"ალბათ ამ საქმის კეთებაში ჩემი გვარიც მეხმარება!" - გზაპრესი

"ალბათ ამ საქმის კეთებაში ჩემი გვარიც მეხმარება!"

26 წლის ნიკა მჭედლიშვილი დანების კოლექციონერი არასოდეს ყოფილა, უბრალოდ ამ ნივთის შექმნისა და ჭედვის პროცესი მისთვის ყოველთვის საინტერესო იყო, ამიტომ გადაწყვიტა, ეს საქმიანობა შეესწავლა. ძირითადად სანადირო დანებს ამზადებს და ისინი რამდენიმე დიზაინის მიქსის შედეგია. ესკიზს იშვიათად ხატავს და უმთავრესად იმპროვიზაციას მიმართავს. დანის პირის გარდა, ტარისა და ქარქაშის შესაქმნელად ხეზე მუშაობაც უწევს და დანის ბუდისთვის ნატურალური ტყავის მასალაზეც. ყოველდღიურად სწავლობს და პრაქტიკაში მისი ხელი ყოველდღიურად იხვეწება.

1-1667201628.jpg

- პროფესიით სოციოლოგი ვარ, ამჟამად ვსწავლობ მაგისტრატურაში პიარის მიმართულებით. დანების კეთება დაახლოებით ორწელიწად-ნახევრის წინ დავიწყე. "კორონას" პანდემიის პირველ ეტაპზე, როცა ვერაფერს აკეთებდი, ბევრმა რაღაც საქმეს მოჰკიდა ხელი და მეც ანალოგიურად ვიყავი. თან, სამსახურში დისტანციურ მუშაობაზე გადავედით და იმ საქმისთვის გამომიჩნდა დრო, რომელიც ბავშვობიდან მომწონდა. სოფელში წავედი და დანების კეთება დავიწყე. საამისოდ არც ძალას ვიშურებდი და არც ენერგიას. ტექნიკა ინტერნეტიდან შევისწავლე, მაგრამ პრაქტიკა გაცილებით მეტის მომცემია და მეც ასე ვიყავი. პირველი ეგზემპლარი დღევანდელი გადმოსახედიდან დიდი არაფერი იყო, მაგრამ მეგობრებსა და სოციალური ქსელის სხვადასხვა ჯგუფში გამოქვეყნებისას აღფრთოვანება რომ გამოიწვია, გადავწყვიტე, მეორე, მესამე ნამუშევარიც დამემზადებინა და მას შემდეგ არ გავჩერებულვარ.

2-1667201655.jpg

- თქვენს ნამუშევრებს პროფესიონალის ხელი ეტყობა, ვერ იტყვი, რომ ასეთ მცირე დროში დახვეწეთ ტექნიკა...

- დიდი მადლობა. დიდი პრაქტიკის შედეგია, ალბათ ცოტა ნიჭიც მეხმარება და გვარიც - მჭედლიშვილი (იღიმის).

0-1667201644.jpg

- როგორ რეჟიმში და რა მასალებით მუშაობთ?

- ერთი წლის წინ სამსახურიდან წამოვედი და სულ დანებზე ვფიქრობდი, ამიტომ გადავწყვიტე მთელი დრო ამ საქმისთვის დამეთმო. წელს ზაფხულში თბილისში სახელოსნო გავხსენი და მას შემდეგ ამ საქმეს მივყვები. მასალა მრავალფეროვანია, დაწყებული ნახშირბადოვანი ფოლადებით, დამთავრებული უჟანგავი და ფხვნილოვანით, რომლებსაც ევროპის ქვეყნებიდან ვიწერ. ტარის მასალად ხეს ვიყენებ, კერძოდ კაკლის ფესვს და სხვადასხვა ცხოველის რქას: ირმის, არჩვის... დანების კეთებისას კიდევ ერთი პროფესიის შესწავლა მომიხდა - ტყავზე მუშაობის, რადგან დანის ბუდეებსაც მე ვკერავ. განრიგი არ მაქვს, დღეში დაახლოებით 5-6 საათს ვმუშაობ ანუ მანამ, სანამ პროდუქტიული ვარ და ამავდროულად, ამ საკმაოდ რთული საქმის შესრულებას შესაბამისი ხასიათიც სჭირდება. ყოფილა ნივთი, რომლის დამზადებას მთელი კვირა დასჭირვებია და ზოგიერთი 2 დღეშიც დამისრულებია, საშუალოდ 2-3 დღეში მაქვს ხოლმე მზად. თავდაპირველად სახლში არსებული მინიმალური ხელსაწყოებით დავიწყე მუშაობა. დროთა განმავლობაში შემატება-შეძენამაც მომიწია. დღემდე დაახლოებით 40-მდე დიზაინის დანა მექნება შექმნილი. ამ გაზაფხულზე კორპორაციული შეკვეთა მქონდა და სტეიკის რესტორნისთვის 50 ერთნაირი დანა დავამზადე. ახლა ძირითადად შეკვეთების შესრულებით ვარ დაკავებული და ვინაიდან ამას დიდი დრო მიაქვს, მაგრამ კვირაში ერთ დღეს მაინც ვუთმობ ახალი დიზაინის დანის კეთებას, რომელიც შემდეგ ან იყიდება, ან ვინმეს ვჩუქნი. გამორიცხული არ არის, რომ მომავალში კიდევ რამე ჩემთვის ახალი პროფესია შევისწავლო, თუმცა ამ ეტაპზე დაგეგმილი ჯერჯერობით არაფერი მაქვს.

ანა კალანდაძე