შემდუღებელი ჩუმლაყიდან: "გარემოს ხის თუ რკინის ნარჩენებისგან "ვასუფთავებ" - გზაპრესი

შემდუღებელი ჩუმლაყიდან: "გარემოს ხის თუ რკინის ნარჩენებისგან "ვასუფთავებ"

დილით, სახლიდან გამოდის თუ არა, სხვადასხვა ფერის ცის ფონზე, ჰორიზონტზე კავკასიონი ხან მკაფიოდ მოჩანს და ხანაც - ნისლში გახვეული. ეს ხედი მისი მთავარი ენერგიის წყაროა. მერე ეზოს გავლით სახელოსნოსკენ მიემართება. გზად რამდენიმე მასალისგან დამზადებული ორიგინალური ნივთები ხვდება, რომლის ავტორიც თავად არის. არანაკლებ დიდი კოლექცია აქვს შინაც და შეიძლება ითქვას, რომ სახლის პირველი სართული საგამოფენო სივრცეა.

თითქმის მთელი დღე სახელოსნოშია, სადაც ათასგვარ დეკორატიულ თუ გამოყენებად ნივთს ქმნის, როგორც ლითონისგან, ისე ხისგან და ყოველგვარი დეტალისგან, რომელიც ერთი შეხედვით შეიძლება უსარგებლოდ მოგეჩვენოს, მაგრამ მისი წყალობით ახალ სიცოცხლეს იწყებს. იქვე ეზოში ძველი მუხის ბეღელიც ჩადგა და ახლა მის კეთილმოწყობაზეა გადართული. ამრიგად, ზაქარია ბერუკაშვილის კარ-მიდამო სოფელ ჩუმლაყში გამორჩეული და ფრიად საინტერესო სივრცეა, მასპინძლის კოლექციის წყალობით.

3-copy-1669620137.jpg

ზაქარია ბერუკაშვილი:

- გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში დავიბადე და გავიზარდე. მერვე კლასიდან ღამის სკოლაში ვსწავლობდი, დღე კი ვმუშაობდი. შემდუღებლის დიპლომი მაქვს და სხვადასხვა დიდ ობიექტზე სხვებთან ერთად, მეც გათბობას ვამონტაჟებდი: რუსთავში, გურჯაანში, წნორში და ა.შ. ჩხირკედელაობა ბავშვობიდან მიზიდავდა. როგორც კი შემდუღებლობა ვისწავლე, ხან მაგიდას გავაკეთებდი, ხან სამწვადეს, ხან რას და ხან რას. ხალხს მოსწონდა და მეც ნელ-ნელა აზარტში შევდიოდი. მერე ბიზნესი მქონდა. მამულებიც მაქვს, 5 ჰექტარამდე მიწა, სადაც ატამი ხარობს, მაგრამ ხილის მოვლის პროცესში მე არ ვმონაწილეობ, სხვები უვლიან. იქ ყოფნა ისე არ მიყვარს, როგორც სახელოსნოში, სადაც მირჩევნია, რაღაცები შევქმნა. ვმუშაობ ჩემთვის, მეზობლებისა და მეგობრებისთვის. ვისაც ქვაბის სახელურის თუ სკამის ფეხის შედუღება სჭირდება, მაკითხავს. დაახლოებით 5 თვეა, სახლის ეზოში პატარა სახელოსნო გავაკეთე და დღემდე დაახლოებით 100-ზე მეტი ნივთი დავამზადე. რაიმე დეტალს რომ შევხედავ, უკვე ვიცი, მისგან რა გავაკეთო ან რამე თუ მომეწონება, შინ მომაქვს და მერე სიზმარში ვხედავ, რა შეიძლება მისგან დამზადდეს. ზოგჯერ ხის ნაჭერი დიდხანს გდია, დრო გადის და ვნახულობ მეორეს, რომელიც ვფიქრობ, შეიძლება იმ პირველს მოვუხდინო და ერთმანეთს ვაკავშირებ. ჩუმლაყის სახლში ყველაფერი ჩემი ხელით მაქვს გაკეთებული, ისევე როგორც თბილისისა და ბათუმის სახლებში: საწოლები, სარკეები, მაგიდები, სანათები - ყველაფერი მე გავაკეთე.

4-copy-1669620168.jpg

- რა მასალებს იყენებთ სხვადასხვა ნივთის შესაქმნელად.

