ცხოვრება უკრაინულ ქალაქებში - დეოკუპაციის შემდეგ... - გზაპრესი

ცხოვრება უკრაინულ ქალაქებში - დეოკუპაციის შემდეგ...

პირველი რამდენიმე მძიმე თვის შემდეგ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევაზე გადასვლა დაიწყეს, რამაც მშვიდობიან მოსახლეობას, რომელსაც ოკუპანტი ირანული "შაჰიდის" დრონებით უტევს, მოტივაცია კიდევ უფრო აუმაღლა... ზამთრის პირას უშუქოდ, წყლის, გაზისა და ელემენტარული პირობების გარეშე დარჩენილი მოსახლეობა გამარჯვების იმედს არ კარგავს, განსაკუთრებით, ხერსონის გათავისუფლების შემდეგ.

ადგილობრივი, ხერსონის ოლქის მცხოვრები ალიონა ბუხტეევა გვიყვება, რომ იქამდე, ვიდრე უკრაინული არმია ოლქის მნიშვნელოვან ნაწილსა და მთავარ ქალაქს გაათავისუფლებდა, ერთი კვირით ადრე, რუსულმა არმიამ და "ეფესბემ" მშვიდობიანი მოსახლეობა დნეპრის მარჯვენა მხარეს გადაიყვანა.

- ყველას შემოგვთავაზეს, მაგრამ საბოლოოდ ისინი წაიყვანეს, ვინც მათი ინტერესების გამტარებელი იყო, მათთან "საჯარო სამსახურში" მუშაობდა, ხელფასს იღებდა და რუსულ პროპაგანდას ატარებდა... 4 მარტიდან ჩვენ რუსების კონტროლის ქვეშ ვიყავით. უკრაინული დროშები და სხვა სახელმწიფო სიმბოლიკები ჩამოხსნეს, ყველაფერი "გადაარუსულეს" და გვაიძულებდნენ, ამაში წვლილი შეგვეტანა. სხვა გამოსავალი არ გვქონდა, იქ დარჩენილები ისედაც თვითგადარჩენისთვის ვიბრძოდით. პირველ ხანებში, ასობით და ათასობით ადამიანი "ფილტრაციის ბანაკის" გავლით, რუსეთში გადაიყვანეს და ოჯახის წევრებმა არ იციან, ცოცხლები არიან თუ დახოცეს... მოგეხსენებათ, უკვე ვპოულობთ მასობრივ საფლავებს.

ხშირად არ იყო წყალი, დენი, გათბობა... უმძიმესი რვა თვე გადავიტანეთ...

- სურსათის დეფიციტიც იყო, არა?

