ტომის რანჩო - რატომ ჰყავს ბევრი მნახველი ტომი გოგოჭურის ეზოს სოფელ გამარჯვებაში - გზაპრესი

ტომის რანჩო - რატომ ჰყავს ბევრი მნახველი ტომი გოგოჭურის ეზოს სოფელ გამარჯვებაში

რომელსაც მზრუნველი და მოსიყვარულე პატრონის ხელი ეტყობოდა. ეზოს ღია ღობე ჰქონდა და ყველაფერი, რაც გზიდან თვალის ერთი შევლებითაც ჩანდა, - მარადმწვანე ხეები, ყვავილები, წყაროები, ურმები, ქვევრები, ქვით მოპირკეთებული ბილიკები, - მიანიშნებდა, რომ სახლის მფლობელებისთვის იქაურობა განსაკუთრებულ ადგილად ქცეულიყო. რამდენიმე თვის წინ კი თავად გავიცანი "ტომის რანჩოს" (ასე ეძახის ხალხი) გულღია და სტუმართმოყვარე მასპინძელი - ტომი გოგოჭური.

- 1949 წელს დავიბადე ქალაქ თელავში, მაგრამ 5 წლის ვიყავი, ჩემი მშობლები სოფელ გამარჯვებაში რომ გადმოსახლდნენ. პროფესიით ქორეოგრაფი ვარ, 5 წლისა შემიყვანეს ცეკვის წრეზე. ბიძაჩემი ცეკვავდა და პატარაობისას მას ვბაძავდი. მშობლებს ცეკვის პედაგოგთან რომ მივუყვანივარ, უთქვამს, - მოდი და ჯერ სხვებს უყურე, როგორ ცეკვავენო. ისინი თურმე სწორად აკეთებდნენ ტრიალს მარჯვნივ, მე - მარცხნივ ვტრიალებდი. მშობლებს შენიშვნა მოუციათ ჩემთვის, რაზედაც მასწავლებელს გასცინებია: თავი დაანებეთ, მართალია, ეგ უკუღმა ტრიალებს, მაგრამ სისწრაფეში სხვებს მაინც სჯობია, თან კარგი სმენა აქვსო. უამრავი სიგელი და დიპლომი მქონდა, ოლიმპიადაზე ხშირად ვიმარჯვებდით.

სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის შემდეგ სოფელში რომ დავბრუნდი, მშობლებმა დამახვედრეს ამბავი, კულტგანყოფილებიდან აგიტაცია-პროპაგანდის განყოფილების გამგემ გიკითხაო. ცეკვის 3-თვიან კურსებზე გამგზავნეს თბილისში და სწორედ მაშინ, სხვადასხვა ანსამბლის წევრებისგან ჩამოყალიბდა ახალი ანსამბლი. უამრავი კონცერტი გვქონდა არა მარტო აქ, ვიყავით ჩეხოსლოვაკიაშიც, ბულგარეთშიც, რუმინეთშიც. გიტარაზეც ვუკრავდი, ვმღეროდი კიდეც და საესტრადო ანსამბლი მყავდა, თან ცეკვას ვასწავლიდი. მალევე დამნიშნეს სოფელ არბოშიკში კულტსახლის დირექტორად, 10 წელი ვიმუშავე. რაიონში იყო მუსიკალური და ქორეოგრაფიული საზოგადოება, რომლის თავმჯდომარის მოადგილე ვიყავი, ასევე, ქორეოგრაფიული სტუდიის დირექტორის მოადგილეც, იმ პერიოდში თეატრშიც კი ვთამაშობდი. მერე, დრო რომ აირია და უმუშევარი დავრჩი, როგორც ყველამ, მეც ხან რა საქმეს მივყავი ხელი, ხან - რას.

- ხელოვანი ადამიანი ყოფილხართ, ალბათ ამიტომაც გაგიჩნდათ სურვილი, ასე საუცხოოდ მოგეწყოთ და გაგელამაზებინათ თქვენი ეზო.

