„მან გადო ხიდი თეატრსა და მონასტერს შორის!“ - გზაპრესი

„მან გადო ხიდი თეატრსა და მონასტერს შორის!“

საქართველოს სახალხო არტისტის ზინა კვერენჩხილაძის 90 წლისთავის აღსანიშნავად წიგნი-ალბომი გამოვიდა, რომლის შემდგენელ-რედაქტორი ფილოლოგიის დოქტორი საბა მეტრეველი გახლავთ. ქალბატონი ზინა და ბატონი საბა წლების მანძილზე მეგობრობდნენ. ამ ტიპის ალბომის შედგენა ქალბატონი ზინას დიდი სურვილი იყო. სიცოცხლის ბოლო ერთი წელი ის თავად აგროვებდა მასალებს... არაჩვეულებრივ, უდიდეს მსახიობს გაიხსენებენ საბა მეტრეველი, გია ბურჯანაძე და გოჩა კაპანაძე.

ეპიზოდები მსახიობის ბიოგრაფიიდან

საბა მეტრეველი:

- პატარაობიდანვე მეოცნებე იყო, გამოუსწორებელი რომანტიკოსი და ასეთი დარჩა სიცოცხლის ბოლომდე... 14 წლის ზინამ პიონერთა სასახლეში მხატვრული კითხვის კაბინეტს მიაშურა. სერგო ზაქარიაძე იყო პირველი ადამიანი, რომელმაც შეამჩნია, ნდობა გამოუცხადა და ირწმუნა მისი. რუსთაველის თეატრში ინსტიტუტის დამთავრებისთანავე მოვიდა და მოიტანა ემოცია, ამაღლებული ესთეტიკა, მეტყველი პლასტიკა, დახვეწილი ინტონაცია, მაღალი სასცენო კულტურა. ამ და სხვა თანდაყოლილი სამსახიობო მონაცემების წყალობით, ის იქცა რუსთაველის თეატრის წამყვან მსახიობად და ბოლომდე ზიდა რეპერტუარული სიმძიმე. რთული პიროვნება იყო. იგი არც ურთიერთობებში ყოფილა ზედაპირული და არც ხელოვნებაში. მსახიობის მთავარი განმსაზღვრელი თვისება მისი შინაგანი წესრიგი იყო. არ გიღალატებდა, უკან არ დაიხევდა, ერთგულად და უანგაროდ დაგიდგებოდა გვერდით.

თეატრში ყოფნის 55 წლის მანძილზე არასდროს მიუცია უფლება საკუთარი თავისთვის, რამე მოეთხოვა. მის შემოქმედებით ბიოგრაფიაში იყო 11-წლიანი პაუზა... მსახიობის მარად მაძიებელი სული ქართულ სიტყვაში პოულობდა თავს. სრულიად უნიკალურია ზინაიდა კვერენჩხილაძის ღვაწლი და დამსახურება დმანისის ქართული თეატრის შექმნის საქმეში. გასული საუკუნის ურთულეს 90-იან წლებში, მან გვერდით ამოიყენა სახელგანთქმული მსახიობები და ფაქტობრივად, ამ პერიოდში დმანისი თეატრალურ ცენტრად აქცია. ის არის ერთადერთი მსახიობი ქალი, რომელმაც შემოგვთავაზა ერთი როლის შემოქმედებითი ისტორია და ანალიზი ნაშრომით „ჩემი ანტიგონე“, სადაც თეატრალური მკვლევრისა და ფილოლოგის უნარი წარმოაჩინა. მის შემოქმედებაში სამი გამორჩეული როლია: ლელა, ანტიგონე და ემილი დიკინსონი. როდესაც „ანტიგონე“ გერმანიაში აჩვენეს, პრესაში დაიწერა, რომ ასეთი ტრაგიკული ძალის მსახიობი ჯერ არ უნახავს გერმანელ მაყურებელს.

1989 წლის 9 აპრილს ეროვნული დამოუკიდებლობისათვის შეწირულ მამულიშვილებს უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, სიონის საკათედრო ტაძრიდან ძაძებით მოსილი ზინა კვერენჩხილაძის სახით მწუხარე „ქართვლის დედა“ დასტიროდა. ალბათ, არც ის იყო შემთხვევითი, რომ ცხოვრების ბოლო პერიოდში, თუკი თეატრისგან თავისუფალი დრო ექნებოდა, გული მცხეთის სამთავროს წმინდა ნინოს დედათა მონასტრისკენ მიუწევდა. იქ იპოვა სულიერი შვება და სავანე... და რაც უნდა გასაოცარი იყოს, ზინაიდა კვერენჩხილაძე ერთადერთი ქართველი მსახიობია, რომელიც მონასტრის ეზოში დაიკრძალა 2011 წელს. ასე გადო ხიდი თეატრსა და მონასტერს შორის!

