ქართული ტელევიზიის ლეგენდა - გზაპრესი

ქართული ტელევიზიის ლეგენდა

ის ტელევიზიაში მისი გახსნის დღიდან მუშაობდა და იქ თითქმის ნახევარი საუკუნე გაატარა. გთავაზობთ ამონარიდებს მისი ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" დაიბეჭდა და სადაც თავისი ცხოვრებიდან რამდენიმე საინტერესო ეპიზოდზე გვიამბო:

"ჩემი გამზრდელი რუსი ქალი იყო, შესანიშნავი ადამიანი. საინტერესოა, როგორ მოხვდა ჩვენს ოჯახში. მამაჩემს, რომელიც "გოფილექტის" დირექტორის მოადგილე იყო, მოსკოვიდან ჩამოსული სტუმრები გაუცილებია რკინიგზის სადგურზე და იქ ორი ახალგაზრდა გოგო დაუნახავს. ისინი ერთმანეთზე მიკრული ისხდნენ და ტიროდნენ. მამა დაინტერესებულა, რაში იყო საქმე. გოგონებს უპასუხიათ: ჩვენთან რუსეთში შიმშილია, ბილეთები გვიყიდეს, მატარებელში ჩაგვსხეს და გვითხრეს, - საქართველოში წადით, ეგებ იქ ვინმე დაგეხმაროთო. ალალბედზე ჩამოსული ახალგაზრდებიდან ერთ-ერთი ჩვენს ოჯახში მოხვდა და ამისთვის ღმერთს მადლობას ვწირავ. ანა ერქვა, მე ბუბას ვეძახდი. ისე მიყვარდა, ერთხელ დედაჩემმა მითხრა, შენ ბუბა ყველას გირჩევნიაო. საკუთარი ოჯახი ჩემ გამო არ შექმნა. პროფესორის ვაჟს უნდოდა მისი ცოლად მოყვანა და ბუბამ, იცით, რა უთხრა ბებიას? ამ ბავშვს თუ გამატანთ, მაშინ გავთხოვდებიო!.. სკოლაში მაგას დავყავდი. ყოველ ორშაბათს კინოთეატრ "ოქტომბერში" ახალი ფილმი გადიოდა. იქ მოლარედ ჩვენი მეზობელი ქალი მუშაობდა და რამდენიმე ბილეთს შეგვინახავდა ხოლმე. ბუბა შეგვიყვანდა მე და ჩემს კლასელებს კინოში და ფილმის დამთავრების შემდეგ, ყველას სახლებში დაარიგებდა. ასევე, თეატრში თუ სტუმრად, ყველგან ბუბასთან ერთად ვიყავი, მის გარეშე ყოფნა ვერ წარმომედგინა. ის მონაწილეობდა ჩემი შვილისა და შვილიშვილის გაზრდაშიც..."

"30 წელს გადაცილებული ვიყავი, როცა საშინლად ავად გავხდი. დიაგნოზი ვერ დამისვეს. ცნობილი ექიმები დაიბნენ, არადა, მათ ხელში გავიზარდე. მოსკოვიდან პროფესორი გამოგზავნეს, რომელმაც მნახა და თქვა, - ამის აქ გაჩერება არ შეიძლებაო. თურმე ნახევარი თბილისი მე-9 საავადმყოფოს ეზოში იყო, ჩემი ამბავი აინტერესებდათ. ზურგის ტვინის პრობლემები მქონდა, ხერხემალთან დაკავშირებული. არც ვიცი, ზუსტად რა იყო. მოსკოვში რომ ჩამიყვანეს, გონზე არ ვიყავი. თვალები გავახილე და მეგონა, საიქიოში ვარ - ყველაფერი თეთრია და ჩემთან ახლოს, ვიღაც თეთრებში ჩაცმული ქალი ზის. - სადა ვარ? - ვიკითხე. - ოი, გაიღვიძაო, თქვა და წავიდა. შემოიყვანა კაცი, რომელმაც ამიხსნა, რომ საავადმყოფოში ვიწექი, - ყველაფერი კარგად იქნება, მალე მე და შენ ციგურებზე ვისრიალებთო. - მე რომ არ ვიცი ციგურებზე სრიალი-მეთქი? - არა უშავს, გასწავლიო. ამ კაცმა, არაჩვეულებრივმა პროფესორმა სერგეი ნიკალაევიჩმა ერთ ქალს დაავალა ჩემთვის ზურგის ტვინიდან სითხის ამოღება და პალატიდან გავიდა. ქალმა ისე გამაწვალა, ვერაფრით ამოიღო. ჩემი მკურნალი ექიმი დაბრუნდა, ნახა, რა გასაჭირში ვიყავი და თვითონ ამოიღო სითხე ერთი ჩხვლეტით. დედაჩემი იყო საქართველოში ერთადერთი, რომელიც ასევე ერთი ცდით აკეთებდა იმავეს, მაგრამ ჩემზე ვერ შეძლებდა... ანალიზებმა უჩვენა, რომ ოპერაცია არ დამჭირდებოდა. ორი თვე ვმკურნალობდი. საავადმყოფოდან გამომწერეს, მაგრამ მაშინვე არ გამომიშვეს თბილისში..."