ვირუსების სეზონი მხოლოდ ახლა იწყება... - გზაპრესი

ვირუსების სეზონი მხოლოდ ახლა იწყება...

ბოლო დღეების განმავლობაში საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მარკეტებში, აფთიაქებში, თითქმის ყველგან ერთი და იგივე საუბარი ისმის - რომ საშინელი ვირუსია გავრცელებული: მაღალი სიცხეებით, სპაზმური ხველებით, სახსრების მწვავე ტკივილითა და სხვა სიმპტომებით...

"ბავშვს 2 საათზე მეტია, 39 გრადუს სიცხეს ვერ ვუგდებ... ვისაც ეს საზარელი ვირუსი შეგხვდებათ, აუცილებლად გქონდეთ სახლში დექსამეტაზონი! საშინელი სპაზმური ხველა ახასიათებს, რომელსაც სუპრასტინი და სხვა მსუბუქი მედიკამენტები ან ხალხური საშუალებები არ შველის...";

"ათი დღე მაღალი სიცხით, თავბრუსხვევით და საერთო სისუსტით ვიტანჯებოდი. ახლა უძილობა დამიტოვა. ოჯახის ექიმი მეუბნება, რომ გაივლის... ბავშვსაც ერთი კვირა დამწევს ვასმევდი. ყურებიც დაგუბებული მაქვს"; "საათზე მეტია, მეუღლისთვის სიცხის დაგდებას ვცდილობ, 40-მდე აუვიდა. "სასწრაფო დახმარების" მანქანა თურმე, ასეთ შემთხვევებზე არ მოდის. ოჯახის ექიმმა დამირეკა, თუ კიდევ არ დაუწევს, მერე მოვა "სასწრაფოს" მანქანაო...";

"მესამე სართულზე თუ ფეხით ავედი, გულამოვარდნილი უკვე ქოშინით ვსუნთქავ, არადა, ჯერ მხოლოდ 27 წლის ვარ... მეორე თვეა მახველებს, ზოგჯერ იმდენად სპაზმურად, რომ ტრანსპორტიდან ჩავდივარ, რადგან მგზავრები შიშით მიყურებენ..." - მსგავსი შინაარსის პოსტებს ხშირად შეხვდებით ინტერნეტსივრცეში.

სიფრთხილის მიუხედავად, გამონაკლისი ვერც მე აღმოვჩნდი - სიცხე არ მქონია, მაგრამ ყელის ტკივილი, სპაზმური ხველა, ხმის დაკარგვა, მკვეთრად გამოხატული თავის ტკივილი, თითქოს ხან შუბლზე მირტყამდა რაღაც ან ვიღაც, ხან - კეფაზე (ოღონდ რატომღაც, ცალ მხარეს); საერთო სისუსტე დღეები გაგრძელდა, მედიკამენტი კი მხოლოდ რამდენიმე საათს მოქმედებდა.

სპეციალისტების თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანაში ცირკულირებს რინოვირუსი, ადენოვირუსი, ბოკავირუსი, რესპირაციულ-სინიციტიური ვირუსი, კორონავირუსი და ეს ვირუსების მხოლოდ ნაწილია: გასულ კვირაში საქართველოში უკვე ოფიციალურად დადასტურდა გრიპის, ე.წ. ჰონკონგისა (H3N2 ) და ე.წ. ღორის გრიპის (H1N1) შემთხვევებიც.

როგორც იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი ივანე ჩხაიძე "გზასთან" ინტერვიუში ამბობს, წელს რესპირაციული ვირუსების სეზონი დროზე ადრე დაიწყო. მხოლოდ ერთ კვირაში ლუგარის ლაბორატორიაში ოფიციალურად დადასტურდა სეზონური გრიპის 10 შემთხვევა, რაც გასულ სეზონთან შედარებით, ნახტომისებური მაჩვენებელია.

რას ელოდებიან სპეციალისტები ქვეყანაში სეზონურ ვირუსებთან დაკავშირებით, რა შეიძლება გაკეთდეს პრევენციისთვის და როდის ელოდებიან პიკს? - ეს არის თემები, რომლის გარშემოც ბატონ ივანეს ვესაუბრეთ.

- ის, რასაც ახლა ვებრძვით, სეზონური ვირუსია და მისი მატება საქართველოში ნოემბრიდან მარტის ბოლომდე აღინიშნება. დაავადებათა კონტროლის ცენტრი ახორციელებს აღრიცხვას და როგორც კი ეს მაჩვენებელი გარკვეულ ზღვარს გადასცდება, გაფრთხილებას იძლევა. ჯერჯერობით არ არის ასეთი გაფრთხილება. მონაცემების თანახმად, კალენდარულ 43-ე კვირას გრიპის 3 დადასტურებული შემთხვევა გვქონდა, 44-ე კვირას - 10, რაც ნიშნავს, რომ მატება დაწყებულია და გრიპის შემთხვევები აღმავალ მრუდზეა. წელს მაქსიმუმს სავარაუდოდ, დეკემბერში მიაღწევს. რა თქმა უნდა, ინფიცირების შემთხვევა გახშირებულია და მიმართვიანობაც გაზრდილია, მაგრამ ამ სიტუაციას საგანგაშოს ვერ დავარქმევდი, რადგან დაავადება, რომელიც ახლა ცირკულირებს, პაციენტებს ძირითადად შინ გადააქვთ...

