როგორ ვებრძოლოთ ქალებზე ძალადობას? - გზაპრესი

როგორ ვებრძოლოთ ქალებზე ძალადობას?

37 წლის თამილა ლილუაშვილი მაღაზიაში მენეჯერად მუშაობდა. სამსახურში თავის კაბინეტში საქმეს აკეთებდა, როცა მოულოდნელად ოთახში მისი ყოფილი ქმარი, 41 წლის ლეონიდე (ლევან) ზვიადაძე შეიჭრა. მამაკაცს ხელში ბენზინით სავსე ბოთლი ეჭირა და ყოფილ ცოლს შეასხა, ოთახში გამოკეტა და ცეცხლი წაუკიდა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ახალგაზრდა ქალს ოთახიდან გამოსვლის საშუალება არ მისცა. ქალი შველას ითხოვდა, თანამშრომლების სახელებს იძახდა, მაგრამ ვერავინ შეძლო მისი გადარჩენა. დაზიანებები მიიღო თავად მოძალადემაც. არსებული ინფორმაციით, მან ცეცხლმოკიდებული შენობიდან გამოსვლა მოასწრო, მაგრამ სხეულის 70% დამწვარი ჰქონდა და რეანიმაციულ განყოფილებაში ორი დღე იწვა, შემდეგ კი კლინიკაში გარდაიცვალა.

თამილა ლილუაშვილის ახლობელი:

- არ ვიცი, რა ვთქვა. თამილა უპატიოსნესი, უკეთილშობილესი გოგო იყო. საოცარი ადამიანი. შვილებზე გადაყოლილი დედა. მაქსიმალურად ცდილობდა ოჯახი შეენარჩუნებინა და ბევრს იტანდა, მაგრამ როცა გაუსაძლისი გახდა თანაცხოვრება, მეუღლეს გაშორდა. ორი გოგონა ჰყავს. უმაღლესი განათლება ჰქონდა, ინგლისური ენის პედაგოგი იყო და ბავშვებსაც ამზადებდა. მისი მეუღლე, ლევან ზვიადაძე წყალტუბოს სოფელ ბანოჯადან არის. ლევანის დაც ჩვენი უბნის რძალია. თითქმის ერთ ეზოში ცხოვრობენ თამილა და ის გოგო, ერთი ღობე ჰყოფთ. ლევანის სიძე, დის ქმარი თამილას ნათესავია... სიყვარულით დაქორწინდნენ, 10 წელი იცხოვრეს ერთად. ლევანი ცოლზე ძალადობისთვის დაჭერილიც იყო, მაგრამ გირაოთი თუ საპროცესოთი გამოუშვეს. ქმარი არ ისვენებდა, სულ აწიოკებდა გოგოს, სამსახურში აკითხავდა. არ ვიცით, ეს ბიჭი რამ გააგიჟა ასე, რამეს იკეთებდა, ეწეოდა, თუ რა ხდებოდა, მაგრამ ფაქტია, აგრესიული იყო. ასე სასტიკად მოკლა გოგო. ამბობენ, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ჰქონდაო და ეტყობა, ის ააფეთქა. თამილას ბიძაშვილის ცოლიც იმ მაღაზიაში მუშაობს, სალაროსთან იყო. მერე ყველა შეეცადა გოგოს დახსნას, მაგრამ წამებში აფეთქდა, ვერ დაიცვეს. შიგნიდან შველას ითხოვდაო. ჩვენი უკარგესი გოგო სახლში დანახშირებული მიასვენეს. თამილას სიკვდილმა იქნება გამოაფხიზლოს ეს ხალხი. შემაკავებელი ორდერიც იყო გამოცემული. თავის სიძესა და დასთან ვეღარ მიდიოდა, სიძემ აუკრძალა თავის სახლში მისვლა ამ ამბების შემდეგ. როგორ გააუბედურა ეს ოჯახი. არ ვიცი, რა ვთქვა. მოძალადეების მიმართ კანონმდებლობა უნდა გამკაცრდეს, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ხელისუფლებამ უნდა დაგვიცვას.

