პირველი დრონების დამზადებამდე რამდენიმე ათეული წლით ადრე...
"ვლადიმერ ბექაურის მიერ დამზადებული მცირე წყალქვეშა ნავი „პიგმეი“ ყირიმში იდგა, "ოსტეხბიუროს" ბალაკლავის ბაზაზე. მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ ფეოდოსიაში გადაიყვანეს და სწორედ აქ ჩაუვარდა ხელში გერმანელებს. ნავი ყურადღებით დაათვალიერეს იტალიელმა წყალქვეშა დივერსანტებმა და ძალიან მაღალი შეფასება მისცეს. გერმანელებმა ნავის წაღება გადაწყვიტეს, მაგრამ ღელვისას ის ჩაიძირა..." - ისტორიის მკვლევარი თენგიზ თხილავა უნიკალურ ცნობებს გვაწვდის...
- 1941 წლის 24 ოქტომბერს გერმანელები ხარკოვში შევიდნენ. საბჭოთა უშიშროებისა და წითელი არმიის სპეცდანაყოფებმა წასვლის წინ, როგორც ყველა დიდი ქალაქის, ხარკოვის ცენტრიც დანაღმეს. გერმანელებმა შესვლისთანავე დაიწყეს ნაღმების ძებნა, რადგან კარგად ახსოვდათ, რა მოხდა ერთი თვით ადრე კიევში, როცა ქალაქში დარჩენილმა საბჭოთა დივერსანტებმა კიევის მთელი ცენტრი ააფეთქეს. გერმანელმა მესანგრეებმა კაპიტან კარლ ჰაიდენის მეთაურობით, ნაღმების უმეტესობა აღმოაჩინეს და გააუვნებლეს...
გერმანელ მესანგრეთა მიერ შემოწმებულ ობიექტებს შორის იყო დიდი სახლი ძერჟინსკის ქუჩის 17 ნომერში, რომელიც პარტიის ხარკოვის ოლქკომის პირველი მდივნების საცხოვრებელი იყო. გერმანელებმა აქ 68-ე ქვეითი დივიზიის მეთაურისა და ხარკოვის სამხედრო კომენდანტის, გენერალ-მაიორ გეორგ ფონ ბრაუნის რეზიდენცია მოაწყვეს. სახლის საქვაბეში, ნახშირის გროვაში რადიომართული ნაღმი იპოვეს, რომლის მექანიზმმა გერმანელები ძალიან დააინტერესა. მესანგრეებმა ნაღმს მუხტი ამოაცალეს, რადიომიმღები კი დაუტოვეს და მასზე მუდმივი დაკვირვება დააწესეს - დარწმუნებულები იყვნენ, რომ რადგან რუსებმა ასეთი ნაღმი დატოვეს, აუცილებლად გამოუშვებდნენ რადიოსიგნალს მის ასაფეთქებლად.
რადიომიმღები 14 ნოემბერს, დილის ხუთის ოც წუთზე ამუშავდა. მის ამოქმედებას საშინელი ძალის აფეთქება მოჰყვა. ძერჟინსკის ქუჩის 17 ნომერი მთლიანად დაინგრა. დაიღუპა თვითონ გენერალი ფონ ბრაუნი, ასევე, სახლში მყოფი ორი ოფიცერი და 13 ჯარისკაცი. კაპიტანი ჰაიდენი გადარჩა, რადგან შენობაში არ იმყოფებოდა.
ის ნაღმი, რომელიც მესანგრეებმა საქვაბეში იპოვეს, ე.წ. სატყუარა იყო - სწორედ იმ გათვლით დატოვეს, რომ გერმანელებს ეპოვათ და ჩაეთვალათ, რომ შენობა განნაღმეს. ნამდვილი, ბევრად ძლიერი ნაღმი კი საქვაბის იატაკის ქვეშ იყო ჩადებული. საბჭოთა დივერსანტები დარწმუნებული იყვნენ, რომ ამ ნომენკლატურულ სახლს გერმანელები რაიმე სახელისუფლებო დანიშნულებას მიანიჭებდნენ და ასეც მოხდა.
პირველ აფეთქებას მთელი სერია მოჰყვა და დაინგრა ბევრი საცხოვრებელი სახლი, დაწესებულება და საწარმო.
ხარკოვიდან წითელი არმიის გასვლის წინ საბჭოთა დივერსანტები სატვირთო მანქანით ღიად მიდიოდნენ ხან ერთ, ხან მეორე შენობასთან და ღიად გადაჰქონდათ ასაფეთქებლით სავსე ყუთები. როცა გერმანელებმა ნაღმების ძებნა დაიწყეს, ადგილობრივები მათ აფრთხილებდნენ, თუ რომელ შენობებში შეიტანეს რამდენიმე დღით ადრე ნაღმები საბჭოთა დივერსანტებმა. გერმანელი მესანგრეები ამ ნაღმებს პოულობდნენ, როგორც ძერჟინსკის ქუჩის სახლში, მაგრამ უფრო ღრმად დამალული ნაღმები ადგილზე რჩებოდა.
