რა შეუძლია ლიტერატურას - გზაპრესი

რა შეუძლია ლიტერატურას

რამდენიმე ნომრის წინ, ჟურნალ "გზის" სტუმარი იყო ახალგაზრდა მწერალი ლუკა ბაქანიძე, რომელსაც ჟურნალის პირველი გვერდი სოციალური ქსელის თავის გვერდზე ჰქონდა გაზიარებული. კომენტარებში ინტერვიუს შესახებ შთაბეჭდილებებს წერდნენ, მათ შორის აღმოჩნდა მწერალი ოთარ ჯირკვალიშვილი, რომლის თქმითაც, ამ ჟურნალის რესპონდენტობა მისი დიდი ხნის სურვილი იყო. "ლაზარე", "კანფეტი", "მღვდელი" - ეს ის მოთხრობებია, რომლებითაც ქართველმა მკითხველმა თანამედროვე მწერალი გაიცნო. ის აგრეთვე ლიტერატურულ კონკურს "საბას" გამარჯვებულია, მისი მოთხრობების კრებული გამომცემლობა "პალიტრა L"-მაც გამოსცა...

- ამბობენ, ჩინური წყევლაა, - "ცვლილებების ეპოქაში გეცხოვროსო!.." ვფიქრობ, ჩვენ ახლა სწორედ ამ ეპოქაში გვიწევს ცხოვრება. როგორ ფიქრობთ, ეს მართლა წყევლაა?..

- ჩინურ წყევლას ჩინურსავე სიბრძნეს დავუპირისპირებ: "იცვალე, რათა გაძლო". სწრაფად ცვალებად სამყაროში ვცხოვრობთ, ამიტომ უნდა შევძლოთ ეპოქის მოთხოვნებს ფეხი ავუწყოთ, რაც იმას არ ნიშნავს, რომ ამ ცვალებადმა მსოფლიომ დაგვიმსგავსოს, ინდივიდუალობა უნდა შევინარჩუნოთ და სულიერად განვვითარდეთ, მე ასე მესმის ამ გამონათქვამის შინაარსი. რაც შეეხება ჩვენს პატარა ერს, მხოლოდ წარსულზე რომ არ უნდა ვიყოთ ჩამოკიდებული, ამას ჯერ კიდევ ილია ჭავჭავაძე მიხვდა მე-19 საუკუნეში და მოგვიწოდა, რომ მომავალზე გვქონოდა სწორება - "ჩვენ უნდა ვსდიოთ ეხლა სხვა ვარსკვლავს, ჩვენ უნდა ჩვენი ვშვათ მყოობადი, ჩვენ უნდა მივსცეთ მომავალი ხალხს..." - გვითხრა მან. ეს უნდა გავაკეთოთ ისე, რომ არც წარსული დავივიწყოთ. საერთოდ, წარსულით მუდმივად ის ტრაბახობს, ვინც აწმყოში ღირებულს ვერაფერს ქმნის და ვერც მომავალს შექმნის... ეს კარგად უნდა გავიაზროთ.

- ომი კაცობრიობის ყველაზე დიდ შეცდომად მიიჩნევა, მაგრამ 21-ე საუკუნეში, შუაგულ ევროპაში სტატისტიკად ქცეულ სიკვდილს უყურებს მსოფლიო, რომელსაც დასასრული ჯერჯერობით არ უჩანს... როგორ ფიქრობთ, ომი და ადამიანი განუყოფელი ცნებაა?..

- არსებობს მოსაზრება, რომლის მიხედვითაც მშვიდობა კი არა, სწორედ ომია ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა, რადგან ადამიანში არსებობს აგრესია, მხეცი, რომელიც ირგვლივ ყველაფერს წალეკვას უქადის და კულტურის როლი და ფუნქცია ამ მხეცის მოთვინიერებაა. ეს ირაციონალური საწყისი, სტიქიურობა უნდა დაბალანსდეს გონიერებითა და სიკეთისკენ მოწოდებით. ზოგი ადამიანი სწორედ ამაში ხედავს რელიგიის ფუნქციასაც, მაგრამ მე, როგორც მორწმუნე ადამიანს, მგონია, რომ ღვთის რწმენა არ დაიყვანება მის სოციალურ როლამდე...