- მამაპაპეული სახლი გადავაკეთე, 50-იანი წლების შემდეგ ხევსურები ბარში რომ ჩამოასახლეს, მაშინ აუშენეს. პატარაობიდან მიყვარდა ბუნებაც და ჩემი ხელით რაღაცების კეთება. მახსოვს, 5-6 წლის ვიქნებოდი, ფიჩხისგან პატარა ოთახი რომ ავაშენე. სამუშაო იარაღებს, ველოსიპედს და სხვა წვრილმანებს იქ ვინახავდი. სამეზობლოს ბიჭები ხშირად ვიყრიდით თავს და ვალამაზებდით, გადავხურეთ კიდეც.

ოჯახთან ერთად თბილისში რომ გადმოვედი საცხოვრებლად, ხშირად ვეღარ ჩავდიოდი სოფელში და ყურადღებას ვერ ვაქცევდი. ისეთი სამუშაო მქონდა, ვერ ვტოვებდი. ამიტომ გადავწყვიტე, მუხიანში მეყიდა "დაჩა". მეპატრონეს მოველაპარაკე, მაგრამ სახლში რომ დავბრუნდი, შვილებმა მითხრეს, თუ აგარაკის ყიდვას აპირებ, სადაც დავიბადეთ და გავიზარდეთ, იმ სახლს მივხედოთო. სიმართლე გითხრათ, გამახარა მათმა სიტყვებმა და მაშინვე დავთანხმდი. სამი შვილი მყავს, სკოლა აქ, გამარჯვებაში დაამთავრეს და ძალიან უყვართ აქაურობა. სახლის გადაკეთება და ეზოს მოწესრიგება რომ დავიწყე, გადავწყვიტე, რაკი მეუღლესა და ქალიშვილებს ყვავილები უყვართ, პატარა საყვავილეც გამეკეთებინა. ჩემი ხელით გავაკეთე და ისეთი ლამაზი გამოვიდა, მეც ძალიან მომეწონა... ეზოში ძველი საქათმე, საძროხე - ყველაფერი მოვანგრიე და რაც უშნოდ ჩანდა, ზოგან აგურებით მოვაპირკეთე, ზოგან საზაფხულო ფაცხა დავდგი, ზოგან ყვავილები დავრგე, ზოგან ძველი ნივთებით დეკორაციები შევქმენი და ასე გადავაკეთე მთელი ეზო. ახალი იდეა რომ მომივიდოდა, არ ვიზარებდი სისრულეში მომეყვანა. მნახველებს რომ მოსწონდათ და მაქებდნენ, ეს სტიმულს მაძლევდა. რასაც აქ ხედავთ, ძირითადად, ბოლო 2 წლის ნამუშევარია. მანამდე ხან შაბათ-კვირას ჩამოვდიოდი, ხან - 2 კვირაში ერთხელ. მივხვდი, საქმე იქაც მიფუჭდებოდა და არც აქ მიდიოდა ისე, როგორც მინდოდა. ამიტომ გადაწყვეტილება მივიღე და აგვისტოში 2 წელი გახდა, რაც სოფელში გადმოვედი საცხოვრებლად.

ეზოში ცალკე ავაშენე ოთახი, სადაც ზამთრის ცივი დღეების სასიამოვნოდ გატარება შეიძლება - ბუხარს დაანთებ, მეგობრებთან ერთად დაჯდები და მშვიდად ისაუბრებ. ოთახი უამრავი ძველი ნივთით გავაფორმე. ერთი ზამთარი დამჭირდა მის მოსაწყობად.

314431372-1352099908528136-5461545476531970350-n-1668410038.jpg

თავიდან ძველებური ნივთების შეგროვება დავიწყე, მერე მეგობრებმაც შემოამატეს. ურმები, აკვნები, დოქები, ლამპები, გოდრები, სიმინდის საფშვნელი, გუთანი, ღვინის ძველი ტიკი, ფრინველებისა და ცხოველების კერამიკული გამოსახულებები, რძის სადღვები, ყანწები, არჩვის რქები - რას აღარ ნახავთ ჩემს ეზოსა და სახლში.

