ემიგრანტების ბეწვის ხიდი - ამერიკაში ახალი ცხოვრების დასაწყებად
ნახევარ წელიწადზე მეტია, თითქმის ყოველდღე ვიგებთ, როგორ ცდილობს ათასობით საქართველოს მოქალაქე არალეგალურად გადაკვეთოს მექსიკა-ამერიკის საზღვარი, ჩაჰბარდეს ამერიკელ მესაზღვრეებს, გაიაროს საემიგრაციო ციხე და ახალი ცხოვრება დაიწყოს... მიუხედავად იმისა, რომ ყველას არ უმართლებს, არ ნებდებიან და შემდეგშიც ცდიან ბედს...
ბოლო თვეებში, მექსიკის გავლით ამერიკაში მოხვედრა, საქართველოდან შრომითი მიგრაციის ახალი და ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. როგორც სტატისტიკა აჩვენებს, ადრე თუ 40 წელს ზემოთ მყოფი ადამიანები მიდიოდნენ, ახლა მიგრაციის ასაკი საგრძნობლად შემცირდა და საქართველოდან 20-25 წლის ახალგაზრდები მიდიან. არაოფიციალური ინფორმაციით, ერთი თვის განმავლობაში, მექსიკის გავლით ამერიკაში საქართველოდან დაახლოებით 60 ათასი ადამიანი წავიდა... გზის სირთულის, სიძვირის, რისკების, ეჭვების მიუხედავად, მიდიან ოჯახებით, ფეხმძიმე ცოლებსა და მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად. სოციალურ ქსელებში არსებობს ათობით ჯგუფი, სადაც არალეგალურად წასვლის მსურველები განიხილავენ ვინმე ჟენიას, ქირიმას, მამიას მომსახურებას. კითხულობენ და აზუსტებენ ფასებს, გზას, ვიზების საკითხებს... რაც უნდა გასაკვირი იყოს, მექსიკაში, საზღვრისპირა ქალაქებში, ქართველებმა, ადგილობრივების შენობები იქირავეს და ემიგრანტებისთვის საოჯახო სასტუმროები გახსნეს. მათი ვიზიტორების უმეტესობა ქართველი ან სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების წარმომადგენელია. ემიგრანტები ე.წ. გადამყვანს, 15-დან 20 ათას დოლარამდე უხდიან, მაგრამ მექსიკაში სასტუმროების მომსახურება გადამყვანისთვის წინასწარ გადახდილ თანხაში არ შედის.
36 წლის დავით ბათიაშვილი, ერთ-ერთ საჯარო უწყებაში მუშაობდა, მაგრამ რამდენიმე თვის წინ ამერიკაში არალეგალურად წასვლაზე დაიწყო ფიქრი:
- ყველაფერს ვკითხულობდი, ამა თუ იმ ემიგრანტის შესახებ მოყოლილ ამბავს დეტალურად ვეცნობოდი და ვფიქრობდი: გოგონებმა, ფეხმძიმე და ასაკოვანმა ქალებმა თუ შეძლეს ამ ყველაფრის ატანა, როგორ ვერ უნდა შევძლო-მეთქი მე? ჩემი გადაწყვეტილების შესახებ ოჯახის წევრებს რომ ვუთხარი, აღშფოთდნენ: სად უნდა წახვიდე, მექსიკის საზღვრის სირთულეებს რომ თავი დავანებოთ, საემიგრაციო ციხე საშინელებაა, ზოგი თვეობით ვერ უკავშირდება ოჯახს და იქ შიმშილს, სიცივეს, შიშს, გაურკვევლობას როგორ უნდა გაუძლოო? მაგრამ ავიკვიატე, - აუცილებლად