მეზობლის "მაწაკი ფისო" და ბავშვობის სურვილების განხორციელება - გზაპრესი

მეზობლის "მაწაკი ფისო" და ბავშვობის სურვილების განხორციელება

თეა ვაჭარაძე არაერთი წელია, აქსესუარებს ქმნის. გრაფიკული დიზაინერია და პანდემიის დროს დისტანციური მუშაობის შედეგად, გაუჩნდა დრო და საშუალება, თოჯინებზეც ემუშავა. მისი თოჯინები ყაისნაღის ჩხირებით იქსოვება. დამეთანხმებით, როცა ადამიანი ასეთ ხელნაკეთ ნივთს ქმნის, სრულყოფილ ტექნიკასთან ერთად, უმნიშვნელოვანესია ფიგურის გამომეტყველება. სწორედ ამიტომ, მუშაობას ჯერ "თავით" იწყებს, სახის ნაკვთებს "ალაგებს" და როცა სასურველ იერს მიიღებს, მხოლოდ ამის შემდეგ ინაცვლებს ტანის ქსოვაზე. არც მათი აქსესუარები ავიწყდება, ცხოველები ბაფთებით, ქუდებით თუ შარფებითაა წარმოდგენილი.

- დედა პროფესიით ფარმაცევტია, მამა - ისტორიკოსი. დედას ხატვის, ქარგვისა და ქსოვის ნიჭი აქვს და მას რომ ვუყურებდი, მეც მიჩნდებოდა სურვილი, რამე შემექმნა. ხატვა პატარა ასაკიდან დავიწყე და დედაც ყველანაირად მიწყობდა ხელს. სამხატვრო სკოლაშიც მიმიყვანა. მოკლედ, ყველანაირად დამეხმარა, რომ მეკეთებინა საქმე, რომელიც მომწონდა.

tea3-copy-1669620316.jpg

სამხატვრო აკადემია გობელენისა და მხატვრული ქსოვილების განხრით დავამთავრე, მაგრამ სწავლის დასრულების შემდეგ ვმუშაობ, როგორც გრაფიკული დიზაინერი. თავდაპირველად, როცა აქსესუარების დამზადება დავიწყე, ვაკეთებდი: საყურეს, ყელსაბამებს, შემდეგ სხვადასხვა ფორმის ხელნაკეთ კალათსაც ვქსოვდი. პანდემიის პერიოდში დისტანციურ მუშაობაზე რომ გადავედი, სწორედ მაშინ გადავწყვიტე, თოჯინების შექმნაც მეცადა. ვერ ვიტყვი, რომ კარგად ვქსოვ, მაგრამ დიდი სურვილი მქონდა, თოჯინები მეკეთებინა; დავიწყე და მგონი, გამომივიდა (იღიმის). პირველი ფუმფულა და "ბეწვიანი" თოჯინის შექმნის ამბავი კი ასეთია: მეზობელს ჰყავს ნაცრისფერი ფისო, რომელიც ხელიდან არ უშვებს შანსს, ჩემთან არ გადმოძვრეს და აქედან გამომდინარე, ჩემი ხშირი სტუმარია. ნამუშევარს "მაწაკი ფისო" დავარქვი, რადგან სწორედ ასეთი ხასიათი აქვს მეზობლის კატას. "ბეწვიან" ფიგურებს შორის, პირველად სწორედ მისი ფიგურა გავაკეთე და რადგან ის "ბიჭია", გადავწყვიტე, რომ მარტო არ უნდა ყოფილიყო და შედარებით ღია ფერის "გოგონა ფისო" მოვუქსოვე. ამას მოჰყვა მწვანე ფუმფულა, ქუდიანი ცუგა. ახლა ფუმფულა კურდღელს ვაკეთებ, რომელიც მინდა, პრინცესულ კაბაში გამოვაწყო. თუმცა აქვე ისიც მინდა აღვნიშნო, რომ მანამდე, სადა ძაფებით, უკვე მოქსოვილი მქონდა რამდენიმე დათუნია, კურდღელი და პატარა პრინცის პერსონაჟი. საერთოდ, დათუნიებზე ყველაზე დიდი მოთხოვნაა. მეც ბავშვობიდან ძალიან მიყვარს დათვის ფორმის სათამაშოები და დღემდე ყველაზე მეტი ეს ფიგურა მაქვს შექმნილი.

რაც შეეხება თოჯინების შექმნის პროცესს, ყველაფერი ხელით იქსოვება, სქემის გარეშე, ყველაზე მეტ დროს სახეს ვანდომებ. როგორც მოქანდაკე ძერწავს ნაკვთებს, მეც დაახლოებით იმავე პროცესს გავდივარ. სანამ სასურველ ხასიათს არ დავიჭერ, მანამდე არ ვჩერდები და შესაბამისად, ძალიან დიდი დრო და ენერგია მიდის სახეზე. მხოლოდ ამის შემდეგ ვინაცვლებ ტანის დამზადებაზე. ზოგიერთს სამოსს ვუქსოვ ან ვუკერავ. ორ ერთნაირ თოჯინას ვერ გავაკეთებ, ალბათ ძალიან რომ მოვინდომო, ერთნაირ ხასიათს მაინც ვერ დავიჭერ. შესაბამისად, დღემდე ბევრი დათუნია მაქვს გაკეთებული, მაგრამ მათ შორის იდენტური არც ერთი არაა.

tea1-1669620298.jpg

- ალბათ თქვენც ძალიან გიყვართ სათამაშოები, რადგან ძნელია, ამის გარეშე შექმნა ისინი...

- დიახ, ასეა. ჩვენს ბავშვობაში სათამაშოების ისეთი დიდი არჩევანი არ იყო, როგორიც დღესაა. რამეს რომ მომიტანდნენ, ბოლომდე არ მომწონდა, ის არ იყო, რაც მინდოდა. სწორედ ამიტომ ხან ბაფთას შევაბამდი, ხან რაღაცას ჩავაცმევდი და ამ გზით ვცდილობდი, ჩემებურად გადამეკეთებინა. ალბათ ეს ერთგვარი წინა პირობა იყო იმისა, რასაც დღეს ვაკეთებ და ეს არის ბავშვობის სურვილების ასრულება.

ანა კალანდაძე