რას ედავებიან სოხუმში უკანონოდ დაკავებულ 29 წლის გოგონას?!. - გზაპრესი

რას ედავებიან სოხუმში უკანონოდ დაკავებულ 29 წლის გოგონას?!.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სოხუმში საქართველოს მოქალაქე დააკავა. ადგილობრივი მედიის ცნობით, 29 წლის ასმათ თავაძეს ჩხრეკის დროს დიდი ოდენობით ნარკოტიკი, საქართველოს დროშა და ე.წ. შევრონი აღმოუჩინეს.

საქართველოს მოქალაქე ასევე ფლობს "აფხაზეთის პასპორტსაც", რის გარშემოც ადგილობრივებში უამრავი კითხვა გაჩნდა, თუმცა შემდეგ გაირკვა, რომ ის ჯერ "აფხაზეთის მოქალაქე" იყო და შემდეგ მიიღო საქართველოს მოქალაქეობა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, უკვე გააქტიურდა ცხელი ხაზი და ასმათ თავაძის უკანონოდ დაკავების შესახებ ცნობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს მიაწოდეს.

აფხაზური მედიის ცნობით, "სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქე დაპატიმრებულია, თუმცა გამოძიება გრძელდება..."

ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილს არ სჯერა, რომ ასმათ თავაძე აფხაზეთში ნარკოტიკების რეალიზაციაზე მუშაობდა, სავარაუდოდ, მას უფრო პოლიტიკური გეგმები ჰქონდა, სხვა შემთხვევაში, შინ საქართველოს დროშა და სახელმწიფო სიმბოლიკები არ ექნებოდა.

"ბოლო ხანებში ქართველების მიმართ ურთიერთობა დამთბარია და ეს ვიღაცას თვალში არ მოსდიოდა. შესაძლოა, აქ ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრის, ინალ არძინბას კლანმა იაქტიურა, რომელიც ენგურის ხიდიდან უდიდეს საფრთხეს ხედავს, ისევე როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებში, სადაც ქართული სპეცსამსახურების კვალს... თუმცა, არძინბას აფხაზებში ძალიან ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს. თავისი თავხედური განცხადებების გამო, განსაკუთრებით, ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკებთან დაკავშირებით, რომ მისი რუსეთისთვის გადაცემის საკითხი გადაწყვეტილია - ბევრს არ ესიმპათიურება. ზოგს "ენკავედესკოსტიუმიან" კადრსაც კი აგონებს. რაც შეეხება ნარკოტიკის ჩადებას - არასასურველი პერსონის მოსაშორებლად ამის გაკეთება აპრობირებული მეთოდია", - წერენ აფხაზები დახურულ ჯგუფებში.

სოხუმში მცხოვრები ქართველი "გზასთან" საუბრისას ამბობს, რომ ასმათ თავაძის დაკავების მიზეზი, დიდი ალბათობით, სოციალურ ქსელებში მისი აქტიურობა და საკუთარ ბინაში საქართველოს დროშისა და შევრონის გამოფენა იყო:

- როგორც ირკვევა, დაკავებული ქართველი გოგონა სამტრედიიდან არის, მაგრამ უმეტესად აფხაზეთში, სოხუმში ცხოვრობდა. დიდი ალბათობით, საცხოვრებელი ფართობი დაგირავებული ჰქონდა. გარშემო საკმაოდ გავლენიანი აფხაზები ჰყავდა, რომლებიც საქართველოს მოქალაქეს "სამართლებრივი პროცედურების" გავლაში ეხმარებოდნენ. იმასაც ამბობენ, რომ გასული წლის მარტში "აფხაზური პასპორტიც" აიღო, მაგრამ სავარაუდოა, უფრო ადრიდან ჰქონოდა, რადგან რეგიონში თავს ადაპტირებულად გრძნობდა.

