თურქი ქალბატონის სიცოცხლის სადარაჯოზე... - გზაპრესი

თურქი ქალბატონის სიცოცხლის სადარაჯოზე...

"ემიგრაციაში მყოფი ადამიანების 90%-მა არ იცის დაბრუნების თარიღი, მაგრამ ის კი იციან, რომ აუცილებლად დაბრუნდებიან მონატრებულ სამშობლოში! ღმერთო, დამილოცე ყველა ემიგრანტი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში უფლის ამარა მიმობნეულები, რომელსაც სამშობლოს სიყვარული და მონატრება უცხო მიწაზე, უცხო ცის ქვეშ გულით თან დააქვს.

სევდა და ტკივილი დაუამე ყველა ემიგრანტს, უფალო. სიკეთით გაუკვალე გზა ამ ლაბირინთებში და სამშობლოში მშვიდობით დააბრუნე.

იმედი და რწმენა ყველაზე დიდი მკურნალია. არ მოგკლებოდეთ ჩემო სათუთო ემიგრანტებო უფლის მფარველობა. რამდენი ნაწამები, ტკივილითა და მონატრებით სავსე წლები, თვეები, კვირები, დღეები, საათები, წუთები და წამები გავლიეთ უცხო მიწაზე, უცხო ჭერქვეშ! ჩემო ღირსეულო და ჭეშმარიტო ემიგრანტებო, ჩვენ არ გვინდოდა სამშობლოს, ოჯახისა და შვილების დატოვება, მაგრამ... დიახ, მწარე რეალობა არის ეს, მაგრამ...

ნეტავ სანამდე გვერქმევა ჩვენ, ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის შვილებს ემიგრანტები?

ნეტავ როდემდე ივლიან ემიგრანტები უცხო მიწაზე, ღიმილის მიღმა დამალული ტკივილითა და მონატრებით?..

ჩვენ დავბრუნდებით! კაცთმოყვარე და სახიერმა ღმერთმა დაგიცვათ, დედამიწელებო", - ამ პოსტის ავტორი, ქალბატონი ნატო ბახია მე-16 წელია, ემიგრაციაში გახლავთ. 3 წელი ოჯახიდან ოჯახში უწევდა გადასვლა, მაგრამ ბოლო 12 წელზე მეტია, ისე ზრუნავს ერთ თურქ ქალბატონზე, როგორც საკუთარ დედაზე და ისიც, ხელს არ უშვებს, უცნაურად მიეჯაჭვა ქართველ მომვლელს. მათი გაცნობა-დაახლოება საავადმყოფოს კედლებში მოხდა. ქალის ოჯახის წევრებს ექიმები ეუბნებოდნენ, მაქსიმუმ 2 თვე იცოცხლოსო, მაგრამ წლებია, ის სიცოცხლეს არ თმობს და ეს ბევრს აკვირვებს...

ნატო ბახია:

- ადრეც ვუვლიდი ასეთ მძიმე ავადმყოფებს, ანუ გამოცდილება მქონდა. ერთი და იმავე ექთანმა გამოძახებისას თავის რამდენიმე პაციენტთან რომ მნახა, უკვირდა: უი, აქაც შენ ხარო? მერე ამ ქალმა, ვინაიდან ჩემი მუშაობით კმაყოფილი იყო, თურმე ჩემი ტელეფონის ნომერი საავადმყოფოში დატოვა, ანუ რეკომენდაცია გამიწია, შესანიშნავი მომვლელიაო და სწორედ ამის წყალობით დამიკავშირდნენ, როცა ჩემს ანეს შევხვდი: საავადმყოფოს ცივ კედელში, საწოლში იწვა ლამაზი აღნაგობის ავადმყოფი ქალი. აპარატზე იყო შეერთებული, ხელოვნურად იკვებებოდა. უიმედო მზერა ჭერზე ჰქონდა მიპყრობილი. როცა მის ხელს ჩემი ხელი შევახე, თავისი ლამაზი, დიდრონი შავი თვალები მუდარით შემომანათა და ისე მომიჭირა, თითქოს მანიშნა, არ დამტოვო, არ წახვიდეო... თითქოს ის ჩემი გულის ნადებს კითხულობდა... ვფიქრობდი: არა, ეს უმძიმესი ავადმყოფია, დიდხანს ვერ იცოცხლებს და ისევ სამუშაო მექნება საძებნი-მეთქი, წამოსვლას ვაპირებდი. თუმცა, როცა მის თვალებში მუდარა ამოვიკითხე, შინაგანმა ხმამ გადაწყვეტილება სწრაფად შემაცვლევინა და დავრჩი, ავადმყოფი ძალიან შემეცოდა...