უნდა წავიდე-მეთქი. მეგობრისგან, რომელიც წლების განმავლობაში ჩემთან მუშაობდა, მესმოდა, რომ ბოლო თვეებში მექსიკის გავლით ამერიკაში მასობრივად მიდიოდნენ საჯარო მოხელეები - პოლიციელები, სამხედროები, საბაჟო სამსახურის თანამშრომლები, ბანკის მოსამსახურეები, სკოლის მასწავლებლები, საბავშვო ბაღის აღმზრდელები... ყველას ჰქონდა სამსახური, სტაბილურიც კი, მაგრამ მათ ჩემსავით, წინსვლის პერსპექტივა არ გააჩნდათ. როდესაც გარშემო ყველაფერი ძვირდება, ფასები ყოველდღიურად იზრდება, 5 წლის წინანდელი ხელფასით ვერ იცხოვრებ. დრო ხელფასიდან ხელფასამდე გადის, ვერაფერს ცვლი და ნერვები გეშლება. თუ რამდენიმე წლის წინ ხელფასიდან ხელფასამდე ვცხოვრობდი, ანუ შემოსავალი როგორღაც მყოფნიდა, ბოლო ხანებში იძულებული ვიყავი, ვალი დამეხვედრებინა, რასაც ვისტუმრებდი და ორ-სამ კვირაში ისევ ვალს ვიღებდი. ასე გრძელდებოდა წელიწადზე მეტხანს... ყველა ქართველი, ვინც მექსიკის სასტუმროში იყო, იმავეს ჰყვებოდა. პოლონეთის სამუშაო ვიზით წამოვედი ვარშავაში, შემდეგ ლისაბონში, იქიდან - მექსიკაში. როდესაც კანკუნის სასტუმროში დავბინავდი, გაგვაფრთხილეს, ქუჩაში სეირნობას მოერიდეთო. მე კი მაინტერესებდა, გარშემო რა ხდებოდა და შებინდებულზე გავედი. იცით, თავი საქართველოში მეგონა, რადგან სულ ქართველების საუბარი მესმოდა. ყველაზე მეტად 64 წლის ქალის დანახვამ გამაოცა, სამტრედიის ერთ-ერთი სკოლაში მათემატიკის მასწავლებლად მუშაობდა. სამი თვეა დავანებე თავი სამსახურს, რადგან შვილს ოპერაცია დასჭირდა და მის საბუთებზე დავრბოდი, მერე კი, მოვლა სჭირდებოდაო... ათი დღე ყოველდღე ვხვდებოდით ერთმანეთს სასტუმროს ბინადარი ქართველები და ვსაუბრობდით. ყოფილმა მასწავლებელმა თქვა: მრცხვენია ამის აღიარება, მაგრამ რაც წამოვედი, იმის მერე ოჯახის წევრები კი არა, სკოლა, გაკვეთილები, ბავშვებთან ურთიერთობა მესიზმრება, სულ დაფასთან ვდგავარ და ახალ გაკვეთილს ვხსნიო. 32 წელი მუშაობდა სკოლაში... იმის ნაცვლად, ტკბილ სიბერეზე ეფიქრა, სადღაც შორეულ ქვეყანაში ახალი ცხოვრების დაწყებაზე, სამუშაოს შოვნაზე ფიქრობდა, ვალები რომ გაესტუმრებინა...
ერთხელ მოვდივარ ამ ქვეყანაზე, დალოცვილი უფალი ერთხელ მაძლევს სიცოცხლეს და არ მინდა, ეს წლები გაურკვევლობაში გავლიო. ვცდი მაინც ჩემი ცხოვრების შეცვლას და თუ გამომივიდა, მაგას რა სჯობს, თუ არადა, ის მაინც მექნება სათქმელი, რომ უკეთესი მომავლისთვის ვიბრძოლე...
- ისეთებიც არიან, ვისაც პირველ ცდაზე ამერიკაში ახალი ცხოვრების დაწყება რომ არ გამოუვიდა, არა?
