ველომრბოლელი ალექსანდრე გეგეჭკორი კვლავ გამარჯვებულია - გზაპრესი

ველომრბოლელი ალექსანდრე გეგეჭკორი კვლავ გამარჯვებულია

ალექსანდრე გეგეჭკორი ერთადერთია ამიერკავკასიიდან, ვინც ახლახან ბრიტანეთში გამართულ ლონდონი-ედინბურგი-ლონდონის ველომარათონში იასპარეზა და გამარჯვებაც მოიპოვა. 28 ქვეყნის 2 000 მრბოლელს 1520 კილომეტრი 28 საათში უნდა დაეფარა. ალექსანდრემ რბოლა ხუთი საათით ადრე დაასრულა. რამდენიმე წლის წინ ველომრბოლელმა, ასევე ერთადერთმა ამიერკავკასიიდან, მსოფლიოს ხუთ ველომარათონს შორის ყველაზე ძველ და ტიტულოვან პარიზი-ბრესტი-პარიზის მარათონში მიიღო მონაწილეობა და ფინალისტიც გახდა.

- მარათონი ლონდონი-ედინბურგ-ლონდონი 2021 წელს უნდა გამართულიყო, მაგრამ პანდემიის გამო მისი ორგანიზება მხოლოდ წელს მოხერხდა. ეს მარათონი 1989 წლიდან ყოველ მეოთხე წელს ტარდება. ამჯერად მეცხრე ტურნირი იყო. ყოველ ჯერზე მისი განვითარება-განახლება ხდება. წელს მარათონის არსებობის მანძილზე ყველაზე გრძელი მარშრუტი შეადგინეს. თუკი მანამდე მანძილი 1470 კილომეტრს არ აღემატებოდა, წელს მისი სიგრძე 1520 კილომეტრამდე იყო გაზრდილი. გარდა ამისა, ყველაზე მძიმედ დასაძლევი იყო რელიეფიც. ვიარეთ ყველაზე რთული მარშრუტებით, რაც კი ბრიტანეთში ინგლისიდან შოტლანდიამდე არსებობს. მანძილის სიგრძისა და სირთულის გამო მონაწილეებმა დროის დამატება მოითხოვეს და 125 საათი 128-მდე გაიზარდა. აღმოჩნდა, რომ სამი თვის მანძილზე ერთხელაც არ უწვიმია. ამით გამოწვეული კლიმატური პირობები ბრიტანელებისთვის დიდი დაბრკოლება აღმოჩნდა. სიცხის გამო მარათონს მონაწილეთა 40% გამოეთიშა. ამბობდნენ, რომ ასეთი კლიმატი ბრიტანეთში არ ახსოვდათ.

- მსგავს მარათონში მონაწილეობა საფრანგეთშიც მიიღეთ. ბრიტანეთში განსხვავებული პირობები დაგხვდათ?

- საფრანგეთთან შედარებით, ურთულესი აღმართები იყო. ტექნიკური ხარვეზი თითქმის არ მქონია, თუ არ ჩავთვლით დროის დაკარგვას. პირველად ერთი მონაწილე შეუძლოდ გახდა და საათ-ნახევარი დრო დამეკარგა. მოგვიანებით, ჯაჭვი გამიწყდა და ერთი საათი კიდევ დავკარგე. მეოთხე ღამეს 2 საათით მოვითხოვე ძილი. ასეთი წესია, დასაძინებლად რომ შედიხარ, უთითებ რამდენ ხანში გაგაღვიძონ. ჩემი გაღვიძება გამორჩათ და ორის ნაცვლად ხუთი საათი ჩამეძინა. საბოლოო ჯამში, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. მარათონი ხუთ დღეს გაგრძელდა. დღეში, მინიმუმ, 300 კილომეტრს გავდიოდი, 3 საათი მეძინა, 2 საათი შესვენება მქონდა და 18 საათი ველომოძრაობა. ფინიშთან ხუთი საათით ადრე მივედი. როგორც აღვნიშნე, ამინდისა და სირთულის გამო მონაწილეების 40%-მა მარათონზე უარი თქვა. დარჩენილთაგან ლიმიტირებულ დროში 500 ადამიანი ჩავეტიეთ.

