"ჭრილობაზე ეკიდა ხელი და თქვა, დამჭრესო" - გზაპრესი

"ჭრილობაზე ეკიდა ხელი და თქვა, დამჭრესო"

აქტიურად მიმდინარეობს გამოძიება 15 წლის საბა მამფორიას განზრახ მკვლელობის საქმეზე. სამართალდამცავებმა უკვე გამოჰკითხეს ის მოზარდები, რომლებიც ზუგდიდის ცენტრში, მესხიას ქუჩაზე მომხდარი კონფლიქტის მონაწილეები და თვითმხილველები არიან. როგორც ირკვევა, 20 ნოემბერს, საღამოს საათებში მოზარდებს შორის ჩხუბი სპორტულ მოედანზე დაიწყო, 20-მდე ახალგაზრდა ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი ფიზიკურად დაუპირისპირდა. ერთ-ერთი ვერსიით, საბა მამფორია კონფლიქტს შემთხვევით შეესწრო და მოჩხუბრების გაშველებას ცდილობდა, სწორედ ამ დროს დაჭრა თანატოლმა. მეორე ვერსიით, მკვლელობამდე საბას მოჩხუბრები ფიზიკურადაც გაუსწორდნენ (ის ნაცემიც არის), ამის შემდეგ კი სპორტული მოედნიდან ცოტა მოშორებით, მიტოვებულ ფარდულთან მოულოდნელად დაჭრეს.

ადგილობრივების თქმით, ჩხუბში ჩართული მოზარდების უმეტესობა შემთხვევის ადგილიდან გაიქცა. დაჭრილმა საბამ ისევ სტადიონზე დაბრუნება შეძლო, ხელები თურმე ჭრილობაზე ეკიდა, იქ მყოფებს დახმარება სთხოვა, შემდეგ უცებ გონება დაკარგა. მართალია, "სასწრაფო" მალე მოვიდა და ბავშვი ზუგდიდის რეფერალურ კლინიკაში გადაიყვანეს, მაგრამ, საუბედუროდ, ის კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. სავარაუდოდ, სისხლისგან დაიცალა. საბა მამფორია ზუგდიდის მე-3 საჯარო სკოლის მე-10 კლასის გამორჩეული მოსწავლე იყო.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე - განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. იმავე დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამართალდამცავებს ზუგდიდის მე-7 საჯარო სკოლის ორი მოსწავლე ჰყავდათ დაკავებული. მათი დაკითხვა პოლიციაში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა; მეორე დღეს ერთ-ერთი გამოუშვეს, ხოლო მეორეს - ზუგდიდის მე-7 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეს, ერეკლე ც-ს ბრალი განზრახ მკვლელობისთვის წაუყენეს.

ჩვენი ინფორმაციით, ერეკლემ დანაშაული უკვე აღიარა. რა ჩვენება მისცა სამართალდამცველებს, უცნობია. დაკავებულის ადვოკატი კობა ტაბაღუა საქმის დეტალებზე არ საუბრობს. ამბობს, რომ არასრულწლოვნის ინტერესების გათვალისწინებით, საქმის ირგვლივ ვერ ილაპარაკებს. კონფლიქტის თვითმხილველი სხვა მოზარდებიც ჟურნალისტებთან არ საუბრობენ. არც მათი პედაგოგები ამჟღავნებენ კონფლიქტის მიზეზს - ამბობენ, რომ მათთვის უცნობია, რა გახდა ტრაგედიის მიზეზი.

ზუგდიდის პოლიციის მთავარ სამმართველოში მეორე დღესაც მიმდინარეობდა მოწმეების გამოკითხვა, მაგრამ დაკითხვიდან მშობლებთან ერთად გამოსული ბავშვები კომენტარს არ აკეთებდნენ. როგორც ზუგდიდის მე-3 საჯარო სკოლის დირექტორი ამბობს, საბას თანაკლასელებთან ფსიქოლოგი მუშაობს. "მოტივი ამ დრომდე არ ვიცით. უპატიოსნესი ბავშვი იყო საბა. ის აგრესიული არასოდეს ყოფილა. ახლა ფსიქოლოგია ჩართული პროცესში და ესაუბრება ფაქტის თვითმხილველებს. როგორც ვიცი, ფიზიკურადაც არის საბა ნაცემი და მერეა მოკლული. კონფლიქტს ვინც შეესწრო, იმ ბავშვს ელაპარაკება ახლა ფსიქოლოგიც. გაირკვევა დეტალები. გამორჩეული, ძალიან პატიოსანი ბავშვი იყო საბა, მისი ოჯახიც გამორჩეულია. მეტს ვერაფერს გეტყვით", - მითხრა ზუგდიდის მე-3 საჯარო სკოლის დირექტორმა ლევან ღურწკაიამ.

