როცა წამის მეასედში უნდა გადაწყვიტო, რა არის სწორი... - გზაპრესი

როცა წამის მეასედში უნდა გადაწყვიტო, რა არის სწორი...

კალათბურთის შესახებ სპეციალისტები ხშირად აღნიშნავენ, რომ სპორტის ეს სახეობა მოზარდს სწრაფ აზროვნებას, სიტუაციაში სწრაფად გარკვევას და მოკლე დროში გადაწყვეტილების მიღებას ასწავლის. საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი, „თბილისის დინამოს“ საქართველოს არაერთგზის ჩემპიონი, 16 წლამდელთა გუნდის მწვრთნელი ირაკლი მაისურაძე ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ კალათბურთი ბევრ სხვა უნარსაც უყალიბებს მოზარდებს და ინტელექტის დახვეწაშიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

- 1985 წელს თამაში დავიწყე „ნორჩ დინამოში“, ჯამლეტ ხუხაშვილისა და გივი ბიჭიაშვილის ხელმძღვანელობით. მაშინ „დინამოს ნორჩ კალათბურთელთა სკოლა საუკეთესო იყო და წარმატებით გამოვდიოდით ტურნირებზე. ბავშვობიდან მომწონდა სპორტის ეს სახეობა. შემთხვევით ხელში ჩაგვივარდა 2 ამერიკული პროფესიონალური გუნდის თამაში და იმის შემდეგ, განსაკუთრებულად შეგვიყვარდა. მშობლებს ვეხვეწებოდი, კალათბურთზე შემიყვანეთ-მეთქი. 2 წელი დამჭირდა მათ დასაყოლიებლად. ჩვენს ოჯახში დიდი ყურადღება ექცეოდა განათლებას და უფრო იმის გამო იკავებდნენ თავს, რომ სწავლაში ხელი არ შემშლოდა. ბოლოს მაინც ჩემი გავიტანე და ვთვლი, სწორი გადაწყვეტილება მივიღე - ეს არის ის, რისი კეთებაც მიყვარს და მსიამოვნებს.

- თქვენი წარმატებების შესახებ რას გვეტყვით?

- საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი ვარ. ვითამაშე გერმანიაში, უკრაინაში, რუსეთში, მაგრამ ყველაზე დიდ წარმატებად მაინც, ეროვნულ ნაკრებში თამაშს მივიჩნევ. სულ სხვა ემოციებია, როდესაც შენი ქვეყნის სახელით ასპარეზობ. მაშინ აცნობიერებ, რომ გამორჩეული ხარ და გაგიმართლა. 19 წლის ვიყავი და პირველი თამაშისას ძალიან ვნერვიულობდი. წინაღამეს ვერ დავიძინე. ლატვიის ეროვნულ ნაკრებთან ქალაქ ვენსპილსში გვქონდა თამაში. ლევან მოსეშვილმა შეცვლაზე შემიყვანა და მახსოვს, მოედანზე რომ შევდიოდი, ბედნიერებისგან მეცინებოდა. 14 ქულა ავიღე, თუმცა, სამწუხაროდ, თამაში წავაგეთ.

უნდა ითქვას, რომ ჩემი თაობის სპორტსმენებს ცუდ პერიოდში მოგვიწია თამაშმა, 90-იან წლებს ვგულისხმობ. არც აქ იყო შესაბამისი პირობები განსავითარებლად და უცხოეთშიც რთული იყო თავის დამკვიდრება ლეგიონერად. ამის მიუხედავად, შევძელი და რამდენიმე ქვეყანაში წარმატებით ვითამაშე. მაშინ საქართველოს არ ჰქონდა ისეთი სახელი, როგორიც დღეს - ახლა ჩვენი კალათბურთელები ევროპის ძლიერ კლუბებში თამაშობენ და ისეთ რეკლამას უკეთებენ ჩვენს ქვეყანას, რომ სხვებსაც უადვილდებათ წასვლა, თავის დამკვიდრება. ბევრჯერ მიფიქრია, ახლა რომ ვიწყებდე სპორტულ კარიერას, უფრო მეტ წარმატებას მივაღწევდი. ახლა უკვე ჩემი შვილიც თამაშობს კალათბურთს, კარგი მონაცემები აქვს, მაგრამ სიმაღლეში თუ არ გაიზარდა, შეიძლება გეგმები შევცვალოთ. არ მინდა ტყუილად იწვალოს და შრომა წყალში ჩაეყაროს. კალათბურთს აქვს ერთი ასეთი თვისება - ან ძალიან მაგარი ხარ, ან ძალიან მაღალიო, ასე ამბობენ ხოლმე.

- ე.ი. მხოლოდ სიმაღლე არ არის გადამწყვეტი ფაქტორი და წინა პირობა კალათბურთში წარმატების მისაღწევად?

- თავიდან არ ეტყობა ბავშვს, მაღალი გაიზრდება თუ დაბალი, ეს მშობლების გენეტიკაზეა დამოკიდებული. მთავარია, როგორი დამოკიდებულება და ხასიათი გაქვს. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია შრომისმოყვარეობა. ადრე ტალანტი წყვეტდა ბევრ რამეს, ახლა შრომისმოყვარეობა და ხასიათი, რადგან კალათბურთი არ არის იოლად სათამაშო.