- ყველაფრის დეფიციტი გვქონდა. სურსათის, მედიკამენტების, მაგრამ ყველაზე მძიმე ინფორმაციის არარსებობა იყო. ყველანაირი სიხშირე დაბლოკეს, მხოლოდ რუსულ, სამთავრობო არხებს ვუსმენდით და ვუყურებდით. დროდადრო, განსხვავებული ინფორმაციის მოსასმენად ეკლესიაში ვიკრიბებოდით, იქ ბევრი ხალხი მოდიოდა და ვიღაცას აუცილებლად ეცოდინებოდა რა ხდებოდა კიევში, დასავლეთში... ცოტაც მოითმინეთ, გვითხრა ერთ დღეს ახალგაზრდა მორჩილმა, რომელსაც ძმა სამხედრო ჰყოლია. თავად ხელი სტკიოდა, არ ვიცი, რა ვითარებაში დაიზიანა, არც გვიკითხავს. ნებისმიერი ინფორმაცია საშიში იყო ჩვენთვისაც და მისთვისაც. თუ ეკლესიაში ლოცვაზე მიყოლებით ათი დღე შევიკრიბებოდით, ერთ დღეს აუცილებლად, "ესესელებივით" შორიახლოს დადგებოდნენ და გვაკვირდებოდნენ, რამე საფრთხის შემცველი ვიყავით თუ არა. პარტიზანების ძალიან ეშინოდათ, რადგან არაერთი შემთხვევა იყო, როდესაც ადმინისტრაციული შენობა, სამხედრო შტაბის რაღაც ნაწილი ან სულაც, მანქანა ფეთქდებოდა. ადგილობრივ ტელევიზიაში ამბობდნენ, რომ მოკლე ჩართვას ხანძარი მოჰყვა, რა დროსაც საბრძოლო მასალა, მანქანა ნაღმზე აფეთქდა, ან დაუდევრობის გამო, ამა თუ იმ შენობაში ხანძარი გაჩნდა... არ აღიარებდნენ, რომ მათ უკრაინელი ხალხი ებრძოდა. ზოგადად, უკრაინელებს არც გვეძახდნენ - "ტი, რუსსკი", მეტყოდა ჩვენი უბნის დამკვირვებელი თუ კონტროლიორი, რომელსაც ინფორმაციის შეგროვება ევალებოდა. რეფერენდუმის ჩატარების დღეებში, სექტემბრის ბოლოს ძალიან ეშინოდათ და სახლებში შემოგვიცვივდნენ, გაგვჩხრიკეს. სასტიკად სცემეს და "სამშობლოს, ხალხის ღალატის მუხლით" გაასამართლეს ქალი, რომელსაც საძინებელში უკრაინის დროშა უპოვეს. ამბობენ, ჯერ რუსეთში გადაიყვანეს, შემდეგ კი მისი კვალი დაიკარგაო. სკოლებში რუსული სახელმძღვანელოები შემოიტანეს, აბსურდული პროგრამებით, თუ როგორი ერთიანი იყო ერთ დროს რუსეთი და როგორ ებრძვის მას ახლა ურწმუნოებაში გადავარდნილი სამყარო... პირველ ხანებში კოლაბორაციონისტები სკოლებში მიდიოდნენ და გაკვეთილებს ესწრებოდნენ, რომ ენახათ, თუ რა პათოსით ასწავლიდნენ მასწავლებლები ბავშვებს, მშობლების განწყობებს სწავლობდნენ... მოსწავლეებს ეკითხებოდნენ, - რომელი იყო მათი სამშობლო, რას ეუბნებოდნენ შინ.

მარტის ბოლოს ჩამოგვიარეს და აღგვრიცხეს. ჩაიწერეს, ვინ სად მუშაობდა, ოჯახში რამდენი წევრი იყო, გვყავდა თუ არა უცხოეთში ვინმე... ავტოფარეხებიდან, სარდაფებიდან ავტომანქანები გამოჰყავდათ და ყირიმის მიმართულებით მიჰყავდათ... პირველი ორი თვე მაროდიორებმა წაგვლეკეს. ღამესაც კი არ ელოდებოდნენ, დღისითვე კიბეს ადგამდნენ სახლებს და საცხოვრებელი კორპუსებიდან კონდიციონერებს, გათბობის ქვაბებს ხსნიდნენ, თოკით ძირს უშვებდნენ, შემდეგ მანქანებში ტვირთავდნენ და ყირიმში, იქიდან კი რუსეთში გადაჰქონდათ.

ერთხელ ჩემი ძმის სახლიდან გამოტანილი ნივთები ვიცანი, რადგან მაცივარზე პატარა ძმისშვილების ხელით მიკრული ფოტოებიც კი არ ჰქონდათ მოცილებული... მე და ჩემი ძველი თანამშრომელი ვიყავით. ვერ მოითმინა მან და უთხრა: ეს ფოტოები უნდა მოვხსნა, ჩემი ახლობლების არის, რუსეთში წაიყვანეს და არც კი ვიცი, გადარჩნენ თუ არაო. რუსმა ოფიცერმა შეუღრინა: ჩვენ ახლა რუსეთში ვიმყოფებით და თუ უფრო ღრმა რუსეთში წაიყვანეს, მით უფრო, არაფერია საშიში, შენზე უკეთესად იქნებიანო...

- ოჯახი მართლა წაიყვანეს რუსეთში?

- არა, ჩემი ძმა სამხედრო პირია. ის მაშინვე კიევში გადაიყვანეს ოჯახთან ერთად. ახლა თავის გაცამტვერებულ სახლში დაბრუნდა, მაგრამ შენობაზე არ ვდარდობთ... მთავარია დაბრუნდნენ. ქუჩების სახელებიც შეცვალეს და ძირითადად, რუსი სამხედროების, ოფიცრებისა და საბჭოთა გმირების გვარ-სახელები მიანიჭეს. ზოგან რუსეთის დროშა იყო მიმაგრებული, თუმცა ზოგიერთ ადგილას საბჭოთა კავშირის დროშებიც გამოფინეს...

