დავით ჭიჭინაძე: "ე.წ. ეკონომიკურ ზრდას ჩვენი მოსახლეობის გაღატაკება და დაბეჩავება მოჰყვა!" - გზაპრესი

დავით ჭიჭინაძე: "ე.წ. ეკონომიკურ ზრდას ჩვენი მოსახლეობის გაღატაკება და დაბეჩავება მოჰყვა!"

რომელიც ადამიანებს ოჯახის შესანახადაც არ ჰყოფნით... ათასობით ბავშვი, რომელიც შიმშილობს, ემიგრაციაში მცხოვრები დედები, რომლებიც შვილებს წლების განმავლობაში ვერ ნახულობენ…- 21-ე საუკუნის საქართველოს ამ რეალობაში უწევს ცხოვრება! ამ ფონზე, ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ყველაფერი კარგადაა და ქვეყანაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს. რას ეფუძნება ხელისუფლების წარმომადგენელთა ოპტიმიზმი? - ამის თაობაზე გვესაუბრება პოლიტიკური პარტია "ტრიბუნას" ხელმძღვანელი დავით ჭიჭინაძე.

- ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველო არ არის ქვეყანა, სადაც ორნიშნა ეკონომიკური ზრდა რეალურად შეინიშნება. ეკონომიკური ზრდის ყველაზე მკაფიო ნიშანი ახალი სამუშაო ადგილების შექმნაა, საქართველოში კი ახალი საწარმოების გახსნის შანსი მიზერულია, რადგან ჩვენთან ძალიან მაღალი საკრედიტო განაკვეთებია. იმის გამო, რომ ფული ბიზნესისთვის ხელმიუწვდომელია, არ არსებობს ტენდენცია, რომ ადამიანებმა რაღაცის გახსნა და ამუშავება მოინდომონ. ამის გარეშე კი, ახალი სამუშაო ადგილები ვერ შეიქმნება.

- აბა, როგორ გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა?

- ერთადერთი, რასაც ედრებიან, არის შარშანდელი წელი, როცა ჩვენი ქვეყანაც ისე იყო ჩაკეტილი, როგორც მთელი მსოფლიო: არ მუშაობდა რესტორნები, სასტუმროები და ტურიზმის მაჩვენებლებიც განულებული იყო. ცხადია, გასულ წელთან შედარებით ზრდა გვექნება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოს მოსახლეობა დალხენილია. ყველაფერი კატასტროფულად გაძვირდა, რაც რუსეთიდან, ბელორუსიდან და სხვა ქვეყნებიდან შემოსული დევნილების დიდმა ნაკადმაც განაპირობა. როგორ? - ეს ხალხი დადის კაფეებში, რესტორნებში, ცხოვრობს სასტუმროებში, ქირაობს ან ყიდულობს ბინებს... 4.700 ბინაა ნაყიდი მხოლოდ რუსეთის მოქალაქეების მიერ. ამ სიტუაციით მხოლოდ მთავრობამ მოიგო, რადგან ბიუჯეტში უფრო მეტი გადასახადი შედის. ხელისუფლება, სხვადასხვა მანიპულაციის და მოხერხებული ბუღალტერიის დახმარებით ახერხებს ეკონომიკური წინსვლის სურათი შექმნას.

- რა მდგომარეობაშია ამ დროს ჩვენი მოსახლეობა?

- იმის გამო, რომ პური, ზეთი, საწვავი - ყველაფერი გაძვირდა, მოსახლეობა ყველაზე აუცილებელ პროდუქციასაც ვეღარ ყიდულობს. ხალხი იძულებულია თავის გადარჩენაზე იფიქროს და ქვეყნიდან უზარმაზარი ნაკადი გაედინება. როცა გვიმტკიცებენ, უმუშევრობა შემცირდაო, ეს ფაქტორიც მოქმედებს, რადგან უმუშევართა რიგებს ემიგრაციაში წასული ადამიანების რიცხვი მოაკლდა. ჩვენი სახელმწიფო, ნაცვლად იმისა, რომ რეალურ ეკონომიკურ რეფორმებს ატარებდეს და ცდილობდეს, ქვეყნიდან მოსახლეობის გადინება შეაჩეროს და ხალხის ცხოვრების გაუმჯობესებაზე იზრუნოს, ლამაზ ზღაპრებს გვიყვება, რომ ყველაფერი კარგადაა და ჩვენი ეკონომიკა იდეალურ მდგომარეობაშია. ეს სამარცხვინო და გაუმართლებელი მიდგომაა! გვიმტკიცებენ, ლარი გამყარდა და უკეთესი ეკონომიკური პარამეტრები გვაქვსო... შარშანდელთან შედარებით, ლარი მართლაც გამყარდა, სამაგიეროდ, ყველაფერი გაძვირდა და მოქალაქეების მსყიდველობითუნარიანობა კატასტროფულად შემცირდა. ნახეთ, როგორ გაძვირდა ბინის ქირა, საწვავი, პური, ზეთი, სხვა საკვები პროდუქტები... სტუდენტები, რომლებიც თბილისში, ქუთაისში, ბათუმში ან სხვა ქალაქებში სწავლობენ, ბინის დაქირავებასაც ვეღარ ახერხებენ. ეკონომიკის ზრდა ადამიანის ცხოვრების გაუმჯობესებას უნდა ემსახურებოდეს, ჩვენთან კი, ყველაფერი პირიქით მოხდა - ლარის გამყარებას ფასების შემცირება კი არ მოჰყვა, პირიქით, ფასები კატასტროფულად გაიზარდა.