თუმცა, ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ დიდმა ქრისტიანულმა რელიგიებმა ქრისტეს სახელით უამრავი უბედურება დაატეხეს თავს კაცობრიობას და ათეიზმის გავრცელებას შეუწყვეს ხელი. დააკვირდით რა ხდება დღეს ბრძოლის ველზე, ერთი მართლმადიდებელი ქვეყანა მეორეს ბომბავს მუსლიმანური ირანის "შაჰიდის" დრონებით და ამ ბომბებს რუსი მღვდელი აკურთხებს. ამის შემდეგ გამოვა რომელიმე სასულიერო პირი, რომელიც რწმენისა და მშვიდობისკენ მოუწოდებს ადამიანს, მაგრამ ვინ დაუჯერებს? ქრისტიანობას თუ მორალს გამოვაცლით, მისგან აღარაფერი დარჩება. სახარება გვეუბნება, რომ ქრისტიანობა ცხოვრების წესია და არა განყენებულ მისტიკურ რიტუალებში ჩაკარგული ჭეშმარიტება...

პუტინი ლაღად იმიტომ გამოიყურება, რომ რუსეთი ატომური ბომბის მქონე ქვეყანაა და იცის, რომ ადვილად ხელწამოსაკრავი არ არის, მის საზღვრებს ასე ხელაღებით ვერ შეეხებიან, თუმცა, სინამდვილეში, როგორც ექსპერტები ამბობენ, არც ისე ლაღად არის, განსაცდელშია.

- თითქმის ყველა ქვეყნის ხელისუფლება აცნობიერებს, რომ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში განსაკუთრებული როლი მწერლებს აქვთ, რადგან ლიტერატურის იდეოლოგიური გავლენა ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო. ამის არაერთი თვალსაჩინო მაგალითი გვაქვს, თუმცა "მწერლობის მოთვინიერება" ალბათ, ყველაზე ნათლად ასახავს გზას, რომელსაც ის გადიოდა. როგორია მწერლობის როლი დღევანდელობაში და ახერხებს თუ არა მთავარი ღირებულების შენარჩუნებას?..

- მწერლობას არასდროს შეეძლო უკეთესი გაეხადა ადამიანი. ჩვენი ერთი დიდი მწერლის გამონათქვამი, რომ "ყოველი მომდევნო წიგნის წაკითხვა იმაზე უკეთესს ხდის ადამიანს, ვიდრე მანამდე იყო", მცდარი მგონია. როგორც მახსოვს, გურამ დოჩანაშვილმა თქვა, მაგრამ ზოგი დოსტოევსკის გამონათქვამსაც იმოწმებს ხოლმე - "მშვენიერება გადაარჩენს სამყაროს" და სხვ. არადა, ვერაფერსაც ვერ გადაარჩენს. სამყაროს გადარჩენა მხოლოდ ქრისტეს შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ კაცობრიობის ისტორიაში ათასობით შედევრი შეიქმნა და დღესაც იქმნება, ადამიანი უკეთესი მაინც ვერ გახდა. "მწერლობის მოთვინიერებას" რაც შეეხება, ის ჩემი საყვარელი წიგნია, რომელიც აჩვენებს, თუ როგორ ჩააყენა მწერლობა ტოტალიტარულმა სახელმწიფომ ბოროტების სამსახურში, თუმცა მგონია, მწერლობას არც მაშინ ჰქონდა გადამწყვეტი როლი, მწერალი ვერ იქცა "სულის ინჟინრად" ვერც მაშინ და ვერც ვერასდროს იქცევა. მწერლის ერთადერთი ფუნქცია კარგი ნაწარმოების დაწერაა და არა ერის მამობა.

- გურამ დოჩანაშვილმა თქვა - "ყოველი ნორმალური მოთხრობის (წიგნის) წაკითხვის შემდეგ ოდნავ უკეთესი ხდები, ვიდრე ხარ და უფრო ჭკვიანი, ვიდრე იყავი..." ისეთ ნაწარმოებზე ან ავტორზეა საუბარი, რომლის წაკითხვის შემდეგ, ადამიანის ცხოვრებაში რაღაც უნდა შეიცვალოს...