- დიახ, ამის შესახებ მანამდეც ვიცოდი, მაგრამ მექსიკაში გავიცანი ხალხი, ვინც მესამედ და მეოთხედ ცდილობდა ამერიკაში მოხვედრას. უკანდასახევი არ გვაქვსო, - მითხრეს... როდესაც კანკუნიდან ტიხუანაში ჩავფრინდით, გადამყვანებმა გაგვაფრთხილეს, ახლა აქედან ერთ-ერთ უახლოეს დასახლებულ პუნქტში მიგიყვანთ და იქ სრულდება ჩვენი "მისია", იმის იქით, თავად უნდა უშველოთ თავსო. ადგილი, სადაც მიგვიყვანეს, სოფლის დასახლებას ჰგავდა, ერთსართულიანი, ე.წ. ბელეტაჟის სახლებით. ერთ-ერთ ეზოში შევიკრიბეთ, ორასამდე ადამიანი ვიქნებოდით. ეტაპობრივად მივყავდით საზღვრისკენ. ძალიან ვნერვიულობდი. ზოგს ყელამდე მდინარის გადალახვა უხდებოდა, ზოგი 15 წუთის სავალი გზის გავლას 4 საათს ანდომებდა. შტატებთან ეს 3140 კმ-იანი სიგრძის საზღვარია, რომელიც წლებია, ჩემნაირი არალეგალი მიგრანტების თავშეყრის ძირითადი ადგილია. საბედნიეროდ, ძალიან მალე, უპრობლემოდ გავიარე ეს გზა, მდინარეში რომ შევედი, მუხლს ზემოთ იყო, ცივი, მაგრამ ასატანი. ეს სირთულეები და რისკები წინასწარ გააზრებული მქონდა... ამერიკის მხარეს სველი ტანსაცმელი გამოვიცვალეთ. იქ პლასტმასის ბოთლებით წყალი დაგვახვედრეს, ხელ-პირი დავიბანეთ და ამერიკელ მესაზღვრეებს დაველოდეთ. ისინიც იქვე იყვნენ, მაგრამ ჩაბარების მსურველთა რიგი იდგა. ყველაფერი ჩამომართვეს, მათ შორის: საბუთები, პირადი ნივთები, ზურგჩანთა, რომელშიც ტანსაცმელი და სხვა რამეები მელაგა. თასმებიც კი შეგვხსნეს, ყველაფერი ერთ პარკში მოათავსეს და დალუქეს. შემდეგ, სხვადასხვა მანქანაში გადაგვანაწილეს. იქიდან დაკავების ოთახში გადაგვიყვანეს.
გაუსაძლისი პირობები იყო. იქ ყველა სხვადასხვა დროით რჩება - ზოგი ერთ დღეს, ზოგი ერთ კვირას. მე ხუთი დღე დავყავი. მერე სადღაც მიგვიყვანეს, ბანაკივით იყო, კარავი, დიდი რკინის კონსტრუქციებით. მოსაცდელში დაგვსხეს და ფოლგები მოგვცეს, როგორც პლედი. ჯერ გამიკვირდა, მაგრამ რომ შემცივდა, შემოვიხვიე და გაყინვას გადავურჩი, ღამე ძალიან ციოდა. საშინელი ანტისანიტარია იყო. გვიან მივხვდი, ზონრებს იმიტომ გხსნიან, რომ იქ თავს რამე არ დაუშავო. ვიღაცებმა ვერ გაუძლეს იქ არსებულ სიტუაციას და დეპორტი ითხოვეს.
იქიდან არიზონას ციხეში გადამიყვანეს. ჩემთან ერთად, საკანში კოლუმბიელები იყვნენ და რომ არა პოსტსაბჭოთა ქვეყნების სხვა წარმომადგენლები: ჩეჩნები, ინგუშები, უკრაინელები, რუსები და პოლონელები, მათ მარტო ვერ გავუმკლავდებოდი. ძალიან აგრესიული, უხეში, მოუწესრიგებელი ხალხია. ცდილობდნენ, როგორმე წამოეკიდებინე, რათა მერე დაცვა შემოსულიყო. თუმცა, რამდენიმე დღეში მიხვდნენ, რომ ადვილად დასაჩაგრი ხალხი არ ვართ.