ახლა ნარკოტიკებთან ერთად, კიდევ ერთ, მთავარ "დამამძიმებელ გარემოებად" სოციალური გვერდის მის კედელზე დადებულ ფოტოებს მიიჩნევენ, სადაც ასევე ეროვნული სიმბოლიკები აქვს დადებული. ასევე გაირკვა, რომ მამამისი, გალაკტიონ თავაძე საქართველოს შეიარაღებული ძალების მოქმედი ოფიცერია. ადგილობრივ "შსს"-ში ამბობენ, რომ მის სოციალურ გვერდზე განთავსებულ, სოხუმში გადაღებულ ფოტოებს "პროვოკაციული მინაწერები" აქვს, ანუ ყველას ეწერა, რომ აფხაზეთი - საქართველოა (ასმათ თავაძის დაკავებიდან მალევე, სოციალურ ქსელში მისი გვერდი დაიბლოკა)... ეს ყველაფერი ადგილობრივ მოსახლეობაში აჩენს ეჭვს, რომ გოგონას აქტიურობა ვიღაცას ცუდად მოხვდა თვალში, თორემ, თუ ადამიანი ნარკოტიკებს ასაღებდა, ასე რატომ იაქტიურებდა?.. ნარკორეალიზატორები პირიქით, ჩუმად არიან, ფარულად მოქმედებენ, თავს შენიანად ასაღებენ და ცდილობენ, ყურადღება არ მიიქციონ. ვინ აფრიალებს იმ ქვეყნის დროშას, რომელსაც უმეტესობა დღემდე მტრად მიიჩნევს, მით უმეტეს, თუ შინ ნარკოტიკებს ინახავს?!. ეს ხომ არალოგიკურია. ამას ხვდებიან აფხაზები და ამიტომაც უჩნდებათ ეჭვი. ბოლო ხანებში მათ ნარკორეალიზატორები არ უკვირთ, ფსოუდან ყველა ეროვნების ნარკოვაჭარი გადმოდის, აქ უბნები აქვთ, სადაც თუ ხშირად ხარ, უკვე გასაგებია - ან მომხმარებელი ხარ, ან გამსაღებელი...

მეორე მხრივ, ბოლო ხანებში მითქმა-მოთქმაა აფხაზეთის "მოქალაქეობის" საკითხთან დაკავშირებით. ოპოზიციონერმა ადგურ არძინბამ სომეხი ბიზnესმენის, რუბენ ტატულიანისთვის "მოქალაქეობის" მინიჭების გარშემო ატეხილი სკანდალისას აღმოაჩინა, რომ 2020-2022 წლებში 6 700-მდე პირმა "აფხაზეთის მოქალაქეობა" საეჭვო გარემოებებში მიიღო, კერძოდ - არა აფხაზეთში დაბადების საფუძველზე. მათ შორისაა ასმათ თავაძეც. ოპოზიციამ ადგილობრივი "პროკურატურის", "შსს საგამოძიებო სისტემისა" და "უშიშროების სამსახურისგან" ამ სიაში მოხვედრილი ყველა პერსონის კარგად შესწავლა მოითხოვა. შესაძლოა, ამას თავაძის საქმის დეტალური შესწავლაც მოჰყვა, ვგულისხმობ მისი ბინის გაჩხრეკას...

- აფხაზები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ ქართველი გოგონა საცხოვრებელ კორპუსში ყველასთან მეგობრობდა და ეთნიკური ნიშნით მისი აუგად მოხსენიება ან რაიმე ეჭვის გაჩენა აზრად არავის მოსვლია.

- დიახ, სოხუმი პატარა ქალაქია და ყველა ერთმანეთს იცნობს. მარტივი და ლოგიკურია, თუ კორპუსში საეჭვო საქმიანობის ადამიანი ცხოვრობს, მის სადარბაზოში, ეზოში ან უბანში ნარკოტიკების მომხმარებლები ირევიან და ეს ეცოდინებათ. როგორც აფხაზური "უშიშროების სამსახურში" აცხადებენ, ასმათ თავაძის სახლში ჩატარებული ჩხრეკისას 10 გრამზე მეტი ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღეს...

ისევ პოლიტიკურ თემას რომ დავუბრუნდეთ, რუსეთის სანქციების ფონზე, აფხაზეთში ცხოვრება ძალიან გაჭირდა, ყველაფერი გაძვირდა. ამ ფონზე კი მუდმივად გვაფრთხილებენ, რომ ეს ყველაფერი არ არის და წინ უმძიმესი ზამთარი და კიდევ უფრო მძიმე გაზაფხული გველოდება. დენი გრაფიკით მოგვეწოდება, წყალი ძალიან ხშირად წყდება, გაძვირდა პური, საწვავი, ნავთი... ხალხმა გამოსავლის ძიება დაიწყო და მას შემდეგ, რაც ენგურის ხიდზე მიმოსვლა გაიოლდა, ქართულ საქონელს სოხუმის ცენტრალურ მაღაზიებში ხშირად ნახულობენ. ზოგი აპროტესტებს, ზოგი კი - იმიტომ, რომ ფასი ხელმისაწვდომია, - უსიტყვოდ ყიდულობს. ქართული ფულით ახლა სოხუმის მაღაზიებში პური სამი ლარი ღირს, 1 კგ შაქარი კი - თითქმის ოთხი ლარი. სამჯერ გაძვირდა რძის ნაწარმი, ხილი და ბოსტნეული, ასევე - ჰიგიენური მოხმარების ნივთები, საბავშვო საკვები. ამიტომ ქართული ბაზრებიდან ეზიდებიან, რაც პრორუსულად განწყობილ ძალებს არ მოსწონთ და ყველანაირად ცდილობენ, ფიზიკურად თუ არა, მორალურად მაინც გაწყვიტონ ის ჯაჭვი, რომელიც ყველაფრის მიუხედავად, აფხაზებს ქართველებთან აკავშირებთ. არაერთხელ უთქვამთ - დამოუკიდებლები გავხდებით მაშინ, როცა საქართველოს მხარეს ყურებას შევწყვეტთო... ახლა ცდილობენ, პრობლემების გამო შექმნილი უკმაყოფილება სხვა მხარეს, ენგურის ხიდისკენ მიმართონ - ეს ყველასთვის მომგებიანია.