ექიმები მისი გამოჯანმრთელების იმედს ვერ იძლეოდნენ... საავადმყოფოდან მალე გამოწერეს ანე, სახლში გადმოვინაცვლეთ, მისი სიცოცხლისთვის საჭირო აპარატებიც თან გამოგვატანეს და მეც, მთელი შემართებით შევუდექი ბრძოლას მისი სიცოცხლისთვის...

- დედას ეძახით?

- დიახ, მოგეხსენებათ, "ანე" დედას ნიშნავს. ნაბიჯ-ნაბიჯ ვიარეთ მე და ანემ ერთად, ბევრი უძილო ღამე გამოვიარეთ. ჰოდა, მაგდანას ლურჯასავით, უფლის წყალობით, მე ის გამოვაჯანმრთელე... საქართველოდან ჩამოტანილი თაფლიანი წყლით პირის ღრუს ვუწმენდდი მაშინ, როცა ზონდით იკვებებოდა და მერე თანდათან, მოხდა სასწაული, თაფლიანი წყალი დააგემოვნა, ყლაპვის რეფლექსი დაუბრუნდა... სამი თვის შემდეგ, აპარატიდან მოვხსენი და მას მერე, ხელოვნური კვება უკან მოვიტოვეთ, რამაც ექიმები გააკვირვა... აივანზე გამყავდა, სუფთა ჰაერი რომ ესუნთქა... მზის სხივებს ეფიცხებოდა. ჩვეულებრივად, საუზმეს, სადილს და ვახშამს დღემდე მიირთმევს უფლის ძალითა და შეწევნით.

- ჭამს, მაგრამ როგორც მითხრეს, ისევ მძიმედაა, ლოგინად ჩავარდნილს ლაპარაკიც არ შეუძლია. ყველას უკვირს, ნაწოლები რომ არ აქვს. ასე როგორ უვლით?

- ვახერხებ, რადგან უყურადღებოდ წამითაც არ ვტოვებ, სულ მის გვერდით ვარ... საავადმყოფოში რომ ვნახე, საშინელი ნაწოლები ჰქონდა. იმდენი ვქენი, ეს პრობლემა მოგვარდა. როცა ადამიანს უჭირს, არ შემიძლია, მის გამო ბოლომდე არ დავიხარჯო და შედეგიც სახეზეა... ცხვირის, პირხახის ამოსაწმენდ საშუალებას ვიყენებ ბოლო 7 წელია, ამის გარეშე ვერ იცოცხლებს... არაფერი მეზარება, მინდა კარგად და მუდმივად ფორმაში იყოს. ხშირად ნერწყვი უგროვდება და რომ არ დაიხრჩოს, ყურადღებით ვარ...

ბებია ლოკოკინასავით მოხრილი იყო, პამპერსის გამოცვლაც ჭირდა. მის შვილს ვუთხარი, მასაჟისტი მოვუყვანოთ-მეთქი. ცხადია, დამიჯერა და შედეგად, ანეს უკეთესი მდგომარეობა აქვს. ახლა მასთან აღარ დადის მასაჟისტი და მის მოვალეობასაც მე ვასრულებ: ფეხის თითიდან დაწყებული, მთელ სხეულს ყოველდღიურად ვუმუშავებ, სისხლმა რომ იმოძრაოს და უჯრედები რომ არ მოკვდეს... ანე ჩემი სულისა და სხეულის ნაწილი გახდა... როგორც თოთო ბავშვზე, ისე ვზრუნავ მასზე. ვერ საუბრობს, მაგრამ მე მის ყველა გულის ნადებს ვიგებ. ხომ გაგიგონიათ, მუნჯის ენა დედამ იცისო და ზუსტად ასეა...

- როგორც ვხვდები, თქვენზე დამოკიდებული გახდა...

- კი, ასეა. როცა ოთახში ვარ, მშვიდადაა... სხვათა შორის, ხშირად დაუსვამთ ექიმებს ჩემთვის კითხვა, თუ როგორ გამოვაჯანმრთელე, როგორ ვაცოცხლე ამდენი წელი. რა თქმა უნდა, ჩემი პასუხი ობიექტური და რეალური იყო. მათ ავუხსენი, რომ ყველაფერთან ერთად, ანეს უზარმაზარი სითბო და სიყვარული მივეცი, რომელიც აკლდა...