- რით გამოარჩევდით ამ მარათონს?

- ბრიტანეთი იყო ულამაზესი, განსაკუთრებით, შოტლანდია, მისი რელიეფი, ბუნება, გზა. ჩვენ ვმოძრაობდით მეორეხარისხოვან გზებზე, სადაც ძირითადად, სოფლები და პატარა ქალაქებია. გზა არ იყო გადაკეტილი. თავდაპირველად მიკვირდა, როგორ შეიძლება მარათონში იყო ჩართული იქ, სადაც მანქანა მოძრაობს. მაგრამ მალე აღმოვაჩინე, რომ როცა მანქანის მძღოლი მის წინ მარათონის მონაწილეს ხედავს, რაც უნდა დაბალი სიჩქარით მოძრაობდეს მონაწილე და ძალიან დიდ მანძილს ფარავდეს, მანქანის მძღოლი არ გადაუსწრებს. ელოდება ბოლომდე, სანამ მონაწილე მანძილს არ დაასრულებს.

- გადასწრება კანონით ისჯება?

- არა. შეიძლება მეორე მხარეს, სულაც, თავისუფალი იყოს ზოლი, მაგრამ არ გადაგისწრებს. სატვირთო მანქანები, ტრაილერები მოგვყვებოდნენ და გასწრებაზე არც კი ფიქრობდნენ. კულტურა აქვთ ასეთი. სხვათა შორის, ბევრი ადამიანი ვნახე, ვინც საქართველოში არაერთხელ იყო ნამყოფი და ჩვენი კულტურაც არაჩვეულებრივად იცოდა. მათ შორის, 75 წლის მამაკაცი, რომელიც შატილში სამი თვის მანძილზე ცხოვრობდა. ზოგადად, როგორც ქართველი, განსაკუთრებულ სითბოს ვგრძნობდი.

317121786-855289262336918-7437440875635410388-n-copy-1670225342.jpg

- საფრანგეთში მიღებული გამოცდილება თუ გამოიყენეთ?

- საფრანგეთში დასვენებისა და ძილის პერიოდი ამერია. გარდა ამისა, 70 კმ მანძილის გავლა ტრავმირებული ფეხით მომიხდა. ყველაზე მნიშვნელოვანი ენერგიის ბალანსი, განაწილება, ძილი, დასვენების გამოყოფა და ცხრილის შექმნაა, რაც, ბუნებრივია, ამ ჯერზე უფრო ნაყოფიერად გავითვალისწინე.

- სამომავლოდ რას გეგმავთ?

- ძალიან მინდა სხვა ტურნირებშიც მივიღო მონაწილეობა. მსოფლიო სერიაში შემავალი ყველაზე ძველი მარშრუტი, რომელიც 1630 კილომეტრს მოიცავს, იტალიაში ტარდება. ის ტოპსამეულს (საფრანგეთი, ბრიტანეთი, იტალია) ასრულებს. მაინტერესებდა ჩემი ფიზიკური მდგომარეობა რამდენად შეესაბამებოდა მსგავსი ტიპის დატვირთვას. რადგან ტურნირი წარმატებით დავძლიე, ახლა სხვა ინტერესები გამიჩნდა, მინდა კიდევ უფრო რთულ მარათონში ჩავერთო. ერთ-ერთი ასეთი 2015 წელს შექმნილი ახალი ველომარათონი „ტრანსკონტინენტალია“, რომელიც ევროპის ხუთ ქვეყანას აერთიანებს და საერთო ჯამში, 4 000 კილომეტრს მოიცავს. მასში მონაწილეობას 70 ქვეყნის 300 მონაწილე აპირებს. დღეს ამისთვის ფიზიკურად არ ვარ მზად, რადგან ამას სამჯერ მეტი ფიზიკური მომზადება სჭირდება, თუმცა, სამომავლოდ, ეს ჩემი ერთ-ერთი მიზანია.

შორენა ლაბაძე