- ამ ლოგიკით, სტალინს და ჰიტლერს ათასობით წიგნი ჰქონდათ წაკითხული, მაგრამ უკეთესები გახდნენ?.. ორივე განათლებული იყო, თუმცა, კაციჭამიები და თავიანთი მმართველობის პარალელურად, არა მგონია, წიგნის კითხვა შეეწყვიტათ. ჰიტლერი მხატვარი იყო, საკმაოდ კარგი, სტალინი კი პოეტი. ზნეობრივი თვალსაზრისით, წიგნი უკეთესს ვერ გახდის ადამიანს. მწერალს მკითხველზე გავლენის მოხდენა შეუძლია, ოღონდ მხოლოდ ესთეტიკური და არა ეთიკური თვალსაზრისით. ეთიკური ფუნქცია არა აქვს წიგნს, თუ ის არ არის ბიბლია ან ზნეობის სახელმძღვანელო. მწერალს მკითხველზე გავლენის მოხდენა შეუძლია.

- ინტერნეტის ეპოქაში რამდენად რთულია საზოგადოება წიგნს არ მოსწყდეს?..

- ამ შეკითხვამ იტალიელი მწერლის, უმბერტო ეკოს ესე გამახსენა - "წიგნი თუ კომპიუტერი?.." როდესაც ადამიანმა დამწერლობა შექმნა, ზოგმა იფიქრა, რომ ის მეხსიერებას მოკლავდა, XV საუკუნეში ბეჭდური წიგნის გამოცემის შემდეგ კი ივარაუდეს, რომ წიგნი (ცოდნა) რწმენას მოკლავდა, ახლა უკვე თვითონ წიგნს შეექმნა საფრთხე, მოკლავს თუ არა მას კომპიუტერი?.. როგორც ისტორიული გამოცდილება აჩვენებს, ვერც დამწერლობამ გაანადგურა მეხსიერება, ვერც წიგნმა - რწმენა და სავარაუდოდ, ვერც კომპიუტერი მოკლავს წიგნს. ასე რომ, შიში უსაფუძვლოა. კომპიუტერი მხოლოდ ცნობარებსა და ენციკლოპედიებს უწევს კონკურენციას, მხატვრულ ლიტერატურას - ვერა.

- სხვა თემაზეც გკითხავთ - რით ახსნით პოლიტიკის მიმართ საზოგადოების ასეთ ცხოველ ინტერესს?..

- ძირითადად, ცუდი ცხოვრებით ვხსნი. ეკონომიკური და სოციალური პრობლემები მეტ-ნაკლებად მოგვარებული რომ იყოს, რატომ დააინტერესებდა ადამიანს ასე ძალიან პოლიტიკა და პოლიტიკური პროცესები?!. საკუთარი ცხოვრებით ცხოვრების საშუალებას როცა არ გაძლევენ, მერე ხდები პოლიტიკოსი ან პოლიტოლოგი. დღეს ხომ თითქმის ყველა ქართველი პოლიტიკის ექსპერტია. ამ პოლიტოლოგობას და ფუჭ ლაყბობას ჯობია, ჩვენი უფლებების დაცვა ვისწავლოთ და გავაპროტესტოთ ის, რაც მართლა გასაპროტესტებელია. ლანგარზე დადებულს არავინ არაფერს მოგვართმევს.

- როგორ ფიქრობთ, ლიტერატურას, ავტორს ან რომელიმე პერსონაჟს შეუძლია ადამიანის გადარჩენა?..

- ავტორს შეუძლია, ლიტერატურას ან პერსონაჟს - ვერა... მკითხავთ - ეგ როგორ?.. თუ ავტორი დაინახავს, რომ ვინმე, ვთქვათ, ბარათაშვილის ხიდიდან აპირებს მტკვარში გადახტომას, ხელი უნდა შეუშალოს მას ამ განზრახვის განხორციელებაში. ცოტა ბოროტი ხუმრობა გამომივიდა, მაგრამ ასეა, ადამიანები ერთმანეთს გვერდში უნდა დავუდგეთ და ვიზრუნოთ მოყვასზე. ლიტერატურასა და პერსონაჟებს სხვა დანიშნულება აქვთ...

- ალბათ, ხშირად ფიქრობთ, საით მიდის ქართველი საზოგადოება, რისკენ... და რა დასკვნამდე მიდიხართ?..

