მიშა ყაფლანიშვილი - ქართველი მებრძოლების იმედი, ემიგრანტების "სული და გული" და... - გზაპრესი

მიშა ყაფლანიშვილი - ქართველი მებრძოლების იმედი, ემიგრანტების "სული და გული" და...

ქართველი მებრძოლების როლი რუსეთ-უკრაინის ომში განსაკუთრებულია. ამის შესახებ თავად უკრაინელები ჰყვებიან და იმასაც ამბობენ, რომ ქართველები განსაკუთრებულად უყვართ, ამის მიზეზი კი მათი თავგანწირვა და სიმამაცეა.

24 თებერვლიდან მოყოლებული დღემდე, უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლას 24 ქართველი შეეწირა, მათ შორის ერთ-ერთი მიხეილ ყაფლანიშვილია, რომელიც 21 ოქტომბერს, ლუგანსკის ოლქში დაიღუპა. თანამებრძოლების ინფორმაციით, ერთ-ერთ სოფელში სადაზვერვო სამუშაოს ასრულებდა, როდესაც დაბომბვა დაიწყო და ჭურვის ნამსხვრევი მოხვდა. მიშა საერთაშორისო ლეგიონის, "ჩარლი 2"-ის წევრი იყო.

როგორც ყაფლანიშვილის მეგობრები და თანამებრძოლები ამბობენ, უკრაინაში მარტის დამდეგს, ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში წავიდა. წლების განმავლობაში გერმანიაში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა, საკუთარი ბიზნესი ჰქონდა და ძალიან ბევრ ადამიანს ეხმარებოდა. განსაკუთრებული დამოკიდებულებით ხურვალეთის მოხუცთა თავშესაფრის ბინადრების მიმართ გამოირჩეოდა. როგორც თავშესაფრის ხელმძღვანელი ლუდა სალია ამბობს, საქართველოში ისე არ ჩამოვიდოდა, რომ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოხუცები არ მოენახულებინა საჩუქრებით ხელდამშვენებულს.

მიშა კაპლანი - როგორც მას მეგობრები ეძახდნენ, ემიგრანტების "სული და გული" იყო. სხვადასხვა ქვეყანაში გაფანტული თანამემამულეების გაერთიანების მიზნით, ორგანიზაცია "ერთად სახლში" შექმნა. უფრო მეტს ქართველი მებრძოლის შესახებ მისი მეუღლე, თანამებრძოლები და მეგობრები გვიამბობენ.

misha-ojaxi-1669011988.jpg

ცირა სამხარაძე, მიხეილ ყაფლანიშვილის მეუღლე:

- გერმანიაში ვიყავით, უკრაინაში ომის დაწყების ამბავი რომ შევიტყვეთ. ბევრი არ უფიქრია. ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში მითხრა, რომ მიდიოდა, - ასეა საჭირო საქართველოსთვისო. ძალიან შემეშინდა, მაგრამ მე და მიშა, ცოლქმრობის გარდა, უპირველეს ყოვლისა, საუკეთესო მეგობრები ვიყავით და ერთმანეთის გადაწყვეტილებას ყოველთვის პატივს ვცემდით. მიუხედავად იმისა, რომ იმ წამში ყველაფერი გავიაზრე, რა და როგორ შეიძლებოდა მომხდარიყო, რით შეიძლებოდა ეს ყველაფერი დამთავრებულიყო, წინააღმდეგობა ვერ გავუწიე. ერთადერთი, რაც მაშინ ვთხოვე და რასაც მთელი ამ ხნის განმავლობაში ვეხვეწებოდი, იყო ის, რომ ფრთხილად ყოფილიყო.

- მისი თანამებრძოლები ამბობენ, რომ საკუთარზე მეტად, სხვის უსაფრთხოებაზე ზრუნავდა.