ძერჟინსკის 17-ის საქვაბის ნაწილი ნახშირისგან მოასუფთავეს, იატაკი ორი მეტრის სიღრმეზე მოთხარეს. მიწას ტომრებში ყრიდნენ და ნომრავდნენ, რომ ნაღმის ჩადების შემდეგ იმავე თანამიმდევრობით დაეყარათ. ამ საქმეს რომ მორჩნენ, ზემოდან სატყუარა ნაღმი დაადეს და ნახშირი ისევ დაყარეს.
რადიოსიგნალით ნაღმი მოქმედებაში ვორონეჟის ოლქის სოფელ სემილუკიდან მოიყვანეს, ხარკოვიდან 556 კილომეტრის მანძილზე. დანაღმვას და მერე ნაღმების ამოქმედებას ცნობილი საბჭოთა დივერსანტი ილია სტარინოვი მეთაურობდა.
რადიომართული ნაღმები იყო „ბემის“ ტიპის. "ბე-მი" ნაღმის შემქმნელების გვარების პირველი მარცვლებია - ვლადიმერ ბექაურისა და ვლადიმირ მიტკევიჩის.
- ვლადიმერ ბექაურზე შევჩერდეთ...
- ვლადიმერ ბექაური სოფელ ალიდან, ახლანდელი ხაშურის მუნიციპალიტეტიდან იყო. თბილისში მიხეილის სარკინიგზო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, 1907 წელს სანქტ-პეტერბურგში წავიდა და იქ სეიფების დამზადება დაიწყო, თან მათ ელექტრონული დაცვის მექანიზმებს უკეთებდა. ბექაურის სეიფები მთელ პეტერბურგში იყო ცნობილი. როცა 1920 წელს ლენინს ახალი სეიფი დასჭირდა, მან პეტროგრადიდან ბექაური ჩააყვანინა. დაკვეთის შესრულების შემდეგ ლენინი ბექაურს გამოელაპარაკა. ბექაურმა უთხრა, რომ რადიომართული ნაღმის შექმნა შეეძლო და ასევე, რადიომართული ტანკებისა და თვითმფრინავების შექმნაზე უნდოდა ემუშავა. ლენინი ამ საქმით დაინტერესდა და ბექაურს 1921 წლის 18 ივლისს საგანგებო ტექნიკური ბიურო გაუხსნეს - "ოსობოე ტექნიჩესკოე ბიურო - ოსტეხბიურო" ("საგანგებო ტექნიკური ბიურო"). რადიომართული ნაღმის შექმნას მხარს უჭერდა სამხედრო და საზღვაო საქმეთა სახალხო კომისარი მიხაილ ფრუნზე. „ბემის“ რადიომართული ნაღმი 1924 წელს დამზადდა.
1930 წლიდან "ოსტეხბიურო" სამხედრო და საზღვაო სახალხო კომისარიატის უშუალო დაქვემდებარებაში გადავიდა. სახალხო კომისარს (ანუ მინისტრს) კლიმენტ ვოროშილოვს ბექაურისა და მიტკევიჩის კვლევების დიდი არაფერი გაეგებოდა. სამაგიეროდ, მისი პირველი მოადგილე მიხაილ ტუხაჩევსკი დაინტერესდა რადიომართული ტანკებითა და თვითმფრინავებით. ბექაური უპილოტო საფრენი აპარატის პროექტს აკეთებდა პირველი დრონების დამზადებამდე რამდენიმე ათეული წლით ადრე. ასევე შექმნა ზემცირე წყალქვეშა ნავი „პიგმეი“. 1935 წლიდან ბიურო მოსკოვში გადავიდა. 1937 წლის მაისში ტუხაჩევსკი დააპატიმრეს და დახვრიტეს. მასთან დაახლოებულ სხვა პირებთან ერთად ვლადიმერ ბექაურიც დააპატიმრეს - გერმანიის სასარგებლოდ ჯაშუშობისა და კვლევებისთვის გამოყოფილი თანხების მითვისების ბრალდებით. ბექაური 1938 წლის 8 თებერვალს დახვრიტეს.
ბექაურის მიერ დამზადებული მცირე წყალქვეშა ნავი „პიგმეი“ ყირიმში იდგა, "ოსტეხბიუროს" ბალაკლავის ბაზაზე. ომის დაწყების შემდეგ ფეოდოსიაში გადაიყვანეს და სწორედ აქ ჩაუვარდა ხელში გერმანელებს. ნავი ყურადღებით დაათვალიერეს იტალიელმა წყალქვეშა დივერსანტებმა და ძალიან მაღალი შეფასება მისცეს. გერმანელებმა ნავის გერმანიაში წაღება გადაწყვიტეს, მაგრამ ღელვისას ის ჩაიძირა... 80-იან წლებში მყვინთავებმა ფეოდოსიის მახლობლად 50 მეტრ სიღრმეზე აღმოაჩინეს ეს ნავი, რომელიც მანამდე ყველას არარსებული ეგონა...