ჩემთან ერთად იყო ჩეჩენი სპორტსმენი ბიჭი, რომელიც კადიროვის რეჟიმს გამოექცა. ჭიდაობაში მას მიღწევები ჰქონდა და რამდენჯერმე კადიროვმა გასვლითი ღონისძიება დაუფინანსა, შემდეგ კი მოსთხოვეს, სამადლობელი ვიდეო ჩაეწერა, რათა კადიროვი კმაყოფილი დარჩენილიყო... თქვა: პირიქით მოვიქეცი, მისი რეჟიმი გავაკრიტიკე, ოღონდ რესპუბლიკა რომ დავტოვე, მერე გამოვაქვეყნე და ჩემს ოჯახს მიუცვივდნენ, ისინიც იძულებული გახდნენ, ბოდიში მოეხადათ. მამა არ მყავს და ეს ტვირთი უფროსმა ბიძამ იკისრა, - ვერ აღვზარდეთ ღირსეული კაციო, უთქვამთ ვიდეოში. გადარჩნენ, მაგრამ მათ ოჯახზე მკაცრი კონტროლი დაუწესებიათ... ჩემთან ერთად უამრავი რუსიც იყო. ომს გამოვექეცითო, ამბობდნენ და გაირკვა, რომ მათ შეღავათებიც დაუწესეს. ზოგი ძალიან მალე გაუშვეს და ბინითაც უზრუნველყვეს... მე დაახლოებით ერთი თვე მომიწია ციხეში ყოფნამ. ჩემი სპონსორი (ადამიანი, რომელსაც ამერიკის მოქალაქეობა, ყოველთვიური სტაბილური შემოსავალი და საკმარისი საცხოვრებელი ფართობი აქვს, ახალჩასული ემიგრანტის შეფარება რომ შეძლოს) ბალტიმორში ცხოვრობდა და მუშაობდა. მას გადაურეკეს, მისი შემოსავლები დეტალურად შეამოწმეს და გამიშვეს. უცხო ქვეყანაში ვიყავი, მაგრამ იმ ჯოჯოხეთის შემდეგ, გარეთ რომ გავედი, მეგონა, ხელახლა დავიბადე და ლამის მიწას ვაკოცე... იმ დროის განმავლობაში 12 კილოგრამი დავიკელი. რაც მეცვა, იმის გარდა, ტანსაცმელი - ყველაფერი დავკარგე, მხოლოდ საბუთები და თანხა დამიბრუნეს, მაგრამ კიდევაც რომ მქონოდა, ძველი სამოსი არ მარგებდა...
შვებით ამოვისუნთქე, რადგან გარეთ საიმედო ადამიანი მელოდა, მაგრამ მერე გავიგე, რომ წლების წინ წასული ქართველები, ვინც შეძლო და ამერიკაში თავი დაიმკვიდრა, სპონსორობით ფულს "აკეთებენ"... ერთ ადამიანს მხოლოდ ერთის მეურვეობა შეუძლია, მაგრამ ფინანსების გადათამაშებას ახერხებენ, ვიღაც სხვას წილის სანაცვლოდ ურიგდებიან, თანხებს ურიცხავენ, რომ სტაბილური შემოსავალი უფიქსირდებოდეს და ახალჩასულ ქართველს სპონსორობას უფორმებენ.
- ეს როგორ ხდება?
- ემიგრანტი ქართველებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სპონსორს, ამიტომ ის წინასწარ ურიგდება იქ მცხოვრებ ადამიანს, ვისაც სტაბილური საცხოვრებელი აქვს და მასზე მეურვეობის აღებისთვის, არაპირდაპირი გზით თანხას ურიცხავს... ეს გაიგეს იქაურმა ქართველებმა და ბიზნესად აქციეს. გაფორმებული აქვთ, რომ ემიგრანტმა მათთან უნდა იცხოვროს, რამდენიმე დღე ჰყავს კიდეც, მაგრამ შემდეგ, წინასწარ ნაქირავებ ფართობში გადაჰყავთ, რაშიც მათ ფულს - ქირას ახდევინებენ. ყოფილა შემთხვევა, რომ ბინაში, რომელიც მხოლოდ 7 ადამიანზეა გათვლილი, 10-11 კაცი შეჰყავთ. თან, საწოლიც არ არის. ეუბნებიან, რომ მატრასი თავად უნდა მიიტანონ. თან, საუბარია 25 კვმ-იან ოთახზე.