- ასე იქნებოდა, ვიცი. თავად ასეთ საკითხებზე არაფერს მიყვებოდა, მაგრამ მე ხომ ვიცოდი, როგორი ადამიანი იყო. ვისაც იცნობდა, ყველას გულშემატკივარი გახლდათ, სხვებზე ზრუნვა საკუთარ მოვალეობად მიაჩნდა. თანაც, ძალიან რისკიანი იყო. რაც შექმნა, რაც ჰქონდა, ყველაფერი რისკის ფასად გააკეთა. ვიცოდი, იქაც არ დაზოგავდა თავს და ამიტომ ვეხვეწებოდი, სიფრთხილე გამოეჩინა. რამდენჯერაც დარეკავდა ან მესიჯს მომწერდა, ყოველ ჯერზე ვთხოვდი, - ცოცხალი დამიბრუნდი-მეთქი!.. არ დამიჯერა... ბოლოს 20 ოქტომბერს ველაპარაკე. არასდროს მეუბნებოდა, სად, რომელ პოზიციაზე იყო. მხოლოდ ის ვიცოდი, რომ ბოლო სამი თვე "ცხელ წერტილებში" იმყოფებოდა. ბოლო საუბრისას მითხრა, მალე დავალებაზე გავდივართ და ისეთ ადგილას ვიქნებით, გარკვეული პერიოდი შეიძლება ტელეფონს ვეღარ ვუპასუხო, ვეღარ დაგეკონტაქტოთ და არ ინერვიულოთო. 21 ოქტომბერს, საღამოს, გერმანიიდან მისმა მეგობარმა დამირეკა და მკითხა, - ბოლოს როდის ელაპარაკე? ვურეკავთ და ვერ ვუკავშირდებითო. თავიდან არ შემეშინდა, რადგან მიშასგან ვიცოდი, კავშირზე არ იქნებოდა, მაგრამ მოგვიანებით ეჭვი შემეპარა, გულმა ცუდი იგრძნო და მიშას მეგობარს ვთხოვე: თუ რამე ხდება, არ დამიმალოთ-მეთქი. მითხრეს, - მგონი, დაჭრილიაო. დამიმალეს. მაშინვე სოციალურ ქსელში შევედი. დავიწყე ძებნა, იქნებ რაიმე სიახლე დევს-მეთქი და მიშას გვერდზე წავიკითხე, რომ ცოცხალი აღარ იყო. ვერ დავიჯერე, უფრო სწორად, არ მინდოდა ამის დაჯერება, ბოლო მომენტამდე ვფიქრობდი, იქნებ არასწორი ინფორმაციაა, იქნებ ცდებიან-მეთქი?!. ახლაც მიჭირს იმის დაჯერება, რომ მიშა აღარ მყავს.

89-1669012003.jpg

- ცნობილია, რომ სამხედრო გამოცდილება არ ჰქონდა.

- არ ჰქონდა, მაგრამ ყველაფერი იქ ისწავლა. კონტრაქტი ორი თვის წინ გააფორმა. მინდა, ყველამ იცოდეს, რომ მიშა უკრაინაში ფულის საშოვნელად არ წასულა. გერმანიაში აწყობილი ბიზნესი ჰქონდა. მატერიალურად ბევრ ადამიანს ეხმარებოდა. ანტისაოკუპაციო ღონისძიებების დაგეგმვაშიც შეჰქონდა წვლილი. ომში წასვლის ერთადერთი მოტივი სამშობლოს სიყვარული იყო. სულ იმას ამბობდა, რომ უკრაინის ომში საქართველოს ინტერესებსაც იცავდა, რომ ის იქ ქართველი მებრძოლის სახე იყო. არც ერთი პოლიტიკური პარტიის მომხრე არ ყოფილა, არც მმართველი გუნდის, არც ოპოზიციის, ის იყო თავისი ქვეყნის პატრიოტი, ყველაფერს ემიგრაციის სახელით აკეთებდა. მთელ სულსა და გულს დებდა ამ საქმეში და ბოლოს სიცოცხლეც დათმო.

ნური მითაგვარია, თანამებრძოლი:

- მე და მიშა ერთ დანაყოფში ვიყავით. სადაც კი მოხვდა, ყველგან სახელი დატოვა. ჩვენთვისაც განსაკუთრებული იყო. ხშირად ვსაუბრობდით ამ ომის რაობაზე, ჩვენს მიზნებზე. ორივე ვთანხმდებოდით, რომ ამ ომის შედეგზე საქართველოს ბედიც იყო დამოკიდებული; ორივემ ვიცოდით, რომ თუ პუტინი უკრაინაში მიზანს მიაღწევდა, შემდეგი საქართველო იქნებოდა. მიშა უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლაში ისეთივე თავგანწირული იყო, როგორიც საკუთარი სამშობლოს დაცვის დროს იქნებოდა. თავიდან ჩვენი ამოცანა არტილერიის დახმარება იყო - ჭურვებს ვაწვდიდით, შემდეგ დაზვერვაში გადაგვიყვანეს და არტილერიისთვის ინფორმაციის მიწოდება დაგვევალა. შეტევაშიც ვმონაწილეობდით. მე და მიშა ხშირად ვჩხუბობდით და იცით, ჩვენი ჩხუბის მიზეზი რა იყო?! მუდმივად ჩემს დაცვას ცდილობდა. წინ არ მიშვებდა, თუ რამე სარისკო იყო, სულ თავად გარბოდა. ერთხელ ძალიან გაბრაზებულმა ვუთხარი: მეც მომეცი საშუალება, რამე გავაკეთო-მეთქი. მშვიდად მიპასუხა, - ძალიან ახალგაზრდა ხარ ამისთვის. მე შენგან განსხვავებით, ცხოვრება ვნახე, შენ ჯერ კიდევ წინ გაქვს ყველაფერიო. ვეღარაფერი ვუთხარი... მხოლოდ ჩემ მიმართ კი არა, ყველა ახალგაზრდის მიმართ ასეთი დამოკიდებულება ჰქონდა. თითქოს იქ ყველა მისი საპატრონოები ვიყავით. ბევრი დაჭრილი ჰყავს გადარჩენილი. პროფესიონალი მძღოლი იყო და საოცარი სისწრაფით ახერხებდა სამედიცინო პუნქტამდე დაჭრილების ისე მიყვანას, რომ მათი მდგომარეობა უფრო მეტად არ დამძიმებულიყო. ყველაზე ზრუნვა საკუთარ თავზე ჰქონდა აღებული. ახლაც, რამე რომ მიჭირს, მგონია, ჩემ გვერდით კაპლანი უნდა გაჩნდეს. ძალიან მიჭირს მის გარეშე.

