ქართველი, რომელმაც თანამედროვე ჩინელი ნობელიანტი მწერლის აკრძალული წიგნი თარგმნა - გზაპრესი

ქართველი, რომელმაც თანამედროვე ჩინელი ნობელიანტი მწერლის აკრძალული წიგნი თარგმნა

უმშვენიერესი ალექსანდრა ლატარია, როგორც თვითონ ამბობს, წლების წინ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ სამი შვილის დედა იქნებოდა, სინოლოგი, ჩინური ენის ლექტორი და მთავარი ოცნება - წიგნის ფურცელზე დაეწერათ მისი სახელი და გვარი, ასე მარტივად ახდებოდა...

- დავიბადე პატარა ქალაქ წალენჯიხაში, თუმცა ბავშვობის წლები შუა აზიის ქვეყნებში გავატარე. სწორედ აქედან წამოვიდა აზიური კულტურისა და ენის მიმართ ინტერესი. დაინტერესებული ვიყავი შორეული აღმოსავლეთით, განსაკუთრებით - უძველესი ჩინური კულტურით, ჩინეთის დიდი კედლით და ტერაკოტას არმიით... ბავშვობაში მიმაჩნდა, რომ ამ ყველაფრის ნახვა შეუძლებელი იყო იქ სწავლის გარეშე, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, ჩინურის შესწავლა და თავისუფალ უნივერსიტეტში ჩავაბარე. მეორე წელსვე მოვიპოვე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სტიპენდია და უჰანში წავედი ერთწლიანი სასწავლო პროგრამით. ეს სტუდენტური ერთი წელი იყო ყველაზე დასამახსოვრებელი ეტაპი ჩემს ცხოვრებაში, თავისი თავგადასავლებით, უცხო და შთამბეჭდავი კულტურით, შაოლინის მონასტრით, აკრძალული ქალაქით და სამოთხით დედამიწაზე...

- სამწუხაროდ, "კოვიდის" გამო უჰანი სულ სხვა რამით დაამახსოვრდა მსოფლიოს... როგორია ეს ქალაქი?

- უჰანი გამორჩეული და საინტერესო ქალაქია თავისი ლანდშაფტითა და ღირსშესანიშნაობებით. ქალაქში 11 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ქუჩაში მოღიმარი ხალხი დადის და ყველა ცდილობს, გზააბნეულ უცხოელს დაეხმაროს. პირველი თვე ძალიან რთული იყო, რადგან უმეტესად არ მესმოდა ჩინელების საუბარი, ვერ ვჭამდი მათ კერძებს და ვერ ვიყენებდი ჩინურ ჩხირებს.

ჩემი ერთწლიანი ჩინური ცხოვრება ამით არ დასრულებულა, მეორედაც მოვიპოვე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სტიპენდია და ამჯერად სასწავლებლად ლანჭოუს უნივერსიტეტში გავემგზავრე. იქ დამხვდა რადიკალურად განსხვავებული სიტუაცია. უფრო პატარა ქალაქი, დაახლოებით 4 მილიონამდე მოსახლით, თუმცა უჰანის მსგავსად, ხალხი იქაც ძალიან ყურადღებიანი და თბილია, განსაკუთრებით იმ უცხოელების მიმართ, ვინც ჩინურად საუბრობს ან მათ ენას ეუფლება.

ჩინეთში განათლების ძლიერი სისტემაა, ყველა უნივერსიტეტი ისეა მოწყობილი და ისეთ განწყობას გიქმნის, რომ სწავლა და სტუდენტობა გინდება. ყოველდღიურად გაქვს შეხება ისეთ ადამიანებთან, რომლებიც თბილად გექცევიან და ცდილობენ, უყურადღებოდ არ დაგტოვონ.

- ადგილობრივი მოსახლეობა როგორია?

- ადგილობრივების სტუმართმოყვარეობა და ჩინური ტრადიციები, მათ შორის სამზარეულო, რომელიც მომწონს თავისი მრავალფეროვნებისა და ცხარე სანელებლების გამო, ხშირად საქართველოს, განსაკუთრებით კი მშობლიურ სამეგრელოს მაგონებდა. ჩინური სამზარეულოს მთავარი პრინციპები, რომლებიც 3000 წლის წინ ჩამოყალიბდა, თითქმის არ შეცვლილა. ჩინური კერძები ცნობილია თავისი გემოთი, სურნელით, ფერითა და მიმზიდველი გაფორმებით. ყველაზე პოპულარული და საყვარელი კერძი, როგორც ჩინელებისთვის, ასევე უცხოელებისთვის, პეკინური იხვია, ღორის ხორცი მოტკბო-მომჟავო სოუსში და ა.შ. ეს კერძები თითქმის ყველა ჩინურ რესტორანშია. არსებობს იხვის სპეციალური ჯიში, რომელსაც პეკინურს ეძახიან და გამოიყენება მხოლოდ ამ ტრადიციული კერძის მოსამზადებლად. იხვს პეკინურად ხშირად მიირთმევენ ტკბილ ლობიოს სოუსთან, სოიასთან, ნიორთან და ბლინებთან ერთად.

74834475-467132344215952-3737370602701324288-n-1668409746.jpg

- უმნიშვნელოვანესი წიგნები გამოეცით...

- 2014 წელს გამოვეცი პირველი ქართულ-ჩინური სასაუბრო, შემდეგ კი თანამედროვე ნობელიანტი მწერლის - მო იენის წიგნები ვთარგმნე: "ღვინის ქვეყნა" და "დიდი ძუძუ-მკერდი, განიერი გავა". პროცესი შრომატევადი იყო, თუმცა ამავდროულად, საინტერესო და მნიშვნელოვანი ჩემთვის, რადგან სულ სხვა კუთხით დავინახე ჩემი შესაძლებლობები. "ღვინის ქვეყანა" არის რომანი, რომელიც შთაბეჭდილებას ახდენს თავისი ბრწყინვალე გროტესკული ფორმებით, უნიკალური სტილითა და ავტორის ტალანტით. საინტერესოა რომანის სტრუქტურა. მო იენი ცდილობს თავის წიგნში ასახოს ისიც, თუ როგორ იწერება ეს წიგნი. ამისთვის მას ნაწარმოებში გმირად გამოყვანილი ჰყავს საკუთარი თავი და შედეგად, ჩვენ გვყავს მო იენი - ავტორი და "მო იენი" - წიგნის გმირი. ეს წიგნი ერთი პერიოდი აკრძალულიც კი იყო ჩინეთში, რადგან მო იენმა ბევრი სიმართლე თქვა თანამედროვე საზოგადოებაზე. "ღვინის ქვეყანა" - ესაა იგავი, ისტორიული ალეგორია და აბსურდის ლიტერატურის შედევრი ერთად აღებული...

2020 წელს დავიცავი დისერტაცია თემაზე: "ოჯახის პოსტთანამედროვე ტრანსფორმაცია, ქართულ-ჩინური ოჯახების შედარებითი ანალიზის მიხედვით". კვლევების განხორციელებაში დამეხმარა ლანჭოუს უნივერსიტეტი და მათი კვლევითი ცენტრი. უამრავ რესპონდენტთან მქონდა ინტერვიუ და საკმაოდ ბევრი მსგავსება აღმოვაჩინეთ ქართულ და ჩინურ ოჯახებს შორის.

მანანა გაბრიჭიძე