- მწვრთნელობის რამდენწლიანი სტაჟი გაქვთ?

- სრული 17 სეზონი უმაღლეს დონეზე ვითამაშე, მწვრთნელობის 10-წლიანი სტაჟი მაქვს. ზაზა ფაჩულიას აკადემიაში 16-წლამდელთა გუნდს ვავარჯიშებ. აკადემიაში საუკეთესო ინფრასტრუქტურა და პირობებია, სადაც შეიძლება კარგი მოთამაშეები და მსოფლიო დონის ვარსკვლავები გავზარდოთ. საუკეთესო შედეგები გვაქვს არა მარტო საქართველოს ჩემპიონატზე - ჩვენ ვართ 18-წლამდელებში ბელგიის ერთ-ერთი ტურნირის გამარჯვებულები, 16-წლამდელებში ბალტიის ლიგა მოვიგეთ. შარშან ვითამაშეთ ჩემპიონთა ლიგა და სხვათა შორის, „პანათინაიკოსსაც“ მოვუგეთ ერთი თამაში.

- რა ასაკიდან უნდა შევიყვანოთ ბავშვი კალათბურთზე?

- რაც ადრე, მით უკეთესი. სჯობს, 7-8 წლიდან შევიყვანოთ, რადგან დრიბლინგს, ბურთის ოსტატურ ტარებას გარკვეულ ასაკამდე სწავლობ შედეგიანად, მერე ვეღარ. ამ ასაკის ბავშვს თამაში და გართობა უნდა, ამიტომ მხოლოდ ვარჯიშით ვერ დააინტერესებ. მას სჭირდება პროფესიონალური მიდგომა მწვრთნელისგან, თან უნდა ათამაშოს და თან ასწავლოს ტექნიკა. ბევრი ფიქრი გჭირდება თამაშის დროს, მაგრამ წამის მეასედში უნდა გადაწყვიტო, რა არის სწორი და რა აჯობებს შენი გუნდისთვის. კალათბურთში რომ აკრძალვაა, ამდენი არც ერთ სპორტში არ არის - თუ მოწინააღმდეგის მოედანზე გადახვედი, შენს ნახევარზე ვეღარ ბრუნდები, შეტევისას გაქვს გარკვეული დრო, ასევე ბურთის ფლობასა და გამოტანაზე, სამი წამის მეტი ფარქვეშ ვერ გაჩერდები, ძალიან პატარა მოედანია და მაღალ სისწრაფეზე მიდის თამაში. აი, ამ ყველაფრის მიუხედავად, უნდა შეძლო და მიიღო სწორი გადაწყვეტილება შენს სასიკეთოდ და მოწინააღმდეგის საზიანოდ. სწრაფი აზროვნება, რაც ცხოვრებაშიც მთავარია, მნიშვნელოვანია კალათბურთშიც. აღარაფერს ვიტყვი გუნდურობაზე, ეს სპორტის ყველა სახეობაში აუცილებელია. ჩემი გამზრდელი მწვრთნელი, ლევან მოსეშვილი მეტყოდა ხოლმე: დააკვირდი, ვისაც „პასის“ გადაცემა შეუძლია, ის გულღია და სხვანაირი ადამიანიაო. სპორტსმენი ცოტა ეგოისტიც უნდა იყოს, სხვანაირად არ გამოვა და ცოტა ხულიგანიც - დაპირისპირებაში უნდა აჯობო სხვას, ოღონდ წესიერების ფარგლებში. სპორტში მოგება-წაგება გწვრთნის პიროვნულად და ხასიათს გიყალიბებს; სწავლობ, როგორ უნდა განვითარდე, გაძლიერდე.

მწვრთნელისთვის საამაყოა, როდესაც შენი მოსწავლეები საქართველოს ნაკრებში ხვდებიან, ეს დიდი სტიმულია. რამდენიმე კარგი მოთამაშე გავზარდეთ და უცხოეთშიც გავუშვით სათამაშოდ.

- ბავშვობისას ვინ იყო თქვენი კერპი კალათბურთში?

- მაიკლ ჯორდანზე აღარაფერს ვიტყვი, ჩემი და ჩემი ასაკის კალათბურთელების კერპი გელა დარსაძე იყო, მასზე ვგიჟდებოდით. წლების შემდეგ ბედნიერება მხვდა წილად და მასთან ერთად ვთამაშობდი. ის დიდი კალათბურთელი და პიროვნება იყო.

- დღეს რა მდგომარეობაა სპორტის ამ სახეობაში?

- ძალიან დიდია ინტერესი და ბევრი კარგი მოთამაშეც იზრდება. რაც არ მომწონს, ის არის, რომ ადრეულ ასაკშივე გარბიან საზღვარგარეთ. ერთი მხრივ, ეს მიხარია, მაგრამ მეორე მხრივ, დასანანია, რადგან საქართველოს ჩემპიონატს აკლდება დონე და სილამაზე, კარგი თამაში. შარშან მარტო ჩვენი აკადემიიდან 22 მოთამაშე წავიდა ესპანეთში, იტალიაში, ამერიკაში, საბერძნეთში და იქ წარმატებით გამოდიან. ცოტა მეტი ხელშეწყობა სჭირდება კალათბურთს, უფრო კარგი შედეგი რომ დავინახოთ.

ნინო ჯავახიშვილი