საზოგადოებისთვის უცნობი ფასდაუდებელი საუნჯე - გზაპრესი

საზოგადოებისთვის უცნობი ფასდაუდებელი საუნჯე

გაბრიელ მცირე თბილისელი იყო. მაღალი სულიერებითა და პატიოსნებით გამოირჩეოდა, ამიტომაც ვერ შეჰგუებია ქალაქის მშფოთვარე ცხოვრებას, ერთ დღეს ყველაფერი მიუტოვებია და გარეჯაში, ნათლისმცემლის სახელობის მონასტერში ბერად აღკვეცილა. სწორედ ამ დროიდან იწყება მისი მწიგნობრული საქმიანობა.

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი კალანდაძე 11 წელია, გაბრიელ მცირის შემოქმედების შესწავლასა და მის წიგნად გამოცემაზე მუშაობს. როგორც თავად გვითხრა, კვლევის მიზანი წმინდა გაბრიელის ტექსტების მეცნიერული შესწავლა იყო, შემდეგ კი მათი აკადემიური გამოცემის მომზადება. პროექტზე მუშაობა რთული და ამასთანავე, მეტისმეტად საინტერესო, შთამაგონებელი იყო.

- გაბრიელ მცირის სამწერლო მოღვაწეობამ სათანადო კვალი დააჩნია ქართულ სასულიერო მწერლობას. მისი ლიტერატურული დანატოვარი ორ ძირითად მიმართულებას მოიცავს: 1. ორიგინალური თხზულებები და 2. შედგენილი კრებულები. მან ორიგინალური სასულიერო თხზულებები გააერთიანა ხელნაწერ კრებულში: "ჯუარშემოსილი". ეს კრებული ამჟამად დაცულია ბოდლეს ბიბლიოთეკაში, მარჯორი უორდროპის ფონდში. კრებული მნიშვნელოვანია ისტორიულადაც და სასულიერო კუთხითაც. მიზეზი იმისა, თუ რატომ არ იყო "ჯუარშემოსილი" სათანადოდ ცნობილი და ხელმისაწვდომი XX საუკუნის 90-იან წლებამდე არის ის, რომ იგი მხოლოდ ერთი ხელნაწერითაა შემონახული. სწორედ ეს ხელნაწერი საქართველოდან გაიტანეს უორდროპებმა.

როდესაც თეოლოგი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, არქიმანდრიტი გრიგოლ ფერაძე ინგლისში ჩავიდა, "ჯუარშემოსილიდან" რამდენიმე ტექსტი სწორედ მაშინ გამოაქვეყნა. შემდეგ ამ ხელნაწერიდან ქვეყნდებოდა სხვადასხვა ტექსტი. გაბრიელ მცირის რამდენიმე ნაშრომი წლების წინ გამოაქვეყნა "პალიტრა L"-მაც და, რა თქმა უნდა, ესეც წინგადადგმული ნაბიჯი იყო მწერლის ფართო საზოგადოებისთვის გასაცნობად, თუმცა ტექსტები, რომლებიც ადრე გამოიცემოდა, აკადემიურად არ იყო შესწავლილი, მხოლოდ ერთი ხელნაწერის ან არსებული პუბლიკაციის საფუძველზე გამოიცემოდა ხოლმე.

წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" ტექსტები უმეტესწილად 4 ხელნაწერს მაინც არის შედარებული. აკადემიური ტექსტის დასადგენად ჩატარებულია ტექსტოლოგიური და გამოცემათმცოდნეობითი კვლევები. პირველად აკადემიურად მომზადდა კრებული "სამოთხის ყუავილი". შემდგომ მას სათითაოდ მიჰყვა წმინდა გაბრიელის ორიგინალური თუ შედგენილი ყველა ნაშრომი, რასაც მთლიანად 11 წელი დასჭირდა.

მუშაობის პროცესში ვგრძნობდით აუცილებლობას და დიდ პასუხისმგებლობას გაბრიელ მცირის ლიტერატურული დანატოვარის მაღალ მეცნიერულ დონეზე სრულყოფისა და სათანადოდ გამოცემისა. საბედნიეროდ, მოხერხდა წიგნის მეცნიერულად მომზადება და მისი დასტამბვა მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე; წიგნისა, რომელიც მოიცავს გაბრიელ მცირის მთელ შემოქმედებით დანატოვარს. გამოცემას დართული აქვს ვრცელი მეცნიერული კვლევა და ანოტირებული საძიებელი. სქოლიოებში განმარტებებია მოცემული, რაც მკითხველს უადვილებს ტექსტის აღქმასა და გაგებას.

წიგნის მომზადების პროექტში ჩართული იყო ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომელი, ღვაწლმოსილი მეცნიერი, პროფესორი მიხეილ ქავთარია. სამწუხაროდ, იგი 2019 წელს გარდაიცვალა. წიგნზე მუშაობა გაგრძელდა და დასრულდა 2022 წელს.

311423274-1152857882319710-4104943972821557117-n-1667200762.jpg

- რას გვამცნობს კრებული "ჯუარშემოსილი" 6000 ბერის საძვალის შესახებ?

