"იმედი მაქვს, ფეხბურთი გახდება ის გზა, რაც ამ ბიჭებს საქართველოში დააბრუნებს" - გზაპრესი

"იმედი მაქვს, ფეხბურთი გახდება ის გზა, რაც ამ ბიჭებს საქართველოში დააბრუნებს"

თვითონაც "ვიტ ჯორჯიას" აღზრდილია, ორჯერ საქართველოს ჩემპიონიც გახდა, ამერიკულმა "ვიტ ჯორჯიამ" კი უკვე ბევრჯერ გაიმარჯვა ქალაქებისა და შტატების პირველობებზე. სამომავლო გეგმებსა და კლუბის დაარსების მიზანზე პაატა თავად მოგვიყვება.

- 2013 წელს ამერიკაში ოჯახთან ერთად ჩამოვედი. მწვანე ბარათი მოვიგე, თუმცა მაშინვე არ მიფიქრია აქ ჩამოსვლაზე. მამიდაშვილმა, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს, გადამაწყვეტინა წამოსვლა, არ იცი, რამხელა შანსს უშვებ ხელიდანო. თავიდანვე ვიცოდი, რა სირთულეებთან მომიწევდა გამკლავება და ამისთვისაც მზად ვიყავი. 4 თვე ჩემს მამიდაშვილთან ვცხოვრობდი, მეუღლესთან ერთად. მაშინ მესამე შვილზე იყო ფეხმძიმედ. ძალიან რთულია, ნულიდან დაიწყო ყველაფერი. შენს ქვეყანაში რაც გააკეთე და რასაც მიაღწიე, აქ არაფერს ნიშნავს. ყველას და მათ შორის მეც, ისეთი ილუზია მქონდა, რომ აქ ჩამოსულს სახელმწიფო დამეხმარებოდა ბინის ან სამსახურის მოძიებაში. ასე არ ხდება, უბრალოდ, მწვანე ბარათით აქ ცხოვრებისა და მუშაობის უფლება გაქვს. რა თქმა უნდა, არის სოციალური პროგრამები მათთვის, ვისაც არა აქვს სამსახური, მაგალითად, რადგან ამერიკაში მხოლოდ კერძო ბაღებია, გარკვეული შეღავათებით სარგებლობ. თავდაპირველად ბავშვების გარეშე ჩამოვედით, ოჯახის გაერთიანებას კი დაახლოებით 2 წელი დასჭირდა, ეს იყო ყველაზე დიდი სირთულე ჩვენთვის. სხვა მხრივ, ადაპტაცია არ გაგვჭირვებია. ვისაც ბრუკლინში უცხოვრია, იცის, რომ აქ ძალიან ბევრია ჩამოსული ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან. ამერიკაში ცხოვრებას რომ გადაწყვეტ და ყველგან ისევ რუსული ლაპარაკი გესმის, თითქოს ისევ საბჭოთა კავშირში ხარ, ეს უფრო გთრგუნავს. ინგლისური არ ვიცოდი, დღე და ღამე ვმუშაობდი და სწავლის დროც არ მქონდა. მალე სამსახურიც შევიცვალე და საცხოვრებელი ადგილიც, 2 წლის შემდეგ კი, ცოტა ფეხზე რომ დავდექი, ერთ-ერთ სკოლაში მწვრთნელად მივედი. ერთი წელი ვიმუშავე და შემდეგ უკრაინელებს შევთავაზე, რომ თუ სტადიონებს დამითმობდნენ, ქართველ ბავშვებს ვავარჯიშებდი და გუნდს შევქმნიდი. ასე გავხსენი ფეხბურთის სკოლა 2015 წელს ბრუკლინში და 4 წელი ენთუზიაზმზე ვიმუშავე. მეგონა, რაკი ბევრი ქართველი ცხოვრობდა, მალე ამუშავდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. იმ დროს მძღოლად ვმუშაობდი, მოვდიოდი სკოლაში, ბიჭებს ვავარჯიშებდი და მერე ისევ სამუშაოდ გავრბოდი. შეიძლება ითქვას, ქუჩიდან ვკრებდი ქართველ ბავშვებს, ნელ-ნელა ყველამ გაიგო და ნდობაც გაჩნდა. ჩვენს შემთხვევაში, კორონას დროს უფრო იმატა ბავშვების რაოდენობამ. პანდემიის დროს ბევრი სკოლა დაიკეტა, მე სამკაციანი ჯგუფები ჩამოვაყალიბე, რომ არ დამეკარგა ის ბავშვებიც, რომლებსაც ვავარჯიშებდი. გაზაფხული დაემთხვა და ხშირად გარეთ ვვარჯიშობდით, დილიდან საღამომდე სტადიონზე ვიყავი მათთან ერთად. სწორედ მაშინ გაიგო ბევრმა და შემოგვიერთდნენ არა მარტო ქართველები, არამედ უცხოელებიც. ზაფხულში საზღვრები ჩაკეტილი რომ იყო და საქართველოში ვერ მიდიოდნენ, ბანაკიც მოვაწყვე, ამ ბანაკშიც უამრავი ახალი ბავშვი შემოგვიერთდა და შემოდგომაზე 50 ბავშვიდან უკვე 200-მდე ავედით.