zina-zis-copy-1668408639.jpg

„ჩემი ზინა კვერენჩხილაძე“

საბა მეტრეველი:

- 1985 წელს ფაშიზმზე გამარჯვების მე-40 წლისთავის აღსანიშნავად, ფილარმონიაში გამართული საზეიმო კონცერტის ჩანაწერს აჩვენებდნენ ტელევიზიით. სცენის სიღრმიდან მეტყველი ნაბიჯებით შემოვიდა მსახიობი და დაიწყო მირზა გელოვანის წერილის კითხვა: „ძვირფასო მშობლებო, დებო...“ იმდენად ძლიერი შთაბეჭდილების ქვეშ აღმოვჩნდი, რომ ამ მსახიობის გასაცნობად თბილისში ჩასვლა გადავწყვიტე... ახლობლებს რომ გავანდე ჩემი სურვილი, სიცილადაც არ ეყოთ, მე ჩემსას არ ვიშლიდი! სად უნდა მეპოვა ამხელა ქალაქში ერთი დღით ჩამოსულ, 15 წლის სოფლელ ბიჭს (ქუთაისთან ახლოს, სოფელ რიონში დავიბადე) ზინა კვერენჩხილაძე?! ქუთაისი-თბილისის მატარებელი თბილისში დილის 7 საათზე ჩამოდიოდა და საღამოს თორმეტისთვის უკან ბრუნდებოდა. ასე რომ, მთელი ერთი დღე ჩემს განკარგულებაში იყო. ამიხსნეს, რომ სადგურიდან #2 ტროლეიბუსი მიმიყვანდა რუსთაველის თეატრთან და თეატრალური ინსტიტუტიც იქვეაო. გავრისკე და პირველ აგვისტოს უკვე თბილისში ვიყავი. ბევრი ვიხეტიალე, მაგრამ ვერც თეატრში და ვერც ინსტიტუტში ვერ ვიპოვე ჩემი ზინა კვერენჩხილაძე. დღის ორი საათი იქნებოდა, ტროლეიბუსით ისევ ვაგზალზე ვბრუნდებოდი, უკან დასაბრუნებელი ბილეთი დროულად რომ მეყიდა. დაფიქრებული ვიდექი ტროლეიბუსის უკანა კართან... სასწაულის ხომ გჯერათ?!

უცებ ოპერის თეატრის გაჩერებაზე, უკანა კარში ამოვიდა შავ ტანსაცმელში გამოწყობილი ზინა კვერენჩხილაძე. მოულოდნელობისგან გავფითრდი. ჩვენი თვალები ერთმანეთს შეეჯახნენ. მან საფულე გახსნა, ხუთკაპიკიანი ჩააგდო, ბილეთი აიღო და წინ გადავიდა. გავყევი. დავიბენი, ვერ დავრწმუნდი, ეს ქალი ნამდვილად ზინა კვერენჩხილაძე იყო თუ მას ჰგავდა. გადავწყვიტე, რომელ გაჩერებაზეც ჩავიდოდა, ჩავყვებოდი და მივმართავდი: "ქალბატონო ზინა!" თუ გამომხედავდა, ე.ი. ის იქნებოდა. რამდენიმე გაჩერების შემდეგ, ძველ კინოსტუდიასთან ჩავიდა. მეც ჩავედი. აინთო წითელი შუქნიშანი. დრო ვიხელთე და ხმადაბლა, ზურგიდან მივმართე: "ქალბატონო ზინაიდა!" - "დიახ!" - მოულოდნელად მიპასუხა. სიხარულისგან ლამის გული გამისკდა... აღარ მახსოვს, რას ველაპარაკებოდი... ბოლოს მოვიფიქრე და ავტოგრაფი ვთხოვე. მან სიამოვნებით მომიწერა ხელი პატარა უბის წიგნაკში, მერე ტელეფონის ნომერიც ჩამაწერინა. შუქნიშანზე მწვანეც აინთო და წავიდა. გადასასვლელის შუა გზიდან უკან მობრუნდა, ჩემკენ გამოემართა. - გეთაყვა, ტელეფონის ინდექსი დამავიწყდა. - არა, არ უნდა, - ვეუბნები. - როგორ არ უნდა, ისე ვერ დარეკავთო, განმიმარტა.

