"ფიზიკურად ძლიერი ვიყავი და ამიტომ გადაწყვიტეს ჭიდაობაზე ჩემი მიყვანა" - გზაპრესი

"ფიზიკურად ძლიერი ვიყავი და ამიტომ გადაწყვიტეს ჭიდაობაზე ჩემი მიყვანა"

ორგზის მსოფლიო ჩემპიონმა სამბოში, ევროპის ჩემპიონმა, ევროპის ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი, ახალგაზრდებში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა ქართველმა სამბისტმა, ელენე ქებაძემ ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატში გაიმარჯვა. ელენე +80 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა... წარმატება, როგორც თვითონ ამბობს, შრომის გარეშე არ მოსულა - მანამდე იყო ბევრი დაბრკოლება და იმედგაცრუება.

- „ადამიანის აღზრდა უნდა იწყებოდეს არა ზნე-ჩვეულებათა გაუმჯობესებით, არამედ აზროვნების შეცვლით და ხასიათის განმტკიცებით“ (ონორე გაბრიელ მირაბო).

- ხშირად აღვნიშნავ, რომ ბევრი დაბრკოლების მიუხედავად, ჩემი ოჯახის დახმარებით, წარმატებას მაინც მივაღწიე. მშობლები, პირველ რიგში, მასწავლიდნენ დისციპლინას, მით უფრო, მას შემდეგ, რაც ჩემი ცხოვრება სპორტს დავუკავშირე. 11 წლის ვიყავი, ვარჯიში რომ დავიწყე - ფიზიკურად ძლიერი ვიყავი და ამიტომ გადაწყვიტეს ჩემი ჭიდაობაზე მიყვანა, თან მეც ძალიან მომწონდა სპორტის ეს სახეობა. გარდა ამისა, როგორც ყველა ბავშვს, მეც მასწავლიდნენ, რომ ზრდილობა და უფროს-უმცროსობის ცოდნა აუცილებელია; რომ არ უნდა მოიტყუო, უნდა იყო დამთმობი და არაკონფლიქტური. ჩემი მშობლები მკაცრები არ იყვნენ, შეზღუდვები არ მქონდა, მენდობოდნენ და ვფიქრობ, ნდობა ძალიან მნიშვნელოვანია.

- „რაც მეტი დაბრკოლებაა, მით უფრო დიდი დიდებაა მის დაძლევაში“ (მოლიერი).

- რა თქმა უნდა, ასეა. ბევრი იმედგაცრუება და დაბრკოლება შემხვდა, მაგრამ ხელი არ უნდა ჩაიქნიო; თუ მიზანი გაქვს და შედეგისთვის იბრძვი, წარმატებაც აუცილებლად მოვა. პესიმისტი არ ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ყოფილა პერიოდი, როდესაც ვარჯიშის პირობებიც კი არ მქონდა, მაგრამ ჩემი ოჯახის წევრები და მეგობრები მედგნენ მხარში, მამხნევებდნენ, მათ მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობდი. შორიდან შეიძლება ბევრი რამ ადვილი ჩანს, მაგრამ სინამდვილეში, წარმატების მისაღწევად ძალიან დიდი შრომა უწევს სპორტსმენს.

- „სამშობლო მხოლოდ მინდორი და მთები არაა, სამშობლო ადამიანიცაა“ (გურამ დოჩაშვილი).

- ალბათ ყველაზე ბედნიერი და ამაყი მაშინ ვარ, როდესაც კვარცხლბეკზე მდგომს ჩემი ქვეყნის ჰიმნი მესმის და ჩვენი დროშა ყველაზე მაღლაა აწეული. მთელი დარბაზი რომ ფეხზე წამოდგება და საქართველოს ჰიმნს უსმენს, ამ დროს ძნელია ემოციებთან გამკლავება, მიტირია კიდეც. ამ დროს ყოველთვის ვამაყობ, რომ ქართველი ვარ და შემიძლია ჩემი სამშობლო მსოფლიოს გავაცნო.