- გაბრიელ მცირის თხზულებაში უმნიშვნელოვანესი რამ არის მოთხრობილი: ისტორიულად ცნობილია, რომ შაჰ აბასის ერთ-ერთი შემოსევის დროს 6000 ბერი მოწამებრივად აღესრულა გარეჯში. მათი საძვალე საქართველოსთვის, რა თქმა უნდა, დიდი სიწმინდეა. აქამდე ვიცოდით, რომ 6000 მარტვილის საძვალე მდებარეობდა დავითგარეჯის მონასტერთან. ბევრმა დღესაც არ იცის, რომ არსებობს მეორე საძვალე, რომელიც იოანე ნათლისმცემლის მონასტერთან ახლოს მდებარეობს. ამ მიტოვებულ მონასტერს წამებულის მონასტერი ჰქვია. სწორედ გაბრიელ მცირის ტექსტიდან გახდა შესაძლებელი გაგვეგო ამ საძვალის შესახებ. გაბრიელ მცირე თავად წერს, რომ წამებულის მონასტერში ჩვენი წმინდანების უფრო მეტი ნაწილია დაცული, ვიდრე დავითგარეჯაში. თავის დროზე ნათლისმცემელიც და გარეჯაც სამეფო მონასტრები იყო და მათ ჰპატრონობდნენ მეფეები. ეს საძვალეც მეფეების მიერ იყო დაცული და პატივმიგებული, მაგრამ, როგორც ჩანს, დროთა სიავის გამო ყურადღება ვეღარ მიექცა.

- რას იტყვით გაბრიელ მცირეზე როგორც მწიგნობარზე?

- გაბრიელ მცირე XVIII საუკუნის მიწურულის გარეჯის ლიტერატურული სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენელია. მის მიერ შედგენილი კრებულები უაღრესად დახვეწილია. მნიშვნელოვან ხელოვნების ნიმუშებს წარმოადგენს მისი მინიატიურებიც, თვითონვე ხატავდა და აფორმებდა ხელნაწერებს. თავის დროზე გაბრიელ მცირის კრებულები ძალზე მოთხოვნადი იყო, ამის დასტურია მისი ნაშრომების ჩვენამდე მოღწეული 100-ზე მეტი ხელნაწერი. შედგენილი კრებული სულ შვიდია: "სამოთხის ყუავილი", "გვირგვინი", "ოქროს წყარო", "კლიტე", "სუფევა", "სამასეული" და "მანანა". კრებულები მოიცავს ტექსტებს იოანე ოქროპირის, მაქსიმე აღმსარებლის, ბასილი დიდისა და სხვა წმინდა მამათა თხზულებებიდან. ყველა ჩამოთვლილ კრებულს თავისი მიმართულება აქვს. მაგალითად, მოგახსენებთ "ჯუარშემოსილის" შესახებ: იგი 4 ძირითად თავადაა დაყოფილი. ყველაზე მნიშვნელოვანი ბოლო ნაწილია, რომელშიც მოთხრობილია გარეჯაში მოღვაწე ბერების ცხოვრება და სასწაულები. ამდენად, ეს წიგნი მნიშვნელოვანია სასულიერო კუთხით და ასევე ისტორიული თვალსაზრისითაც.

- თუ შეგიძლიათ მეტი გვითხრათ წიგნში აღწერილი სასწაულებისა და მამათა ცხოვრების შესახებ?

- მოგითხრობთ ერთ-ერთი სასწაულის შესახებ: ერთხელ ნათლისმცემლის მონასტერში ჭირი გაჩნდა და საძმოს დიდი ნაწილი ავად გახდა. წამებულის მონასტერში გადავიდნენ ბერები. იქიდან ორი ძვალი წამოიღეს, ჯვრის სახედ შეკრეს, პარაკლისი გადაიხადეს, აიაზმაც აკურთხეს. წმინდა გაბრიელი მოგვითხობს: "მას შინა განვბანეთ ნაწილნი იგი წმიდათანი, და წყალი იგი ყოველთა ვიხმიეთ და ყოველნი სენაკნი და ადგილნი მონასტრისანი ვასხურეთ. და მადლითა ყოვლადსახიერისა ღმრთისათა და ლოცვითა მათ წმიდათათა მუნ - თქვესვე რომელნი სნეულ იყვნეს, განიკურნეს და ყოველნივე უვნებელად დავიცვენით". გაბრიელ მცირეს მოთხრობილი აქვს ასევე წმინდა მამების მიერ ლოცვით სნეულთა განკურნების სხვა შემთხვევებიც. მაგალითად, მოთხრობილი აქვს, თუ როგორ გააცოცხლა ერთ-ერთმა ბერმა ბავშვი. ასევე აქვს აღწერილი სხვა სასწაულებიც, რომლებიც დავითგარეჯაში ხდებოდა XVIII საუკუნეში.

რაც შეეხება მამათა ცხოვრებას, აღწერილია, როგორი ურთიერთობა ჰქონდათ ბერებს ერთმანეთთან და როგორი იყო საერთოდ მონასტრული ცხოვრება; რომ ეს იყო ურთიერთპატივისცემის დიდი სკოლა, სადაც სუფევდა სიყვარული, დახვეწილი, ზომიერი ურთიერთობები და დიდი სიმდაბლე. ამის მაგალითი მრავლად აქვს მოტანილი გაბრიელ მცირეს. მამების ნაწილი, რომლებზეც გაბრიელ მცირე წერს, სწორედ მისი ამ ტექსტების საშუალებით გახდნენ ცნობილნი და ზოგიერთი მათგანი კანონიზებულია მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ.

- მისი გარდაცვალების შესახებ რა არის ცნობილი?

- ლეკიანობის დროს გაბრიელ მცირე მეგობართან ერთად თბილისიდან ბრუნდებოდა. იგი მოთარეშე ლეკებმა შეიპყრეს და თავი მოჰკვეთეს. ეს მოხდა 1802 წელს. ამ დროს წმინდა გაბრიელი მიახლოებით 50 წლის იყო (ზუსტი ცნობები არ მოგვეპოვება). კვლევებით დასტურდება, რომ გაბრიელ მცირე აღსრულებიდან მალევე წმინდანად შერაცხეს.

ნინო ჯავახიშვილი