ყოველღამე, როცა ვწვები, ანეს მშვიდობიან ღამეს ვუსურვებ და დილით ვესალმები: დილა მშვიდობისა-მეთქი... ვკვებავ ორგანული საკვებით... ძნელია იზმირში ორგანული საკვების შოვნა, მაგრამ კვირა დღეს, დილაუთენია მივდივარ ბაზარში და სოფლიდან ჩამოსული ხალხისგან ვყიდულობ პროდუქტებს... აგრეთვე, საქართველოდან გამოგზავნილი ნობათი არ გვაკლდა არასდროს: თაფლი, სულგუნი, ფქვილი, ღერღილი მუდამ გვაქვს. ქართულ კერძებს შეეჩვია კიდეც... ბევრჯერ თურქული ჩორბა (წვნიანი კერძი) არ შეჭამა, სამაგიეროდ, მადიანად მიირთვა ჩვენებური ღომი, ხარჩო თუ ბაჟე...

- მისი დიაგნოზი რა არის?

- ალცჰაიმერით არის დაავადებული. ახალგაზრდობაში ძალიან ლამაზი ქალი ყოფილა. მისი მეუღლე სამხედრო პიროვნება იყო და თურმე, ცოლს ისე აცხოვრებდა, როგორც დედოფალს. მაგიდას მანამ არ მიუჯდებოდა, სანამ ცოლი არ მოვიდოდა. ჯერ სკამი უნდა გამოეწია, მეუღლე დაესვა და ამის შემდეგ ჯდებოდა თვითონ... 18 წელია, რაც ეს კაცი გარდაიცვალა. მისმა სიკვდილმა მძიმე დარტყმა მიაყენა ანეს და შედეგად, დაავადდა... სანამ ამ ოჯახში მოვიდოდი, 4 წელი თურქი მომვლელი ჰყოლია, რომელიც კარგად არ ექცეოდა. მაშინაც ვერ ლაპარაკობდა თურმე, მაგრამ თანდათან მდგომარეობა უარესდებოდა და ბოლოს, საავადმყოფოშიც მოხვდა... სხვათა შორის, თურქეთში ალცჰაიმერით ბევრი ადამიანია დაავადებული. ამ ავადმყოფობას ბევრნაირი გამოხატულება ჰქონია.

83997676-2737403476325665-760910532306796544-n-1667891602.jpg

- მის შვილებზე გვიამბეთ...

- ახლა მე და ანე მარტო ვცხოვრობთ. მოგეხსენებათ, აქ შვილები მშობლებთან ერთად იშვიათად ცხოვრობენ. ანეს ორი შესანიშნავად აღზრდილი და განათლებული ვაჟიშვილი ჰყავს, უკეთესს რომ ვერ ინატრებს ადამიანი, ისეთი. არაფერს აკლებენ დედას და რომ შეიძლებოდეს, მისთვის სიცოცხლესაც იყიდიან. ანეს ერთ-ერთი შვილი კომპიუტერულ საკითხებზე ლექციებს კითხულობს. ის აუცილებლად, ყოველდღე მოდის; თუნდაც 5 წუთით შემოირბენს, დედას რომ ესაუბროს, აკოცოს შუბლზე, ხელზე... მეორე სამხედრო პიროვნებაა. ის იმდენად ხშირად ვერ ახერხებს მოსვლას, მაგრამ დედის გამო ისიც ყველაფერს გაიღებს... ანე, მოგეხსენებათ, ვერ საუბრობს, მაგრამ შვილებს ცნობს, გრძნობს მათ მოსვლას...

ჩვენს კორპუსში ცხოვრობს ანეს და. შესანიშნავი, უკეთილშობილესი ადამიანი ილდიზ ჰანუმი. ყოველდღე შემოგვივლის ხოლმე და ვსაუბრობთ ყველანაირ თემაზე, მათ შორის პოლიტიკაზეც... ის, როგორც ანე და მის შვილები, ჩემი ოჯახის წევრებს დიდ პატივს სცემენ. საოცარი ხალხია...

- მათთვის ძვირფას ადამიანს უვლით, სიცოცხლეს უხანგრძლივებთ და ალბათ, გიფასებენ კიდეც ამ თავგანწირვას...

- დიახ, შვილებს გეფიცები, ძალიან დიდ პატივს მცემენ. რადგან საქართველოში ვერ ვახერხებ ხშირად ჩასვლას, უფლებას მაძლევენ, ჩემი შვილები, შვილიშვილები ჩამოვიყვანო თუნდაც 2-3 თვით. ამ ადამიანების წყალობით, მე შევძელი ჩემი ოჯახი ფეხზე დამეყენებინა. ამიტომაც, მათ ვერ ვუღალატებ, არასდროს ვტოვებ ანეს უყურადღებოდ...

რადგან სხვა ემიგრანტებივით, დასვენების დღეები არ მაქვს და დიდი ხნით გარეთ ვერ გავდივარ, იმის უფლებასაც მაძლევენ, ჩემი ქართველები აქ მივიღო სტუმრად...

