"ვცდილობ ფოტოსა და ფიგურას შორის მაქსიმალური მსგავსება იყოს" - გზაპრესი

"ვცდილობ ფოტოსა და ფიგურას შორის მაქსიმალური მსგავსება იყოს"

პოლიმერული თიხისგან შექმნილი პორტრეტები, ხან ბრელოკის სახით გვხვდება, ხანაც გულსაბნევის; ზოგჯერ დეკორატიულ დანიშნულებას იძენს და ასეთ ნივთებს მფლობელები ინტერიერში მიუჩენენ ხოლმე ადგილს. სოფიო თავშავაძე პოლიმერული თიხის ტექნიკით დაახლოებით 7 წლის წინ დაინტერესდა. ამჟამად ადამიანების მინიმოდელებს ქმნის. შინ პატარა კუთხე მოიწყო, უმთავრესად 5-9 სანტიმეტრის სიმაღლის ფიგურებს ძერწავს და მათ წვრილ-წვრილ დეტალებს დღის განათებაზე ამუშავებს.

- თბილისში, მეუღლესა და შვილებთან ერთად ვცხოვრობ. მუსიკალურ სკოლაში ვსწავლობდი, თუმცა ამ გზას არ გავყოლივარ. ფარმაცევტულზე ჩავაბარე, მაგრამ საკუთარი თავი ამ პროფესიაში ვერ "აღმოვაჩინე". საკმაოდ პატარა გავთხოვდი, ახლა 30 წლის ვარ და 13 და 8 წლის ბიჭები მყავს. ნიკოლოზი და ერეკლე პატარები რომ იყვნენ, შვილებს ჩემი ყურადღება სჭირდებოდათ. სწორედ მაშინ დავინტერესდი პოლიმერული თიხით, რომელიც ერთ-ერთ უცხოურ საიტზე აღმოვაჩინე. იმ დროს ეს მასალა საქართველოში ჯერ კიდევ არ იყიდებოდა, მაგრამ ერთ დღესაც სამხატვრო მაღაზიაში შემთხვევით წავაწყდი და შევიძინე. პირველი ნივთი მეგობარს გავუკეთე; შევეცადე გულსაბნევი მისთვის მიმემსგავსებინა. ამ ნამუშევარს ჩვენს მეგობარ-ახლობლებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ამის შემდეგ მსგავსი ფიგურა მეგობრის მეგობარმა შემიკვეთა. ასე დაიწყო ყველაფერი, მერე კი "ფეისბუკზე" საკუთარი გვერდი შევქმენი, რომელმაც საკმაოდ მცირე დროში დიდი აუდიტორია მოიზიდა. იმ პერიოდში სიახლე იყო პორტრეტული გულსაბნევები და ბრელოკები. დიდი სტიმული მომეცა, ბავშვებთან ერთად ვიყავი, მათ ყურადღებას არ ვაკლებდი და პარალელურად ვაკეთებდი საქმეს, რომელიც მსიამოვნებდა. თავდაპირველად მხოლოდ გულსაკიდებს ვძერწავდი, შემდეგ ბრელოკებიც დავამზადე, მაცივრის სტიკერები, ჭიქები, ნაძვის ხის სათამაშოები, სადგომი სუვენირები... პოლიმერული თიხისგან სამკაულსაც ვამზადებდი, მაგრამ ისეთი დიდი გამოხმაურება არ ჰქონდა, როგორიც პორტრეტულ ფიგურებს აქვს.

- როგორ სრულდება ნამუშევრები და ვინ არიან პორტრეტული ფიგურების ფლობის მსურველები?

- ვცდილობ ფოტოზე გამოსახული ადამიანი და ფიგურა მაქსიმალურად მივამსგავსო. მსურველები კონკრეტული ადამიანის ერთ ან რამდენიმე ფოტოს მიგზავნიან, რომლის იერის გათვალისწინებით ვცდილობ, ნამუშევარი მასზე გამოსახულ პიროვნებას მივამსგავსო. ეს საკმაოდ რთული, ამავდროულად, საინტერესო პროცესია. დროთა განმავლობაში ხელი გამეწაფა და ახლა უკვე ძველ და ახალ ნამუშევრებს შორის დიდი სხვაობა შეიმჩნევა, რაც ძალიან მახარებს. მინდა პორტრეტები კიდევ უფრო დავხვეწო, მეტად მივამსგავო და ვფიქრობ, გამომდის კიდეც (იღიმის). ერთხელ ხის სადგამზე ოჯახის ფიგურები გავაკეთე: დედ-მამა სამი შვილით, რომელიც ძალიან ეფექტური გამოვიდა. უწინ არ გამომდიოდა და არ ვაკეთებდი ჩვილი ბავშვების ფიგურებს. ახლახან გავრისკე და ამ ნამუშევრებსაც დიდი მოწონება მოჰყვა. ასეთი ნივთის შეძენის მსურველები ძირითადად, მშობლები არიან. პოლიმერული თიხით ბავშვების ფიგურებს ძირითადად, ბრელოკის სახით ვამზადებ. მეგობრები ერთმანეთს უკეთებენ საჩუქრებს, ხშირად საზღვარგარეთ წაღების მიზნითაც ინტერესდებიან და ა.შ.

2-1668409872.jpeg

- როდის იწყებთ საახალწლო ნივთებზე სამზადისს?

- ნაძვის ხის სათამაშოები პირველად რამდენიმე წლის წინ გავაკეთე. ფილმში "მარტო სახლში" 2 მტრედის ფიგურაა, რომელიც ვცადე თუ არა, იმდენად დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, შეკვეთებს ვერ ავუდიოდი. როგორც წესი, საახალწლო სამზადისს ზაფხულის ბოლოს ან შემოდგომაზე ვიწყებ, მტრედებს დიდი რაოდენობით ვაგროვებ, რომ ახალი წლის მოახლოებას მომზადებული შევხვდე. 2 წლის წინ მტრედებს ინიციალები შევმატე, ინტერესი ამ მოდელმაც გამოიწვია. საახალწლოდ ასევე ვამზადებ ანგელოზის ფორმის გულსაბნევებსა და ამავე ფიგურებს - ნაძვის ხის სათამაშოების სახით. საერთოდ, ჩემთვის ახალი წელი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი დღესასწაულია და შესაბამისად, ამ დღისთვის სამზადისი ჩემთვის დიდი სიხარულის მომტანია.

ანა კალანდაძე