- დავდივარ ალაზნის პირას თუ სხვა ადგილებში და ნაპირზე გამორიყულ ხეების ნაჭრებს, მორებს ვაგროვებ. მათში თავიდანვე სხვადასხვა ფორმას ვხედავ, რაც ბუნებისგან უკვე შექმნილია, სახელოსნოში კი ვამუშავებ და სხვადასხვა ნივთად ვაქცევ. სადმე ვინმეს ეზოში თუ ჯართს ან რკინის ნაჭერს წავაწყდები, ისიც შინ მიმაქვს. გაფუჭებული მანქანის ნაწილებსაც ვაგროვებ, ძმაკაცებიც რამე ძველ ლითონს რომ იპოვიან, მჩუქნიან და დიდი მადლობა ყველას ამისთვის. ასეთი ძველი ნივთებისგან ვქმნი: მაგიდებს, საწოლებს, სარკეებს, საყვავილეებს, ლამპებს, საათებს და ა.შ. ქანდაკებებს დეკორაციული დანიშნულება აქვს, მაგრამ სხვა დანარჩენ შემთხვევაში მინდა, ყველა ნივთს ფუნქცია მივცე. ფაქტობრივად, ეკოლოგიაზეც ვზრუნავ და გარემოს ხის თუ რკინის ნარჩენებისგან ვასუფთავებ (იღიმის). მურაზ მურვანიძისა და ზაურ ჯოხაძის რეკომენდაციით, საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი ვარ. თბილისში ორი გამოფენა მქონდა, ახლახან გურჯაანის ღვინის ფესტივალზე გამართულ გამოფენაშიც მივიღე მონაწილეობა. კახეთში ვართ, აქ ვცხოვრობ და ბოლო პერიოდში დამზადებულ ნივთებზე აქცენტი უმთავრესად ღვინის თემაზე გავაკეთე.

- არ ყოფილა დიდი დრო, რაც აქტიურად დაგიწყიათ მუშაობა და მაინც, ამ ხნის განმავლობაში, გასაკვირად ბევრი ნივთი შეგიქმნიათ...

- კი და ახლა დროებით გავჩერდი, ახალ "პროექტზე" ვმუშაობ. ძველი, 150 წლის მუხის ბეღელი ვიყიდე. ჩვენკენ მთაში, სოფელი ჭერემია, საიდანაც ჩუმლაყში გადმოსახლებულმა ოჯახმა ბეღელი წამოიღო, რომელიც სახლის უკან ჰქონდა. იქ ლპებოდა და ფუჭდებოდა. შევიძინე და ჩემთან დაშლილ მდგომარეობაში გადმოვიტანე. ახლა რესტავრაციას ვუკეთებ. კედლები უკვე მზად მაქვს, ახლა ჭერზე გადავინაცვლე. ხალხი მოდის, ათვალიერებენ და ამბობენ, არ გვეგონა, ამისგან რამე თუ გამოვიდოდაო. 5 მეტრი 3-ზეა და ძალიან ლამაზი ხის ნაგებობა გამოდის. ბევრ შრომას ვდებ და მერე ალბათ გავყიდი, რადგან არ მჭირდება. უბრალოდ გასაფუჭებლად ძალიან დამენანა, მომინდა, ეს ისტორიული ბეღელი გამეცოცხლებინა და მისთვის პირველადი დატვირთვა დამებრუნებინა.

- ახალგაზრდები რამდენად არიან დაინტერესებულები შემდუღებლობის ხელობით თქვენს რეგიონში?

- კი, არიან და მუშაობენ კიდეც, მაგრამ იმ შესადუღებლებით, რომლებსაც მე ვხმარობ, თითზე ჩამოსათვლელი ადამიანები თუ იყენებენ. თან სახიფათო საქმეა, ერიდებიან და ურჩევნიათ, თანამედროვე შედუღების აპარატები გამოიყენონ...

10-copy-1669620152.jpg

დასასრულს, ზაქარია ბერუკაშვილის ნახელავიდან რომელი ერთი ნივთი გამოვყო, არც კი ვიცი. საკერავი მანქანა "ზინგერი" სამწვადედ უქცევია, ხოლო მის "ბორბალზე" ქვაბის შემოდგმაა შესაძლებელი. გინახავთ მანქანის ნაწილებისგან აწყობილი საყვავილე ან შველი, რკინის ფარშავანგი, რომლის კუდშიც ყვავილების ქოთნები მაგრდება? ანდა ქვის ჭიანჭველა, რომელიც მხრებით საყვავილეებს ეზიდება?! თუ არა, აქ ნახავთ. ასევე განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის მაგიდები და ნაგვის ურნა, რომელიც "მყარ" ჯაჭვის ფეხებზე "დგას". სანათებიც ორიგინალურია, ერთის ხის ძირი დინოზავრს მოგაგონებთ, ნათურა დაუმონტაჟებია ძველ პაპისეულ დოქზეც. ღვინის თემასაც არაერთი ნივთი "ეხმიანება" - ღვინის ბოთლს ხან რკინის მოთხილამურე ეზიდება, ხანაც - ძალოსანი. დეკორაციული ნივთიც ბევრია: ერთ ხის მორს შუაში დიდი ნაპრალი აქვს, მასზე მინის წვრილი ლარნაკია ჩამონტაჟებული ერთი ვარდით და, როგორც აღმოჩნდა, ეს ყვავილი მასპინძლის მეუღლის ნახელავი ყოფილა. პროფესიით ექიმია და ასეთ ვარდებს თავისი ხელით ამზადებსო, - მითხრა ბატონმა ზაქარიამ და ათასი ფერის ვარდი დამათვალიერებინა, რომელიც მისაღებ ოთახში სხვადასხვა ლარნაკში იყო მიმობნეული.

მოკლედ, ძალიან საინტერესო ნამუშევრები ვნახე და ფოტოების ნაწილს ჩვენს მკითხველსაც ვუზიარებ.

ანა კალანდაძე