- ეს რით შეიძლება აიხსნას?

- ამის ახსნა რთულია, მაგრამ ჩვენი ეკონომიკა და მოსახლეობის დიდი ნაწილი ემიგრანტების გზავნილებზეა დამოკიდებული. როდესაც ოჯახის წევრებს და ახლობლებს დოლარს ან ევროს უგზავნიან, ისინი უფრო ნაკლებ ლარს იღებენ, თანაც, ყველაფერი უფრო ძვირი უჯდებათ. გაძვირდა კომუნალური გადასახადებიც და ხალხის მწირი შემოსავალი მთლიანად ვალების მომსახურებაზე, გადასახადებში იხარჯება. თუ ადრე ათასი ევრო 3.500 ლარი ღირდა, ახლა ემიგრანტები და მათი ოჯახები თითქმის, ათას ლარს კარგავენ. ანუ აღარა აქვთ საშუალება ადამიანურად იცხოვრონ - ე.წ. ეკონომიკურ ზრდას ჩვენი ხალხის გაღატაკება და დაბეჩავება მოჰყვა.

2018-2019 წლის მაჩვენებლებსაც რომ გადავხედოთ, ვნახავთ, რომ ლარის მსყიდველობითი უნარი ლამის განახევრებულია, ხოლო მოსახლეობის შემოსავალი არ გაზრდილა, რამაც ქვეყნის დაცლა გამოიწვია.

კიდევ ვიმეორებ: ეკონომიკის ზრდა მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდას და ცხოვრების დონის ამაღლებას გულისხმობს, ნუთუ, ამ სიტუაციაში შეიძლება ითქვას, რომ ხალხის მდგომარეობა გაუმჯობესდა?! ისე, ზოგიერთების მატერიალური მდგომარეობა მართლა უმჯობესდება. როდესაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გამოდის და ამტკიცებს, ინფლაციას ძვირი საპროცენტო განაკვეთებით ვებრძვიო, ეს ხომ სრული აბსურდია?! ამ პოლიტიკის გამო, ბევრი ადამიანი სესხის აღებისგან თავს იკავებს, რადგან 30-40%-იანი სესხის მომსახურება წარმოუდგენელია. საბანკო სექტორს ამ სიტუაციაში არანაირი პრობლემა არ ექმნება, მაგრამ ბიზნესს არსებობა და სამუშაო ადგილების შენარჩუნება უჭირს. სამარცხვინოა, რომ არნახულად გაიზარდა გადასახადები, რომელსაც კომერციული სტრუქტურები იხდიან. ამ გადასახადებს ემატება გაძვირებული საბანკო სესხები. ერთადერთი სექტორი, რომელსაც დღეს გარანტირებული შემოსავალი აქვს, ბანკია.

- ამ ფონზე, ძალიან ცუდი პროცესი მიმდინარეობს: ქართველები ქვეყნიდან გადიან და უცხოტომელები მრავლდებიან.

- ასე ხდება, როცა მკვიდრ მოსახლეობას ეუბნებიან, წადით და სხვა ქვეყანაში იმუშავეთო, უცხოელებს კი კარს ფართოდ უხსნიან! ამას ჩვენი სამშობლოს ქართველებისგან დაცლა მოჰყვება. საქმე ისაა, რომ შემოსულები ხელისუფლებას პრობლემებს არ უქმნიან: ისინი არჩევნებში არ მონაწილეობენ და პოლიტიკურად აქტიურებიც არ არიან. ჩვენს ხელისუფლებას ასეთი ხალხის მომრავლება ურჩევნია, რადგან ჩვენი ხალხის წინსვლასა და გამრავლებაზე კი არ ფიქრობს, მისი მთავარი ამოცანა ხელისუფლებაში დარჩენაა. თუ ჩრდილოელი მეზობლის დავალებას მიიღებენ, ასე უფრო ადვილად შეძლებენ საქართველოს რუსულ გუბერნიად გადაკეთებას. მათთვის მთავარია, სახრავი ჰქონდეთ და ხალხის ხარჯზე უზრუნველად იცხოვრონ. ამიტომ, ერთნაირად ძარცვავენ აქ მცხოვრებ და ქვეყნიდან გაქცეულ მოქალაქეს, რომელსაც აქ შემოსავალი და ადამიანური ცხოვრება არ ჰქონდა. ყველას ჯიბეში ხელი ჩაუყვეს! ეს არის ამ მახინჯი საბანკო მონოპოლიის შედეგი და ამიტომაც ვართ ასეთ გაუგონარ სიტუაციაში. შევხედოთ ჩვენს დემოგრაფიულ მონაცემებს: ქართველი ერი აღარ მრავლდება. გასულ წელს 45 ათასი ადამიანი დაიბადა, ასეთი დაბალი შობადობა საქართველოში არ მახსოვს. მე-20 საუკუნეში, 1990-იან წლებშიც კი, საქართველოში საშუალოდ, 92-93 ათასი ბავშვი იბადებოდა; იყო წლები, როცა მატება 100 ათასს სცდებოდა. გამოდის, ჩვენს ქვეყანაში შობადობა განახევრდა, ხოლო სიკვდილიანობა იგივე დარჩა. ასეთი რამ ჩვეულებრივი მოვლენაა, როცა ხალხში მომავლის იმედი აღარ არსებობს, მაგალითად: 1990 წელს საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა და ხალხში ისეთი ოპტიმიზმი იყო, რომ შობადობაში რეკორდი დამყარდა. როცა ადამიანებს კარგის მოლოდინი აქვთ, მრავლდებიან, ხოლო ცუდის მოლოდინში - მცირდებიან.

