"იწყებ ძერწვას და ბოლოს ორიგინალური ნივთი რომ გამოდის, ეს კარგ შეგრძნებებს გიჩენს" - გზაპრესი

"იწყებ ძერწვას და ბოლოს ორიგინალური ნივთი რომ გამოდის, ეს კარგ შეგრძნებებს გიჩენს"

"ვცდილობ ისეთი ნივთები შევქმნა, რაც აქამდე არავის გაუკეთებია, ჩემებური ხელწერაც მაქვს. ვამზადებ: ჭიქებს, ბრელოკებს, სამკაულებს, სუვენირებს... მთავარია, რაც შეიძლება მეტი ქართული ელემენტი, სული და გული ჩავდო ჩემს ნამუშევრებში", - ამბობს პროფესიით არქიტექტორი ნიკა გაგლოშვილი, რომელიც ხელოვნებით ბავშვობის წლებშივე "მოიწამლა"...

- მამაჩემი კარგად ხატავდა, დედა - ფორტეპიანოს მასწავლებელია, მე და ჩემს დასაც გადმოგვეცა მათი ნიჭი, ხელოვნების სიყვარული. ხატვა ჯერ კიდევ სკოლის მოწაფემ დავიწყე, მეგობრების პორტრეტებსაც ვხატავდი... სკოლის დამთავრების დღეს, ბოლო ზარზე ბევრ კლასელს მოვუხატე პერანგი. ხელმარჯვე ვიყავი და სხვადასხვა ნივთს ვამზადებდი. მაგალითად, ხისა და ქსოვილის სათამაშოებს. ასევე, ქვაზე კვეთა და მოხატვაც კარგად გამომდიოდა. ბევრი ნივთი სკოლის გამოფენებზე მივიტანე და დავტოვე...

294654429-3116972831886748-6148851602752552187-n-1667201810.jpg

- რის მიხედვით აირჩიეთ პროფესია?

- ყვარლის მე-2 საჯარო სკოლა დავამთავრე. ძალიან კარგი მასწავლებლები მყავდა. კარგად ვსწავლობდი და საატესტატო გამოცდებიც წარმატებით ჩავაბარე. პროფესიის არჩევისას მშობლების რჩევაც გავითვალისწინე: რადგან ხატვა და ხაზვა მიყვარდა, მირჩიეს არქიტექტურის ფაკულტეტზე ჩამებარებინა. რომ არა არქიტექტურა, ალბათ სამხედრო აკადემიაში ჩავაბარებდი. ძალიან მიყვარდა და მიყვარს ქართული არმია.

საბოლოოდ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, არქიტექტურის ფაკულტეტზე წარმატებით ჩავაბარე და გრანტით ჩავირიცხე. ჩემმა მოლოდინმა გაამართლა - ეს პროფესია ნამდვილად საჭირო, საინტერესო და მრავალფეროვანია. არა მხოლოდ ხაზვას, ხატვასა და პროექტირებას ვსწავლობდით, არამედ - მათემატიკას, გეომეტრიას, უცხო ენას, ხელოვნების ისტორიას, ფსიქოლოგიას, ფილოსოფიას და ა.შ.

294769505-603873421161082-1003728064986993530-n-1667201824.jpg

- პროფესიის მიხედვით გიმუშავიათ?

- სამწუხაროდ, პროფესიის მიხედვით არასოდეს მიმუშავია. როდესაც უნივერსიტეტი ახალი დამთავრებული გაქვს, დამსაქმებლებიც ნაკლებად გენდობიან, გამოცდილი კადრი უნდათ. ისევ ვინმე ნაცნობის დახმარებით თუ დასაქმდები ან იშვიათად, შეიძლება გაგიმართლოს. ჩვენს ქვეყანაში სამუშაო ადგილების დეფიციტი რომ არის, ეგეც ყველას კარგად მოგვეხსენება.

- თქვენი დღევანდელი საქმიანობით როდის დაინტერესდით?

- ყველაფერი მოულოდნელად მოხდა.

როდესაც უნივერსიტეტი დავამთავრე, სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლამ მომიწია. გადავწყვიტე, დაცვის პოლიციაში მივსულიყავი. საელჩოების დაცვაში ვიყავი, სადაც ერთი წელი ვიმსახურე. სწორედ მაგ დროს გამიჩნდა იდეა, ეს საქმე დამეწყო...

294502642-3129847690598221-2664665584335935587-n-1667201847.jpg

ერთი დღე ვმუშაობდი და ორი დღე შინ ვიყავი. დროის ფუჭად კარგვა არ მინდოდა. ვიფიქრე, ხელნაკეთ ნივთებს დავამზადებ, თან დროს გავიყვან, თან მცირე შემოსავალიც მექნება-მეთქი. მაშინ ჯერ კარგად არ ვიცნობდი ამ მასალასა და მის სპეციფიკას. სპეციალისტების რჩევები მივიღე, დავიწყე მუშაობა და ეტაპობრივად ყველაფერი დავხვეწე. დღემდე ვცდილობ, რაღაცები გავაუმჯობესო.

თავიდან რამდენიმე ფერის პოლიმერული თიხა ვიყიდე და მის გამოსაშრობად დენის ღუმელიც შევიძინე. ვიფიქრე, ვცდი, რა გამოვა-მეთქი. საქმემ ძალიან შემიყოლია და დღემდე ვერ ვანებებ თავს. მუშაობის პროცესი საინტერესო და სასიამოვნოა; იწყებ ძერწვას და ბოლოს ორიგინალური ნივთი რომ გამოდის, ეს კარგ შეგრძნებებს გიჩენს.

ვცდილობ, ისეთი ნივთები შევქმნა, რაც აქამდე არავის გაუკეთებია. ჩემებური ხელწერა მაქვს. პოპულარული და მოთხოვნადია ქართული სამზარეულოს თემატიკაზე შექმნილი ბრელოკები. ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი ქართული ელემენტი, სული და გული ჩავდო ჩემს ნამუშევრებში. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში მეტად დაფასდა ხელნაკეთი ნივთები. ჯერ კიდევ იმდენად ვერა, როგორც ევროპაში, მაგრამ არის ტენდენცია, რომ ბევრს უნდა მეგობრებსა და ახლობლებს რაიმე ორიგინალური აჩუქოს. ძვირად ღირებულ საჩუქრებს ურჩევიათ, განსხვავებული, საგანგებოდ იმ კონკრეტული ადამიანისთვის დამზადებული ნივთის ჩუქება, რაც, რა თქმა უნდა, დიდ ემოციებსა და სიხარულს იწვევს. ისე გამოვიდა, რომ ჩემი ჰობი პროფესიად ვაქციე, რისგანაც არა მარტო სიამოვნებას, მცირეოდენ სარგებელსაც ვიღებ.

მანანა გაბრიჭიძე