მახარებს, თანამოქალაქეების სიხარულის მიზეზი რომ ვხდები - მე ხომ მიხარია გამარჯვება, ეს ხომ, მაგრამ ოჯახის წევრებს, ახლობლებს და შენს ხალხს რომ სიხარულს ანიჭებ, ამის სიტყვებით გადმოცემა ძნელია. ამ ბოლო გამარჯვებას, შეიძლება ითქვას, ჩვენი ქვეყნის ისტორიიდან გამომდინარე, განსაკუთრებული ემოცია ახლდა, რადგან ანჟელა გასპარიანი რუსეთის სახელით ასპარეზობდა, თუმცა ისიც სპორტსმენია, ჩემსავით შრომობს და იბრძვის გამარჯვებისთვის და მისი შრომაც დასაფასებელია.

- „სპორტი არის თქვენი გულისცემა, თქვენი სუნთქვა, ეს არის თქვენი ცხოვრების რიტმი“ (დეილ კარნეგი).

- ვეთანხმები ამ გამონათქვამის ავტორს. უკვე 17 წელია, რაც ამ სპორტში ვარ და ვერც წარმომიდგენია ამის გარეშე. იმაზე ფიქრიც კი არ მინდა, რომ ოდესმე დადგება დრო და თავის დანებება მომიწევს. რა იქნება ჩემი ცხოვრება სპორტის გარეშე? - არ ვიცი, ამაზე პასუხი არ მაქვს.

- „ფემინისტი არის ის, ვინც აღიარებს ქალისა და მამაკაცის თანასწორობას და სრულ კაცობრიობას“ (გლორია სტეინემი).

- ვარჯიში რომ დავიწყე, მაშინ უფრო ხშირად მესმოდა ეს ფრაზა: ქალს სპორტში რა უნდა? სიმართლე გითხრათ, მსგავსი დამოკიდებულება დისკომფორტს არ მიქმნიდა. ასეთ შეხედულებებს მე ყურადღებას არ ვაქცევდი, მაგრამ სხვაზე მოქმედებდა, ყველა ერთნაირი ხომ არ არის? მიხარია, რომ ახლა უკვე ბევრი გოგონაა სპორტის ამ სახეობით დაკავებული.

- „ზურგში დანას სწორედ ისეთი ადამიანი ჩაგცემს, რომლისთვისაც მზად ხარ, საფრთხის შემთხვევაში იარაღს მკერდი მიუშვირო“ (ელჩინ საფარლი).

- საბედნიეროდ, ღალატი არასდროს გამომიცდია, გვერდში კარგი და უღალატო ადამიანები მყავს. გულში თუ ვინმეს გაუვლია ჩემი ღალატი, ეს უკვე არ ვიცი.

- „სუსტი არასდროს პატიობს, პატიება ძლიერის თვისებაა“ (მაჰათმა განდი).

- საერთოდ, ადვილად შემიძლია პატიება. მირჩევნია, ისევ მე დავთმო და მოვითმინო, ვიდრე სხვას ვაწყენინო.

- „სიყვარული ახსნა-განმარტებებს ვერ ითმენს, მას ესაჭიროება საქმეები“ (ერიხ მარია რემარკი).

- სიყვარული საქმით უნდა დაამტკიცო, ალბათ ასეა პროფესიაშიც. შეიძლება თქვა, ამას ვიზამ, იმას ვიზამო, მაგრამ თუ არ იშრომე, ვერაფერს გააკეთებ.

- „სიყვარულს ისეთი სათვალე უკეთია, რომლითაც სპილენძი ოქროდ გეჩვენება, სიღარიბე - სიმდიდრედ, ხოლო ცეცხლის ნაპერწკლები - მარგალიტებად“ (მიგელ დე სერვანტეს საავედრა).