პირადად მეც ძალადობის მსხვერპლი ვარ. ქმარს გაცილებული გახლავართ, მაგრამ ის მაინც არ ისვენებს. პატრულიც გამოვიძახე, გაფრთხილება მისცეს. შემაკავებელი ორდერი არ გამოწერეს, - თუ ხელით არ შეგეხება, ამასაც არ წერენ, არადა, ფსიქოლოგურად ძალადობს. მე თუ მომკლა, მერე ატყდება ვაივიში. ერთი შვილი მყავს, ჩემს შვილს და დედაჩემსაც ერჩის, თან ნასამართლევია. მითხარით, კანონი არ არსებობს ჩვენს ქვეყანაში? ვიღაც ხომ უნდა გვიცავდეს. შეურაცხყოფას მაყენებს, სასქესო ორგანოზე იკიდებს ხელს და მაფურთხებს. ვმუშაობ და ჩემი სამსახურის წინ ზის მთელი დღე, კარტს თამაშობს და შორიდან ჩემს გამოწვევას ცდილობს, მაქსიმალურად მავიწროებს. ორჯერ დააწერინეს ხელწერილი. ხელით თუ შეგეხო, მაშინ დასჯიან თურმე...

თამილას სიკვდილმა იქნება გამოაფხიზლოს ეს ხალხი და დააფიქროს პოლიციაც, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება, მოძალადეები დასასჯელია.

შემაშფოთებელია ქალთა მიმართ ძალადობის სტატისტიკა. საზოგადოება კანონის მეტად გამკაცრებას ითხოვს. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, სამინისტრო გეგმავს რისკის შეფასების ინსტრუმენტის გამოყენების წესში არსებითი ცვლილებების შეტანასაც და ელექტრონული სამაჯურების გამოყენების წესის მნიშვნელოვან გადახედვას იმისათვის, რომ უფრო მეტმა ქალმა იგრძნოს თავი დაცულად და მექანიზმმა ეფექტურად იმუშაოს.

eliso-ruxaze-1670226331.jpg

ქალთა უფლებადამცველი ელისო რუხაძე:

- სახელმწიფოს აქვს პრევენციის სხვადასხვა ღონისძიება, ერთ-ერთი შემაკავებელი ორდერია, რომელიც მოკლევადიანი გახლავთ. ამასთან აუცილებლად უნდა მოხდეს პოლიციისგან კონტროლი, რამდენად იცავს შემაკავებელი ორდერის პირობებს თავად მოძალადე. მთავარი პრობლემა შემაკავებელი ორდერის დროს რისკის შეფასებაა. შს სამინისტრო ვერ აფასებს რისკებს ადეკვატურად. ხშირად კითხვარების ჯამი არის მცირე, რაც არ გვაძლევს რეალურ სურათს, რომ გამოიყენონ ელექტრონული სამაჯური. ვფიქრობ, როცა შემაკავებელი ორდერი გამოიცემა მაღალი რისკის მოძალადის მიმართ და ხვდებიან, რომ მოძალადის შეჩერებას ჩვეულებრივი შემაკავებელი ორდერი ვერ გააკონტროლებს, ელექტრონული სამაჯურიც უნდა გაუკეთდეს. ეს მეტად აგვარიდებს რისკებს. მსხვერპლის თანხმობა ძალიან მნიშვნელოვანია ზედამხედველობაზე, რადგან ასეთ დროს მსხვერპლსაც გადაეცემა მიმღები აპარატი, რომელიც მან თან უნდა ატაროს. ამ გზით შესაძლებელია მისი ადგილსამყოფლის დადგენა. ელექტრონული მონიტორინგის გზით, 24-საათიან რეჟიმში მოძალადის გადაადგილების კონტროლი დაახლოებით 600 მეტრის რადიუსის მანძილზე და თუ მსხვერპლს მიუახლოვდება, შეტყობინება ავტომატურად შედის შს სამინისტროში, მერე კი ხდება მსხვერპლის გაფრთხილება. ეს არის ძალიან კარგი მეთოდი, რომ არ გადაიკვეთოს მსხვერპლი და მოძალადე, თანაც აპრობირებული მეთოდია სხვადასხვა ქვეყანაში. თუმცა, შს სამინისტრო თავს იკავებს ელექტრონული სამაჯურის გაკეთებისგან, რადგან ამას გარკვეული პროცედურების გავლა სჭირდება.