ქეთი ლეშკაშელი, სამხედრო ექიმი:

- ჩვენი ბატალიონი სამ ნაწილად არის დაყოფილი: "ალფა", "ბრაო" და "ჩარლი". კაპლანი "ჩარლიში" იყო. მეთაურმა რომ თქვა, "ჩარლიში" ერთი დაღუპული გვყავს და ერთი დაჭრილიო, არ ჩავეძიე, ვიფიქრე, ქართველი რომ იყოს, მეტყოდა-მეთქი. კაპლანის დაღუპვის ამბავი მოგვიანებით გავიგე. განსაკუთრებული ადამიანი იყო. მისი დამსახურებაა, ახლა აქ, ამ ბატალიონში, ამ პოზიციაზე რომ ვარ. მიშას ძალიან უყვარდა სიტყვა - "შაიზე". რომ დავინახავდი, მაშინვე მივვარდებოდი, შაიზე, როგორ ხარ-მეთქი?.. იცინოდა, ძალიან უხაროდა. ღმერთო, როგორ მიჭირს მასზე წარსულში საუბარი.

ნადიმ ხმალაძე, თანამებრძოლი:

- კიევის წმინდა ვლადიმირის საკათედრო ტაძარი ის ადგილია, სადაც ქართველი მებრძოლები ომში გმირულად დაღუპულ თანამემამულეს ვემშვიდობებით. ეს ერთადერთი ადგილია, სადაც ყველა ქართველი ვიკრიბებით; განურჩევლად იმისა, თუ ვინ რომელ პოზიციაზე იბრძვის ან რა დავალებას ასრულებს, ყველა ეხსნება ფრონტის ხაზს და ტაძარაში მოდის. მიშაც იქ ვნახე ბოლოს, როდესაც ჩვენს ერთ-ერთ თანამემამულეს ვემშვიდობებოდით. მაშინ ვუთხარი: რა გინდა აქ, წადი, შენს ბიზნესს, ოჯახს მიხედე-მეთქი. ნაწყენმა შემომხედა, შენ რა გინდაო?! ვეღარაფერი ვუპასუხე. ასე დავემშვიდობეთ ერთმანეთს. ვანო ნადირაძემ რომ დამირეკა, ერთ-ერთი მორიგი ზარი მეგონა. თავზარი დამეცა, მიშას ამბავი რომ მითხრა. ჩემთვის ყველა მებრძოლის დაკარგვა უზარმაზარი ტკივილია, მაგრამ მიშამ გული მომწყვიტა.

ლუდა სალია, მოხუცთა თავშესაფრის დიასახლისი:

- მიშა სოციალური ქსელის საშუალებით გავიცანი. თავად მომწერა და დახმარება შემომთავაზა. პატრიოტი კაცი იყო. ორი წლის წინ შევხვდი პირველად. გერმანიიდან ახალი ჩამოსული გახლდათ. მითხრა, მოხუცთა თავშესაფარში მინდა წამოსვლაო. ემიგრანტ მეგობართან ერთად მოვიდა, საჩუქრებით დახუნძლული. ხურვალეთის საგუშაგოსთან გაგვაჩერეს, მიშას არ უშვებდნენ, - ოპოზიციონერი ხარო. საბოლოოდ, მისი ჩამოტანილი საჩუქრები პოლიციის მანქანაში ჩავაწყვეთ და ისე მივიტანეთ ადგილამდე. მეორე ჯერზეც ისევ საჩუქრებით დახუნძლული ჩამოვიდა და ისევ მივადექით ხურვალეთის ბლოკ-პოსტს. მიშას ისევ უარი უთხრეს შესვლაზე. მაშინ კი გავიგიჟე თავი და დავემუქრე, - ყველა ჟურნალისტს დავურეკავ-მეთქი!.. გადარეკ-გადმორეკეს, შემოუშვეს... ბოლო ჯერზე დათო ქაცარავასთან ერთად, მოულოდნელად დამადგა თავზე... ძალიან მწყდება გული, უკრაინაში მებრძოლ ქართველ ბიჭებზე რომ ამბობენ, ფულის გამო იბრძვიანო. მიშა ყაფლანიშვილი იმის მაგალითია, რომ ასე არ არის. მას არაფერი უჭირდა, პირიქით, ყველას ეხმარებოდა, ფულის გამო ერთი დღე არ უომია. მიშა იყო საქართველოზე უსაზღვროდ შეყვარებული ადამიანი და ამ სიყვარულს შეეწირა კიდეც.

ხათუნა ბახტურიძე