მაგრამ ადამიანს, რომელსაც ოჯახის წევრი ჰყავს ავად ან რომლის შვილებსაც შია, პოლიტიკა სულაც არ აინტერესებს. ის სიტუაციიდან გამოსავალს ეძებს და პოულობს კიდეც - ქართველი ექიმი, ქართული ბაზარი, საქართველოს პასპორტი, რომლითაც სამკურნალოდ ევროპაში მიდიან... არძინბასა და მისი გუნდის სურვილია, ენგურს იქით საქართველო ისე წარმოაჩინონ, როგორც დიდი საფრთხე აფხაზი ეთნოსისთვის - პროპაგანდის ვერსიით, უკრაინის ომის დაწყებიდან, ნარკორეალიზატორების მთელი არმია შემოვიდა ენგურის ხიდიდან, რათა აფხაზი ერი გამოხშირონ, საქართველოში კი ნარკოტიკი იმდენად ხელმისაწვდომია, რომ პირდაპირ საიტებიდან შეუძლიათ გამოწერა და მსურველებისთვის სახლში მიტანა. აქ ადამიანის საქმიანობა, ავტორიტეტი, მისი პერსონა ბევრ რამეს განაპირობებს. მაგალითად, ანქვაბი თავისი ხისტი, შეუბრალებელი ხასიათის გამო, ბევრს არ უყვარს, მაგრამ იციან, რომ ტყუილი და ფარისევლობა არ შეუძლია; ამბობს იმას, რასაც ფიქრობს, ამიტომაც მის სიტყვას ენდობიან. განსხვავებით ყოფილი "პრეზიდენტ" ხაჯიმბასგან ან ასლან ბჟანიასგან, რომელიც ერთს ამბობს და მეორეს აკეთებს. ინალ არძინბას სწორხაზოვნად რუსული პოლიტიკა აქვს... არა მგონია, ასმათ თავაძის საქმის უკან არძინბა იდგეს, მაგრამ მისი კლანი არც "წვრილმან მსხვერპლზე" ამბობს უარს, დიდი შედეგის მისაღწევად. მოსახლეობის ნაწილს დღემდე მტრული განწყობა აქვს ქართველების მიმართ და ამას მისნაირი მედროვეები კარგად იყენებენ. იციან, რომ ასეთ საკითხებზე ემოციები მატულობს. ახსოვთ, რა რეაქციები ჰქონდათ მსგავს შემთხვევებზე რამდენიმე წლის წინ, როდესაც ირაკლი ბებუამ "აფხაზური დროშა" საჯაროდ დაწვა. მას ბრალის დასამძიმებლად იარაღი ჩაუდეს. მის ქმედებას აფხაზ საზოგადოებაში აღშფოთება მოჰყვა, მის მკაცრად დასჯას ითხოვდნენ. ასეთი რეჟიმებისთვის საჩვენებელი დასჯა აპრობირებული მეთოდია. აფხაზეთის "ხელმძღვანელობაში" რუსული პოლიტიკის გამო ისედაც არსებობს განხეთქილება, მაგრამ აქ იმარჯვებს ის, ვინც პროპაგანდის ხელოვნებას ფლობს...

- ადვოკატი ალბათ ადგილობრივი იქნება, არა?

- დიახ, "სახაზინო ადვოკატს" დაუნიშნავენ. აქ ადვოკატის პროფესიონალიზმი ისედაც არ ჭრის, იგებს ის, ვისაც პოლიტიკაში, "ხელმძღვანელობაში", "კანონიერ ქურდებში" ნაცნობები ან ახლობლები ჰყავს... ერთი სიტყვით, ძალიან ჩახლართული საქმეა. თუ ქართულმა მხარემ საერთაშორისო არენაზე არ იაქტიურა, გოგონას უკანონო პატიმრობაში ყოფნა გაუგრძელდება.