- ქართველი საზოგადოება საით წავა, ეს დიდწილად ისევ მასზეა დამოკიდებული. საერთოდ, ამბობენ ხოლმე, რომ რასაც დასთეს, იმას მოიმკიო, ეს მართებული გამონათქვამია, მაგრამ "ძველ აღთქმაში" უფრო სასტიკი გაფრთხილებაც გვხვდება: ქარს დათესავ და ქარიშხალს მოიმკიო. თუ ახლა ბოროტების მხარეს ავირჩევთ და "რუსეთუმეებს" ავყვებით, ჩვენი მომავალი ჯერ გაურკვეველი და შემდეგ ძალიან ცუდი იქნება, სიკეთის მხარეს დადგომა შეიძლება მოცემულ შემთხვევაში რისკის შემცველი იყოს, ყველა დროში ეს ასეა, მაგრამ პერსპექტივაში, მხოლოდ კარგი მოაქვს. ვინ სვამს შამპანურს? ის, ვინც რისკავს! რა თქმა უნდა, ეს რისკი უაზრო არ უნდა იყოს, ზნეობასა და გონივრულ არჩევანს უნდა ეფუძნებოდეს.

otar-2-1667893144.jpg

- სკოლაში მუშაობთ, ახალ თაობასთან მუდმივი ურთიერთობა გაქვთ. რა არის მათი ინტერესი?...

- დიახ, ნიუტონის თავისუფალ სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ვასწავლი. უამრავ მოზარდთან მაქვს ურთიერთობა და ვფიქრობ, ძალიან კარგი თაობა მოდის, ჭკვიანები, მიზანდასახულები. რაც მთავარია, მათ წინა, საბჭოთა და პოსტსაბჭოთა თაობებისგან ის განასხვავებს, რომ ყალბები და მატყუარები არ არიან. თუნდაც პურის რიგში, ყველა მეთოდის გამოყენებით, სხვაზე წინ ვერ წავლენ; არ თამაშობენ იმ ადამიანს, ვინც სინამდვილეში არ არიან. იმ ნაქები ურთიერთობების უმეტესობა, სინამდვილეში, სიყალბესა და ტყუილზე იყო აგებული, სუფრაზე იყვნენ ძმები - შემდეგ კი ერთმანეთს ზურგში დანას ურტყამდნენ. ამას ვგულისხმობ, როდესაც ყალბ, მოჩვენებით ურთიერთობებზე ვსაუბრობ. ასე რომ არ ყოფილიყო, 90-იან წლებში ომი არ იქნებოდა. როდესაც სიყალბეზე ვსაუბრობ, ეს უფრო ადრეულ თაობასაც ეხება, აი, საბჭოეთში რომ დაიბადნენ, დამოუკიდებლობა მიიღეს და შემდეგ ერთმანეთი დახოცეს. მათგან განსხვავებით, ახალ თაობას გამოსდის ერთმანეთთან კომუნიკაცია, ეს კი, იმაზე მიუთითებს, რომ შეძლებენ დემოკრატიული თანამედროვე ქვეყნის აშენებას.

- თუმცა, ამ თაობაზეც ამბობენ, რომ ტყუილუბრალოდ შეუძლიათ ერთმანეთის გამეტება და სამწუხარო მაგალითებიც გვაქვს...

- მოზარდებს შორის აგრესია ყოველთვის იყო და სამწუხაროდ, მომავალშიც იქნება. განსხვავება ის არის, რომ ახლა ყველაფერს გადმოსცემენ ტელევიზიით, მათ შორის ისეთ ფაქტებსაც, რაც ადრე დამალული იყო. ბულინგი ადრეც იყო და ახლაც არის, სამწუხაროდ. ამას რა განაპირობებს და როგორ უნდა დაიძლიოს, ალბათ ამ საქმეში ჩემზე კომპეტენტურმა ადამიანებმა - ფსიქოლოგებმა, განათლების სპეციალისტებმა უნდა იმსჯელონ. ისე კი, მგონია, თუ ქვეყანაში სოციალური და ეკონომიკური პრობლემები მოგვარდება, განათლების სფეროში სისტემური რეფორმები გატარდება - აგრესიისა და ბულინგის დონე დაიკლებს. ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ განვითარებულ ქვეყნებშიც არის მოზარდებს შორის ეს პრობლემა. ამიტომ როგორ უნდა ვებრძოლოთ ამას, კონკრეტული რეცეპტი არ მაქვს, მაგრამ ერთი რამ ფაქტია, საზოგადოებრივ ცხოვრებაში უამრავი მიდგომა, სტერეოტიპი გადასახედი და დასამსხვრევია, პრობლემის წყარო მაინც აღზრდა მგონია. ამ პრობლემის მოგვარებაში დიდი როლი აქვს ოჯახს, სკოლას და ზოგადად, განათლებას.

ლალი პაპასკირი