მოკლული არასრულწლოვნის ოჯახის წევრებიც მომხდარის მოტივზე ინფორმაციას გამოძიებისგან ელოდებიან. მათაც არ იციან, რატომ მოუკლეს სიცოცხლით სავსე ბიჭი. ისინი დამნაშავის სათანადოდ დასჯას მოითხოვენ.

"როგორი კარგი ბავშვი, როგორ კარგ ოჯახში აღზრდილი და ასე როგორ გაიმეტა თანატოლმა?! მეც მოზარდის დედა ვარ, გული მტკივა ძალიან, ხვალ და ზეგ ნებისმიერის შვილი შეიძლება ასეთი გარჩევის მსხვერპლი გახდეს. არ ვიცი, რა უნდა გაკეთდეს, ყველამ ხმა უნდა ამოვიღოთ და როგორმე შევაჩეროთ ეს საშინელება. რითი ვართ დაზღვეული? ეს უკვე მერამდენედ ხდება, მერამდენე უდანაშაულო ბავშვს კლავს თანატოლი!.. უბრალოდ, სიტყვებს ვერ ვპოულობ. ამხელა ტკივილი როგორ უნდა გადაიტანოს ადამიანმა. საბა ჩემი ბავშვობის მეგობრის შვილია. განადგურებული ვარ. მტკივა მისი ტკივილი. ეს საქართველოს დიდი ტკივილია", - მითხრა ქალბატონმა ნინომ.

საბა მამფორიას დარჩა ძმა, რომელიც მორაგბეა. ბიჭების მშობლები ახალგაზრდები არიან. იმ საბედისწერო დღეს მამა სამუშაოდ იყო წასული. შინ დედა და ბებია იყვნენ. თურმე ჩოჩქოლზე დედა გარეთ გამოვიდა და შვილებს ეძებდა, რადგან ისინი სტადიონზე ეგულებოდა. იქ რომ მივიდა, საბა უკვე კლინიკაში ჰყავდათ გადაყვანილი.

სოციალური ქსელი სავსეა ტკივილიანი სტატუსებით:

"გუშინდელ დღესავით მახსოვს, პირველად როგორ აგიყვანე ხელში. მთელი შენი 15 წელი მახსოვს, რაც ერთად გაგვიტარებია, შენ გამო მიხაროდა სახლში მოსვლა, შენ გამო ვსწავლობდი გაკვეთილებს უმოკლეს დროში, რომ მერე მთელი დღე შენთან ვყოფილიყავი. პირველად რომ ,,მაი" დამიძახე, სიხარულით მე-9 ცაზე ვიყავი. რამდენი რამე შემიძლია გავიხსენო შენზე და ახლა ასე დამიმახინჯა იმ არაადამიანმა მთელი მოგონებები... რა ვქნა ახლა, როგორ მოვიდე შენთან და როგორ გნახო ამ მდგომარეობაში? როგორ დავიჯერო ის, რაც ცუდი სიზმარი მგონია?" - წერს საბას ნათესავი და მასთან გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.

"ვზივარ და ვერაფერზე ვფიქრობ... რაც ამ ბავშვის ოჯახში ხდება, დედამიწაზე ჯოჯოხეთია... ვტიროდი, როცა იქიდან მოვბრუნდი და ჩემს 10 და 8 წლის ბიჭებს ვერ ავუხსენი, რატომ ან რაზე ვტიროდი... არ მინდა იცოდნენ, რას ნიშნავს ეს ყველაფერი, რატომ კლავენ, რატომ ჩაგრავენ ან რატომაა ამდენი ძალადობა ირგვლივ... მე მეშინია ხვალინდელი დღის, იმიტომ, რომ ირგვლივ ასეთები ხდება... მე ორი ბიჭის დედა ვარ და ვფიქრობ, რანაირად ავარიდო ჩემი შვილები ამ ყველაფერს... ამ დედა-შვილის ცალ-ცალკე ყოფნას რა ჰქვია, ღმერთოო? არც ერთ დედას არ უნდა მოუკვდეს შვილი", - წერს ოჯახის ახლობელი.

"უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა ჩვენს თავს... სკოლის უკეთილშობილესი და გამორჩეული მოსწავლე დავკარგეთ... ყველა ჩვენგანისთვის მოუშუშებელ ტკივილად დარჩება მისი წასვლა... ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებს და გამძლეობას ვუსურვებთ ყველას... ნათელში იყოს მისი სული. მუდამ ჩვენს გულებში იქნები, საბა!" - ვკითხულობთ საბას სკოლის "ფეისბუკ"-გვერდზე.

მომხდარს ძალიან განიცდის საბას ცეკვის მასწავლებელი მაიკო გუნია:

- წარმოუდგენელი ტრაგედიაა. როგორი თბილი და სიცოცხლით სავსე იყო საბა, როგორი წესიერი და მხიარული. თქვენ არ იცით, როგორ მტკივა გული და ეს რამხელა ტკივილია. როგორ შეიძლება, საბაზე წარსულში ვისაუბრო?!. მსგავსი ადამიანი არ მინახავს. საოცარი ბიჭი. ამდენი წელია, პედაგოგი ვარ და ასეთი მოსწავლე არ გვყოლია. სულ იცინოდა, უზომოდ თბილი და წესიერი იყო. მართლა საშინელებაა ეს ცხოვრება. ვერც ვლაპარაკობ, ისე ვარ განადგურებული. იმხელა სითბო დატოვა ჩემს გულში. ერთი ზედმეტი სიტყვა არ გამიგონია მისგან, მხოლოდ სითბოს აფრქვევდა. "ბოდიში", "მადლობა" - ეს იყო მისი სიტყვები. იმდენად დადებითი ადამიანია, რომ ჩემი ოჯახის წევრებიც კი იცნობდნენ. გუშინ უნდა მოსულიყო ცეკვაზე, მაგრამ, - ფეხბურთს ვთამაშობდი და ფეხი ვიტკინეო, - ამიტომ ვერ მოვიდა. თანაკლასელებთან ერთად დადიოდა ცეკვაზე, მერე სხვა მეგობრებიც შეუერთდნენ. უხაროდა, ცეკვას კარგად ვისწავლიო, ძალიან მოტივირებული იყო. სტადიონზე წასულან ბავშვები. როგორც ვიცი, ისინი შეესწრნენ ჩხუბს. საბა არაფერ შუაში იყო, აშველებდა სხვებს. გულიანი ბიჭი გახლდათ. ეტყობა, შეეცადა, მოჩხუბრები გაეშველებინა. როგორ გაიმეტეს სასიკვდილოდ, არ ვიცი. გაოგნებული ვარ. საბას ძმაკაცმა მიამბო, აშველებდაო; იმ დამნაშავემ საბას უთხრა, შენ რა გინდაო, და ამ დროს ჩაურტყამთ დანა. აშველებდა, კარგს აკეთებდა და სასიკვდილოდ გაიმეტეს, ასე ვიცი ბავშვებისგან. დახოცილები არიან, ისე განიცდიან, ლაპარაკის თავი არა აქვთ... საბა ძალიან სპორტული ბავშვი იყო, კალათბურთზეც დადიოდა, ფეხბურთს თამაშობდა, ცეკვავდა, აქტიური ცხოვრებით ცხოვრობდა. რომ დაარტყეს დანა, თურმე დაეცა, მერე წამოდგა და მიდიოდა, ხელი ეკიდა ჭრილობაზეო. რის გამო მოკლეს ეს ანგელოზივით ბავშვი?! ღმერთო, რატომ უნდა ხდებოდეს ასეთი რამ?!

მესხიას ქუჩასთან ახლოს ცხოვრობს საბას ოჯახი. დედა და ბებია ყოფილან სახლში, როცა ეს ამბავი მოხდა. მამა მანქანაზე ზის და "რეისშია" წასულიო. აღარ გვყავს საოცარი ბიჭი. გუშინ კითხულობდნენ ბავშვები ცეკვის გაკვეთილზე, საბა არ მოვაო? სულ ტელეფონი ჰქონდა დინამიკზე აუქსით ჩართული. ნეტავ მოსულიყო, იქნებ აეცილებინა ეს ტრაგედია. ისე ამხიარულებდა ყველას, ისეთი მზრუნველი ბავშვი იყო!.. ერთ მოსწავლეს, გოგონას, ცეკვის შემდეგ შესცივდა, თავისი ქურთუკი გაიხადა და მას ჩააცვა, სახლამდე გაგაცილებო. სასწაული ბავშვი იყო... ძალიან განვიცდი მომხდარს.