ყირიმიდან ეზიდებოდნენ სურსათს, რომელიც ძალიან ძვირი იყო. მოსახლეობის ნაწილი "ჰუმანიტარულ დახმარებას" იღებდა. განსაკუთრებით ისინი, ვინც უსახლკაროდ ან მარჩენლის გარეშე დარჩნენ.

- რას აძლევდნენ?

- პურს, ზეთს, შაქარს, მარილს, კარტოფილს, ბურღულეულს, საპონს, ნავთს... ისე, როგორც მეორე მსოფლიო ომის დროს, ოღონდ არა რეგულარულად: ხან აძლევდნენ, ხან - არა. მათ იმედად ყოფნა არ შეიძლებოდა, ამიტომ, ხალხი თავად ცდილობდა რაიმე ეშოვა. სურსათის მაღაზიები და საწყობები მაროდიორებმა, რუსმა ჯარისკაცებმა გამოცალეს, შემდეგ კი სარდაფებსა და სათავსებში დაიწყეს ქექვა. ხანდახან მგონია, ამ რვა თვის განმავლობაში რამდენიმე ადამიანის სამყოფი ვიცხოვრე, მეც და ჩემმა ხალხმაც. ბოლო დღეებში მოეშვნენ, მხოლოდ გაქცევასა და ყველაფრის წაღებას ცდილობდნენ. ის ხალხი, ვინც ახალი მოსული იყო ჩვენს ოლქში, რუსეთის ხელისუფლებამ დანიშნა, მათ კი თავიანთი ადგილობრივი კოლაბორაციონისტები იპოვეს და უცებ გაქრნენ...

xersoni-2-1669012200.webp

არადა, ხანდახან მართლა მეგონა, რომ გარუსება გველოდა, მაგრამ სულზე მოგვისწრო ჩვენმა ხალხმა.

ახლა არც შუქი გვაქვს, არც წყალი და არც სითბო, მაგრამ ბედნიერები ვართ. იმ დღეს ორი ბავშვით, მარტოხელა დედა დაბრუნდა თავის გაძარცულ სახლში. რამდენი ხანია ჩემი ქვეყნის ვალუტა არ მინახავს, ასე მეგონა, არც არავის ჰქონდა, მაგრამ უცებ 43 800 გრივნა შეუგროვეს. დედა-შვილს რამდენიმე დღე ეყოფა საკვებისთვის. ძალიან გამიკვირდა: სად გქონდათ ეს ფული, რუსები გააფთრებული ეძებდნენ რამე საეჭვოს-მეთქი და, გაეცინათ... რაც მთავარია, ოჯახის წევრებთან დაკავშირება შევძელით. იმედი გვაქვს, პრობლემები ნელ-ნელა მოგვარდება.

ალექსანდრ ივანიცკი ხარკოვის რეგიონში, ვოვჩანსკში ცხოვრობს. მისი თქმით, იქაურობა რუსეთის ძალებმა ომის დაწყებიდან რამდენიმე საათში დაიკავეს. ქალაქი სექტემბრის ბოლოსთვის გათავისუფლდა და ხალხიც თანდათან ბრუნდება:

- ქალაქი მიწასთან იყო გასწორებული. უამრავი ადამიანი ბრუნდება და არ იცის, სად წავიდეს, რადგან სახლი დაზიანებულია და ვერ შედის. ამიტომ ერთმანეთს ვეხმარებით: ზოგმა სხვას თავისი არასაცხოვრებელი ფართობი დაუთმო, ზოგმა შემოისახლა. ძალიან ბევრი ადამიანი წავიდა, ბევრი ჯერ კიდევ ვერ ბედავს დაბრუნებას, რადგან ჩვენი ქალაქი რუსეთ-უკრაინის საზღვართან მდებარეობს. ეშინიათ, რომ ისევ იქნება სროლა, ომი... თუმცა, არა მგონია, რუსეთს უკვე რამის თავი ჰქონდეს.