ასე დაიწყო ჩემი ურთიერთობა ზინა კვერენჩხილაძესთან. რამდენი მშვენიერი, დიდებული, ამაღლებული წუთი გვაქვს ერთად გატარებული, საათობით საუბრები ტელეფონით... რამდენი გვიკამათია, რამდენჯერ გვიჩხუბია კიდეც. იყო პერიოდები, როცა გამებუტებოდა, აღარ მესაუბრებოდა, მერე გავიდოდა დრო და ისე შემირიგდებოდა, თითქოს არაფერი ყოფილაო... ჩემს ცხოვრებაში ახალი სამყარო დაიწყო ზინაიდა კვერენჩხილაძით.

saba-metreveli-da-zina1-copy-1668408653.jpg

დიდი ტრაგიკოსი მსახიობი

გია ბურჯანაძე:

- ერთი თვე სულ ფოთში ვიყავით (ევრიპიდეს „მედეა“ ფოთის დრამატულ თეატრში დაიდგა 1985 წელს). თებერვალი იდგა, ციოდა. ვცხოვრობდით თეატრის წინ სასტუმროში, მე მეორე სართულზე, ქალბატონი ზინა - მესამეზე. სამწუხაროდ, სასტუმრო კარგად არ თბებოდა. ყოველღამე მესმოდა რაღაც ბაგაბუგი. ჯერ არაფერს ვამბობდი, ხმაური ისევ გაგრძელდა და ერთხელაც ვკითხე: რა ხდება ნომერში ყოველ ღამით-მეთქი? რომ მცივა, დავრბივარ და ასე ვხურდებიო, - მიპასუხა. მერე ვიპოვეთ გამოსავალი: ფოთის წრიულ ავტობუსში ვსხდებოდით უკანა სავარძელზე, მოტორთან ახლოს, რომ კარგად გავმთბარიყავით. ორჯერ შემოვუვლიდით ქალაქს და თან რეპეტიციას გავდიოდით. ასე რომ, მედეასა და იაზონის დიალოგები ავტობუსში გვაქვს მომზადებული.

ქალბატონი ზინა იყო იშვიათი ადამიანური თვისებების მქონე პიროვნება. მუშაობდა ყოველგვარი პრეტენზიების, კაპრიზებისა და განსაკუთრებული მოთხოვნების გარეშე. ვერიკო ანჯაფარიძის შემდეგ, ასეთი დიდი ტრაგიკოსი მსახიობი არ გვყოლია!

gia-burjanaze-da-zina-kverenchxilaze1-1668408675.jpg

„ზინა კვერენჩხილაძე 15 წელი მეფობდა რუსთაველის თეატრში“

გოჩა კაპანაძე:

- ბოლო ორი როლი (თამარ ახვლედიანი და მაკრინე) ქალბატონმა ზინამ ჩემს სპექტაკლებში - „მოხუცი ჯამბაზები“ და „მზის დაბნელება საქართველოში“ ითამაშა. ჩემთვის, როგორც რეჟისორისთვის, ეს იყო დიდი პატივი და ერთგვარი სკოლაც. მისი შინაგანი სულიერი სამყარო გამოირჩეოდა კონტრასტულობით: ხან მავთულზე შემომჯდარ მობუზულ ბეღურას ჰგავდა, ზოგჯერ - პანტერას, ხან კი ისე გააფთრდებოდა, რომ მოგაგონებდათ ბობოქარ ლომს, რომელსაც შეუძლია წალეკოს ირგვლივ ყველაფერი. ზინაიდა კვერენჩხილაძე ძალიან საინტერესო და ამოუცნობი პიროვნება იყო. ხანდახან გეგონებოდა, რომ შეისწავლე და უცებ, ისეთ ახალ ფერს გაჩვენებდა, ისეთ სხვა ზინად წარმოგიდგებოდა, რომ სახტად დარჩებოდი. კატეგორიული ადამიანი იყო, შესაბამისად, მის ჯავშანში ადვილად ვერ შეაღწევდი. ზინა კვერენჩხილაძე მკაცრი და მომთხოვნი, უპირველესად საკუთარი თავის მიმართ იყო. მისთვის წარმოუდგენლად მიუღებელი გახლდათ თვითრეკლამა, „ვარსკვლავობით“ თავმოწონება და პოპულარობა. ასეთ პიროვნებასთან მუშაობა არ იყო ადვილი, მაგრამ ეს სირთულე აყალიბებდა უაღრესად საინტერესო შემოქმედებით პროცესს.

რუსთაველის თეატრი დასაბამიდანვე მამაკაცი არტისტების თეატრად მიიჩნეოდა. ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც ეს ტრადიცია დაირღვა, თანაც ქალი მსახიობის მიერ. ზინა კვერენჩხილაძე 15 წელი მეფობდა რუსთაველის თეატრში. ერთხელ მითხრა: ესეც არ მაპატიესო! ანდა, ვინ აპატიებდა მსგავს „რევოლუციას“. დღემდე ეს 15-წლიანი სეზონი მოუხსნელია... ერთი რამ კი დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა: ზინაიდა კვერენჩხილაძე იყო გენიოსი, გენიოსი და გენიოსი!

ნანული ზოტიკიშვილი