- ეს სეზონური ვირუსია თუ რა სახის დაავადებებს ებრძვის მოსახლეობა?

- ახლა საქართველოში ათზე მეტი ტიპის ვირუსი ცირკულირებს. ჩვენს ქვეყანაში, ისევე როგორც სხვაგან, გრიპის ვირუსების შემთხვევათა მატება ჩვეულ დროზე ადრე, ნოემბრის შუა რიცხვებში დაიწყო. ამიტომ ვვარაუდობთ, რომ შემთხვევათა პიკი დეკემბერ-იანვარში იქნება. ახლა ქვეყნისთვის, გრიპის ვირუსის შემთხვევათა მატება უფრო საყურადღებოა, ვიდრე კორონავირუსის, რომლის მუტაცია, ომიკრონი გართულებებით არ გამოირჩევა და გრიპთან შედარებით, მსუბუქად მიმდინარეობს.

წელს, როგორც საქართველოში, ასევე სხვა ქვეყნებში გავრცელებულია ერთი ტიპის - რესპირაციულ-სინციტიური ვირუსის, იგივე ქვედა გზების ინფექცია, რომელიც განსაკუთრებით რთულად მიმდინარეობს ბავშვებში და შესაბამისად, ამით აიხსნება კლინიკებში მიმართვიანობის მაღალი მაჩვენებელიც.

ამერიკაც კი, საავადმყოფოების გადატვირთულობაზე საუბრობს, რაც პედიატრებისთვის კარგად ნაცნობი ვირუსის მასშტაბური გავრცელებითაა განპირობებული. ეს ვირუსი ორ წლამდე ასაკის ბავშვებში წვრილი ბრონქების, ე.წ. ბროქიოლების ანთებას, ბრონქიოლიტს იწვევს, რომელიც ზოგ შემთხვევებში იმდენად მძიმედ მიმდინარეობს, რომ საავადმყოფოში გადაყვანა და ჟანგბადის დამატებითი მიწოდება ხდება საჭირო. საერთოდ, სკოლამდელი ასაკის ბავშვების დაინფიცირების შემთხვევაში, თუკი ტემპერატურა მაღალია და ფიქრობთ, რომ ბავშვს გრიპის ვირუსი აქვს, ექიმის ჩართულობა თავიდანვე საჭიროა. ვირუსს ასევე ახასიათებს ფილტვების ანთება ამავე ასაკის ბავშვებსა და ხანდაზმულებში... ამ ვირუსის უკან დგას კორონავირუსი.

ivane-chkhaidze-1670224220.webp

- გულისხმობთ, რომ ეს კორონავირუსის ქვეშტამია?

- არა, იმას ვგულისხმობ, რომ კოვიდპანდემიის დროს სხვა ტიპის ვირუსების გრიპის ერთეული შემთხვევები გვქონდა, პანდემიის საწინააღმდეგო შეზღუდვების მოხსნას უამრავი ტიპის ვირუსის გააქტიურება მოჰყვა, ერთ-ერთი რესპირაციულ-სინციტიური ვირუსია... ამავდროულად, კორონავირუსი არსად წასულა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ბევრი შემთხვევა ფიქსირდება - 1 თვის განმავლობაში 35 ათასი ინფიცირებულია, ანუ ოქტომბერში, მხოლოდ ერთ დღეში, დაახლოებით 1000-1200 ადამიანი ინფიცირდებოდა, რაც მაღალი მაჩვენებელია. მსოფლიოში წელს ძირითადად, ორი ტიპის ვირუსი ცირკულირებს. ერთ-ერთია - H3N2, იგივე ჰონკონგის ვირუსი, რომელიც 1968-1969 წლებში ჰონკონგში იყო გავრცელებული, ხოლო მეორე - H1N1 ტიპის ვირუსი, ჩვენთვის კარგად ნაცნობი "ღორის გრიპია"...

საერთოდ, ყველაზე მნიშვნელოვანი, საშიში და პოტენციურად მეტი გართულებების მქონეა გრიპის ვირუსი, რომელიც ხასიათდება მაღალი ტემპერატურით, თავის, კუნთებისა და სახსრების ძლიერი ტკივილით. ასევე მისი თანმხლებია მშრალი ხველა, ყელის ტკივილი, ძლიერი საერთო სისუსტე. საჭიროა ტემპერატურის მუდმივი კონტროლი, ბინაზე ყოფნის შემთხვევაში, თუ ტემპერატურა 38.5 ან მეტია და სამი დღის განმავლობაში გრძელდება, სიცხის დამწევი საშუალება აუცილებელია, ასევე საჭიროა სითხეები - ჩაი, კომპოტი, წვენი... ზოგადი მიმდინარეობით გრიპის ვირუსი ყოველთვის განსხვავდება სხვა ტიპის ვირუსებისგან, მაგალითად - რინოვირუსისგან. არადა, ახლა გავრცელებული ვირუსების დაახლოებით 25% ის არის. მისი წინა პირობებია, ზოგ შემთხვევაში, გაცივება და 25%-ით, რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი, რომელიც მოსახლეობის გარკვეული ჯგუფებისთვის საკმაოდ საშიშია.