- ამ სიტუაციაში, რა სარგებელი შეიძლება მოგვიტანოს სატრანზიტო ფუნქციამ, რომელიც საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია?

- "აბრეშუმის გზა" საქართველოს ტერიტორიაზე საუკუნეების განმავლობაში გადიოდა, ეს ფუნქცია საქართველოს ყოველთვის ჰქონდა და საკმაოდ კარგადაც იყენებდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ბუნებრივად გაჩნდა საქართველოს სატრანზიტო ქვეყნად გადაქცევის აუცილებლობა. ამას ხელი შეუწყო ჩვენს ტერიტორიაზე ნავთობისა და ბუნებრივი აირის მაგისტრალების გაყვანამაც. მიუხედავად ამისა, არ უნდა შევიქმნათ ილუზია, რომ მხოლოდ ტრანზიტით ვიცხოვრებთ - ეს აბსოლუტურად მცდარი შეხედულებაა. თუ ეკონომიკაში არ ჩაიდება "იაფი ფული", რასაც საწყის ეტაპზე "ქართული ოცნება" გვპირდებოდა, თუ ჩვენი ტრანზიტული პოტენციალი მხოლოდ ერთ, ვიწრო ჯგუფს მოხმარდება და არა მთელ მოსახლეობას, თუ ქვეყანაში ახალი სამუშაო ადგილები არ გაჩნდება, ჩვენი მდგომარეობა არ შეიცვლება. სამწუხაროდ, 1990 წლის შემდეგ, ჩვენი ქვეყნის გაღატაკების გარდა, არც ერთ მთავრობას არაფერი გაუკეთებია - ამას აჩვენებს სახელმწიფო ვალის ზრდის სტატისტიკაც. შევადაროთ სკანდინავიის პატარა ქვეყნების მონაცემები ჩვენსას: იქ ვალზე ლაპარაკიც კი არ არის. ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი კი, ჩვენთან შედარებით, 30-ჯერ მეტია - აი, რა შედეგები მოგვიტანა არასწორმა, უსამართლო ეკონომიკურმა პოლიტიკამ, რომელსაც თითქმის ყველა ხელისუფლება ატარებდა.

1583584120-181874-copy-1669012502.jpg

- თქვენი აზრით, დღევანდელი სიტუაციიდან გამოსავალი რა არის?

- ეს ურთულესი საკითხია, რომელსაც ერთ სტატიაში ვერ ამოვწურავთ, მაგრამ ერთი რამ უეჭველია: რეფორმების გატარება გვჭირდება. პირველ რიგში, საბანკო-საფინანსო სფეროს რეფორმაა აუცილებელი, რადგან ფული თანამედროვე ეკონომიკისთვის იგივეა, რაც სისხლძარღვები ადამიანისთვის. როცა ქვეყანაში ასეთი ძვირი ფული გვაქვს, "სისხლძარღვები" სისხლს ვეღარ ატარებს და როგორც ადამიანი, ეკონომიკაც სუსტდება, იღუპება. ძვირი ფული საქართველოს ეკონომიკაზეც დამღუპველად მოქმედებს. ვიდრე საკუთარ წარმოებაზე არ ვიზრუნებთ, ვიდრე ფული სოფლის მეურნეობაში და სხვა მნიშვნელოვან დარგებში არ ჩაიდება, სულ ერთ წრეზე ვიტრიალებთ. თუ გვინდა, ადამიანებზე ორიენტირებული ეკონომიკა გვქონდეს და სამართლიანი სახელმწიფო ავაშენოთ, ამჟამინდელი მდგომარეობის გამოსწორება აუცილებელია. დაბოლოს, ემიგრაციის იმედად ცხოვრება არ შეიძლება... ეს ხალხი უკან უნდა დავაბრუნოთ, რადგან უხალხო და უფულო ქვეყანა ვერ განვითარდება.

ხათუნა ჩიგოგიძე