როგორ გადანაწილდება და სად განთავსდება ლილი იოსელიანის არქივი - გზაპრესი

როგორ გადანაწილდება და სად განთავსდება ლილი იოსელიანის არქივი

თანამედროვე ქართული თეატრი უმთავრესად ერთი ქალბატონის აღზრდილებზე დგას და ეს გახლავთ ლილი იოსელიანი. მან თავისი 67-წლიანი პედაგოგიური მოღვაწეობის მანძილზე არაერთი თაობა აღზარა, რომლებიც რეჟისორს დღემდე უდიდესი სიყვარულითა და გამორჩეული პატივისცემით იხსენებენ. წელს ლილი იოსელიანის 100 წლის იუბილე აღინიშნება.

მის სიცოცხლეში რეჟისორის იუბილე სულ სამჯერ ჩატარდა საჯაროდ, ისიც ძალდატანებით, რადგან არ უყვარდა ზედმეტად ყურადღების ცენტრში ყოფნა. ლილი იოსელიანის ახლობლები და მოსწავლეები ამ ფაქტს მის მოკრძალებულ ხასიათს მიაწერენ. ასეთი მხოლოდ ყოველდღიურობაში გახლდათ, თორემ მუშაობის პროცესში და სტუდენტებთან არაფერს თმობდა. მკაცრიც იყო, შეუვალიც და სანამ სასურველ შედეგს არ მიიღებდა, არც მოსწავლეებთან რამდენიმესაათიან უწყვეტ მუშაობას დაასრულებდა და არც სპექტაკლის რეპეტიციას შეწყვეტდა.

XX საუკუნის 40-იან წლებში ლილი იოსელიანმა საქმიანობა მოზარდ მაყურებელთა თეატრში დაიწყო. აქ მან 4 სპექტაკლი დადგა: „ზღაპარი სიმართლეზე“, „ჩვენ გამოცდები გვაქვს“, „ზამთრის ზღაპარი“ და „მისი მეგობრები“. სხვადასხვა წლებში იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის დამდგმელი რეჟისორი და გიორგი ერისთავის სახელობის გორის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. ასევე, დგამდა სპექტაკლებს შოთა რუსთაველის სახელობის, რუსთავისა და ქუთაისის თეატრებში.

11 ნოემბერს სწორედ მისი მოსწავლეების ნაწილით შეივსო ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი, სადაც ლილი იოსელიანის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო რამდენიმე ნაწილად გაიმართა.

შენობის ფოიეში გამოიფინა ლილი იოსელიანის მიერ შექმნილი ჩანახატები და პორტრეტები, რომლებიც აქამდე საზოგადოებისთვის უცნობი იყო. ასევე გაიმართა ალბომის - „ლილი იოსელიანი“ პრეზენტაცია, რომლის ავტორი მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი და ლილი იოსელიანის სტუდენტი დიმიტრი ხვთისიაშვილი გახლავთ. ასევე გაიმართა რეჟისორების - ლაშა კოტრიკაძისა და მანანა კვირკველიას დოკუმენტური ფილმის - „ლილი იოსელიანი“ პრემიერა, რომელიც ინფორმაციულთან ერთად, საკმაოდ ემოციური სანახავია. ფილმში შესულია სხვადასხვა წელს გადაღებული უნიკალური კადრები, სადაც ქალბატონი ლილი თავის ცხოვრებასა და შემოქმედებებით გზაზე საუბრობს; პედაგოგს იხსენებენ მისი მოსწავლეები, კოლეგები, ხოლო ფინალში ვხედავთ უკვე ხანდაზმულ, 92 წლის ლილი იოსელიანს, რომელიც ამ კადრების გადაღებიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

დასასრულ, რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფორმაციაც: დეკემბერში ლილი იოსელიანის საიუბილეო საღამო (იმავე შინაარსით) გაიმართება გორის თეატრშიც, სადაც ქალბატონი ლილი რამდენიმე წელი მოღვაწეობდა. რეჟისორზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის კიდევ ერთი პრემიერა 4 დეკემბერს „კინოს სახლში“ გაიმართება და მალე, მისი ნახვა ყველა მსურველს, სოციალური ქსელების საშუალებითაც შეეძლება.

რაც შეეხება ლილი იოსელიანის არქივს, როგორც საღამოს ბოლოს დიმიტრი ხვთისიაშვილმა განაცხადა, ალბომზე მუშაობის პროცესში, რეჟისორის ოჯახის გადაწყვეტილებით, რამდენიმე ყუთში მოთავსებული მასალა მოზარდ მაყურებელთა თეატრს გადაეცა. არქივი სამ ნაწილად გაიყოფა, უმთავრესი ბინას დაიდებს საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმში, ესკიზების უმეტესობა საქართველოს ხელოვნების სასახლეში განთავსდება, ხოლო მოზარდ მაყურებელთა თეატრი იმ ნაწილს დაიტოვებს, რომელიც უშუალოდ ამ თეატრს უკავშირდება.

აქვე კიდევ ერთი სიახლის შესახებ გახდა ცნობილი: თეატრალური საზოგადოების წევრების გადაწყვეტილებით, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს უშუალო წარდგინების შემთხვევაში, ამიერიდან 5 წელიწადში ერთხელ, ლილი იოსელიანის სახელობის პრემია გაიცემა - საუკეთესო პედაგოგიური მოღვაწეობისათვის.

ლილი იოსელიანის 100 წლის იუბილე კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით აღინიშნა. სამინისტროს მხარდაჭერითვე გამოიცა ლილი იოსელიანის შესახებ ალბომი და მომზადდა დოკუმენტური ფილმი. მასალაში გამოყენებულია ფოტომასალა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს „ფეისბუკ“-გვერდიდან.

ანა კალანდაძე