მაშა!" - დაახლოებით ასე ექცევიან ერთმანეთს პოლიტიკური ოპონენტები და ამით ქვეყნის საქმეს აფუჭებენ. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ჩვენი ორგანიზაციის სახელით, ყველას ვთხოვო: ნუ ლანძღავთ ერთმანეთს, ნუ ამცირებთ და ნუ სვრით ქვეყნის ავტორიტეტს საქართველოს ფარგლებს გარეთ! - ეს ჩვენვე გვაზიანებს და ყველას გვეხება - პოზიციასაც და ოპოზიციასაც.
- დაბოლოს, ამბობთ, რომ საქართველო მაინც გადარჩება... რას ეფუძნება თქვენი რწმენა?
- ეს ჩემი რწმენაცაა და დიდი სურვილიც, რომელიც განმტკიცებულია დასავლეთის განწყობით, ჩვენი მეგობრების დახმარებით და უკრაინელი ხალხის ბრძოლისუნარიანობით. მხოლოდ ზოგადი მსჯელობა რომ არ გამომივიდეს, გამოსავალზეც გეტყვით: საკმარისია, საქართველოში შემოვიყვანოთ მსოფლიო დონის რამდენიმე ბრენდი, რომელიც აქ სერიოზულ ინვესტიციებს ჩადებს, რომ სხვა ინვესტორებიც დაინტერესდებიან. ამ გზით ქვეყნის უსაფრთხოების ხარისხიც გაიზრდება. გარდა ამისა, სამეზობლო პოლიტიკაც უნდა გამოვიყენოთ: თბილისი კავკასიის რეგიონული ცენტრი უნდა გახდეს და ეს იყოს ადგილი მოლაპარაკებისთვის, შეხვედრებისთვის, ბიზნესისთვის... მნიშვნელოვანია კასპიისა და შავი ზღვის ქვეყნებს შორის ურთიერთობის მოწესრიგება და ამის ცენტრიც თბილისი უნდა იყოს. თუ ეს ყველაფერი მოგვარდება და საქართველო 30 წლის წინ არჩეულ კურსს არ გადაუხვევს, მას მთელი მსოფლიო მხარში ამოუდგება - აი, რას ეფუძნება ჩემი ოპტიმიზმი.
ხათუნა ჩიგოგიძე