- როგორც ჯანმრთელობის სხვა პრობლემების შემთხვევაში, გრიპის დროს ან შემდეგ, ზოგი ინტრავენურ გადასხმას ანიჭებს უპირატესობას...

- მასაც იგივე ფუნქცია აქვს, რაც სითხის მიღებას: ორივე ათავისუფლებს ორგანიზმს მავნე ნივთიერებებისგან. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ანტიბიოტიკის მიღება მაღალი სიცხის დროს, რადგან ვირუსით გამოწვეულ მაღალ ტემპერატურასთან მას კავშირი არა აქვს. დაავადების ხანგრძლივობა გართულებაზეა დამოკიდებული. სტანდარტულ შემთხვევაში, შესაძლოა, გრიპი 7-10 დღის განმავლობაში გაგრძელდეს; გართულების დროს ხანგრძლივობის განსაზღვრა რთულია... პრევენციისთვის, ორი საუკეთესო გზაა: ვაქცინაცია და ნიღბის ტარება. ამიტომ, ჩემი რეკომენდაცია იქნება, რისკ-ჯგუფის წარმომადგენლებისთვის - 65 წლისა და უფრო ხანდაზმულების, ორსულების, ორ წლამდე ბავშვების, ასევე ქრონიკული დაავადებების მქონე - მაგალითად, დიაბეტიანების, არტერიული ჰიპერტენზიის, ბრონქული ასთმის მქონე პირებისთვის - გაიკეთონ გრიპის ვაქცინა და ატარონ ნიღაბი, განსაკუთრებით - საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისას.

- მოსახლეობაში ძალზე გავრცელებულია ასეთი დამოკიდებულება: რატომ უნდა ავიცრათ, თუ ვირუსი მაინც შეგვხვდება?..

- სამწუხაროდ, ასეა, მაგრამ ვაქცინა გრიპის სწორედ იმ ტიპებისგან გვიცავს, რომლებიც რთული მიმდინარეობითა და გართულებების რისკით ხასიათდება - ეს იქნება ეს ე.წ. ჰონკონგის გრიპი თუ "ღორის გრიპი": ოთხკომპონენტიანი ვაქცინა განკუთვნილია მხოლოდ ოთხ კონკრეტულ ვირუსზე - ორი A ტიპის ვირუსისა და ორი B ტიპის ვირუსების საწინააღმდეგოდ... ცხადია, აღნიშნული ვაქცინა სხვა ტიპის ვირუსებზე - რინოვირუსზე, ადენოვირუსზე არ მოქმედებს, მაგრამ ეს ძველი კორონავირუსის ტიპის ვირუსები სიცოცხლისთვის საშიში არ არის, გარდაცვალებას არ იწვევს. ასე რომ, ვაქცინაციას იმისთვის ვიკეთებთ, რომ არ დამძიმდეს მდგომარეობა, ადამიანი არ მოხვდეს საავადმყოფოში, ფილტვების ანთება არ განვითარდეს, რაც გრიპის შემთხვევაში მოსალოდნელი რისკია. ის ვაქცინა, რომელიც დღეს ქვეყანაში გვაქვს, სწორედ ე.წ. ჰონკონგისა და ღორის გრიპების წინააღმდეგ არის აპრობირებული. ამ ვაქცინების შემადგენლობა ყოველწლიურად იცვლება. ამიტომ, როდესაც ამბობენ, ორი წლის წინ გავიკეთე ვაქცინა და წელს აღარ მინდაო - არასწორი მიდგომაა: შარშანწინ სხვა ტიპის ვირუსები ცირკულირებდა, წელს კი - სხვა.

- მშობლები ჩივიან, რომ სასწრაფო სამედიცინო სამსახურის მანქანები იგვიანებს, კლინიკებში მიმართვიანობა კი ძალიან გაზრდილია, რაც მათ პრობლემებს უქმნის...

- დიახ, განსაკუთრებით პედიატრიულ განყოფილებებში მკვეთრი მატება გვაქვს, რაც პროგნოზირებადი იყო. ლუგარის ცენტრის მიერ დადასტურებული გრიპის 10 შემთხვევა გამოვლინდა, მაშინ, როდესაც 2020-2021 წლების მთელ სეზონზე გრიპის მხოლოდ 2 შემთხვევა გვქონდა. პროგნოზი მარტივია - ახლო პერიოდში მიმართვიანობა კიდევ უფრო მოიმატებს. როდესაც გრიპის ვაქცინასა და პირბადის მნიშვნელობაზე ვსაუბრობთ, ყველას შევახსენებ, რომ ბავშვებს, მით უფრო, თუ 2-დან 5 წლამდე ასაკის პატარებზე ვსაუბრობთ, ვირუსები სწორედ უფროსებისგან გადაედებათ.

ლალი პაპასკირი