როგორც ვიცი, 300-მდე სამაჯური აქვს სახელმწიფოს, კიდევ უფრო მეტი შემოდის დონორი ორგანიზაციების მიერ, მაგრამ მხოლოდ ათეულ შემთხვევებშია გამოყენებული. ამ დღეებში მქონდა სასამართლო პროცესი, როდესაც მოქმედი პატრულის თანამშრომელს, რომელსაც ძალადობაში ედებოდა ბრალი, პატიმრობა გირაოთი შეუცვალეს იმის გამო, რომ მან დანაშაული აღიარა და მოინანია. არადა, ბრალად მას 8 ეპიზოდი ედება, რომელიც ეხებოდა ცემას, გაუპატიურებას და კიდევ უამრავ სხვა დანაშაულს. ასეთი ბრალდებული 45.000-ლარიანი გირაოთი გამოუშვა სასამართლომ. მეორე ბრალდებულს, ასევე ძალოვანს, 100.000-ლარიანი გირაო შეუფარდეს. ვფიქრობ, ეს მოხდა გავლენების გამო და ეს შერჩევითი მართლმსაჯულებაა, ასეთ დროს კანონის არ ეშინია მოძალადეს...

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოძალადესთან იმუშაოს ფსიქოლოგმა ან გაიხსნას სარეაბილიტაციო ცენტრები, სადაც აუხსნიან, რა ჩაიდინა, რატომ ჩაიდინა, რა გავლენას ახდენს ეს ძალადობა მსხვერპლზე, მის შვილებზე და ა.შ, მაგრამ ესეც არ ხდება სახელმწიფოს მხრიდან და ხშირად, გაბოროტებული მოძალადე ისევ ცდილობს შურისძიებას, ისევ ფიქრობს "ღირსების სახელით" ძალადობაზე და ამის ფაქტები სახეზეა: დღე არ გავა, ფემიციდი ან ფემიციდის მცდელობა არ მოხდეს. ასევე, დიდი პრობლემაა თვითშეგნების, ცნობიერების ამაღლება, განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც ყოფილი ცოლი, ყოფილი პარტნიორი აღიქმება მათ საკუთრებად, უკონტროლებენ ჩაცმას, გადაადგილებას, ყველაფერს და თუ არ დაუჯერეს, შეიძლება მოკლან...

რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა ქალი, რომელიც ქმარმა სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა. ეს ფაქტი კახეთში 4 სექტემბერს, ბოდბეში მოხდა. იმ დღეს ქალმა ქმრისგან თავის დაღწევა სცადა და მშობლებთან მივიდა. ოჯახების გადაწყვეტილებით, მარიამი ქმრის სახლში დააბრუნეს და მას შემდეგ, რაც კვლავ მარტო დარჩა კაცთან, ქმარმა ესროლა. 27 წლის ქალი კლინიკაში ებრძოდა სიკვდილს, გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა. მომხდარს არასრულწლოვანი ბავშვები - 10 და 6 წლის სკოლის მოსწავლეები შეესწრნენ. მერამდენე ქალი უნდა შეეწიროს მოძალადე კაცების არაჯანსაღ ფსიქიკას, დომინანტობის სურვილს და უაზრო ამბიციებს? რა დააშავეს საოცარმა ბავშვებმა, რომელთაც ჯიუტად სჯეროდათ დედის გადარჩენის! საყურადღებოა, რომ დანაშაულის თვითმხილველი არასრულწლოვანები იმდენად მძიმე ფსიქოემოციურ მდგომარეობაში იმყოფებიან, რომ სკოლაში წასვლაც ვერ შეძლეს. უძღები ორმოსავითაა ფემიციდის ქეისები, ჯერ ერთი არ გამოგვიგლოვია და მეორე ხდება, არ აქვს დასასრული ამ უბედურებას.

თეა ხურცილავა