სოციალური სამსახური რეგულარულად ამოწმებს ახალჩასახლებულებს. ამერიკის საემიგრაციო სამსახურში იციან, რომ მშიერი, გაწამებული, უფულო, უსაბუთო მიგრანტის ქუჩაში გაშვება რისკიც არის და არაჰუმანური საქციელიც. ამიტომ, მესაზღვრე რეკავს სპონსორის ამერიკულ ნომერზე და ამერიკული მისამართის ნამდვილობას ამოწმებს, ამიტომაც ქართველებს ყველაფერი წინასწარ აქვთ გათვლილი. ამბობენ, რომ ადრე ასე არ ხდებოდა. ბოლო ხანებში, როგორც კი მიგრაციის ნაკადმა იმატა, მადა მათაც გაეხსნათ.
ასე რომ, ამერიკის საემიგრაციო ციხიდან გათავისუფლება არ ნიშნავს, რომ პრობლემები დასრულდა. არის შემთხვევები, როდესაც ისევ ჩვენი თანამემამულეები გვიქმნიან საფრთხეს - მათ იმედად ჩასულებს, რადგანაც ინგლისურ ენას ვერ ფლობენ, ძალიან დაბალ ფასად, შავ მუშად ამუშავებენ, რათა ბინის ქირა დააფარვინონ... ფაქტობრივად, ტრეფიკინგია, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ დამწყვდეული არ ხარ.
აქ ძალიან ბევრი უკრაინელი, პოლონელი, რუსი და ბელორუსი მუშაობს, ძირითადად, მშენებლობის ბიზნესში არიან დასაქმებული, რადგან ყოველთვის შედარებით იაფი მუშახელი სჭირდებათ, ანუ მათთვის ძალზე მისაღები კადრია არალეგალი, რადგან არ უწევთ მისთვის ჯანდაცვის დაზღვევის თანხის გადახდაც... უამრავი ქართველი ვნახე, რომლებიც პირდაპირ ქუჩაში, ნაგვის ბუნკერებთან ცხოვრობენ, იქიდან იღებენ საკვებს, თბილ პლედებს, ტანსაცმელს... ამ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს, რა თქმა უნდა, ურჩევნია თავშესაფარი და თუნდაც, დაბალი ანაზღაურება ჰქონდეს. სამუშაოს შემდეგ, აბაზანას მაინც მიიღებს და ღამე თბილად დაიძინებს, თუნდაც იატაკზე დაგებულ მატრასზე...
ამერიკაში უამრავი ცდუნებაა. ერთ-ერთია იაფი და ხელმისაწვდომი ნარკოტიკი. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც შავ მუშად მუშაობს, ნარკოტიკის მოხმარებას იწყებს და "თეთრი სიკვდილიც" მოდის. ისინი 4-5 საათის განმავლობაში შეუსვენებლად მუშაობენ მშენებლობაზე, საშენ მასალებს ეზიდებიან ან რამდენიმე ათეული მეტრის სიმაღლეზე არიან დაკიდებული კედლის შესალესად, მერე კი, დღის ბოლოს, ასე სიმწრით ნაშოვნ გასამრჯელოს როცა აიღებენ, სპეციალურ უბნებში მიდიან ნარკოტიკის შესაძენად...
- თქვენ სად მუშაობთ?
- ნიუ-იორკში, ყოფილ ბიზნესმენს ვუვლი, რომელსაც ახლა გადაადგილება უჭირს. მას ჰყავს ძაღლი - ნაგაზი, რომელიც ძალიან შემეჩვია. ველოდები მათგან შემოთავაზებას, რომ მათ სახლში გადავიდე, ეს ძალიან მაწყობს, რადგან პირველი სამი თვის განმავლობაში ჩემს ხელფასს დამსაქმებელს ვუხდი. ადრე ერთი თვისას ითხოვდნენ, შემდეგ ორისას, ახლა სამი უნდათ... ამიტომ, ჩემთვისაც მისაღებია მასთან ცხოვრება, ხარჯი არ მექნება. მას სადილს ვუმზადებ, ვასეირნებ, საყიდლებზე დავყვები. თუ გამიმართლა და აქაური მართვის მოწმობა ავიღე, მისი მძღოლი ვიქნები, რაშიც დამატებით გადამიხდიან.
ლალი პაპასკირი