რაც შეეხება მცენარეებს, პალმების 50 ჯიში ბათუმიდან ჩამოვატანინე, 2 წელიწადი იხარა და მერე გახმა. 700 ძირი კვიპაროსი დავრგე, 222-მა გაიხარა, გაუჭირდა აქაურ ნიადაგთან შეგუება. მარადმწვანე მცენარე სხვაც ბევრი მაქვს, ყვავილებს ჩემი მეუღლე, ნინო არჩევს ხოლმე. ხშირად მთხოვენ, ნაკვეთი ვიყიდე და იქნებ დაგვიპროექტო, სად რა ავაშენოთ და გავაკეთოთო. ზაფხულში დღეში 10-12 მნახველი მაინც მოდის და სიმართლე გითხრათ, მახარებს, ამდენ უცხო ადამიანს რომ მოსწონს ჩემი შრომის შედეგი.

- ალბათ ოჯახის წევრებიც გეხმარებიან. იოლი არ არის ამხელა სახლისა და ეზოს მოვლა.

- რა თქმა უნდა! მეუღლესაც ძალიან უყვარს აქაურობა, შვილებსაც და შვილიშვილებსაც. როდესაც ჩამოდიან, მეხმარებიან. 2 შვილიშვილი მყავს, 16 და 4 წლის. უფროსი შვილიშვილი ბიჭია. რომ ჩამოდის, სულ მეკითხება, ბაბუ, რა არის გასაკეთებელი, რაში დაგეხმაროო? შეიძლება არც მჭირდებოდეს მისი დახმარება, მაგრამ მაინც გამოვუჩენ ხოლმე საქმეს, შრომისა და მიწის სიყვარული რომ ისწავლოს. ზოგჯერ რჩევასაც ვეკითხები, რა და როგორ ჯობს.

314574361-484937556997776-3931577828228083367-n-1668410027.jpg

- ალბათ კიდევ უფრო შეგიყვარდათ თქვენი ბავშვობის სახლი, არა?

- მართალია. სახლს ძველი სტილი ვეღარ შევუნარჩუნე, მაგრამ რაც გავაკეთე, მგონია, რომ კარგად გავაკეთე. სიმართლე გითხრათ, მიჭირდა ქალაქში ყოფნა. მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრების ნახევარი თბილისში გავატარე, მაინც ვერ შევეგუე, ძალიან დამღლელია. მინდოდა, ისე არ წავსულიყავი ამ ქვეყნიდან, კვალი არ დამეჩნია, ჩემი შვილებისა და შვილიშვილებისთვის რამე სამახსოვრო არ დამეტოვებინა. პირველ რიგში, რასაც ვაკეთებ, მიყვარს და მსიამოვნებს. როდესაც ვიცი, ჩემები უნდა ჩამოვიდნენ და მე რაღაც ახალი უნდა დავახვედრო, ბედნიერი ვარ. ეს სახლი ბავშვობაში მაბრუნებს და მახსენებს ძველ წლებს, მშობლებს, ბებია-პაპას, ამიტომაც აქაურობა მშობლიურია და თბილი.

- საუბრისას ახსენეთ, რომ მარანსაც აშენებთ.

- როდესაც ამ ყველაფრის კეთება დავიწყე, მაშინ აზრადაც არ მომსვლია, რომ სამომავლოდ შემოსავლის წყაროდ მექცია. ვნახოთ, რა იქნება ხვალ, დღესდღეობით ბევრი მნახველი და სტუმარი გვყავს, ახლობლებისა და მეგობრებისთვის კი ჩვენი სახლის კარი ყოველთვის ღიაა.

ნინო ჯავახიშვილი