ქალაქის ქუჩები ცარიელია, მაღაზიები დაკეტილი. მუდმივი დაბომბვისგან დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, აფთიაქები, კაფე-რესტორნები და სხვა დაწესებულებები... მათ, ვინც ქალაქში დავრჩით, გვეგონა, სროლების შეწყვეტის შემდეგ შვებით ამოვისუნთქავდით: ყველაფერს გავუძლებთ, დღეში ერთხელ შევჭამთ, საერთო კოცონთან გავთბებით, სანთლისა და ლამპის შუქზე ვიცხოვრებთ, ოღონდ დაბომბვით გამოწვეული ზანზარი შეწყდესო, მაგრამ ასე არ მომხდარა... ცარიელ ქუჩებსა და სახლებში გაჩენილი ვირთხები იმდენად საზარელი სანახავია, ლამის გავგიჟდით... ახლა სიცოცხლის ნიშანწყალი იგრძნობა ჩვენთან. იყო პერიოდი, როდესაც მთელ ქუჩაზე მე და ჩემი სამი მეზობელი მარტო ვიყავით: მე, 82 წლის მოხუცი და 56 წლის შშმ პირი ქალი, რომელიც კიბეზე ვერ ადიოდა, ამიტომ ავტოფარეხში ცხოვრობდა და დაინახა, როგორ დაცალეს მისი სახლი რუსმა სამხედროებმა... გვიყვებოდა, ერთხელ ავეჯის ნაწილი დაამტვრიეს, ეზოში ცეცხლი დაანთეს და მეც დამპატიჟეს, - მოდით, გათბითო... ერთ დღეს კი გაყინული ვიპოვეთ და მისივე სახლის გვერდით დავკრძალეთ.

xersoni-1-1669012188.jpg

საშინელი ზამთარი გამოვიარეთ. სახლში ისე ციოდა, როგორც გარეთ... კაცების უმეტესობა იმიტომ გაიქცა, რომ რუსები აიძულებდნენ, მათ ნაწილებს შეერთებოდნენ. ამბობდნენ, - ცოცხალი ძალა გვჭირდებაო. ანაზღაურებასაც ჰპირდებოდნენ, მაგრამ რა ეტყობოდათ მათ ჯარისკაცებს, რომ ხელფასი ჰქონდათ? საზაფხულო ტანსაცმელები ეცვათ. თბილ ქურთუკებს ჩვენ გვთხოვდნენ ან დაკეტილ სახლებში ეძებდნენ. ისეთი ადგილობრივებიც იყვნენ, ვინც ასაკის გამო დაიწუნეს, მაგრამ მაინც წაიყვანეს და სანგრები ათხრევინეს, საველე პირობებში საჭმელს ამზადებინებდნენ... საშინლად იკვებებოდნენ თურმე. პატიმრებისგან შექმნილი ნაწილიც ჰყოლიათ და იმათაც კი გაუპროტესტებიათ, ციხეში უკეთესად ვიკვებებოდითო... რამდენიმე თვე ფული არც კი გვინახავს. პენსია გვქონდა, მაგრამ ვერ ვიღებდით. მათხოვრებივით ვიყავით. აი, სადაც შედარებით მშვიდი სიტუაცია იყო, იქ რამე საკვებს ვიპოვიდით, მერე შეშას შევაგროვებდით და ცეცხლს დავანთებდით, იქვე ვიძინებდით... შემდეგ გავიგეთ, რომ მეზობელ ქალაქში საცხობი გაიხსნა და იქ ველოსიპედით ან ფეხით მივდიოდით, თან რაც შეიძლება ადრე, რადგან პური შეზღუდული რაოდენობით ცხვებოდა... რამდენჯერმე ისევ რუსები დამხვდნენ და პურებით სავსე ნაჭრის ჩანთა წამართვეს. ოკუპანტი ქვეყნის ჯარისკაცმა პური წამართვა! კურიოზი იყო, მაგრამ მაშინ ისეთი უბედური ვიყავი, სულ არ მეცინებოდა. თან არც ვიცოდი, შინ ცოცხალი მივაღწევდი თუ არა... ახლა მაღაზიების და საბანკო აპარატების ამუშავებაზე დაიწყეს ლაპარაკი. შეპირებული ვარ, რომ ორი თვის ხელფასით მოხუცებს ნუგბარს ჩამოვურიგებ, მერე ჩემი სახლის სახურავს შევაკეთებ. რვა თვეა პენსია არ ამიღია და წესით, უნდა მეყოს...

ლალი პაპასკირი