- სიმართლე გითხრათ, პირადი გამოცდილებით ვერაფერს გეტყვით. როგორც გადმოცემით ვიცი და ვხედავ, რანაირები არიან შეყვარებულები, ზუსტად ასეა - ირგვლივ ვეღარაფერს ამჩნევ, მის გარდა. 28 წლის ვარ და ჯერ ისე არ შემყვარებია, სიღარიბე სიმდიდრედ რომ მომჩვენებოდა. არც წუნია ვარ, არც შეფასების განსაკუთრებული კრიტერიუმები მაქვს, უბრალოდ, ასე მოხდა. ისეთი დატვირთული გრაფიკი მაქვს, რომ ორივე ერთად არ გამოდის. ამ ეტაპზე მირჩევნია, ჩემს პროფესიას მივხედო.

- „ქალისა და კაცის მეგობრობას საფრთხეს უქმნის დაღამება“ (სტენდალი).

- არ ვეთანხმები, ძალიან ბევრი ბიჭი მეგობარი მყავს და არც მიფიქრია რამე მსგავსზე, ეჭვი არასდროს შემპარვია მათში.

- „ყველაზე მხიარული ადამიანები ყველაზე სევდიანები არიან“ (კონფუცი).

- მხიარული ვარ, თუმცა ნამდვილად არ გახლავართ ყველაზე სევდიანი. შეიძლება არიან ასეთი ადამიანებიც, ვინც სულ კარგ განწყობაზეა, იღიმის, ეფერება ყველას, მაგრამ სინამდვილეში დიდ დარდს ატარებს.

- „ჩვენ მადლიერი უნდა ვიყოთ მისი, ვინც ნაკლზე მიგვითითებს“ (პასკალი).

- შეუცდომელი ადამიანი არ არსებობს და ამ დროს, შენ თუ რამეს ვერ ხვდები და შენი მეგობარი მიგითითებს, რატომ უნდა გაბრაზდე? ეცდები და შემდეგში გამოასწორებ. ჩემთვის ნაკლზე მითითება მისაღებია.

316095349-5284466854991721-5839976067855703105-n-copy-1670225521.jpg

- „ფული არ გაგაბედნიერებთ. მე ახლა 50 მილიონი მაქვს და ზუსტად ისეთივე ბედნიერი ვარ, როცა 48 მილიონი მქონდა“ (არნოლდ შვარცენეგერი).

- მგონი, ხუმრობს. საინტერესოა, ცოტა რომ ჰქონდეს, მაშინაც ამას იტყოდა? ფული რომ ვერ გაბედნიერებს, ეს ცხადია, ბედნიერებას შენი ახლობლები, ქვეყანა და ხალხი განიჭებს. შეიძლება, ფული გაქვს და მაინც უბედური ხარ, ასეთ სიმდიდრეს რა აზრი აქვს? ხელმომჭირნეობა არ გამომდის, მიყვარს სხვების გახარება და საჩუქრების ყიდვა.

- „თუ მარცხდები, შეეცადე ისე დამარცხდე, რომ გამარჯვებულმა ღირსეულ მეტოქედ ჩაგთვალოს“ (ანზორ ერქომაიშვილი).

- ზუსტად ასეა, დაუმარცხებელი არავინაა, მაგრამ ბოლომდე უნდა იბრძოლო - ამ შემთხვევაში ეს დამარცხება ღირსეული იქნება.

- „მოთმინება ისეთი უნარია, რომელიც მაშინ ამოიწურება, როცა ყველაზე მეტად არის საჭირო“ (უილიამსი).

- ყველას შეიძლება ასე დაემართოს, მე ცოტა ხნით ვბრაზდები და ძალიან მალევე გადამivlის ეს სიბრაზე, სიმშვიდე მიყვარს.

- „მხოლოდ ორ რამეს ვინანებთ სიკვდილის წინ – რომ არ გავცემდით ბევრ სიყვარულს და არ ვმოგზაურობდით ბევრს“ (მარკ ტვენი).

- ალბათ ყველას გვიფიქრია სიკვდილ-სიცოცხლეზე. მინდა ბევრი სიყვარული გავცე და ჩემ გარშემო ყველა ბედნიერი იყოს, დანარჩენი ყველაფერი მეორეხარისხოვანია.

ნინო ჯავახიშვილი