2019 წელს აფხაზეთში პირველივე მოსმენით მიიღეს "კანონპროექტი", რომელიც რეგიონში ნარკოტიკის გავრცელებისთვის უვადო პატიმრობას ან სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს. მანამდე ამ დანაშაულისთვის 5-დან 20 წლამდე პატიმრობა იყო დაწესებული. ერთადერთი, ვინც კანონპროექტთან დაკავშირებით ეჭვი გამოთქვა, ყოფილი "პრეზიდენტი" ალექსანდრ ანქვაბი გახლდათ. მისი თქმით, აფხაზეთში არც ერთი კანონის გამკაცრებას დანაშაული არ შეუმცირებია. ანქვაბის მოსაზრებით, ყველამ იცის, რომ აფხაზეთში ნარკოტიკის ძირითადი გამავრცელებლები რუსეთიდან ჩამოსული ახალგაზრდა ქალები არიან და "ბნელ ოთახში კატის ძებნა" არაფრის მომცემია.

"ამ ქალებს ეუბნებიან, რომ აფხაზეთში სამართალდამცავი ორგანოები არაეფექტურად მუშაობენ, მათი გაჩუმება გარკვეული თანხის ფასად შეიძლება, რადგან „კაპიკებზე“ მუშაობენ, მსუბუქი კანონები აქვთ და ადვილად გამოძვრები. ასე ატყუებენ ახალგაზრდა რუს ქალებს, რომლებიც შემდეგ ჩამოდიან და ავრცელებენ ნარკოტიკს", - ამბობს ანქვაბი.

ადგილობრივები ეჭვობენ, რომ კანონის გამკაცრების შემდეგ კორუფციამ მოიმატა, ნარკოტიკი კი უფრო ხელმისაწვდომი გახდა. საქართველოს მოქალაქის უკანონო დაკავების ფაქტს კი ოკუპირებულ რეგიონში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა: ნაწილის თქმით, "თუკი ეს ამბავი მართალია, ეს ნიშნავს, რომ ინტერესთა გადაკვეთა მოხდა და გოგონა ჩაუშვეს, სხვანაირად ის სოხუმში ვერ მოხვდებოდა და არც პასპორტი ექნებოდა". სხვების თქმით, მასთან ერთად უნდა დააკავონ იმ ბინის მფლობელებიც, ვისთანაც ის სოხუმში იმყოფებოდა და ასევე გამოსაკვლევია, როგორ აღმოაჩნდა მას "აფხაზეთის პასპორტი".

asmat-3-1668409523.jpg

"მედიისთვის ცნობილია, რომ მსხვილ ბიზნესმენებს, ზოგ შემთხვევაში კი პოლიტიკოსებს, აფხაზეთში მეტადონის დიდი პარტიები ჩამოჰქონდათ. აკავებდნენ, მაგრამ ამას უფრო პიარის სახე ჰქონდა: მას შემდეგ, რაც ისინი რამდენიმე მილიონ რუბლს გადაიხდიდნენ, ერთ კვირაში ათავისუფლებდნენ, ანუ სასჯელი ეკისრებათ, მაგრამ არ იხდიან; ისჯება ის, ვინც ქრთამისთვის ფული ვერ იშოვა ან "არაპროფესიულად" იმუშავა, ანუ მალევე გამოიჭირეს..." - წერს ადგილობრივი ბლოგერი ბესარიონ ჯელია.

"ნარკოდილერებსა და კანონის დამრღვევებს ნაციონალობა არ გააჩნიათ და ქართველობა არაფერ შუაშია. ამ პრინციპით, მათ, ვინც ენგურის ხიდზე კონტროლის გამკაცრებას ითხოვს, უნდა შევახსენო, რომ ფსოუს საზღვრიდან წლების განმავლობაში შემოდიან ნარკორეალიზატორები. კვირაში სამ-ოთხს მაინც აკავებენ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შენახვა-გავრცელებისთვის. ანუ რა ვქნათ, ჩავკეტოთ საზღვარი?.. თუ საქართველოს მოქალაქე უფრო საშიშია, ვიდრე რუსეთის?.." - წერს ადგილობრივი ელო გაბელია.

"...მაინც მგონია, ჩვენი ახალგაზრდები, ვიღაცების წაქეზებით და სურვილით, რაღაცისთვის ემზადებოდნენ, პოლიტიკურ გეგმას ან რაღაც მოძრაობას ვგულისხმობ. ამ ბოლო დროს საქართველოს, ქართველების, ყველაფერი ქართულის შესახებ ბევრი მესმის, იმაზე მეტი, ვიდრე ოდესმე. ქართული სიმღერები, საქონელი, სურსათი, ბიზნესი... თანაც, ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, რომელი ნარკოგამსაღებელი დაატარებს სახელმწიფო სიმბოლიკას, რა ახსნა აქვს?!. არავითარი", - წერს "ალიას სუხუმსკი".

ლალი პაპასკირი