ახლა უკვე ბრუკლინში, ნიუ-ჯერსისა და მაიამიში გვაქვს სკოლები მე და ჩემს პარტნიორებს: ერთ-ერთი ყაზახია, მეორე - ისრაელიდან გახლავთ. ისინიც ყოფილი ფეხბურთელები არიან და ამიტომ გადავწყვიტეთ, ერთად გაგვეხსნა სკოლა.

- რა ასაკის ბავშვებს იღებთ?

- 13-დან 16 წლამდე ბავშვების გუნდები ვყავს. 3 წლიდან ვიღებთ, მაგრამ უკვე 2 წლიდანაც არის მოთხოვნა და ამიტომ ახალ პროგრამაზე ვმუშაობთ. პრაქტიკამ აჩვენა, რომ 6 წლის ბავშვები არასპორტულები არიან და ძნელია მათი ფორმაში ჩაყენება. ამ ასაკში ჩვენ უკვე ძალიან გვიყვარდა ფეხბურთი, რადგან ეზოებში ხშირად ვთამაშობდით. ახალჩამოსული ქართველები კი ბევრს მუშაობენ და ნაკლები დრო რჩებათ, ბავშვები ფეხბურთის სათამაშოდ რომ გაიყვანონ, არც ეზოები აქვთ. მე ვაყვარებ მათ შვილებს ფეხბურთს და როდესაც ამას იწყებ 7 წლიდან, უკვე დაგვიანებულია.

- რა არის თქვენი სკოლის მიზანი?

- თავიდან წარმატებებზე არ ვფიქრობდით, მაგრამ ახლა უკვე გვყავს ძლიერი გუნდები. ჩვენი ასაკობრივები ნიუ-იორკის მასშტაბით ბევრჯერ გავიდნენ პირველ ადგილზე, მცირე დროში ბევრი შევძელით და სიამაყით შემიძლია ვთქვა, 50 წელი რომ არსებობენ, იმ სკოლების გვერდით დგას ჩვენი "ვიტ ჯორჯიაც". ნიუ-ჯერსიში შარშანწინ გავხსენით და უკვე 6 ასაკობრივი გუნდი გვყავს. ახალჩამოსულები ბევრნი მოვიდნენ, ქართველებიც და უკრაინელებიც, და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მათ ხელი შევუწყოთ. მინდა, უფრო მეტი ბავშვი მოვიზიდო. ჩემი სამივე ბიჭიც ფეხბურთს თამაშობს, უფროსი 13 წლისაა. ეს ერთ-ერთი გზაა ჩვენი შვილების უკან, საქართველოში დასაბრუნებლად. ძალიან მინდა, რომ ასე მოხდეს. ჩემს შვილებს რომ ვეკითხები, რომელ ნაკრებში გინდათ-მეთქი თამაში, საქართველოს ნაკრებშიო, მპასუხობენ. ღმერთმა ქნას, ასე მოხდეს.

აქაც გართულდა მდგომარეობა, ბინის დაქირავებაც კი ძნელია, მანქანაში ქირავდება ადგილები და იქ სძინავთ ქართველებს, მაგრამ თუ იშრომებ, ყველაფერს მიაღწევ. უბრალოდ, იცით რაშია საქმე? ძალიან ბევრი, ვინც აქ ჩამოდის, სულ სხვა რეალობას ელოდება და სხვა ხვდება. უდიდესი შრომის ფასად მოდის წარმატება, შორიდან იოლად ჩანს ყველაფერი, უკვე წარმატებულ ადამიანს უყურებენ და შეიძლება, ის არც ამბობს ხმამაღლა, რას აკეთებდა მანამდე, მიზნისთვის რომ მიეღწია. დილის 5 საათზე გავდიოდი სახლიდან და 12-ზე ვბრუნდებოდი. ბავშვები რომ ჩამოვიყვანე, ერთი თვე ამ რეჟიმით ვმუშაობდი და ერთხელ ჩემმა უფროსმა შვილმა მითხრა, რატომ ჩამომიყვანე, აქაც ვერ გხედავო. მაშინ მივხდი, რომ რაღაც უნდა შემეცვალა და ეს იყო კიდევ ერთი მოტივაცია, დამეწყო იმ საქმის კეთება, რომელიც მიყვარდა. მადლობა ღმერთს, ახლა ფეხზე ვდგავარ და ვაკეთებ იმ საქმეს, რომელიც პერსპექტიულია და განვითარებადი, თან ჩემს შვილებთან ერთად ვატარებ დროს. რომ ჩამოვედი, ქართველს არ გაეკაროო, ეს ფრაზა მესმოდა სულ. დაახლოებით 80 ქართულ ოჯახთან მაქვს ურთიერთობა და შეიძლება, თითზე ჩამოსათვლელი ადამიანია, ვისთანაც არ მიმეგობრია, დავნათესავდით, ნათელმირონები გავხდით. ფაქტობრივად, ერთად ავაშენეთ ეს ქართული სკოლა. ძალიან მინდოდა, ჩემს შვილებს ჰყოლოდათ ქართველი მეგობრები და ბედნიერი ვარ, რომ ასეა. ამით ვუნარჩუნებთ ფესვებს, სხვანაირად შეუძლებელია, ისწავლონ თავიანთი ქვეყნის სიყვარული. იმედი მაქვს, ფეხბურთი გახდება ის გზა, რომელიც ამ ბიჭებს საქართველოში დააბრუნებს. მათი ოცნებაც ის არის, რომ ეროვნულ ნაკრებში ითამაშონ.

ნინო ჯავახიშვილი