ბუნებრივია, ასევე დავუკავშირდით ზუგდიდის მე-7 საჯარო სკოლის დირექტორსაც. სწორედ მისი სკოლის მოსწავლეა ბრალდებული ერეკლე.

saba-dedastan-ertad-1669619702.jpg

ლია გრიგოლია, სკოლის დირექტორი:

- მხოლოდ დადებითად შემიძლია ერეკლეს შეფასება. გაოცებულები და შოკირებულები ვართ მომხდარით. კონფლიქტური არ იყო, პირიქით, მომრიგებელიც კი გახლდათ ყოველთვის. სკოლის გარეთ რა ხდებოდა და იქ რა მოხდა, ვერ გეტყვით. საქართველოს პრიზიორია კრივში, წარმატებულია სპორტში. სამი წელია, ამ სკოლაში ვარ, ცუდი მისგან არაფერი მახსოვს. ტყუილს ვერ ვიტყვი. იქ როგორ მოხვდა და რა ხდებოდა, არ ვიცი. ადრე მესამე სკოლაში ვმუშაობდი და ძალიან თბილი დამოკიდებულება მაქვს ამ სასწავლებელთან. საბას არ ვიცნობდი, ალბათ მაშინ პატარა იყო, მაგრამ ძალიან კარგად ახასიათებენ, კარგი ბიჭი ყოფილა. სამწუხაროა, ასეთი ტრაგედია რომ მოხდა. ერეკლეც პატიოსან ოჯახშია გაზრდილი. ჰყავს ძმები, დედ-მამა. მამა საზღვარგარეთ არის. ხშირად წვრთნები ჰქონდა და ოფიციალურად თავისუფლდებოდა სკოლიდან. "შტირი", დანა - მის ხელში მსგავსი არაფერი მინახავს. საშინელი ამბავია. თან ვიცი, როგორი იყო ერეკლეს განწყობა ყოველთვის, ამიტომ უფრო გასაკვირია ჩემთვის. გაოგნებული ვარ, სკოლაში სიტუაციის დალაგებაშიც კი გვეხმარებოდა ზოგჯერ. რა უნდა მომხდარიყო?.. სანამ არ გაირკვევა გამოძიებით, მანამდე ვერაფერს ვიტყვი. ფაქტია, მკვლელობას ერეკლეს ედავებიან. თვითონ აღიარა დანაშაულიო. სიმართლე გაირკვევა, ახლა ათასი ჭორი იქნება. დაველოდოთ გამოძიებას. ეს დიდი ტრაგედიაა. ეტყობა, რაღაცას ვაკლებთ ყველანი ამ ბავშვებს, ქალაქიც, სკოლაც, ოჯახიც, რომ ამხელა სიბრაზე და აგრესია არ იყოს ბავშვებში. ვფიქრობ, ყველას პასუხისმგებლობაა. ასეთი ხმაც გამოვიდა - თუ ის ბავშვი გარდაიცვალა, სიცოცხლეც აღარ მინდაო, - უთქვამს ერეკლეს. მჯერა, ამას რომ იტყოდა. რაც დატრიალდა, ჩვენი ქალაქის დიდი ტკივილია. ნეტავ გადარჩენილიყო! ძალიან გვტკივა გული, ძალიან.

ფაქტზე გამოძიება გრძელდება. სასამართლო პროცესი დაიხურება, რადგან საქმე არასრულწლოვნებს ეხება. მომხდარის მიზეზებს გამოძიება დაადგენს, ალბათ დამნაშავეც დაისჯება, მაგრამ ეს ვერაფერი ნუგეშია მამფორიების ოჯახისთვის, რომელსაც შვილი მოუკლეს. მის სახლთან ხალხის ნაკადი არ წყდება. მთელი ქალაქი გლოვობს.

ჟურნალ "გზის" რედაქცია სამძიმარს უცხადებს მოკლულის ოჯახს და მის სანათესავოს.

თეა ხურცილავა