ვლადიმერ ბექაურის მამა, ივანე ბექაური, როგორც ზოგიერთი წყარო გადმოგვცემს, აზნაური იყო, თუმცა აზნაურობის საბუთი არ მტკიცდება და სავარაუდოდ, ყალბია. უფრო სავარაუდოა მეორე ვერსია: ივანე ბექაური ე.წ. ეზოსმფლობელის, რუსულად - „ოდნოდვორეცის“ შთამომავალი იყო: ეზოსმფლობელები რუსეთის საზღვრებზე დასახლებული ადამიანები იყვნენ, რომლებსაც აზნაურების გარკვეული უფლებები ეძლეოდათ საზღვრების დაცვის სანაცვლოდ, 1840 წლამდე ყმების ყოლის უფლებაც ჰქონდათ მინიჭებული.
ვლადიმერ ბექაურის ბიუროს ექვსი განყოფილება ჰქონდა: საგანგებო, ავიაციის, წყალქვეშა ცურვის, ასაფეთქებელი ნივთიერებების, ელექტროტექნიკური და ექსპერიმენტურ-კვლევითი. 1926 წლამდე "ოსტეხბიუროს" განკარგულებაში იყო ნაღმების ქარხანა „ტორპედო“. 1927 წლის 30 ნოემბერს ვლადიმერ ბექაურმა სამთავრობო კომისიას ბიუროს მოსკოვში გადატანის საჭიროების შესახებ მოახსენა. ეს პროცესი გაჭიანურდა და საბოლოოდ, 1935 წლის 8 მაისს შესაბამისი დადგენილება მიიღო. ამასობაში ქვეყანაში მდგომარეობა შეიცვალა. მოსკოვში გადატანილ "ოსტეხბიუროში" "გულაგების" პატიმრებიც გაამწესეს. საზღვაო საკითხებზე მომუშავე განყოფილება ლენინგრადში დარჩა.
1930 წლის 3 ივნისს "ოსტეხბიურო" სამხედრო და საზღვაო საქმეების სახელმწიფო კომისარიატის განკარგულებაში გადავიდა. სახკომს, კლიმენტ ვოროშილოვს ტექნიკური საკითხების ბევრი არაფერი გაეგებოდა, მაგრამ მისი პირველი მოადგილე, წითელი არმიის ცნობილი კომანდარმი, მომავალი მარშალი ტუხაჩევსკი დისტანციურად მართული ტექნიკით დაინტერესდა და ბექაურს ყველანაირად შეუწყო ხელი.
ბექაურის ყველაზე წარმატებული პროექტი „ბემი“ იყო - რადიომართული ნაღმი, რომელზე მუშაობაც ვლადიმერ ბექაურმა და ვლადიმირ მიტკევიჩმა 1924 წელს დაიწყეს. სამხედრო-საზღვაო საქმეების მაშინდელი სახკომი მიხაილ ფრუნზე ამ ტექნოლოგიით ძალიან დაინტერესდა. მუშაობა ფრუნზეს გარდაცვალების შემდეგაც წარმატებით გაგრძელდა და 1929 წელს „ბემი“ წითელი არმიის შეიარაღებაში მიიღეს. 1932 წელს შორეული აღმოსავლეთის წითელდროშოვანი არმიის შემადგენლობაში შეიქმნა „ბემის“ ხელსაწყოებით შეიარაღებული ასეული.
ბექაურის ბიურო მუშაობას აგრძელებდა. შეიქმნა რადიონართული ტანკის ნიმუში, ასევე - ზემცირე რადიომართული წყალქვეშა ნავი „პიგმეი“. დაიწყო მუშაობა უმართავ საფრენ აპარატებზე (ახლანდელი "ბაირაქტარებისა" და მსგავსი ხელსაწყოების შექმნამდე ათწლეულებით ადრე!).
1937 წელს "ოსტეხბიურო" სამ ნაწილად დაშალეს. დღეს მისგან დარჩენილია სამხედრო-საზღვაო ფლოტის განკარგულებაში არსებული კონცერნი „საზღვაო წყალქვეშა შეიარაღება - ჰიდროხელსაწყო“.
მაგრამ ბექაურის ნამუშევარი უკვალოდ არ გამქრალა. 1941 წლის 14 ნოემბერს საბჭოთა დივერსანტებმა ბექაურისა და მიტკევიჩის შემუშავებული რადიომართული ნაღმი „ბემით“ 556 კილომეტრის მანძილზე რადიომართვით ააფეთქეს ხარკოვში გერმანელი კომენდანტის, გენერალ გეორგ ფონ ბრაუნის რეზიდენცია. ამ აფეთქებისას თვითონ ფონ ბრაუნიც დაიღუპა.
მანანა გაბრიჭიძე