ხელნაკეთი და ორიგინალური ახალი წლის მთავარი სიმბოლო - გზაპრესი

ხელნაკეთი და ორიგინალური ახალი წლის მთავარი სიმბოლო

რომლისთვისაც გამორჩეულად ემზადებიან. ნაძვის ხის, სათამაშოების და სხვადასხვა საახალწლო დეკორაციების "მომარაგება", ამ პროცესის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, ხოლო ის ადამიანები, ვინც მსგავს ნივთებს საკუთარი ხელითა და სურვილით ქმნიან, უმეტეს შემთხვევაში, ამ დღესასწაულის დიდი თაყვანისმცემლები არიან და ბავშვობიდან დღემდე, ყოველთვის დიდი სიხარულით ელიან ყოველი მორიგი წლის, 31 დეკემბრის ღამეს...

4-1670226682.jpg

ნინო ქოროღლიშვილი მეორე შვილზე 7 თვის ორსული იყო, ნაძვის ხეების დამზადება რომ დაიწყო. ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანას არა მხოლოდ ფიზიკური მდგომარეობა ართულებდა, არამედ პანდემიის პირველი ეტაპის რეგულაციები, იმ დროს მაღაზიები დაკეტილი იყო და შესაბამისი, მასალების მომარაგება ჭირდა. მიუხედავად ამისა, მაინც შეძლო და ეტაპობრივად ახალი წლის მთავარი სიმბოლოები გააკეთა, რომელიც წელს მეტად პოპულარული გახდა და ბევრმა გამოთქვა სურვილი, ინტერიერში არა ტრადიციულად მწვანე, არამედ სხვადასხვა მასალისგან "აწყობილი", მანათობელი ნაძვის ხე იქონიოს.

5-1670226694.jpg

- თუ ახალი წელი არ გიყვარს და ხალისი არ გაქვს, ალბათ გულსაც ვერ დაუდებ საახალწლო ნივთების შექმნას. პირველი ნაძვის ხეები 2021 წლის დადგომამდე ცოტა ხნით ადრე დავამზადე, მაგრამ მანამდე, ყოველწლიურად მაქსიმალურად ვცდილობდი, სახლი გამეფორმებინა, დიდ ემოციას ვდებდი საახალწლო სამზადისში. ჩემი ხელით გაკეთებულ ნაძვის ხეებზე ვფიქრობდი, რომ ჩემთვის ან ოჯახის წევრებისთვის იქნებოდა განკუთვნილი და არა სარეალიზაციოდ, მაგრამ როცა სხვადასხვა ადამიანის აზრი მოვისმინე და დიდი მოწონება დაიმსახურა, გადავწყვიტე გამეყიდა. წელს სამზადისი სექტემბრიდან დავიწყე და დეკემბრის 25-ისთვის მუშაობას დავასრულებ. თავდაპირველად მხოლოდ ნაძვის ხეებს ვამზადებდი, მაგრამ შემდეგ საახალწლო დეკორაციებიც შევმატე. მართალია, უმთავრესი ინტერესი საახალწლო დღესასწაულის მოახლოებისას იწყება, მაგრამ შარშან 2 ნაძვის ხე და 1 დეკორაცია მარტშიც გაიყიდა. არადა, არ მეგონა, თუ ზამთრის სეზონის გარდა ასეთ ნივთებზე დაინტერესება სხვა დროსაც იქნებოდა.

6-1670226707.jpg

- საახალწლო ნივთების შექმნას როდის იწყებთ და რა მასალებს იყენებთ?

- მუშაობას შემოდგომიდან ვიწყებ. ორი შვილი მყავს, 5 წლის და მეორე მალე გახდება 2-ის. მათ დიდ დროს ვუთმობ, შესაბამისად, საახალწლო დეკორაციების შესაქმნელად მხოლოდ 2-3 თვე მქონდა გამოყოფილი, მაგრამ დაინტერესება იმდენად დიდია, შეიძლება სამომავლოდ დრო ისე გავანაწილო, რომ მთელი წელი შევძლო მუშაობა. რაც შეეხება ტექნიკურ მხარეს, ნაძვის ხის მასალად ვიყენებ დამუშავებულ და გამომშრალ ფიჭვს, სათამაშოებს, განათებებს და სხვადასხვა აქსესუარს. დეკორაციებში ხშირად ვიყენებ ანგელოზის ფიგურას, რადგან ძალიან მომწონს და ვფიქრობ, უხდება. ნაძვის ხეები სიმაღლეში ზოგი 1.80 და ზოგიც 1.20-ია. შარშან მხოლოდ საკუთარი გემოვნებით დამზადებულ ნაძვის ხეებს ვფენდი საჯაროდ, წელს კი რამდენიმე ადამიანმა შეკვეთა მომცა. თითქმის ყველა ფერში გადაწყვეტილი ნაძვის ხე გამიკეთებია. შარშან განსაკუთრებული ინტერესი თეთრის მიმართ იყო, მაგრამ წელს ყურადღებას ლურჯზე ამახვილებენ. შარშან 31 დეკემბერს ნაძვის ხეები უკვე აღარ მქონდა, მაგრამ როცა შეძენის მსურველები დამიკავშირდნენ, უარი ვეღარ ვუთხარი და სახლის კედლიდან მოვხსენი, ჩემთვის დატოვებული ნაძვის ხე სხვას გავატანე. ახლა კურდღლის წელი მოდის. ვაპირებ ნივთებში დომინანტი ღია ვარდისფერი იყოს და დეკორაციების შექმნისას ბევრი ბაჭია გამოვიყენო. ვფიქრობ, ალბათ სამომავლოდ ისეთ დეკორაციებსაც შევქმნი, რომელიც არა მხოლოდ ახალ წელს, არამედ წლის ყველა სეზონზე შეიძლება სახლის ლამაზი დეკორი იყოს.

ანა კალანდაძე