ახლა იზმირი თითქმის დაიცალა ქართველი ემიგრანტებისგან... ჩემი მეგობრების უმეტესობამ დატოვა აქაურობა და ემიგრაციიდან ემიგრაციაში წავიდნენ ანუ იზმირიდან ევროპაში, რადგან ლირამ ფასი დაკარგა... ჰოდა, ვინ იცის, რამდენჯერ უთქვამთ ჩემს ამხანაგებს: რას ელოდები, წამოდი, ნატოო... მაგრამ როგორც გითხარით, ანეს ვერ დავტოვებ. ვერსად ვიგრძნობ თავს ბედნიერად, მას თუ მივატოვებ და ალბათ ამას ერთგულება ჰქვია...

- როგორც პირად საუბარში მითხარით, იმის უფლებაც მოგცეს, ბინაში სალოცავი კუთხე მოგეწყოთ...

- დიახ, სასთუმალთან ჩემი სალოცავი კუთხე მაქვს, რომელმაც გამაძლებინა და მაცოცხლა ამდენი წელი, უცხო მიწაზე, უცხო ცის ქვეშ... ყოველ ცისმარე დღეს მადლობას ვწირავ უფალს ამისთვის და ლოცვას ვუგზავნი ჩემს მონატრებულ სამშობლოს, ჩემს ოჯახს, ჩემს შვილებს, შვილიშვილებს, დედმამიშვილებს, თითოეულ მეგობარს და მთელ დედამიწას...

აქ მუსლიმანური სამყაროა და ადვილი არ არის შენი სარწმუნოება დაიცვა, მაგრამ მე ყველაფრის უფლებას მაძლევენ. მე და ანე ერთსა და იმავე ოთახში ვწევართ, მის გვერდით მაქვს საწოლი გაშლილი, მიუხედავად იმისა, რომ ამ უზარმაზარ სახლში, ნებისმიერი ოთახის დაკავება შემიძლია. მინდა ანესთან ახლოს ვიყო - ვაითუ რამე დასჭირდეს, როცა მის გვერდით არ ვიქნები. ჰოდა, ამავე ოთახში მაქვს მოწყობილი ჩემი სალოცავი კუთხეც...

301304936-397559522510590-8682865444209699043-n-1667891589.jpg

- ბოლოს როდის იყავით საქართველოში?

- აპრილში 8 წელი გახდება, რაც ჩემს მეუღლეს ინსულტი დაემართა და გარდაიცვალა. მის დაკრძალვაზე და ბოლოს, წლისთავზე ვიყავი საქართველოში. მაშინ 2 შვილიშვილი მყავდა, ახლა - 5 მყავს და 3 მათგანი არც მინახავს (თუ ვირტუალურ ურთიერთობას არ ჩავთვლით); ამ საყვარელ არსებებს ხელი ვერ შევავლე. ამას განვიცდი, მაგრამ არა უშავს, უნდა მოვითმინო...

შემცვლელიც ვერ ვიპოვე ისეთი, რომელსაც ერთი თვით ჩავაბარებდი ანეს და მე შვილებთან, შვილიშვილებთან ყოფნით დავტკბებოდი ჩემს საქართველოში. მე უკვე მაქვს თურქეთში მუშაობის და ცხოვრების უფლება. ანეს შვილებს ჩემ გამო, ყოველთვიური თანხა შეაქვთ სახელმწიფო ბიუჯეტში, კანონიერად ვმუშაობ. კიდევ 2 წელიც და აქ პენსიას დამინიშნავენ...

- ხშირად მარტო გიწევთ თქვენს ანესთან ერთად ყოფნა. დრო როგორ გაგყავთ?

- ვზივარ და კომპიუტერში ჩანაწერებს ვაკეთებ; ვწერ იმას, რაც გულზე მომაწვება. აი, გუშინ ძალიან ცუდად ვიყავი, ჰაერი მჭირდებოდა და 2 საათით ეკლესიაში წავედი. ჩვენთან არის მართლმადიდებლური ეკლესია, წმინდა ფოტინეს სახელობის. მსოფლიო პატრიარქმა გამოგვიგზავნა მამა ილია, სტამბოლიდან, რომელიც ქართულ ენაზე ატარებს წირვას - ეს ემიგრანტებისთვის გააკეთეს და დიდება უფალს ამისთვის. ეს ტაძარი ის ადგილია, სადაც სამშობლოსგან შორს მყოფები ძალას ვიკრებთ და მერე ისევ, ახალი ენერგიით სავსე ვუბრუნდებით საქმეს.

ლიკა ქაჯაია