"საფლავის ქვები, რომლის მსგავსიც არსად გვხვდება!" - გზაპრესი

"საფლავის ქვები, რომლის მსგავსიც არსად გვხვდება!"

"მე და ჩემმა მეუღლემ, ამირან არაბულმა გამოვეცით წიგნი საფლავის ქვებზე - "შენდობით მომიხსენიეთ", რომელსაც უწმინდესმა საუკუნის წიგნი უწოდა. ამჯერად მეორე წიგნზე ვმუშაობთ. წკადისის საფლავის ქვები აუცილებლად მოხვდება მასში - ამ ფორმის საფლავის ქვა სრულიად გამორჩეულია. შესაძლოა, წიგნი, რომელიც ხელში უჭირავთ, სახარებაცაა..." - ეს ცნობილი ფოლკლორისტისა და პოეტის, ეთერ თათარაიძის სიტყვებია...

სოფელ წკადისისა და უნიკალური ქანდაკებების შესახებ წკადისელი ნატა ენუქიძე გვესაუბრება.

- იმ ადგილზე რომ ძველი ეკლესია იდგა, ერთნავიანი ბაზილიკა, ძელიცხოველი ჩვენს პატარა სოფელში მე-9 საუკუნეში აუშენებიათ და სოფლის ისტორიაც იქიდან იწყება.

ჩემს ბავშვობაში, 40-50 წლის წინ, ეკლესია ჯერ კიდევ იდგა, მერე ნელ-ნელა დაინგრა, მე-19 საუკუნეში კი ახალი სასაფლაო გახდა საჭირო და სოფლის ბოლოში აუგიათ გუმბათიანი ტაძარი, რომელიც ათეისტმა ბოლშევიკებმა დაანგრიეს. შემორჩენილია სამიოდე საფლავის ქვა. "ამ ეკლესიის ადგილას სოხუმიდან ლტოლვილმა ექიმმა ზურა ენუქიძემ (წკადისი ენუქიძეების ბუდე-სოფელია) ააშენა მომცრო, ერთნავიანი ეკლესია სამრეკლოთი.

19022756-1285834221533873-194259866-o-1670226529.jpg

მართალია, წკადისი ენუქიძეების სოფელია, მაგრამ სწორედ ჩვენი სოფლიდან იყო ცნობილი შამშე ლეჟავა - ექიმი, რომელმაც შვეიცარიაში მიიღო განათლება, ფეხით მოიარა იქაური მთიანეთი და მიზნად დაისახა, მშობლიურ რაჭაში მსგავსი კურორტი გაეშენებინა. ხანგრძლივი შესწავლის შემდეგ იდეალური კლიმატი, ბუნება, ნაძვნარი აღმოაჩინა ზემო რაჭაში და გააშენა კიდეც კურორტი, რომელსაც მის პატივსაცემად შამშევი უწოდეს, ხოლო როცა უმადურმა ბოლშევიკებმა 1937 წელს შამშე ლეჟავა დახვრიტეს, მისი სახელის მოსპობაც განიზრახეს და კურორტი შოვად მონათლეს.

დარწმუნებული ვარ, შოვის ეს ისტორია ბევრმა არ იცის... დავუბრუნდეთ წკადისს, პაწია სოფელს, რომელმაც რამდენიმე ცნობილი ბოლშევიკი შვა: ტრიფონ ენუქიძე (ფინანსთა მინისტრი), აბელ ენუქიძე (კულტურის მინისტრი, მას დიდად აფასებდა გრიგოლ რობაქიძე), სოფრომ ენუქიძე... ყველა მათგანი 37 წლის რეპრესიებს ემსხვერპლა. სწორედ ამიტომ საბჭოთა მთავრობამ ლამის ყველა ისტორიული წყაროდან ამოშალა ამ სოფლის სახელი და დღეს მხოლოდ გადმოცემით ვიცით, რომ წკადისსა და მეზობელ სხარტალში იმერეთის მეფეთა საზაფხულო რეზიდენციები იყო.

- საფლავის ქვები ყველას განცვიფრებას იწვევს...

- როგორც საფლავის ქვების, ასე ვთქვათ, მკვლევარმა, ეთერ თათარაიძემ და მისმა მეუღლემ, ამირან არაბულმა წლების განმავლობაში მოიარეს და შეისწავლეს საფლავების ქვები აღმოსავლეთ საქართველოში და ალბომად გამოსცეს. რატომ აღმოსავლეთი საქართველო?.. უცნაურია, მაგრამ სწორედ აღმოსავლეთშია საინტერესო წარწერებიანი ქვები... "მაგალითად, ერთი ქალის ეპიტაფია ასე ჟღერს: "განვედ უმანკო!" ქალწული ყოფილა... ეთერს აჩვენეს ამ ქვების ფოტოები და გაოცდა, რადგან მსგავსი ჯგუფური საფლავის ქვები არსადაა აღმოჩენილი. საფლავის ქვებზე გამოქანდაკებულია სამი სახე: ქალის, წვერიანი მამაკაცისა და ყმაწვილის; თითოეულს ხელში გადაშლილი წიგნი უჭირავს, ეთერის ვარაუდით - სახარება.

19047015-1285834828200479-1869004289-o-1670226544.jpg

სამწუხაროდ, წლიდან წლამდე წარწერების "წაკითხვა" უფრო და უფრო ძნელდება: მზე, ავდარი და ქარი დაუნდობლად მუშაობს, თუმცა სპეციალისტები ჯერ კიდევ შეძლებენ ამოკითხვას, თუ, რასაკვირველია, ვინმე დაინტერესდება. ისე კი ქვები ძალიან ძველი არ არის, მეოცე საუკუნის დასაწყისისაა, მაგრამ თავისი ორიგინალურობით საინტერესოა....

კონკრეტულად ვინ არიან ამ ქვებზე გამოსახული, არავინ იცის, მაგრამ, სავარაუდოდ, ერთი ოჯახის წევრები არიან: მამა, დედა და ვაჟიშვილი. გადაშლილ წიგნებზე წარწერების წაკითხვას კი სპეციალისტი სჭირდება.

საკუთრივ საფლავის ქვების უცნაურობა და დიდებულება კი ოჯახის შეძლებულობაზე და მხატვრის, მოქანდაკის ნიჭიერებასა და ფართო წარმოსახვით უნარზე მიუთითებს, ჩემი აზრით, რადგან მსგავსი ქვები არსად გვხვდება.

მანანა გაბრიჭიძე